ჩვეულებრივი სეტყვის არაჩვეულებრივი შედეგები
ადამიანები საკუთარ ნაკვეთებს ვერ პოულობენ
გრაჩიკ მურადიანი ლერნამერძის თემის აგრონომია. იგი კარგად იცნობს სოფლის ყველა სავარგულს და იცის, სად რა არის დათესილი, თუმცა ახლა გაჭირვებით პოულობს იმ ადგილებს, სადაც მარცვლეული კულტურები იყო დათესილი, და ვერც ბაღჩეული კულტურების ნათესებს პოულობს ადვილად. ის საკუთარ ნაკვეთსაც კი ვერ აგნებს – მარცვლეულის ნათესს. ბაღებში კი ახლოდან უნდა დაათვალიერონ, რომ მიხვდნენ, თუ რა ხილი ესხა ამა თუ იმ ხეს.
რამდენიმე დღის წინათ მოსულმა სეტყვამ მოსავალიც დააზიანა და თვით მცენარეებიც მიწასთან გაასწორა. ერთგან ქარმა ხეს ფოთლები დააგლიჯა, სხვაგან კი თვითონ ხეები ამოგლიჯა ფესვებიანად. თითქმის მთლიანად განადგურდა ყურძნის მოსავალი.
უბედურების მასშტაბები
10 ივლისის საღამოს და მომდევნო დღის დილას არმავირის ოლქში კაკლისოდენა სეტყვა წამოვიდა, რომელსაც ძლიერი ქარიც ახლდა. შედეგად, რაიონის დაახლოებით 40-მა თემმთა მოსავლის 70-დან 100 პროცენტამდე დაკაგა.
სოფლის მოსახლეობისთვის სეტყვა სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. ივლისში, როდესაც თითქმის ყველა კულტურის მოსავლის აღება იწყება, ამ მოვლენას არავინ ელოდა. სეტყვის (განსაკუთრებით კი ასეთი დამანგრეველის) საფრთხე იზრდება მაისში. მაგალითდ, უნდა აღინიშნოს 2013 წლის 12 მაისის შემთხვევა.
თუკი სტიქიური უბედურება მაისში ხდება, მდგომარეობის გამოსწორების შანსი ჯერ კიდევ არსებობს – შესაძლებელია კულტურების ნაწილის თავიდან დათესვა, მაგრამ წელს უკვე ვეღარაფერს გააწყობ, რადგან მზებუდობის შემდეგ თესვა არ შეიძლება.
მოსული სეტყვის გეოგრაფია გლეხებს მიანიშნებს, რომ სტიქიური უბედურება იმ რაიონებში მოხდა, სადაც ან საერთოდ არ არის სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები, ან მათი რაოდენობა მცირეა. გლეხები ამბობენ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სადგურების არსებობა ზარალს ორჯერ შეამცირებდა.
2013 წლის სეტყვის შემდეგ
სამი წლის წინათ, როდესაც სეტყვამ 47 თემის მოსავალი 100%-ით დააზარალა, შეიქმნა სეტყვის საწინააღმდეგო სადგურის გახსნის აუცილებლობა. გასული წლების გამოცდილება ცხადყოფდა, რომ ქულა-საწვიმარი ღრუბლები არმავირის რაიონში მეზობელი თურქეთის მხრიდან შემოდის და ამიტომ გადაწყვიტეს, სეტყვის საწინააღმდეგო სადგურები რაიონის სამხრეთ ნაწილში დაედგათ.
2013 წელს არმავირის რაიონში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების რაოდენობა გაორმაგდა და მათმა რაოდენობამ 172-ს მიაღწია. თუმცა, ამ დღეებში უბედურება განმეორდა და სეტყვით დაზარალებული უბნების არეალი გაფართოვდა.
რატომ ვერ მოხერხდა დანადგარების მეშვეობით სეტყვის აცილება
არმავირის გუბერნატორის, აშოტ კარგამანიანის თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების ეფექტურობის მაჩვენებელი 50-60%-ით განისაზღვრება, მთელი რაიონის ტერიტორიის დასაფარად კი 4 ათასი დანადგარია საჭირო. ამასთან, გამოცდილების გათვალისწინებით, სეტყვის საწინააღმდეგო სადგურები რაიონის სამხრეთი საზღვრის გასწვრივაა განთავსებული, ამ შემთხვევაში კი ღრუბელი რაიონის საჰაერო სივრცეში ყველაზე დაუცველი მხრიდან, ჩრდილოეთიდან შემოიჭრა.
სეტყვას ახლდა ქარი და კოკისპირული წვიმა
2012 წელს, როდესაც კოკისპირულმა წვიმებმა და ჩამდინარე წყლებმა რიონის ჩრდილოეთი ნაწილის 12 თემის მეურნეობები წალეკა, შემუშავდა პროგრამა და სანიაღვრე არხის რემონტისათვის დამატებითი სახსრების ძიება დაიწყო.
ოთხი წლის შემდეგ ისტორია განმეორდა. ნიაღვარმა კიდევ ერთხელ დატბორა სახნავ-სათესი მიწები. წელს, როგორც წინათ, ყველაზე დიდი ზარალი მიადგა ხუთი თემს – მათ შორის აკნალიჩს. თემის ხელმძღვანელის, გევორგ მისაკიანის თქმით, მთელი ამ დროის განმავლობაში ამ საკითხს მთავრობა განიხილავდა.
მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ მიზნებისთვის სახსრები გამოიყო, მაგრამ სადრენაჟო სისიტემა წესრიგში არ მოუყვანიათ. შედეგად, ყოველი ნიაღვრის შემდეგ სისტემა უვარგისი ხდება და წყალი გლეხების მეურნეობებს აზიანებს.
არმავირის გუბერნატორმა, აშოტ კარგამანიანმა დაადასტურა, რომ სანიაღვრე არხი, წლებია, არ გაწმენდილა, თუმცა ამჯერად პრობლემა ხელისუფლების ყურადღების ცენტრშია; ტარდება კვლევა და ფუნქციონერები სისტემის მომსახურებისთვის საჭირო სახსრების მოცულობას ითვლიან.
გლეხები მოითხოვენ
დაზარალებული სოფლების მეურნეობების 90%-ს მოიჯარეები შეადგენენ. და დღეს ამ ადამიანებმა არამხოლოდ საკუთარი ოჯახები უნდა არჩინონ, არამედ ბანკების კრედიტების პროცენტებიც უნდა იხადონ.
მაგალითად, გრაჩიკ მურადიანი თორმეტსულიან ოჯახს 3 ჰექტარის ფართობის მიწაზე მოწეული მარცვლეულის მოსავლიდან მიღებული ფულით არჩენს. ამბობს, რომ ეს შემოსავალი ყოფნიდა, რომ ზამთრის თვეები გადაეტანათ და გაზაფხულზე ხვნა-თესვა დაეწყოთ. ახლა კი აგროკრედიტის გადახდა შემოსავლის არარსებობის მიუხედავად მოუწევს.
გლეხები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ სახელმწიფოს დახმარებით არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, სასამართლოები ბანკების მიერ ქონების კონფისკაციასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვას ვერ აუვლენ.
ხალხი იმ კრედიტების გაყინვას მოითხოვს, რომელბიც ამჟამად აქვთ. ამავდროულად, გლეხები ახალი კრედიტების გამოყოფასაც ითხოვენ, რომ დაზიანებული ბაღების აღდგენა შეძლონ. ასევე, დაზარალებულებს სურთ, რომ წელს მიწის გადასახადისგან გათავისუფლდნენ და სარწყავი წყლის საფასურიც ჩამოეწეროთ.
არმავირის გუბერნატორის თქმით, მოსახლეობის მოთხოვნები სამართლიანია. ამ საკითხს სწავლობს სპეციალური კომისია, რომელიც, მოყვანილი კულტურების გათვალისწინებით, ზარალის ოდენობას ითვლის. ამას გარდა, სოფლების მამასახლისებს დაევალათ, რომ გლეხების კრედიტების ტიპი და ზომები უმოკლეს დროში დააზუსტონ. გუბერნატორის თქმით, ხელისუფლება საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, როდესაც ამ შეკითხვებს სათანადო პასუხები გაეცემა.
მთავრობის პოზიცია
ხელისუფლების სტრუქტურებმა უკვე დათვალეს სტიქიური უბედურებით გამოწვეული ზიანი და ზარალის თავიდან აცილების მექანიზმები განიხილეს. ამ განხილვაში არსებითი მხოლოდ ის პუნქტი აღმოჩნდა, რომელიც პრევენციული მიზნებისათვის 104 მილიონი დრამის (დაახლოებით 220 ათასი დოლარი) გამოყოფას გულისხმობს. აღნიშნული თანხით სეტყვის საწინააღმდეგო 28 დანადგარს შეისყიდიან, რომელთაგან 22 არმავირის რაიონში განთავსდება.
დაზარალებლი მეურნეობების მხარდაჭერის საკითხი ჯერ კიდევ განიხილება. აგროსესხებთან დაკავშირებით კი ხელისუფლებამ ცენტრალურ ბანკს სთხოვა, მოლაპარაკებები დაიწყოს კომერციულ ბანკებთან, რომ კრედიტების გადახდა ერთი წლით მაინც გადავადდეს.
გამოქვეყნდა: 28.07.2016