სიკვდილით დასჯა - საბჭოთა ტრადიცია?
ბელარუსი – ერთდერთ ქვეყანაა ევროპაში, სადაც სიკვდილით დასჯა ისევ გამოიყენება. ბელარუსის ევროპის საბჭოში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებისას ეს მთავარ საკითხად რჩება. ევრორადიო შეეცადა, გაერკვია, თუ რატომ არ სურს ბელარუსის ხელისუფლებას სიკვდილით დასჯის გაუქმება:
“ბელარუსს მარტივად შეუძლია სიკვდილით დასჯაზე უარის თქმა”, – მიაჩნია უფლებადამცველსა და ბელარუსის ჰელსინკის კომიტეტის ხელმძღვანელს გარი პოგონიაილოს.
„იმ ქვეყნისთვის, სადაც სიკვდილით დასჯის 2-3 პროცესი გამოიყენება [წელიწადში], ამ საკითხს სერიოზული მნიშვნელობა საერთოდ არ ენიჭება. არსებობს ალტერნატივა – სამუდამო პატიმრობა, და ამ ალტერნატივას სასამართლოები ფართოდ იყენებენ, ამიტომ სრულიად შესაძლებელია სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის დაწესება, მაგრამ ეს ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული“.
“სიკვდილით დასჯა არამხოლოდ ვაჭრობის საგანია, არამედ ლუკაშენკოს პოპულისტური პოლიტიკის ნაწილიც არის”, – მიაჩნია უფლებადამცველს. პირველად სიკვდილით დასჯის დაშვების საკითხი 1996 წლის რეფერენდუმზე გაიტანეს. ბელარუსის მოქალაქეებს მაშინ დაუსვეს 4 შეკითხვა, რომელთაგან მთვარი იმ ახალი კონსტიტუციის მიღება იყო, რომლითაც ლუკაშენკოს მმართველობის წლები ორი წლით გაგრძელდა და მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილებები გაიზარდა.
სიკვდილით დასჯის საკითხი – პოპულისტურია, მიაჩნია პოგონიაილოს:
„ახლა იატალიაში ან გერმანიაში ტერორისტების მიმართ სიკვდილით დასჯის გამოყენების შესახებ შეკითხვა რომ დაისვას, ისინიც უპასუხებდნენ „დიახ“ – მყარი დემოკრატიის ქვეყნებშიც კი არ შეიძლება ამგვარი საკითხების საზოგადოების გადაწყვეტილების ამარა დატოვება. სახელმწიფო მოღვაწეები საზოგადოებას უნდა გაუძღვნენ და არა უმრავლესობის აზრს აჰყვნენ. მაგრამ ბელარუსში ეს ლუკაშენკოს პირად დიქტატურას უკავშირდება. ის ძლიან ებღაუჭება იმ შესაძლებლობას, რომ პირადად გადაწყვიტოს, დასაჯოს თუ შეიწყალოს. მისთვის ეს სიტუაციაზე ზემოქმედების ერთ-ერთი ინსტრუმენტი და საკრალური ნიშანია, რომლითაც შეუძლია ისარგებლოს და ამის ხელიდან გაშვება არ სურს“.
„ხელისუფლებას უყვარს იმის თქმა, რომ სასიკვდილო განაჩენები სტატისტიკაზე ძლიერ გავლენას ახდენს – იქ, სადაც სიკვდილით დასჯა არსებობს, თითქოს ნაკლები დანაშაულია. მაგრამ ეს ასე არ არის“, – ამბობს უფლებადამცველი ანდრეი პოლუდა, რომელიც, მრავალი წელია, სიკვდილმისჯილთა საქმეებით არის დაკავებული.
სტატისტიკა უჩვენებს, რომ ბელარუსში ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოტანილი სასიკვდილო განაჩენების რიცხვი თითქმის არ იცვლება. ეროვნული კომიტეტის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, როგორც წესი, წელიწადში სამი შემთხვევაა. თუმცა, გასულ წელს, მკვეთრი მატება მოხდა – შვიდი სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს.
სამუდამო პატიმრობას ყოველწიურად ბელარუსის დაახლოებით შვიდ მოქალაქეს უსჯიან და ბოლო ათი წლის განმავლობაში არც ეს სტატისტიკა იცვლება. გამონაკლისად იქცა 2013 წელი, როდესაც სამუდამო პატიმრობა მხოლოდ ორ ბელარუსს მიესაჯა და სასიკვდილო განაჩენიც ამდენივეს გამოუტანეს.
მკვლელობების სტატისტიკას რაც შეეხება, ყველაფერი სხვაგვარადაა: თუკი 2007 წელს ბელარუსში 791მკვლელობა მოხდა, მომდევნო წლებში მათი რიცხვი თანდათან მცირდებოდა – 2008-ში – 645, 2010-ში – 486, 2016-წელს კი – 437.
სიკვდილით დასჯის გამოყენებასა და მკვლელობების რიცხვს შორის კავშირის არარსებობას საქართველოს მაგალითზეც შეიძლება დავაკვირდეთ. ამ ქვეყანაში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი 1996 წელს ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძემ დააწესა, ხოლო ოფიციალურად ის 2007 წელს, სააკაშვილის დროს გაუქმდა. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში მომხდარი მკვლელობების რიცხვი ნახტომისებურად იცვლებოდა და ხელისუფლებაში სწორედ მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა:
1998 წელს ― 243 მკვლელობა, 2005 ― 403, 2006 ― 325, 2008 ― 263, 2009 ― 210, 2010 ― 187, 2011 ― 107, 2016 ― 60.
„სახელმწიფო ირწმუნება, რომ სიკვდილით დასჯის საკითხს ჩვენთან პროფილაქტიკური და აღმზრდელობითი ხასიათი აქვს. მაშინ რატომ არის მის ირგვლივ ამდენი იდუმალება?“ – ამბობს ბელარუსი უფლებადამცველი პოლუდა. მისი თქმით, არცთუ იშვიათად იმ ადამიანის ვინაობაც კი დაფარულია, ვისთვისაც სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ, სხვა დეტალებზე რომ აღარაფერი ვთქვათ: როგორც წესი, სასამართლოები დახურულ რეჟიმში იმართება.
„ბელარუსში სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანა იდუმალების ბურუსით არის მოცული. სხეულს არ გადასცემენ, არც ნივთებს, დამარხვის ადგილი არ მჟღავნდება. ეს საბჭოთა ტრადიციებია. ეს ყველაფერი იმ დროიდან მოდის, როდესაც ხლისუფლებას რეპრესიის მასშტაბების დაფარვა სურდა“, – დარწმუნებულია უფლებადამცველი.