ძველი აზერბაიჯანული დღესასწაული
«გაატარეთ წმინდა ვალენტინის დღე სასტუმრო JW Marriott Absheron Baku-ში, Razzmatazz Cocktail Bar & Lounge-ში, სადაც გელით წვეულება Cupid Bash . ფასი: 30 AZN – ფეხზე დგომის ბილეთები მისასალმებელი საზეიმო კოქტეილით ან 350 AZN – ორნამენტებით მორთული მაგიდა ორი პერსონისათვის (რომელშიც შოკოლადი „ტრიუფელები“ და შამპანურის ბოთლიც მოიაზრება)“
წმინდა ვალენინის დღე ჭეშმარიტად აზერბაიჯანული დღესასწაულია
ყოველ შემთხვევაში, ამ დღის აღნიშვნა აუცილებელია. ვალენტინობა ჰელოუინზე უფრო აზერბაიჯანულიც კია.
ამას მარტივი ახსნა აქვს – საჩუქრებისა და ღია ბარათების ჯადოსნური დღე რესტორნებისა და სასტუმროების მეპატრონეებს ბიზნესის წარმატებისთვის სჭირდებათ. ბიზნესს კი (განსაკუთრებით კი მის იმ წამომადგენლებს, რომლებიც თავის მომსახურებას ელიტას სთავაზობენ), უმჯობესია, არ ვეკამათოთ. იმ მეწარმეებს, რომელთა კლიენტებიც ელიტას წარმოადგენენ, მცირერიცხოვანი, მაგრამ მძლავრი „ელექტორატი“ ჰყავთ, რომელსაც კრიზისი არ შეხებია, არ დაუკარგავს მსყიდველობითი უნარი და კვლავინდებურად სურს ლობსტერი, სუში და მარმარილოსებრი ხორცი.
‘დეკორაციებით გაწყობილი მაგიდა’ სულ რაღაც სიმბოლურ 200 დოლარად ზუსტად მათთვისაა.
ვის აქვს ყველაზე დიდი თაიგული?
თუკი ჰელოუინი შეიძლება უარყო როგორც ცუდი ვამპირებისა და ჯადოქრების დღე და, საერთოდ, „ბოროტი“ დღესასწაული, ამ შემთხვევაში ყველაფერი წმინდა და გასაგებია _ სიყვარული, საჩუქრები, ღია ბარათები და არაფერი უხამსი. ვალენტინმა გოგონების გულები თავის მოქნილ ბრჭყალებში მოიქცია _ შეყვარებულის გახარების კიდევ ერთი მიზეზის უარყოფას ბოიფრენდს ვინ აპატიებს?
სწორედ ამიტომ, ვალენტინის დღე სრულიად არა ელიტური, არამედ პირიქით „სახალხო“ და ყველასთვის მისაღები დღესასწაულია. როდესაც აზერბაიჯანელმა გოგონამ 14 თებერვალს პირველად მიიღო საჩუქრად სათამაშო დათუნია, ქალური მეტოქეობის მექანიზმიც მაშინვე ამოქმედდა. გოგონას ოცნებას ვარდების თაიგულზე (რომელიც არა ფორმალური მიზეზით, არამედ სიყვარულის ნიშნად აჩუქეს) ვერაფრით გააფერმკრთალებს უფროსების მსჯელობა ამ დღესასწაულის უცხოური ბუნების შესახებ.
ჩვენი პასუხი
როდესაც აშკარა გახდა, რომ ვალენტინმა ჩვენს მიწაზე მტკიცედ მოიკიდა ფეხი, ეროვნული ტრადიციების დამცველები შეწუხდნენ. სწორედ ამიტომ, 2004 წლიდან არსებობს საკუთარი, სიყვარულის ალტერნატიული დღესასწაული, რომელიც არც დღესასწაულების კალენდრებშია შეტანილი, და არც ოფიციალურ სიაში. ერთ-ერთი ჩინოვნიკის ეს ინიციატივა (მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ არ მოიწონა) ბევრ პატრიოტს უხარებს გულს.
ეს 30 ივნისია, ილხამ და ფარიზა ალახვერდიევების ქორწილის დღე. ორივე ქორწინებიდან მოკლე ხანში ტრაგიკულად დაიღუპა, 1990 წლის იანვრის ამბების დროს, როდესაც საბჭოთა ჯარებმა მშვიდობიანი მოქალაქეები დახვრიტეს. მათ საფლავებზე სიკვდილის თარიღად ერთი და იგივე დღეა მითითებული, თუმცა სინამდვილეში, ფარიზამ ილხამის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში თავი მოიკლა.
საზოგადოებამ ეს იდეა არ აიტაცა.სიყვარულის ეს ტრაგიკული ამბავი,შთაგონების ნაცვლად, შეძრწუნების საფუძვლად უფრო იქცა _ ნუთუ ვინმეს მოუნდება ასეთი მიზეზით წვეულების გამართვა?ამიტომაც, 30 ივნისი ისევ მხოლოდ 14 თებერვალს თუ ახსენდებათ _ მაშინ როდესაც სურთ,რომ ყვავილებისა და ვანილის არომატით გაჟღენთილ ამ დამთრგუნველ გარყვნილებას დაუპირისპირდნენ.