ფოტოგრაფი ომში
ფოტოჟურნალისტი ანასტასია ვლასოვა მხოლოდ 23 წლისაა, მაგრამ მისი ნამუშევრები ისეთ გამომცემლობებს აქვთ გამოქვეყნებული, როგორებიცაა, მაგალითად, The New York Times, Time, Newsweek, NBC News, The Guardian და The Wall Street Journal.
Bird in Flight-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ანასტასია ვლასოვა ჰყვება, თუ როგორ იღებდა ფოტოებს დონეცკსა და ლუგანსკში – იმ რეგიონებში, რომლებმაც უკრაინისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და სადაც კიევი ანტიტერორისტულ ოპერაციას ახორციელებს.
2013 წელს გაზეთ “KyivPost”-ში ფოტოკორესპონდენტად დაიწყო მუშაობა. სწორედ მაშინ დაიწყო “ევრომაიდანიც”, რომელმაც მის კარიერულ წინსვლას ბიძგი მისცა.
ყირიმში და ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მუშაობის შესახებ
– როდესაც ომი დაიწყო მივხვდი, რა როლი მეკისრებოდა იმაში, რაც ხდებოდა. ფოტოგრაფია საკუთარი თავის შეცნობასა და ჩარჩოების მსხვრევაში დამეხმარა.
ჩემთვის დონბასში ჩასვლა საინტერესო აღარ არის. მინდა, სხვა თემებით დავკავდე. ანტიტეროსრისტული ოპერაციის ზონაში თუ მომიწევს წასვლა, იმ ადამიანების ისტორიების შექმნას ვისურვებდი, რომლებიც იქ ცხოვრობენ. ძალიან დამღლელია, როდესაც რომელიმე ბლოკპოსტს, ან ჯარისკაცთა ბაზას გავდივართ და იქ მეასედ მიჩვენებენ ზაფხულის საშხაპესა და სამზარეულოს.
დონეცკში აღარ ჩავდივას მას შემდეგ, რაც ფოტოგრაფ ალან ჩინთან ერთად დამაკავეს. კიევში მასტერკლასებს ატარებდა. ერთმანეთს შევხვდით და გადავწყვიტეთ, დონეცკში წავსულიყავით.
[იქ] ხუთ წუთში სამოქალაქო აკრედიტაცია მივიღეთ, რომლის ძალითაც, თავისუფლად შეიძლებოდა ქალაქში სიარული და ფოტოების გადაღება. საშამ, ჩვენმა მძღოლმა, შემოგვთავაზა, საავადმყოფოს ადგილზე ორგანიზებულ ბომბსაფარში მივსულიყავით
შესასვლელთან ვიღაც ალკოჰოლიკი დარაჯი იდგა. როგორც ჩანს, იფიქრა, რომ მოხალისეები ვიყავით და შიგნით შეგვიშვა. ცოტა ხანში მისი უფროსობა მოვიდა. შეგვიპყრეს და “განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილებაში” წაგვიყვანეს.
დაკითხვაზე დამიბარეს. სამი ადამიანი დამხვდა. ძირითადად, ერთი ლაპარაკობდა. უბრალო მეშახტე ვარო, – თქვა, – მაგრამ მისი საუბრიდან აშკარად ჩანდა, რომ დაკითხვების წარმართვის საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა.
თავიდან ჩვენი დახვრეტა უნდოდათ. შემდეგ კი შეთანხმდნენ, რომ მე სულელი გოგო ვარ, რომელიც ამერიკელ მზვერავს დაუკავშირდა. რამდენიმე საათი დაგვჭირდა მათ დასარწმუნებლად, რომ გავეთავისუფლებინეთ. სხვათა შორის, ყველა ნივთი დაგვიბრუნეს და კამერიდან არაფერი წაუშლიათ.
ამ ამბის შემდეგ იქ დაბრუნება აღარ მსურს. იქ ბოლომდე ვერ ვეძლევი ჩემს საქმეს – ყოველთვის უკან ვიხედები და მეშინია, რომ ზედმეტი ნაბიჯი არ გადავდგა. როდესაც დებალცევოში ვიყავი და ჭურვები ჩვენგან 500 მეტრში ცვიოდა, უფრო თავისუფლად ვმუშაობდი, ვიდრე ფსიქოლოგიური პრესინგის გარემოში. გოგონა ვარ და ვიცი, რა შეიძლება მოხდეს, თუკი “სარდაფის ტყვედ” ამიყვანენ.
განსხვავებების შესახებ
Magnum Fellowship-ზე გვეუბნებოდნენ, – ისტორიის ძიებაზე ფოკუსირება არ ღირს – საუკეთესო ამბები ზედ ჩვენ ცხვირწინაა ხოლმეო.
იმისათვის, რომ “მაგარი” ისტორია შექმნა, არ არის აუცილებელი პორტრეტების სერიის გადაღება. არც ისაა საჭირო, რომ ორი კვირა გაატარო ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში. ეს ყველაზე პრიმიტიული ხერხია.
პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები ისეთ თემებს ირჩევენ, რომლებიც “მაგრად” გამოიყურება და მხოლოდ ამის შემდეგ ფიქრობენ შინაარსზე.
დასავლეთში კი პირიქითაა – მთავარია, შენს მიერ არჩეულ ისტორიას განიცდიდე. თავიდან კონცერტი უნდა იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იფიქრო, თუ როგორ აღბეჭდო არსებული მასალა.
ჩვენთან კი, როდესაც მნიშვნელოვან თემებს ეჭიდებიან, არ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა ასახონ ვიზუალურად არსებული ისტორია. მიაჩნიათ, რომ თუ საინტერესო ისტორია აქვთ, შეუძლიათ, თავს უფლება მისცენ და არსებული მასალა მოსაწყენადაც გადმოსცენ.
ფოტოჟურნალისტიკისა და ფოტოჟურნალისტების შესახებ
ამჟამად ფოტოჟურნალისტიკის 60 %-ს კერძო ისტორიები წარმოადგენს.
კარგმა სამუშაომ დისკუსია უნდა გამოიწვიოს.
მე ჩემი ვიზუალური ენის მხოლოდ ფორმირების პროცესში ვარ. ვცდილობ, მივხვდე, რისი კეთება მომწონს და ჩემი, როგორც რეპორტიორის, “ბექგრაუნდი” დავამსხვრიო.
ვცდილობ, ჩემს გმირებთან არ ვიცრუო. მხოლოდ ორჯერ აღვნიშნე, რომ გათხოვილი ვარ – ერთხელ მაშინ, როდესაც მთიან ყარაბაღში ვიღებდი ფოტოებს და მეორედ გალიციაში, სადაც იქ მცხოვრებ ყირიმელ თათრებზე ვამზადებდი ისტორიას.
თუ მსურს, რომ ადამიანები მენდობოდნენ, ღია უნდა ვიყო. მქონია შემთხვევები, როდესაც უცხო ადამიანებს ისეთ ისტორიებს ვუყვებოდი, რომლებსაც ყველაზე ახლო მეგობრებსაც კი ვერ ვუზირებ.
არასდროს მოვახდენ ადამიანის პროვოცირებას კადრისთვის და არასდროს ვაიძულებ, ამისთვის რაიმე გააკეთოს. თუ მას არ სურს, რომ გადავიღო, თუ როგორ იბანს თავს, მე უკან დავიხევ. გარკვეულ დროს გავატარებ მასთან, მის ნდობას მოვიპოვებ და მაშნ ის არამხოლოდ თავის ბანვის პროცესს, არამედ აბაზანაში ბანაობასაც გადამაღებინებს.
ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, თუ რა იქნება აღბეჭდილი ფოტოზე, რა ემოციებს გამოიწვევს. ჩემი მიზანია, ადამიანებს ზიზღი კი არა, შიში დაეუფლოთ იმ ფოტოების ხილვისას, რომლებსაც მე ვიღებ.
თუკი რაიმე მიტინგს, ან ინტერვიუს ვიღებ, ჩემთვის ფოტოგრაფია ხელობად იქცევა ხოლმე. მრცხვენია ეროვნული მარშების (მაგალითად ბენდერას დაბადების დღის აღსანიშნავად ორგანიზებული მსვლელობის) დროს გადაღებული იმ რეპორტაჟების, რომლებიც მე მოვამზადე.
იმიტომ ვიღებ, რომ ეს ჩემი სამუშაოა. ვინმემ ხომ უნდა გადაიღოს. გამაღიზიანებელია, მაგრამ ეს ჩვენი რეალობის ნაწილია და მისი დამალვა არ შეიძლება.
ფოტოგრაფს შეუძლია, რომ უბრალოდ თავისი იქ ყოფნით მოახდინოს ადამიანის პროვოცირება და მას მოქმედებისკენ უბიძგოს.
ისევე როგორც ყველა ხელოვანი ადამიანი, მეც პატივმოყვარე ვარ, მაგრამ დიდება და პატივი მიზანი არაა. უბრალოდ მინდა, რომ ისეთი ისტორიები ვაკეთო, რომელთა გამოც არ შემრცხვება.
გამოქვეყნდა 30.08.2016