თვალსაზრისი: რატომ ხდება გეოგრაფიული სახელწოდებები კონფლიქტების მიზეზი
გეოგრაფიული სახელწოდებებს, ისევე როგორც ნებისმიერ საკუთარ სახელს, ადამიანები საკრალურ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სახელწოდებები ხშირად ხდება სახელმწიფოებს შორის დავისა და კონფლიქტების მიზეზი. გეოგრაფიული სახელწოდებების გამო იწყება ომები და ღვივდება ეთნიკური შუღლი, წერს BBC-ის ავტორი ჯონათან სევიჯი, რომელმაც აღნიშნულ თემას საინტერესო სტატია მიუძღვნა. მას რამდენიმე ბოლოდროინდელი მაგალითი მოჰყავს.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ორ სხვადასხვა ქვეყანაში ორ ქუჩას შეუცვალეს სახელი პოლიტიკური მოტივების გამო.
იანვარში ვაშინგტონის საქალაქო საბჭომ გადაწვიტა ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოს შენობის მიმდებარე მოედნისთვის შეეცვალა სახელი. მოედანს, წინა სახელწოდებაც შეუნარჩუნდა – ვისკონსინ-ავენიუ, და ახალიც დაემატა – ბორის ნემცოვის მოედანი.
კოლუმბიის ოლქის საქალაქო საბჭოს წევრების ეს ინიციატივა რუსი პოლიტიკოსის გარდაცვალებიდან სამი წლისთავს მიეძღვნა.
მანამდე ბორის ნემცოვის სახელი დაერქვა კიევში, ასევე რუსეთის საელჩოსთან მდებარე პროსპექტსაც.
რუსი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი ვლადიმირ პუტინის და რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსი იყო. ის 2015 წლის 27 თებერვალს კრემლიდან ასი მეტრის მოშორებით მოკლეს.
ნემცოვი კრემლთან ახლოს, მდინარე მოსკოვზე გადებულ ხიდზე მოკლეს. მისი სიკვდილის შემდეგ არაერთმა რუსმა პოლიტიკოსმა და სამოქალაქო აქტივისტმა მიმართა თხოვნით მოსკოვის ხელისუფლებას, რომ ამ ხიდისთვის ნემცოვის სახელი დაერქმიათ. თუმცა, მოსკოვის ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს.
პოლიტიკური მოტივირებით ქუჩისთვის სახელის შეცვლის კიდევ ერთი ინციდენტი ახლახან თურქეთში მოხდა. გასულ კვირას ქუჩას ანკარაში, სადაც არაბეთის გაერთიანებული საემიროების საელჩო მდებარეობს, თურქი გენერლის ფაჰრედინ-ფაშას სახელი დაერქვა.
თურქეთის ხელისუფლებამ სახელის შეცვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრმა ტვიტერზე დაწერა, რომ თურქი გენერალი ფაჰრედინ-ფაშა, რომელიც ერთი საუკუნის წინ ქალაქ მედინას გუბერნატორი იყო, უმოწყალოდ ეპყრობოდა არაბებს. არაბი მინისტრის ტვიტში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ერდოღანის წინაპრებზეც იყო საუბარი, რომლებიც მისი თქმით, ასევე ავიწროვებდნენ არაბებს.
ამ ტვიტმა ერდოღანი ძალიან გააღიზიანა. მან განაცხადა, რომ მინისტრმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს. ამის შემდეგ, ერდოღანის ბრძანებით, ფაჰრედინ-ფაშას ქუჩა უშუალოდ გაერთიანებული საემიროების საელჩოსთან გაჩნდა.
ან თუნდაც სულ ცოტა ხნის წინ მომხდარი გახმაურებული ამბავი გავიხსენოთ, როდესაც ათენის ქუჩებში 140 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. მათი პროტესტის მიზეზი იყო ქვეყანა “მაკედონიის” სახელწოდება. ბერძნებს არ მოსწონთ, რომ ამ ქვეყანას იგივე სახელი ქვია, რაც საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონს.
პოლიტიკაში არამხოლოდ ქუჩებს, არამედ ქვეყნების სახელწოდებებსაც დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ქვეყანა ბურკინა-ფასოს სახელი ითარგმნება როგორც „ღირსეული ადამიანების ქვეყანა“. ქვეყანა ამ სახელს მხოლო 1984 წლიდან ატარებს. მანამდე მას ზემო ვოლტა ერქვა. ეს სახელი ფრანგებმა მაშინ დაარქვეს, როდესაც ბურკინა-ფასო მათი კოლონია იყო. ახლანდელი სახელწოდება კი საგანგებოდ ხაზს უსვამს იმას, რომ ბურკინა-ფასო კოლონია კი არა, დამოუკიდებელი ქვეყანაა.
BBC-ის კორესპონდენტის ჯონათან სევიჯის აზრით, ტერიტორიის სახელწოდების მიმართ ამგვარი მგრძნობიარე დამოკიდებულება მხოლოდ ადამიანის საკუთარი სახელისადმი დამოკიდებულებას შეიძლება შევადაროთ:
ეს ზემოთაღწერილი ისტორიები სევიჯს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივის ამბავს აგონებს. 1964 წელს ამერიკელმა მოკრივემ კასიუს კლეიმ სახელი შეიცვალა და მოჰამედ ალი დაირქვა. სწორედ ამ სახლით გახდა ის საქვეყნოდ ცნობილი. ამით მოკრივემ უარი თქვა “მონობის დროინდელ” სახელზე, რომელიც მის წინაპრებს მონათმფლობელებმა მიაკუთვნეს.