სკოლის მოსწავლეები ომში
რა ინფორმაციას იღებენ სამხრეთი კავკასიის სხვასდასხვა ადგილას მცხოვრები სკოლის მოსწავლეები სახელმძღვანელოებიდან ამ რეგიონის ტერიტორიაზე გაჩაღებული სამი პოსტსაბჭური დაპირისპირების – აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღისა და სამხრეთი ოსეთის კონფლიქტების შესახებ?
ქართულ-აფხაზური კონფლიქტი
ბაქო: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ვერსია სასკოლო სახელმძღვანელოებში
ისტორიის სახელმძვანელოებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტი სულ ერთხელაა ნახსენები მეცხრეკლასელებისთვის განკუთვნილ სასწავლო წიგნში. აღნიშნული მონაკვეთი 2008 წლის აგვისტოში მომხდარ ომს შეეხება. მართლაც, უბრალოდ, ნახსენებია – ამ საკითხს მხოლოდ ერთი აბზაცი ეთმობა.
ყურადსაღებია, რომ ნახსენებია ტერმინი “სამხედრო ინტერვენცია”, მაგრამ არ არის გამოყენებული განსაზღვრება “ტერიტორიის ანექსია”.
1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარი მოვლენები აზერბაიჯანული სკოლების ისტორიის სახელმძღვანელოებში საერთოდ არ არის ნახსენები.
ერევანი: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ვერსია სკოლის სახელმძღვანელოებში
ეს თემა მხოლოდ ერთ სახელმძღვანელოშია ნახსენები – მეთორმეტე კლასის ჰუმანიტარული ნაკადისათვის განკუთვნილი წიგნის ორი თავში (“საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ” და “თანამედროვე კონფლიქტების შესახებ”). მაგრამ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს ამ წიგნშიც მხოლოდ ორიოდე აბზაცი ეთმობა.
მოსწავლეებს ასეთ მიდგომას სთავაზობენ:
სახელმძღვანელო მცირე დეტალიზაციას მხოლოდ 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით იძლევა.
ზემოაღნიშნულის გარდა, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ სომხეთის სკოლების ისტორიის სახელმძღვანელოებში არაფერი წერია.
სოხუმი: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ვერსია სასკოლო სახელმძღვანელოებში
აქ, უკვე ხუთი წელია, რაც სკოლის მოსწავლეები აფხაზეთის ისტორიას ერთი სახელმძღვანელოთი სწავლობენ. სახელმძღვანელოს ავტორია ირინა კუაკაუასკირი. მოსწავლეები სხვადასხვა კლასში წიგნის სხვადასხვა ნაწილს სწავლობენ.
წინა სახელმძღვანელო, რომელიც ცნობილმა აფხაზმა ისტორიკოსებმა – სტანისლავ ლაკობამ და ოლეგ ბღაჟბამ შეადგინეს, მეტისმეტად აკადემიური იყო და მისი გაგება ჭირდა. აღნიშნული წიგნი 1980-იანი წლების ბოლოს გამოიცა და თავიდანვე უმაღლესი სასწავლებლებისთვის იყო განკუთვნილი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეცვლილმა რეალობამ აფხაზეთის ხელისუფლება აიძულა, სასწრაფოდ მოეძებნა სათანადო შემცვლელი საბჭოთა პერიოდში დაბეჭდილი ისტორიის სახელმძღვანელოებისათვის. ამასთან, სკოლებში გაჩნდა ახალი საგანი – აფხაზეთის ისტორია და, გამომდინარე იქიდან, რომ სკოლისათვის ადაპტირებული სახელმძღვანელოს მოკლე დროში მომზადება და გამოცემა შეუძლებელი იყო, შექმნილი ვაკუუმის შევსება ლაკობასა და ბღაჟბას ნაშრომით გადაწყვიტეს.
ისტორიული მოვლენების ინტერპრეტაციის მხრივ, ახლანდელი სახელმძღვანელო თითქმის არ გამოირჩევა ძველისგან. ერთადერთი სიახლე არის ის, რომ ახალ სახელმძღვანელოში დამატებულია რამდენიმე თავი, რომლებიც ქართულ-აფხაზურ ომსა და ომისშემდგომი პერიოდის აფხაზეთს ეხება.
ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს რამდენიმე დიდი თავი ეთმობა და წიგნის ამ ნაწილისთვის გამოიყენება სახელწოდება “აფხაზეთის ხალხის 1992-1993 წლების სამამულო ომი”. აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ჯარების შეყვანა კი შეფასებულია, როგორ აგრესიის აქტი.
პირველად ქართულ-აფხაზური კონფლიქტი სახელმძღვანელოს მეექვსე კლასისთვის განკუთვნილ განყოფილებაში მოიხსენიება.
ომის დაწყების ოფიციალური, აფხაზური ვერსიის პარალელურად, სახელმძღვანელოში “მოვლენების ქართული ვერსიაც” არის წარმოდგენილი.
კერძოდ, სასწავლო წიგნში აღნიშნულია, რომ ქართული ვერსიით, საქართველოს მხარეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანა მატარებლებზე განხორციელებული გამუდმებული თავდასხმებისა და ძარცვის გამო მოუწია. მეორე მიზეზად ქართული მხარე ასახელებს იმას, რომ საჭირო იყო საქართველოს ხელისუფლების ორი წევრის, ალექსანდრე კავსაძისა და რომან გვენცაძის გათავისუფლება. ისინი აფხაზეთში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა დაატყვევეს.
თუმცა, ამის შემდეგ სახელმძღვანელოს ავტორი შეჯამებას აკეთებს.
სახელმძღვანელოს მიხედვით, ჯარების შემოყვანის მთავარი მიზეზი იყო ქართული მხარის სურვილი, გადაეწყვიტა “აფხაზეთის საკითხი”. ამ მოსაზრების დასამტკიცებლად სახელმძღვანელოში მოყვანილია ქართული ჯარების იმჟამინდელი მეთაურის, გიორგი ყარყარაშვილის ციტატა, რომელმაც ომის დასაწყისში აფხაზებისადმი გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ “აფხაზი ერის სრულად განადგურებისთვის ასი ათას ქართველიც არ დაენანება”.
ხელმძღვანელოში ისიც არის აღნიშნული, რომ ქართული ჯარების სამიზნედ არამხოლოდ აფხაზები, არამედ რესპუბლიკის არაქართულენოვანი მოქალაქეებიც იქცნენ.
ომის დაწყებისას და მომდევნო პერიოდში აფხაზეთის ქართული მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ქცევას სახელმძღვანელო აფასებს, როგორც “აფხაზეთში არსებული მეხუთე კოლონის” ქმედებებს.
ავტორის განსაზღვრებით, “სასტიკი ომი, რომელიც საქართველომ აფხაზეთის წინააღმდეგ გააჩაღა, ორი ხალხის ურთიერთობის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე ტრაგიკული ფურცელი.”
თბილისი: ქართულ-აფხაზური კონფლიქტი სასკოლო სახელმძღვანელოებში
ქართულ-აფხაზური კონფლიქტი პირველად ისტორიის მეცხრე კლასის სახელმძღვანელოშია ნახსენები – იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას ეძღვნება. მოსწავლეები მოვლენების ასეთ ვერსიას იღებენ:
ამის შემდეგ სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ კვორუმის არარსებობის გამო, აფხაზეთის უზენაეს საბჭოს ამ დეკლარაციის მიღების უფლება არ ჰქონდა.
მნიშვნელოვანი მოვლენები და კონფლიქტის ქრონოლოგია სახელმძღვანელოში ნახევარ გვერდზე დაეტია. წიგნში ასეთი ინფორმაციაა მოცემული:
უცნაური ისაა, რომ სხვადასხვა კლასის სახელმძღვანელოებში ინფორმაცია არ იცვლება. მეცხრე და მეთორმეტე კლასებში ერთმანეთის იდენტური, მცირე ტექსტებია წარმოდგენილი.
შეკითხვაზე, თუ რატომ არის სკოლაში ეს საკითხი ასე მწირად წარმოდგენილი, მასწავლებლებლები პასუხობენ, რომ ეს კონფლიქტი პოლიტიკური საკითხია და მისი საბოლოო პოლიტიკური შეფასება ჯერჯერობით არ მომხდარა. როდესაც ეს მოხდება, განათლების ეროვნული გეგმაც შესაბამისად შეიცვლება და მაშინ, ალბათ, ისტორიის ახალ სახელმძღვანელოებსაც დაამტკიცებენ. მანამდე კი ვერც ერთი ავტორი ვერ გაბედავს, რომ ცალსახა შეფასებები გააკეთოს.
როგორც სკოლების ისტორიის მასწავლებლებთან საუბრისას გაირკვა, მათი ნაწილი სახელმძღვანელოებში მოეცემული ინფორმაციით კმაყოფილდება; სხვები კი დამოუკიდებლად წყვეტენ იმას, თუ როგორ ჩაატარონ გაკვეთილი.
ისტორიის მასწავლებელი ელისო ჩუბინაშვილი:
“ჩვენ, პედაგოგები, მოსწავლეებს ვუხსნით, რომ კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დანაშაულებრივი პოლიტიკის ნაწილი გახდა, როდესაც სეპარატიზმს ახალისებდნენ და ანტიქართულ განწყობებს ავრცელებდნენ. ამას გარდა, ბავშვებს ვუხსნით, რომ კავკასიის ყველა კონფლიქტის გამჩაღებელი არის რუსეთი, რომელიც საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.”
ელისო ჩუბინაშვილმა აღიარა, რომ საუბარია იმაზე, თუ როგორ ატარებს გაკვეთილებს თავად, და არა სკოლის ისტორიკოსების საერთო მიდგომაზე. მანვე აღნიშნა, რომ “ისტორიის ვერსია, რომელიც ბავშვებს ესმით, კონკრეტული პედაგოგების მოსაზრებებზეა დამოკიდებული.”
“ქართული სასწავლებლის” ისტორიის მასწავლებელი, სიმონ მასხარაშვილი მიიჩნევს, რომ “სახელმძღვანელოები, რომლებითაც დღეს ვასწავლით, მხოლოდ ანტისახელმძღვანელოების მაგალითებად თუ გამოდგება.”
“ამ წიგნებში გაურკვეველია მოვლენის არსი, არ ჩანს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოვლენებს შორის. ისტორია პოლიტიკური დოქტრინების თეორიული საფუძველი უნდა იყოს, მოსწავლეს ორიენტირებს უნდა აძლევდეს, უნდა უხსნიდეს, რასთან გვაქვს საქმე, რა მოხდა და ვინ ვართ ჩვენ. ამჟამინდელ სასკოლო სახელმძღვანელოებში ზემოჩამოთვლილთაგან ვერაფერს იპოვით.”
მთლიანობაში, ინფორმაცია, რომელსაც საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა სკოლის დასრულებისას ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებით ფლობს, ასე გამოიყურება:
მოსწავლეებმა მეექვსე კლასიდან იციან, რომ 1801 წლიდან რუსეთი სხვადასხვა მეთოდებით ებრძვის საქართველოს. ბავშვები იმ აზრამდე მიჰყავთ, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ქართველი და აფხაზი ხალხის დაპირისპირება არ ყოფილა, და სიტუაცია მთლიანად რუსეთის მიერ იყო პროვოცირებული.
ცხინვალი: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ვერსია სასკოლო სახელმძღვანელოებში
ქართულ-აფხაზური კონფლიქტი მხოლოდ ისტორიის მეთერთმეტე კლასის სახელმძღვანელოში (რომელსაც “XX საუკუნისა და XXI საუკუნის რუსეთის ისტორია” ჰქვია) არსებულ ერთ მცირე აბზაცშია ნახსენები – განყოფილებაში, რომელსაც ჰქვია “საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზები და ეთნოკონფლიქტები.” მასში ქართულ-აფხაზური კონფლიქტი განმარტებულია, როგორც უბრალოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგი.
ელენე იაშჩინა, ცხინვალის მეორე სკოლის ისტორიის მასწავლებელი:
“სახელმძღვანელოში მხოლოდ გაკვრითაა ნახსენები ის ეთნიკური კონფლიქტები, რომლებსაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღში მოხდა. ამიტომ ჩვენ, პედაგოგები, უბრალოდ იმას ვუყვებით მოსწავლეებს, რაც ვიცით იმ პერიოდში მომხდარი მოვლენების შესახებ.”
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი
ბაქო: ყარაბაღის კონფლიქტის ვერსია სასკოლო სახელმძღვანელოებში
პირველად ყარაბაღის კონფლიქტი მოიხსენიება მესამე კლასში, იმ საგნის სახელმძღვანელოში, რომელსაც “სამყაროს შეცნობა” ჰქვია. აღნიშნულ სახელმძღვანელოში ისტორია ასეა გადმოცემული.
მომდევნო კლასების მოსწავლეებისათვის ჩნდება ინფორმაცია კონფლიქტში საბჭოთა ხელისუფლების მონაწილეობის შესახებ.
ყველაზე ხშირად და ყველაზე უფრო დაწვრილებით სახელმძღვანელოებში (მ.შ. ისეთ საგნებში, როგორიცაა ლიტერატურა და “სამყაროს შეცნობა”) ნახსენებია მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, რომელიც 1992 წლის 26 თებერვალს ქალაქ ხოჯალიში მოხდა.
მერვე კლასში ყარაბაღის ისტორია ცალკე საგნად ისწავლება.
“1990-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისშიც აზერბაიჯანულ სკოლებში სასწავლო გეგმას ძველი საბჭოთა სახელმძღვანელოების ბაზაზე ადგენდნენ. მოგვიანებით სიტუაცია გაუმჯობესდა,” – ამბობს სკოლის ისტორიის მასწავლებელი, ვახიდ სამედოვი.
სამედოვი აღნიშნავს, რომ ისტორიის სახელმძღვანელოების მთავარი პრობლემა ფაქტების დამახინჯებაა. ფაქტების ნაწილი იმალება, ნაწილი კი არასწორი ინტერპრეტაციით გადმოიცემა. არ არსებობს კრიტიკული გააზრება.
მისი თქმით, სწავლებას მექანიკური ხასიათი აქვს და მხოლოდ იმას ეფუძნება, რომ წარსულში ვიღაცამ რაღაც დაიმორჩილა და მავანმა ვიღაც დაიმორჩილა.
სასკოლო სახელმღვანელოებში არის მაგალითები, რომლებსაც შეიძლება, რომ სიძულვილის ენის კვალიფიკაცია მიენიჭოს. მაგალითად, ისტორიის სახელმძღვანელოში, რომელიც მეთერთმეტე კლასისთვისაა შედგენილი, ასეთ ტექსტს ვხვდებით:
ან სხვა მაგალითი, ისტორიის მეხუთე კლასის სახელმძღვანელოდან:
1988 წლის 28 თებერვალს აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში სომხური ოჯახების რბევისა და ჟლეტის ფაქტი, რომელზეც ხშირად ამბობენ, რომ ყარაბაღის ომი გარდაუვალ მოვლენად აქცია, სახელმძღვანელოებში აღწერილია, როგორც თავად სომხების მიერ სპეციალურად დაგეგმილი პროვოკაცია.
კიდევ ერთი მაგალითი – ისტორიის მეთერთმეტე კლასის სახელმძღვანელოდან:
კიდევ ერთი მაგალითი – ისტორიის მეცხრე კლასის სახელმძღვანელოდან:
მთლიანობაში, აზერბაიჯანში მცხოვრები ახალგაზრდები სკოლის დასრულებისას ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ მკაფიო ვერსიას იღებენ: კონფლიქტი სომხეთის ცალმხრივ აგრესიას წარმოადგენდა აზერბაიჯანის მიმართ.
ერევანი: ყარაბაღის კონფლიქტის ვერსია სკოლის სახელმძღვანელოებში
ყარაბაღის ომსა და მის შედეგად შექმნილ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას სომხეთის უახლესი ისტორიის მეცხრე კლასის სახელმძღვანელოში რამდენიმე თავი ეთმობა.
ვერსია ოდნავ განსხვავდება იმ ძალიან მოკლე ინფორმაციისგან, რომელიც წინა კლასების სახელმძღვანელოებშია წარმოდგენილი. მთლიანობაში მოცემულია სამხედრო მოქმედებების ქრონიკა და, ამასთან, იმ ნაწილში, რომელიც მოწინააღმდეგეს ეხება, მტრის ცალსახა შეურაცხყოფის შემთხვევები არ აღინიშნება.
ყარაბაღის კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ეპიზოდი – ხოჯალის მოვლენები, შეტანილია თემაში “მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა”. სახელმძღვანელოში ის სამხედრო მოქმედებების აღწერასთან ერთადაა მოცემული.
მთლიანობაში სომხეთის სასკოლო სახელმძღვანელოებში კავკასიის ყველა კონფლიქტის მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება შეინიშნება – სომხური სასწავლო წიგნების მიხედვით, ხალხების თვითგამორკვევის უფლება სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე უფრო პრიორიტეტულია.
სოხუმი: ყარაბაღის კონფლიქტის ვერსია სასკოლო სახელმძღვანელოებში
ინფორმაციას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ აფხაზი მოსწავლეები მხოლოდ საერთო ისტორიის რუსულ სახელმძღვანელოებში თუ გადააწყდებიან, და თან, ფაქტობრივად – შემთხვევით. სკოლაში ისტორიის მთავარი სახელმძღვანელო აფხაზეთის ისტორიის სასწავლო წიგნია. მასში არ მოიხენიება ის მოვლენები, რომელიც აფხაზურ თემატიკას არ ეხება.
თბილისი: ყარაბაღის კონფლიქტის ვერსია სასკოლო სახელმძღვანელოებში
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ქართულ სკოლებში არ ისწავლება. შეიძლება ითქვას, რომ კავკასიის ისტორია საერთოდ არ ისწავლება. როგორც ისტორიის მასწავლებელი, ლამარა კეშელავა ამბობს, “რუსეთისა და კავკასიის, შამილისა და მთიელების საკითხს სწავლებას 12 წლის განმავლობაში სკოლაში მხოლოდ ერთი გაკვეთილი ეთმობა, მერვე კლასში. ამისათვის 1-2 საათია გამოყოფილი.”
“ამიტომ 2016 წლის აპრილში ყარაბაღში მომხდარ მოვლენებს საქართველოში მცხოვრებ მოსწავლეებში რაიმე ინტერესი არ გამოუწვევია,” – ამბობს კეშელავა.
ცხინვალი: ყარაბაღის კონფლიქტის ვერსია სასკოლო სახელმძღვანელოებში
ისევე, როგორც ქართულ-აფხაზური დაპირისპირება, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტიც ერთი საერთო ფრაზით მოიხსენიება და განმარტებულია, როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის უბრალო შედეგი.
ქართულ-სამხრეთოსური კონფლიქტი
ბაქო: ქართულ-სამხრეთოსური კონფლიქტის ვერსია სასკოლო სახელმძღვანელოებში
ეს კონფლიქტი პირველად (და ერთადერთხელ) ისტორიის მეცხრე კლასის სახელმძღვანელოშია ნახსენები. ავტორი ზუსტად იმ ერთი ფრთხილი ფრაზით შემოიფარგლება, რომელიც ქართულ-აფხაზურ კონფლიქტსაც ეხება [აღნიშნული ციტატა ზემოთაა მოყვანილი]
ამ კონფლიქტთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელსაც აზერბაიჯანელი ახალგაზრდები სკოლის დამთავრების მომენტში ფლობენ, ასე გამოიყურება:
რუსეთი საქართველოში შეიჭრა (“ტერიტორიის ანექსია” არ არის ნახსენები) და, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძველი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების განმტკიცების აუცილებლობამ აზერბაიჯანს საშუალება არ მისცა, დიპლომატიურ მხარდაჭერაზე უფრო დიდი დახმარება გაეწია საქართველოსთვის.
ერევანი: ქართულ-სამხრეთოსური კონფლიქტის ვერსია სასკოლო სახელმძღვანელოებში
სომხურ სასკოლო სახელმძღვანელოებში ქართულ-ოსური კონფლიქტი და ქართულ-აფხაზური დაპირისპირება არ განიყოფა. ეს მოვლენები ჰუმანიტარული მიმართულების მოსწავლეებისთვის განკუთვნილ, მსოფლიო ისტორიის მეთორმეტე კლასის სახელმძღვანელოში ერთობლივი პოზიციიდანაა აღწერილი. კონფლიქტები ძალიან განზოგადებულია და გლობალური მოვლენების (პირველ რიგში, საბჭოთა კავშირის დაშლის) ფონზეა წარმოდგენილი.
ისევე, როგორც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენების მცირე დეტალიზაცია 2008 წლის მოვლენების კონტექსტში ხდება. ერთ აბზაცში ავტორი შედეგის კონსტატაციას ახდენს – აღნიშნავს, რომ სამხედრო მოქმედებები ევროკავშირის შუამავლობით დასრულდა, დაიწყო მოლაპარაკებების პროცესი და რამდენიმე ქვეყანამ აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი აღიარა.
სოხუმი: ქართულ-სამხრეთოსური კონფლიქტის ვერსია სასკოლო სახელმძღვანელოებში
ინფორმაციას 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ აფხაზი მოსწავლეები საერთო ისტორიის რუსულ სახელმძღვანელოებში თუ ნახავენ და იმასაც – შემთხვევით.
მაგრამ 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში მომხდარი ომი საკმაოდ დეტალურადაა აფხაზეთის ისტორიის V-IX კლასების სახელმძღვანელოში – იმ თავში, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ეძღვნება.
ქვეთავში სახელწოდებით “საქართველოს ახალი აგრესია”, საკმაოდ დეტალურადაა აღწერილი ის, თუ როგორ იწყებოდა ეს ომი.
აფხაზური სახელმძღვანელო 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ცალსახად აფასებს, როგორც საქართველოს აგრესიას სამხრეთი ოსეთის მიმართ.
ამას გარდა, სახელმძღვანელოში მოთხრობილია, თუ როგორ აღიარა რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა.
მთლიანობაში, ინფორმაცია ქართულ-სამხრეთოსური კონფლიქტის შესახებ, რომელიც აფხაზ მოსწავლეებს სკოლის დამთავრების მომენტში აქვთ, ასე გამოიყურება:
საქართველომ სამხრეთი ოსეთის წინააღმდეგ ძალადობრივი აქტი ჩაიდინა, რუსეთი კი ამ უკანასკნელის დასახმარებლად მოვიდა და ოსები გენოციდისგან იხსნა.
თბილისი: ქართულ-სამხრეთოსური კონფლიქტის ვერსია სასკოლო სახელმძღვანელოებში
პირველად ეს კონფლიქტი ისტორიის მეცხრე კლასის სახელმძღვანელოში მოიხსენიება. ერთი აბზაცის სახით მოსწავლეებს განზოგადებული ვერსია ეძლევათ.
მეცხრე და მეთორმეტე კლასების სახელმძღვანელოებში ეს აბზაცი უბრალოდ მეორდება.
ამდენად, სკოლის დასრულებისას საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები მოვლენების ძალიან მოკლე ვერსიას იცნობენ და ეს ინფორმაცია იმ ცნობების იდენტურია, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ აქვთ, კერძოდ კი:
ქართულ-სამხრეთოსური კონფლიქტი ქართველი და ოსი ხალხების დაპირისპირება არ ყოფილა. ეს ყველაფერი რუსეთის მიერ იყო პროვოცირებული
ცხინვალი: ქართულ-სამხრეთოსური კონფლიქტის ვერსია სასკოლო სახელმძღვანელოებში
სამხრეთ ოსეთში სამხრეთი ოსეთის ისტორიის სახელმძღვანელო არ არსებობს და ამ კონფლიქტთან დაკავშირებული ცალკეული თავები არც სხვა სახელმძღვანელოებშია წარმოდგენილი. ერთადერთი წყარო იგივე რუსეთის ისტორიის მეთერთმეტე კლასის სახელმძღვანელოა, რომელშიც ძალიან მწირი ინფორმაციაა მოცემული ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ ეს მოვლენები საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგია.
სამხრეთ ოსეთის საშუალო სკოლების ისტორიის მასწავლებლების თქმით, ისინი დამოუკიდებლად, საკუთარი ნება-სურვილით ამზადებენ მასალებს რესპუბლიკის უახლესი ისტორიის შესახებ.
მაგალითად, ცხონვალის მეორე საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა, ელენა იაშჩინამ მოვლენათა ასეთი თანმიმდევრობა აირჩია:
“მეცხრამეტე საუკუნის მოვლენების შემდეგ თანამედროვე ისტორიაზე გადავდივართ და აუცილებლად ვუყვები ხოლმე ბავშვებს ოსების გენოციდზე, რომელიც მეოცე საუკუნის ოციან წლებში მოაწყვეს ქართველებმა. ამის შემდეგ 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარ მოვლენებს განვიხილავთ, ბოლოს კი 2008 წლის ამბებს ვახსენებთ ხოლმე.”
თუმცა, სამხრეთი ოსეთის ყველა სკოლაში არის განთავსებული სტენდები, რომლებზეც მოცემულია ინფორმაცია ოსეთის უახლეს ისტორიაში მომხდარი მოვლენების შესახებ – ძირითადად, ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღებია აღნიშნული.
სამხრეთი ოსეთის სკოლებში წელიწადში რამდენიმეჯერ “მამაცობის გაკვეთილები” ტარდება, რომლებიც დამოუკიდებლობის დღეს (20 სექტემბერს), კონსტიტუციის დღეს (8 აპრილს) და სამშობლოს დამცველის დღეს (23 თებერვალს – ითვლება, რომ 1992 წელს სწორედ ამ დღეს შეიქმნა სამხრეთი ოსეთის შეიარაღებული ძალები) ემთხვევა ხოლმე. “სიმამაცის გაკვეთილისთვის” მოსწავლეები მოხსენებებსა და რეფერატებს წერენ, აგროვებენ ახლობლების მოგონებებს, ინტერნეტში განთავსებულ ინფორმაციასა და მასმედიაში გამოქვეყნებულ სტატიებს.
ვარაუდობენ, რომ ახალ სასწავლო წელს უფროსკლასელებისთვის სამხრეთი ოსეთის ისტორიის ერთიანი სახელმძღვანელო გამოვა, თუმცა, როგორ იქნება განმარტებული ისტორიული მოვლენები და როგორ ტერმინოლოგიას გამოიყენებენ აღნიშნულ წიგნში, ჯერჯერობით უცნობია.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს