სომეხი სპორტსმენების გამარჯვებები და წარუმატებელი ეპიზოდები 2017 წელს
შეიძლება ითქვას, რომ სომხური სპორტისთვის 2017 წელი, მთლიანობაში, წარმატებული გამოდგა და ეს წარმატება არამხოლოდ სომხეთისთვის ტრადიციულ სახეობებში, არამედ ისეთ დისციპლინებშიც კი დაფიქსირდა, სადაც „წარმატება“ და „სომხეთი“ დღემდე შეუთავსებელ ცნებებად მიიჩნეოდა – მაგალითად, ველოსპორტში და კალათბურთში.
თუმცა, ვიდრე კონკრეტულ მიღწევებზე დავიწყებთ საუბარს, უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს სომეხმა ათლეტებმა მსოფლიო ჩემპიონატებიდან და ევროპის პირველობებიდან 201 მედალი ჩამოიტანეს და მათ შორის 61 ჯილდო ოქროსია.
წლის უმნიშვნელოვანეს მიღწევებს შორის აღსანიშნავია მსოფლიო ჩემპიონების ტიტულები, რომლებიც ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჩემპიონატზე არტურ ალექსანიანმა და მაქსიმ მანუკიანმა მოიპოვეს, მოკრივე ოვანეს ბაჩკოვის მიერ მოგებული ოქროს ჯილდო, ჰენრიხ მხითარიანისა და მისი კლუბის, მანჩესტერ იუნაიტიდის“ გამარჯვება „ევროპის ლიგის“ გათამაშებაში და მოჭადრაკე ლევონ არონიანის წარმატება მსოფლიო თასის ტურნირზე, რომელიც თბილისში გაიმართა.
2017 წელს ველოსიპედისტმა ედგარ სტეფანიანმა მსოფლიოს თასის გათამაშებაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. აღნიშნული ჯილდო მან “სკრეტჩის სკრეჩის“ დისციპლინაში მიიღო. გამარჯვების შემდეგ მან ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურის მიღება დაისახა მიზნად.
ამას გარდა, მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია ქვეყნის ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა და ძირითადი პრეტენდენტების სიაში მოსახვედრად მხოლოდ ერთი გამარჯვება დააკლდა. თუმცა, ამ შედეგს უკვალოდ არ ჩაუვლია – სომხეთის კალათბურთის ფედერაციამ მოაწყო შვიდგუნდიანი შიდა პირველობა, რომელსაც „ლიგა А“ დაერქვა.
რა თქმა უნდა, სპორტში წარუმატებლობებისა და დამარცხებების შემთხვევებიც ხშირია. ალბათ ყველაზე მასშტაბურ წარუმატებლობად სომხეთის ძალოსანთა ზოგიერთი სპორტსმენი დოპინგის სკანდალში გაეხვაა, რის გამოც მთელმა ნაკრებმა დაკარგა 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება.
სომხურ ფეხბურთში კრიზისის პერიოდი გრძელდება. სუსტი ეროვნული პირველობა და ნაკრების ბუნდოვანი მომავალი აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად სწორი მიმართულებით მოძრაობს სომხური ფეხბურთის ლოკომოტივი.
რამდენიმე ახალი გუნდი სომხეთის საკლუბო ფეხბურთს ვერ ააღორძინებს. მსგავსი ნაბიჯები ადრეც გადაიდგა და მაშინაც უშედეგოდ დასრულდა ყველაფერი. ამ ფონზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერთადერთი გამოსავალი ფეხბურთის რეგიონებში განვითარებაა და მსგავსი პროექტი უკვე ამოქმედდა. ქალაქ ვანაძორში დაფუძნდა კლუბი „ლორი“ რომელიც სომხეთის პირველ ლიგაში ასპარეზობს.
2017 წელი ათი საუკეთესო სომეხი სპორტსმენის გამოცხადებით დასრულდა. ტოპათლეტების სიის ფორმირება ახალი პროცედურით მოხდა. სპორტული ჟურნალისტების ვერსიით, ფეხბურთელმა ჰენრიხ მხითარიანმა სიის მესამე ადგილი დაიკავა, მაყურებლებმა კი (რომლებიც ხმას SMS-ების საშუალებით აძლევდნენ) „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგიონერს პირველი ადგილი მიანიჭეს.
ამ გადაწყვეტილებამ ცხარე დისკუსიები გამოიწვია სპორტულ წრეებში. ამბობდნენ, რომ სომხური სპორტის საყოველთაო ელჩი დაუმსახურებლად ლიდერობდა საუკეთესოთა ათეულს – იმიტომ, რომ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში განსაკუთრებული მიღწევები არ ჰქონია.
ამის შესახებ JAMnews-ი გასული წლის ბოლოს იუწყებოდა პუბლიკაციაში სახელწოდებით « სომხეთის 2017 წლის ათი საუკეთესო სპორტსმენის სიამ მწვავე დისკუსია გამოიწვია ».
როგორც ჩანს, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირებს, რომლებსაც საუკეთესო ათლეტების არჩევა ევალებათ, ახალი მიდგომის შემუშავება მოუწევთ. ზოგიერთ ქვეყანაში წლის საუკეთესო სპორტსმენების რეიტინგში გამოყოფილია დამატებითი ნომინაცია სპორტის იმ ათლეტებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ ასპარეზობენ და უცხოეთში მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ.