50 ადამიანი, რომლებმაც „ათწლეულის სახე განსაზღვრეს“ - Financial Times-ის ვერსია
ბრიტანულმა საქმიანმა გაზეთმა Financial Times–მა შეადგინა 50 ადამიანის სია, რომლებმაც „ათწლეულის სახე განსაზღვრეს“.
სიაში სულ 19 პოლიტიკოსი, 22 ბიზნესმენი და კიდევ 9 ადამიანია, რომლებიც წარმოადგენენ კულტურას, მეცნიერებას, შოუბიზნესსა და სპორტს.
პოლიტიკა
19 ადამიანის რიცხვში, რომლებმაც, გამოცემის ვერსიით, გავლენა მოახდინეს მსოფლიოში მიმდინარე ამბებზე, შევიდნენ აშშ-ის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა და დონალდ ტრამპი; საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი; გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი; ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი.
ასევე, გაზეთმა სიაში შეიყვანა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და საუდის არაბეთის პრინცი, მუჰამად ბინ სალმან ალ საუდი.
ბიზნესი
22 ბიზნესმენს შორის, რომლებიც სიაში მოხვდნენ, არის – Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი, Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, Netflix-ის ხელმძღვანელი რიდ ჰასტინგსი, Uber-ის თანადამფუძნებელი ტრევის კალანიკი და ჩინური კომპანია Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა.
____________________________________________________________________________________________
• რატომ მოხსნეს რუსეთი საერთაშორისო შეჯიბრებებიდან? 5 ისტორია დოპინგის სკანდალების შესახებ
• როგორ დაამახსოვრდება მსოფლიოს 2018 წელი
• ფოტო, ვიდეო და პოლიტიკური კონტექსტი პუტინის ავსტრიული ვოიაჟიდან
_____________________________________________________________________________________________
არც პოლიტიკოსები არიან და არც ბიზნესმენები, მაგრამ მათ მსოფლიო შეცვალეს
Financial Times-ის სიის ამ ნაწილში მოხვდნენ ამერიკელი ბიოლოგი ჯენიფერ დუდნა, რომელმაც გენის რედაქტირების ტექნოლოგია შეიმუშავა; მსახიობი როუზ მაკგოვანი, რომელმაც მოძრაობა #MeToo დაიწყო და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კაცობრიობის წამყვან თემად აქცია.
ორი ცნობილი ფეხბურთელი – ლიონელ მესი და კრისტიანო რონალდო, ისინიც აღმოჩნდნენ სიაში – იმიტომ, რომ, FT-ის აზრით, „მათმა გასაოცარმა თამაშმა ფეხბურთი მსოფლიო ეკონომიკის განვითარების სტიმულად აქცია“.
ასევე, იმ ადამიანთა სიაში, რომლებმაც, FT-ის თანახმად, უკანასკნელ ათწლეულში ისტორიის კურსი შეცვალეს, არიან: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ედუარდ სნოუდენი; ნობელის პრემიის ლაურეატი მალალა იუსაფზაი, რომელმაც გოგონების განათლების თემის შეტანა მოახერხა კაცობრიობის დღის წესრიგში; ჰონკონგში მასობრივი პროტესტის ლიდერი ჯოშუა ვონგი.
სიაში ასევე შევიდა, ვინმესთვის ცოტა ხნის წინ ნაკლებად ცნობილი, მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ექსდირექტორი, გრიგორი რუდჩენკოვი.
ის 2016 წელს გადავიდა საცხოვრებლად აშშ-ში, მოგვიანებით კი WADA-ს (მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო) ინფორმატორი გახდა. რუსეთში მას დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული და საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
კიდევ, ამ სიაში მოხვდა ტუნისის მცხოვრები, ხილით მოვაჭრე, მოჰამედ ბუაზიზი, რომელმაც 2011 წელს თავი მოიკლა, რამაც, როგორც საყოველთაოდაა მიღებული, დაიწყო „არაბული გაზაფხული“.