2010-2019 ფოტოსურათებში - როგორი იყო 21-ე საუკუნის მეორე ათწლეული
21-ე საუკუნის მეორე ათწლეული კატასტროფით დაიწყო – 2010 წლის 12 იანვარს, ჰაიტიზე საშინელი მიწისძვრა მოხდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 222 570 ადამიანი, კიდევ 311 ათასი კი დაზიანდა.
2020 წლისთვის კაცობრიობამ რამდენიმე საერთაშორისო კრიზისი და მასშტაბური პოლიტიკური კონფლიქტი გადაიტანა სხვადასხვა ქვეყანაში. მილიონობით გაიზარდა დევნილთა რაოდენობა. მოხდა რამდენიმე სტიქიური უბედურება და დღეს მეცნიერები აფიქსირებენ, რომ კაცობრიობა უკვე შეეჯახა პლანეტის შეუქცევად გადახურებას.
21-ე საუკუნის მეორე ათწლეულის ისტორია მოკლედ, Reuters-ის ფოტოსურათებში.
2010
2010 წლის 12 იანვარი – დამანგრეველი მიწისძვრა ჰაიტიზე. ფოტოზე ჩანს, როგორ ამოჰყავთ პორტ-ო-პრენსში, ნანგრევებიდან მაშველებს ბავშვი.
15 წლის ფაბიანა გეისმარი პოლიციამ მოკლა, როდესაც ის ათასობით სხვა მაროდიორთან ერთად ჰაიტიზე, პორტ-ო-პრენსში, მაღაზიებს ძარცვავდა. 19 იანვარი, 2010. REUTERS/Carlos Garcia Rawlins
2011
ცუნამის ტალღა დაატყდა თავს იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქალაქ მიაკოს 8,9-ბალიანი მიწისძვრის შემდეგ. 11 მარტი, 2011 წელი.
ეს იყო ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომელიც როდესმე იაპონიაში დარეგისტრირებულა და 1900 წლიდან ანუ მას შემდეგ, რაც აღრიცხვას აწარმოებენ, მეოთხე ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მსოფლიოში. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 15 899 ადამიანი, 6 157 დაშავდა, კიდევ 2 529 ადამიანი კი ვერ იპოვეს. REUTERS/Mainichi Shimbun
2011 წლის 2 მაისს, პაკისტანში მოკლეს უსამა ბინ ლადენი, ისლამური ტერორისტული დაჯგუფება „ალ ყაიდას“ დამაარსებელი და პირველი ლიდერი. ამ ფოტოზე, რომელიც 1 მაისს თეთრ სახლშია გადაღებული – აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა (მარცხნიდან მეორე) და ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარცხნიდან პირველი) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან ერთად ისმენენ ბინ ლადენის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის ანგარიშს. ფოტოზე ასევე ჩანან სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი (მარჯვნიდან მეორე) და თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი (მარჯვნიდან პირველი). Reuters
მასობრივი მკვლელი ანდერს ბერინგ ბრეივიკი 2011 წლის 23 ივლისს, ნორვეგიაში, პატარა კუნძულ უტოიას ნაპირზე, ახალგაზრდულ საზაფხულო ბანაკს დაესხა თავს და მოკლა 69 ადამიანი. რამდენიმე საათის შემდეგ, მან ოსლოში ბომბი ააფეთქა, რის შედეგადაც კიდევ 7 ადამიანი დაიღუპა. REUTERS/Fabrizio Bensch
2012
სირიის უდიდეს ქალაქ ალეპოსთვის ბრძოლა 2012 წლის 19 ივლისს დაიწყო. ბრძოლა სამოქალაქო ომის ნაწილი იყო და ოთხი წელი გაგრძელდა. ეს ისტორია 2016 წლის ივლისში დასრულდა, როდესაც სირიის სამთავრობო ძალებმა, რუსეთის ავიაიერიშების დახმარებით, აჯანყებულებს ალეპოში მომარაგების უკანასკნელი წყარო გადაუკეტეს. ფოტო გადაღებულია 2012 წლის აგვისტოში. REUTERS/Goran Tomasevic
სავსე მთვარე ამოდის ოლიმპიური რგოლების უკან, ტაუერის ხიდთან ლონდონში, 2012 წლის ოლიმპიადის დროს. 3 აგვისტო 2012 წელი.REUTERS/Luke MacGregor
2013
ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს სტამბოლში, თაქსიმის მოედანზე. თურქული სპეცრაზმი შლის მრავალათასიან საპროტესტო აქციას, რომელიც სკვერის ადგილას ფეხით გადასასვლელის მშენებლობის პროექტმა გამოიწვია.
სურათი გადაღებულია 2013 წლის 28 მაისს. REUTERS/Osman Orsal
2013 წლის 21 აგვისტოს ასეულობით, ზოგიერთი ცნობით კი ათასობით ადამიანი დაიღუპა დამასკოში მას შემდეგ, რაც იქ გაზი ზარინი გამოიყენეს. დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებებმა აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებაში სირიის პრეზიდენტი ასადი დაადანაშაულეს. ის ამას ამ დრომდე უარყოფს და გაზის გამოყენებაში აჯანყებულებს სდებს ბრალს. დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვი იყო. Reuters/Bassam Khabie
2013 წლის 5 დეკემბერს დაკრძალეს 95 წლის ნელსონ მანდელა, სამხრეთ აფრიკის პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტი და პირველი პრეზიდენტი, რომელიც იქ დემოკრატიული გზით აირჩიეს. მანდელა იყო რევოლუციონერი, რომელმაც აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში გაიმარჯვა და შეცვალა არა მხოლოდ საკუთარი ქვეყანა, არამედ საფუძველი დაუდო ბევრ ანტირასისტულ მოძრაობას მსოფლიოში.
2014
2014 წლის იანვარში, უკრაინაში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც ახლა ცნობილია, როგორც ევრომაიდნის რევოლუცია ან ღირსების რევოლუცია. კიევში ბრძოლა მიმდინარეობდა ასეულობითათას პროტესტის მონაწილესა და სპეცრაზმს შორის. ამ დრომდე არ დასრულებულა სნაიპერებთან დაკავშირებული გამოძიება, რომლებმაც აქციების ათობით მონაწილე მოკლეს.
რევოლუცია ქვეყნიდან უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გაძევებითა და ხელისუფლების დამხობით დასრულდა. REUTERS/Vasily Fedosenko
იმავე წლის თებერვალ-მარტში, კრემლმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, დაეყრდნო რა იქ ოფიციალური კიევის ჩართვის გარეშე ჩატარებულ რეფერენდუმს რუსეთთან შეთანხმების შესახებ.
მალე, რუსეთის მხარდაჭერით პროტესტი დაიწყო აღმოსავლეთ უკრაინაში. იქ შეიქმნა თვითგამოცხადებული წარმონაქმნები, რომლებმაც უკრაინისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. 2014 წლის ივნისში, აღმოსავლეთ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. კონფლიქტი დღემდე არ არის დარეგულირებული.
2014 წელს, მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ომსა და ძალადობას გაურბოდნენ და სიცოცხლეს რისკავდნენ ევროპაში გადარჩენის სანაცვლოდ. ათასობით მიგრანტი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვაში, რომლებიც შეუფერებელი ნავებით ცდილობდნენ იტალიისა და საბერძნეთის სანაპიროებამდე მიღწევას. Reuters-ის ეს ფოტო გადაღებულია იტალიის ფლოტის ვერტმფრენიდან ცოტა ხნით ადრე, სანამ დევნილთა ამ ჯგუფის გადარჩენას მოახერხებდნენ. 8 ივნისი, 2014 წელი.
2015
2015 წლის 2 აპრილს, ირანის გარშემო არსებული მრავალწლიანი კრიზისი გადაიჭრა. გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა (აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და ჩინეთმა) და გერმანიამ ხელი მოაწერეს ირანთან შეთანხმებას.
ოფიციალურმა თეირანმა საერთაშორისო სანქციების შეწყვეტის სანაცვლოდ, ბირთვული პროგრამის შეწყვეტის ვალდებულება აიღო, რითაც, ამავდროულად, შესაძლებლობას იღებდა, გაეყიდა საკუთარი ნავთობი და დაებრუნებინა გაყინული საერთაშორისო აქტივები. ფოტო გადაღებულია ვენაში მოლაპარაკებების დროს. REUTERS/Carlos Barria
ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან სასტიკი ბრძოლების წელი. ფოტო გადაღებულია ნოემბერში, გოგონა ქურთების მუშათა პარტიის შემადგენლობაში იბრძვის.
ქურთული საბრძოლო ჯგუფები გამარჯვებას ზეიმობენ – მათ კონტროლი დაიბრუნეს ერაყის სტრატეგიულ ქალაქ სინჯარზე. REUTERS/Asmaa Waguih
2016
2016 წლის იანვარში, ათენის ქუჩებში ასობითათასი ადამიანი გამოვიდა საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ. სპეცრაზმთან მასობრივი შეტაკებები ხდებოდა.
ფოტოზე, პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე მანდარინებიან პარკს იღებს – რეგიონებიდან დედაქალაქში ფერმერები ჩამოვიდნენ და მხარდაჭერის ნიშნად აქციაზე საჭმელი დაარიგეს. 27 იანვარი, 2016. REUTERS/Alkis Konstantinidis
ივნისში, ბრიტანეთში ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა და დაიწყო ისტორია, სახელწოდებით ბრექსიტი, რომელიც დღემდე გრძელდება. რეფერენდუმზე მცირე უპირატესობით გაიმარჯვეს ევროკავშირიდან გამოსვლის მომხრეებმა და მაშინ, ლონდონის ქუჩებში მილიონიანი დემონსტრაცია გამართეს მათ, ვისაც ევროკავშირში დარჩენა სურდათ. ფოტო გადაღებულია 2016 წლის 28 ივნისს. REUTERS/Dylan Martinez
2017
აშშ-ის პრეზიდენტი გახდა დონალდ ტრამპი. Reuters-მა ეს კოლაჟი გააკეთა იმიტომ, რომ შეედარებინა ვაშინგტონში გამართული ორი ინაუგურაცია.
მარცხნივ – ხალხის ის რაოდენობაა, რომლებიც 2017 წლის 20 იანვარს, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად მივიდნენ.
მარჯვნივ – ის ხალხი, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ბარაკ ობამას ინაუგურაციაში 2009 წლის 20 იანვარს.
როჰინჯების საზოგადოების ტრაგედია, რომლებიც ისლამის მიმდევრები არიან. გაეროს მონაცემებით, 742 ათასი ადამიანი გახდა იძულებული გაქცეულიყო ბუდისტური მიანმარიდან (ყოფილი ბირმა) ბანგლადეშში. ათასობით ადამიანი მოკლეს. დევნილები ჰყვებოდნენ ისტორიებს სახლების გადაწვისა და სიმხეცის შესახებ. ფოტო გადაღებულია 2017 წლის 2 ნოემბერს. REUTERS/Danish Siddiqui
2018
ჰარვი ვაინშტაინისა და მოძრაობა #MeToo-ს ისტორია. ვაინშტაინი ძალიან ცნობილი ამერიკელი კინოპროდიუსერი იყო. ბევრ სხვა პრიზთან ერთად, მას აღებული ჰქონდა ოსკარი ფილმ „შეყვარებული შექსპირის“ პროდიუსერობისთვის.
მაგრამ 2017 წელს, 80-ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა ის სექსუალურ ძალადობაში.
2018 წლის 25 მაისს, ვაინშტაინი ნიუ-იორკში დააპატიმრეს გაუპატიურებისა და სხვა ბრალდებებით, სწორედ ეს მომენტია დაფიქსირებული Reuters-ის ფოტოზე. მოგვიანებით ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ვაინშტაინის საქმის შედეგად დაიწყო დიდი კამპანია სოციალურ ქსელებში, სახელწოდებით #MeToo. ანალოგიური ბრალდება სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით ბევრ გავლენიან მამაკაცს წარუდგინეს მთელ მსოფლიოში, რომლებიც შერცხვენილები გაათავისუფლეს სამსახურებიდან.
2018 წელს აშშ-ს მიგრანტების უპრეცედენტო რაოდენობა მიაწყდა. ათეულობითათასი ადამიანი ცდილობდა ამერიკის საზღვრის გადაკვეთას მექსიკის მხრიდან.
პრეზიდენტმა ტრამპმა არალეგალ მიგრანტებს „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა გამოუცხადა. ამის ერთ-ერთი გამოვლინება გახდა ის, რომ დევნილებს ძალით ართმევდნენ ბავშვებს.
ათასობით სხვადასხვა ასაკის ბავშვი თვეობით აღმოჩნდა ოჯახისგან განცალკევებით. ისტორიამ მსოფლიოში მასშტაბური ნეგატიური გამოხმაურება ჰპოვა. ფოტო გადაღებულია ერთ-ერთ ასეთ „ბანაკში“ ბავშვების სეირნობისას, 2019 წლის ივნისში. REUTERS/Mike Blake
რუსეთში გამართული ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა. ფოტოზე გამოსახულია ბენჟამინ მენდი მსოფლიო თასით ხელში, 2018 წლის 15 ივნისს, მოსკოვში, ხორვატიასთან გამარჯვების შემდეგ. REUTERS/Kai Pfaffenbach
რუსეთში გამართული ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა. ფოტოზე გამოსახულია ბენჟამინ მენდი მსოფლიო თასით ხელში, 2018 წლის 15 ივნისს, მოსკოვში, ხორვატიასთან გამარჯვების შემდეგ. REUTERS/Kai Pfaffenbach
2019
დამანგრეველი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. სხვა ნაწილებთან ერთად, ჩამოინგრა ცნობილი ქონგური. 15 აპრილი 2019. REUTERS/Benoit Tessier
გრეტა ტუნბერგი – ეს სახელი 2019 წელს გახდა ცნობილი. 16 წლის შვედმა აქტივისტმა განაცხადა, რომ უარს ამბობს პარასკეობით სკოლაში სიარულზე მანამდე, სანამ ყველა ქვეყნის ხელისუფლება არ მიაქცევს სერიოზულ ყურადღებას გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის პრობლემას. მას შემდეგ, მის მიერ დაწყებულ ეკოლოგიურ პროტესტს ათასობით სხვადასხვა ასაკის ადამიანი შეუერთდა მთელ მსოფლიოში.
Reuters-ის ფოტოზე, გრეტა ტუნბერგთან ერთად არიან მოძრაობის „ახალგაზრდები კლიმატისთვის“ ფრანგი აქტივისტები, რომლებიც 2019 წლის 23 ივლისს, პარიზში, მთავრობის სხდომაში მონაწილეობისთვის ემზადებიან.
2019 წელს, პლანეტის სხვადასხვა კუთხეში მომხდარმა მოვლენებმა დაადასტურა ეკოლოგიური პროტესტის დროულობა. ყველგან დაფიქსირდა სარეკორდო ტემპერატურა, გაჩნდა უპრეცედენტო ტყის ხანძრები ბრაზილიაში, რუსეთში, ავსტრალიასა და აშშ-ში.
2019 წელი პოლიტიკური პროტესტის წელიც გახდა. ჩილე, ჰონკონგი, ბოლივია, რუსეთი, ლიბანი, ერაყი, ლონდონი, ბარსელონა – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ადგილების, სადაც მილიონობით ადამიანი გამოდის ქუჩაში.
ჰონკონგი
მილიონიანი საპროტესტო აქციები 2019 წლის აგვისტოში დაიწყო, რომლის მთავარი მოთხოვნაც – ჰონკონგის ავტონომიის შენარჩუნების გარანტიის მიცემა მას შემდეგ, რაც ის ჩინეთის იურისდიქციას დაუბრუნდა ბრიტანეთიდან.
ბოლივია
პროტესტი 2019 წლის ოქტომბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში მასობრივი გაყალბება დაფიქსირდა.
ლიბანი
მასობრივი პროტესტი ლიბანში 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო. მთავარი მოთხოვნა – კორუფციასთან ბრძოლა და მთელი სახელისუფლებო სისტემის რეფორმაა.
რუსეთი
რუსეთში პროტესტი 2019 წლის ზაფხულში იმის გამო დაიწყო, რომ ხელისუფლება სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობდა მუნიციპალურ არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების დარეგისტრირებაზე.
ამასთან, მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში გამართულ აქციებზე ითხოვდნენ თავისუფლებას, კორუფციასთან ბრძოლასა და სახელისუფლებო სისტემის რეფორმასაც.