ქართველი მოსწავლეები ყირიმში არტეკის ბანაკში მონაწილეობენ
თბილისის 146-ე სკოლის 6 მოსწავლე რუსული ენის შემსწავლელ კურსებზე ანექსირებულ ყირიმში გაემგზავრა. ისინი არტეკის საერთაშორისო საბავშვო ცენტრში გამართულ “არტეკის” პირველ საერთაშორისო შეკრებაში მიიღებენ მონაწილეობას.
ინფორმაცია ქართველი მოწავლეების ყირიმში გამგზავრების შესახებ 21 აგვისტოს Sputnik Georgia-მ გაავრცელა. ამ გამოცემასთან ინტერვიუში მოსწავლეები აღნიშნავდნენ, რომ არტეკის შესახებ სკოლის რუსული ენის პედაგოგისგან გაიგეს და მასში მონაწილეობის მისაღებად სპეციალური კონკურსი გაიარეს. სტატიაში აღნიშნულია, რომ კონკურსი პუშკინის სახელობის რუსული ენის სახელმწიფო ინსტიტუტმა ჩაატარა. მოსწავლეებმა კონკურსის ფარგლებში გადაიღეს ვიდეორგოლები და სლაიდები თემაზე “რას ნიშნავს ჩვენთვის რუსეთი და რა როლს თამაშობს ის ჩვენ ცხოვრებაში”.
146-ე სკოლის ადმინისტრაცია და დირექტორი ამ ფაქტზე ჟურნალისტებთან არ საუბრობენ. თუმცა ოფიციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ. მათი ინფორმაციით, ქართული მხარე უკვე ესაუბრა უკრაინულ მხარეს და განუმარტეს, რომ ქართველი მოსწავლეების ანექსირებულ ყირიმში გამგზავრება სკოლის, ან კონკრეტული მასწავლებლის გაუცნობიერებელი გადაწყვეტილების შედეგია.
“სამწუხაროა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ან ერთმა კონკრეტულმა მასწავლებელმა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც სკოლის მოსწავლეები რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მოხვდნენ… განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად შეისწავლის, იყო თუ არა ეს მასწავლებლის ინდივიდუალური გადაწყვეტილება თუ მიზანმიმართული ქმედება”. – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
რა არის არტეკი?
არტეკი რუსული ენის შემსწავლელი ბანაკია, რომელიც 7-27 აგვისტოს პერიოდში იმართება. მასში სხვადასხვა ქვეყნიდან 20 პედაგოგი და 170 მოსწავლე იღებს მონაწილეობას. მონაწილე ქვეყნები არიან: ავსტრია, ავსტრალია, სომხეთი, ბელარუსი, ბულგარეთი, უნგრეთი, ვიეტნამი, საქართველო, ინდოეთი, ესპანეთი, იტალია, ყაზახეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, მონღოლეთი, პალესტინა, სერბეთი, სლოვენია, თურქეთი, უზბეკეთი, უკრაინა, საფრანგეთი, ჩეხეთი და შვეიცარია.
ბანაკის ორგანიზატორი რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილი რუსული ენის საბჭოა.
რეაქცია ქართულ საზოგადოებაში
ქართველი მოსწავლეების ანექსირებულ ყირიმში გამგზავრებამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში, კონკრეტულად სოციალურ ქსელებში. ზოგიერთი მოქალაქე იწონებდა პროექტს, ზოგიერთი კი პირიქით, აღნიშნავდა, რომ ქართველი მოსწავლეების მონაწილეობა ამ პროექტში არასწორია. ისინი პასუხისმგებლობას მოსწავლეების მშობლებთან, მასწავლებელთან და სკოლასთან ერთად განათლების სამინისტროსაც აკისრებდნენ.
ერთერთი მომხმარებელი აღნიშნავდა, რომ “არტეკი” იყო საოცნებო დასასვენებელი საერთაშორისო ბანაკი მთელი კავშირის ბავშვებისთვის. მისი თქმით, იქ გატარებული დრო და მიღებული ემოციები საოცარ მოგონებად დარჩება მონაწილე ბავშვებში. “ჩვენმა თაობამ აუცილებლად უნდა შეისწავლოთ რუსული ენა! ეს ხომ მდიდარი ლიტერატურული ენაა!” – აღნიშნავდა მომხმრებელი.
სხვა მომხმარებლის აზრით “არტეკი” უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტარდება და მასში ქართველი პედაგოგის და მოსწავლეების ვიზიტი სახელმწიფო ღალატი და დანაშაულია.