სომხეთის ახალი ლიდერის ხელისუფლებაში ყოფნის 100 დღე — ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობას ერევნის მთავარ მოედანზე მიმართა
სომხეთში ეკონომიკური გამარჯვებების ეტაპი იწყება, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 17აგვისტოს, ერევნის მთავარ მოედანზე შეკრებილი მრავალრიცხოვანი ადამიანის წინაშე. მის სიტყვებს მისალმების გუგუნით შეხვდნენ.
თვისი პრემიერ-მინისტრობის მე-100 დღეს სომხეთში მომხდარი გაზაფხულის „ხავერდოვანი რევოლუციის“ ლიდერმა ერევნის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე ათობით ათას მომხრეს მოუყარა თავი, რათა მათთვის ჩატარებული სამუშაოს შესახებ ანგარიში ჩაებარებინა.
გიამბობთ დეტალებს.
• როგორ და რატომ მოხდა 2018 წლის აპრილში სომხეთში „ხავერდოვანი რევოლუცია“
ეკონომიკური რევოლუცია
მთავარი თემების რიცხვში ეკონომიკა მოხვდა.
სომხეთში არსებული ამჟამინდელი ზრდის მაჩვენებლები ფაშინიანმა დადებითად შეაფასა, თუმცა თქვა, რომ ახალი ეკონომიკური მოდელის შექმნას აპირებს.
„არსებული ეკონომიკური მოდელი ჩვენთვის არახელსაყრელია. ჩვენ მისი შეცვლა გვინდა… რადგან … ძველი მოდელის მიხედვით… მოქალაქეები ეკონომიკურ ზრდას ვერ გრძნობენ. წინა მოდელს ჩვენ ინკლუზიური სისტემით შევცვლით – ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები მეწარმეობის თანაბარ შესაძლებლობებს მიიღებენ, და კანონისა და საგადასახადო ორგანოების წინაშე ყველა თანასწორი იქნება“.
მანამდე ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ რევოლუციისა და ხელისუფლების შეცვლის გამო, შესაძლოა, ეკონომიკური მაჩვენებლები დაეცეს. თუმცა, ფაშინიანმა ბიზნეს-აქტიურობის უკანასკნელი მონაცემები წარმოადგინა და დარწმუნებით განაცხადა, რომ ეკონომიკა აქტიური ტემპებით ვითარდება.
„უკვე 2018 წლის ივნისში, რომელიც პირველი პოსტ-რევოლუციური თვე იყო, ეკონომიკური აქტივობის 9,6 -პროცენტიანი ზრდა აღინიშნა. სომხეთის ბანკებში შენატანები 116 მილიარდი დრამით ან დაახლოებით 250 მილიონი დოლარით გაიზარდა. ეს არის როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების შენატანები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სომხეთის მოქალაქეებსა და დიასპორის წარმომადგენლებს მომავალი ეკონომიკური ზრდის სჯერათ“.
სომხეთში კორუფცია აღარ არის
ფაშინიანმა ასევე კომენტარი გააკეთა გახმაურებულ კორუფციულ მხილებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ სომხეთში კორუფცია აღარ არსებობს.
„თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სომხეთში არც ერთი ქრთამის ამღები ჩინოვნიკი აღარ არსებობს. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სომხეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკებს შორის კორუმპირებული პირები არ არიან, და არც იქნებიან. ამის გარანტიას პირადად გაძლევთ“.
„2008 წლის 2 მარტის საქმე“
პრემიერმა განსაკუთრებულად ისაუბრა „2008 წლის 1 მარტის“ საქმეზე, როდესაც მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიტინგების დარბევის დროს 10 ადამიანი დაიღუპა.
ეს საქმე სრულად არის გახსნილი, — თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ვარიანტი არ არსებობს, რომ დამნაშავეთაგან, მათი მეთაურებიდან პასუხისმგებლობას ვინმე გაექცეს. ასეთი ვარიანტი არ არსებობს“.
• რა მოხდა 2008 წლის 1 მარტს სომხეთში, რატომ დააპატიმრეს მაშინდელი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი და რას ფიქრობენ დღეს სომხეთში ამის შესახებ
ქვეყანაში ბიუროკრატიის შემცირება
სომხეთის პრემიერმა განაცხადა სამინისტროების შემცირების შესახებ, რამაც სახელმწიფო მმართველობის სისტემის ამაღლებას უნდა შეუწყოს ხელი.
„მიგვაჩნია, რომ სომხეთში 17 სამინისტრო არ უნდა იყოს, და მათი რიცხვი საგრძნობლად უნდა შემცირდეს, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო სტრუქტურების“.
მიგრაციის დაძლევა
ფაშინიანის აზრით, ყველა ამ ღონისძიებამ სომხეთიდან მიგრაციის სიტუაციის გარდატეხა უნდა მოახდინოს. პრემიერმა განაცხადა, რომ დღევანდელი მაჩვენებლები უკვე იმედის მომცემია.
„ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სომხეთში ჩამომსვლელთა რაოდენობამ გამგზავრებულების რაოდენობას გადააჭარბა“. ოფიციალური მონაცემებით, 2018წლის 10 მაისიდან 14 აგვისტომდე სომხეთში 29,986 ადამიანით მეტი ჩამოვიდა, ვიდრე გაემგზავრა. გასული წლის იმავე პერიოდში სომხეთიდან გამგზავრებულთა რაოდენობა ჩამოსულების რაოდენობას 6 ათასით აჭრბებდა. ეს მონაცემები, შესაძლოა, ემიგრაციის დაძლევის პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად ჩაითვალოს“.
ყარაბაღი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ტრადიციულად, არც ყარაბაღის კონფლიქტის თემას აუარა გვერდი.
მან აღნიშნა, რომ სომხეთს ომი არ სურს, მაგრამ მზად არის, აგრესიას უპასუხოს.
„უკვე ვთქვი, რომ ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით სომხეთის სახელით სრულფასოვანი მოლაპარაკებების გასამართად მზად ვარ, თუმცა არცახის სახელით არცახის ხელმძღვანელობამ უნდა ილაპარაკოს. ჩვენ ომი მართლაც არ გვინდა, და მართლაც მზად ვართ მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის, საკითხის მშვიდობიანად მოგვარებისთვის“.
ამავდროულად ფაშინიანმა პირობა დადო, რომ ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება სომეხი ხალხის მონაწილეობისა და გადაწყვეტილების გარეშე არ მიიღწევა.
„როდესაც ვნახავ, რომ არსებობს ისეთი ვარიანტი, რომლის გარშემო მართლაც შესაძლებელია მსჯელობა, მოვალ, აქ დავდგები, და მას დაწვრილებით წარმოგიდგენთ – თქვენ კი გადაწყვეტთ, წავიდეთ ამ გზით თუ არა“.
სომხეთი და რუსეთი – ყველაფერი ძველებურად იქნება
ნიკოლ ფაშინიანმა ბევრი ილაპარაკა სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობების შესახებ და მკაფიოდ განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკური რევერსები არ მოხდება.
„ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ შევხვდი და სამჯერ ვესაუბრე ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს. შემიძლია ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის კარგი ურთიერთობაა, და რესპუბლიკური პარტიისა და მისი სატელიტების სიტყვების საწინააღმდეგოდ, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
სამი თვის წინათ პირობა დავდე, რომ ურთიერთობა ახალ სიმაღლეზე ავა. მინდა გითხრათ, რომ შესაბამისი პროცესების შემდეგ ყველა შეიტყობს სომხურ-რუსული ჰუმანიტარული პროექტის შესახებ, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში უპრეცედენტოა.“