საქართველო ნატოს წვრთნებს მასპინძლობს. ფოტორეპორტაჟი
30 ივლისს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ დაიწყო. საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს ამ ღონისძიებას, თუმცა წინა წლებთან შედარებით, ამჯერად ყველაფერი ბევრად უფრო მასშტაბურია – საქართველოს გარდა პროცესში ნატოს წევრი და პარტნიორი რვა ქვეყანაა ჩართული. 13 დღის განმავლობაში ქართველი სამხედროები ამერიკელ, ბრიტანელ, გერმანელ, თურქ, სლოვენიელ, სომეხ და უკრაინელ ჯარისკახცებთან ერთად აქტიურ წვრთნებს გაივლიან.
ოფიციალური განმარტებით, „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მიზანია სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება; აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას და მასში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას”.
სწავლების მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია”. მასში საერთო ჯამში 2800-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.
„ღირსეული პარტნიორი 2017″-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში, სწავლება საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია, როგორც თანამშრომლობის გაღრმავებისა და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდის, ისე ქვეყნის ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოების მიმართულებით.
სწავლებაში პირველად, ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორი „სტრაიკერი“ და გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი „ბოქსერი“ ჩაერთვებიან. წვრთნაში წარმოდგენილი იქნება ასევე საქართველოს შეიარაღებაში არსებული ტ-72 ტიპის ტანკი, ქსმ-2, საარტილერიო დანადგარი დანა და ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი.“ ასევე ამერიკული ტანკები „აბრამსები“, ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“ და“სტრაიკერი“ და ასევე C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი ამბობს, რომ „ღირსეული პარტნიორი“ წელს სწორედ მისი მრავალეროვნული ხასიათითაა მნიშვნელოვანი. მისი თქმით, ეს არის ღონისძიება, რომელშიც აშშ-ი მუდმივად საქართველოს გვერდითაა. ოფიციალურ ცერემონიალზე გამოსვლისას, ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწავლება არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არაა მიმართული:
“თქვენ ხედავთ ქვეყნებს, რომლებიც აქაა წარმოდგენილი. ასე რომ, ეს სულაც არ არის რაიმე ტიპის აგრესიის სიგნალი, პირიქით, ეს არის მცდელობა დაეხმაროს საქართველოს გააძლიეროს თავისი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა.“
სწავლება 3 ფაზადაა დაყოფილი : პირველი ფაზა იარაღის გასწორებას და ჯავშანტექნიკიდან, ასევე საარტირელიო დანადგარებიდან და მსუბუქი შეიარაღებიდან საბრძოლო სროლებს მოიცავს.
მეორე ფაზა ოცეულების დონეზე ჩატარდება და საბრძოლო სროლებით თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ითვალისწინებს.
ბოლო, მესამე ფაზა საველე ტექნიკურ სწავლებას მოიცავს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში მიიღებენ მონაწილეობას, ასევე დანაღმვით და განაღმვით სამუშაოებსა და სხვა ოპერაციებში.
მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ აშშ-ის ევროპული სარდლობის შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე სწავლებების ციკლის ნაწილია, რომელიც 7 ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება. საქართველოში გამართული სწავლების ორგანიზატორი ქვეყნის შეიარაღებული ძალები და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობაა. „ღირსეული პარტნიორი 2017“ -ს საქართველოს შეირაღაებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე ხელმძღვანელობს.