ყარაბაღი-2015
2015 წელს ყარაბაღის კონფლიქტის მხარეთა შორის ფართომასშტაბიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. ეუთო–ს მინსკის ჯგუფის წევრი შუამავლები (აშშ, რუსეთი და საფრანგეთი) სხვა საკითხების გადაწყვეტით არიან დაკავებულები. უკრაინისა და სირიის კონფლიქტებმა, საერთაშორისო ტერორიზმმა და ევროპისკენ დაძრულმა მიგრანტების ახალმა ტალღამ _ სამხრეთკავკასიური კონფლიქტი დაჩრდილა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვაშინგტონი, მოსკოვი და პარიზი ყარაბაღის კონფლიქტს „გაყინულს“ უწოდებენ.
ფრონტის ხაზი ცეცხლის ალშია გახვეული
1994 წელს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. სამშვიდობო ხელშეკრულების დადებამდე ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობდა, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ასობით ათასი ადამიანი კი ლტოლვილად აქცია.
წლების განმავლობაში კონფლიქტის მონაწილეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს საკმაოდ თავშეკავებულად იცავდნენ, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია,ორივე ქვეყანა სკეპტიკურად აღიქვამს განსაზღვრებას _ „გაყინული კონფლიქტი“. ყოველწლიურად ორივე მხრიდან ათობით ჯარისკაცი იღუპება.გარდა ამისა,კონფლიქტს მშვიდობიანი ადამიანებიც ეწირებიან.
ბოლო წლებში აქტიური საბრძოლო შეტაკებები ძირითადად ზაფხულსა და შემოდგომაზე ხდება. ბრძოლები განსაკუთრებით ინტენსიურია გასული ორი წლის განმავლობაში. 2014 წლის აგვისტოში აზერბაიჯანი და სომხეთი ომის განახლების ზღვაზრზეც იყვნენ, თუმცა ბაქომ და ერევანმა თავშეკავება გამოიჩინეს.
ამ კონფლიქტის მშვიდობიანი თუ სამხედრო გზით მოგვარება მხოლოდ მხარეებზე არ არის დამოკიდებული.სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო და რეგიონული მოთამაშეების ინტერესები იკვეთება, რაც ბაქოსა და ერევანს მათთან შეუთანხმებლად რაიმე არსებითი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ აძლევს.
აზერბაიჯანი ყოველწლიურად ზრდის არმიისთვის გამოყოფილ ხარჯებს. ნავთობითა და გაზით მდიდარი აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი, უკვე ბევრი წელია, სომხეთის მთელ ბიუჯეტს აღემატება. ბაქო აცხადებს, რომ კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარების უფლება აქვს და სომხეთისგან მთიანი ყარაბაღიდან ჯარები გაიყვანას მოითხოვს.
სომხეთი საბჭოთა კავშირის მთელი რიგი ქვეყნებისგან შემდგარი „კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის“ წევრია, რომელსაც მთლიანად რუსეთი აკონტროლებს. ამიტომ, ერევანშიც და მოსკოვშიც ხშირად მიანიშნებენ იმაზე, რომ თუკი აზერბაიჯანი სრულად გამოიყენებს თავის სამხედრო პოტენციალს, მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს „კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის“ ფაქტორი. ამას გარდა, სომხეთში განთავსებულია რუსული სამხედრო ბაზაც, რომელსაც არამხოლოდ აზერბაიჯანი, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებიც ითვალისწინებენ.
2015 წელს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ პირველად გამოიყენეს მსხვილკალიბრიანი იარაღი; ამიტომ მსხვერპლის რაოდენობამ ორივე მხარეს იმატა. საქმე რეალურ ომამდე არ მისულა, მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან სულ უფრო იშვიათად სხდებიან. ბაქოს და ერევანს, ფაქტობრივად, არაფერი აქვთ სალაპარაკო.
ფრონტის ხაზზე აქტიურობის მატება გარკვეულწილად პირადული ფაქტორსაც უკავშირდებოდა. როგორც გაირკვა 2013 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრად დანიშნული ზაქირ ჰასანოვი სულაც არ არის „ოთახის გენერალი“. წინამორბედისგან განსხვავებით, ის იშვიათად არის ბაქოში და ფრონტის ხაზზე ყოფნასა და სამხედრო წვრთნების ჩატარებას ამჯობინებს.
ზაქირ ჰასანოვი ხისტი რიტორიკით გამოირჩევა და მისი ხელმძღვანელობით აზერბაიჯანის არმია უფრო აგრესიული გახდა.
მინსკის მუდმივი ჯგუფი
საერთაშორისო შუამავლები ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში 1992 წლიდან ჩაერთვნენ ( ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც საბრძოლო მოქმედებები ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაში იყო) 90-იანი წლების შუა პერიოდში ჩამოყალიბდა ეუთო–ს მინსკის ჯგუფი, რომელსაც აშშ, რუსეთი და საფრანგეთი შეუერთდნენ.
დროდადრო შუამავლები, ერთად ან ცალ-ცალკე, სომხეთსა და აზერბაიჯანს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებენ, თუმცა არ აიძულებენ მხარეებს, პრობლემა მშვიდობიანი გზით მოაგვარონ. ვაშინგტონი, მოსკოვი და პარიზი აცხადებენ, რომ კონფლიქტის მოგვარება მონაწილე მხარეების ნებაზეა დამოკიდებული; ბაქოსა და ერევანში ამ პოზიციას ბევრი ფარისევლურს უწოდებს.
სომხეთი რუსეთის მიერ დაარსებული და მართული ყველა პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციის წევრია. საგარეო საქმეებში სომხეთის ხელისუფლების პრორუსული ვექტორი ეჭვს არ იწვევს. რუსული კაპიტალი სომხეთის ეკონომიკის დიდ ნაწილს აკონტროლებს. სწორედ ამიტომ, აზერბაიჯანში მიაჩნიათ, რომ სომხეთი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს.
დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან აზერბაიჯანმა განვითარების დასავლური კურსი აირჩია და პრიორიტეტად ევროპასთან ინტეგრაცია გამოაცხადა. რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, აზერბაიჯანი ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ მთავარ გარანტად იქცა. განხორციელდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი, რომლის საშუალებითაც კასპიის ნავთობი მსოფლიო ბაზარზე გავიდა. ამჟამად სამხრეთევროპული გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც მოსკოვის აღშფოთებას იწვევს.
თუმცა, ბოლო წლებში, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის თვალსაზრისით დასავლეთთან აგრძელებს ურთიერთობას,აზერბაიჯანი პოლიტიკურად სულ უფრო მეტად უახლოვდება რუსეთს. 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი ომისა და უკრაინაში ამჟამად შექმნილი კრიზისი ფონზე, ბაქოში პრიორიტეტების გადახედვა დაიწყეს. დასავლეთმა ვერ შეძლო, რუსეთისთვის აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის მიტაცებაში შეეშალა ხელი; ამასთან ჯერჯერობით ვერ ხერხდება ყირიმისა და დასავლეთი უკრაინის რამდენიმე რეგიონის საკითხის გადაწყვეტაც. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მიმართ რუსეთი განსაკუთრებულ აგრესიას ავლენს და ამიტომ, პოსტსაბშოთა ქვეყნები იძულებულებული არიან, გაითვალისწინონ ეს ფაქტორი.
ხოლო მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ „აღმოაჩინა, რომ დასავლეთის ქვეყნები აზერბაიჯანში ახლო აღმოსავლეთში მოწყობილი გადატრიალებების მსგავსი „ფეისბუკრევოლუციის“ მოწყობას აპირებდნენ“, ბაქომ საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გაწყვეტის საკითხი დააყენა დღის წესრიგში. სახელმწიფო მედიამ და პოლიტიკოსებმა დასავლეთის მომხრეები „მეხუთე კოლონად“ მონათლეს. იმ საზოგადო მოღვაწეების წინააღმდეგ, რომლებიც დასავლურ ორგანიზაციებთან თანამშრომლებდნენ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
საგარეო პოლიტიკაში მომხდარმა ცვლილებებმა ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებელ მოლაპარაკებბზეც იქონია ზეგავლენა. თუკი ადრე სომხეთი ამყარებდა იმედს მოსკოვის გადაწყვეტილებებზე, ახლა კრემლის მოსაზრებებს ბაქოშიც დიდი ყურადღებით ისმენენ.
ბაქოსა და ერევანშიც ეუთო–ს მინსკის ჯგუფს სულ უფრო მკაცრად აკრიტიკებენ. მისი მუშაობა არაეფექტურად მიაჩნიათ. სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ შუამავლობის სხვა ფორმატის ძიების აუცილებლობაზე. თუმცა, ყველა ხვდება, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და რუსეთის მონაწილეობის გარეშე,ვერც ახალი ფორმატი იმუშავებს.ამიტომ ეგუებიან ეუთო–ს,როგორც _ გარდაუვალობას.
უიმედობა
ბაქოელი ექსპერტების უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ 2016 წელს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა დაისადგურებს.
ვიდრე მსოფლიოს მთავარი მოთამაშეები ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის კონფლიქტებით არიან დაკავებულები,სამხრეთი კავკასიის „გაყინული კონფლიქტისთვის“ არავის სცხელა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილეები მდგომარეობით ისარგებლებენ და დაპირისპირების სამხედრო გზით გადაწყვეტას შეეცდებიან.
ყარაბაღის კონფლიქტმა, დიდი ხანია, მეორე, ან მესამე რიგში გადაინაცვლა.
მსოფლიოს პატარა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტისთვის არ სცალია.
ჯერჯერობით რუსეთი და დასავლეთი ბაქოსთან და ერევანთან უშუალოდ მათ პრობლემაზე კი არ მსჯელობენ,არამედ იმაზე,თუ რა პოზიციას იკავებენ ეს სამხრეთ კავკასიური ქვეყნები სირიის ან უკრაინის საკითხში – სადაც მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოების ინტერესები მძვინვარედ იკვეთება.