საქართველო (კვლავ) პარტიების გარეშე
„ნაციონალების“ გაყოფა ხმაურიანი და სკანდალური იყო. ის გვაგონებდა ოჯახის დაშლას, როდესაც მონაწილეები მეზობლების დასანახად ერთმანეთს ტაფებს და ქვაბებს ესვრიან და შეურაცხყოფას აყენებენ. მაგრამ დროა ეს ხმაური დავივიწყოთ. დავსვათ შეკითხვა: რა შეიცვალა ამ გაყოფით ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში?
ჯერ ვთქვათ: როგორია ეს ლანდშაფტი? რით ჰგავს ან არ ჰგავს განვითარებულ დემოკრატიებს? ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი პოლიტიკური პარტიების სისტემაა. შემდგარი დემოკრატიებიძლიერ და სტაბილურ პარტიებს ემყარება (თუმცა ბოლო ხანებში მათ იქაც წყალი შეუდგა, ამიტომ დემოკრატიის კრიზისზე ალაპარაკდნენ); ჩვენ ისინიარა გვყავს და არასოდეს გვყოლია.
ნაციონალების სკანდალმა ეს ვითარება კიდევ ერთხელ დაადასტურა. ის შეგვიძლია ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პარტიების მასობრივი თვითმკვლელობის კონტექსტში ჩავსვათ. შედეგების გამცხადებისთანავე დაიშალნენ „თავისუფალი დემოკრატები“ და „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელთაც ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის მტკიცე რწმენა ჰქონდათდა ბევრი არც დაკლებიათ. გაიყვნენ რესპუბლიკელებიც, რომელთაც შანსი არასოდეს გააჩნდათ, მაგრამ ზოგი მაინც მიიჩნევდა ანგარიშგასაწევ ძალად. აი, ასეთი მოწყვლადი და ნევროტული პარტიები გვყავს:მარცხის შოკს ვერ უძლებენ და უმალ წყალს აძლევენ თავს.
„ნაციონალური მოძრაობა“ მაინც სხვაა: ის ოდესმე ნამდვილ პარტიად ქცევის იმედს იძლეოდა. მან პირველმა შეძლო პოლიტიკური ციკლის სამი ეტაპის გავლა: ოპოზიციურ მოძრაობად შეიქმნა, შემდეგ მმართველი პარტია გახდა და,ბოლოს, ხელისუფლების დაკარგვასაცკი გაუძლო, თუმცაახალმა მთავრობამ მისი განადგურება ძირითად მიზნად დაისახა.
ასეთი მიღწევა ჯერ არავის ჰქონია. ბოლო საპარლამენტო არჩევნებშიგანცდილმა მარცხმა მისი მომხრეები, ბუნებრივია,გააწბილა, მაგრამ ობიექტურად შედეგი არც ისე ცუდი იყო: პრაქტიკულად ერთადერთ ოპოზიციურ პარტიად დარჩა და სამომავლოდ ძლიერი პერსპექტივა შეინარჩუნა.
ყველა ქართული პარტია, რომელსაც რეალური პოლიტიკური წონა ჰქონია, ერთი ძლიერი ლიდერის გარშემო შექმნილი და მასზე დამოკიდებული ორგანიზაცია იყო
მაგრამ რჩებოდა ყველაზე რთული და მტკივნეული გამოცდა: ლიდერის საკითხი. ყველა ქართული პარტია, რომელსაც რეალური პოლიტიკური წონა ჰქონია, ერთი ძლიერი ლიდერის გარშემო შექმნილი და მასზე დამოკიდებული ორგანიზაცია იყო. ამომრჩეველთა უმრავლესობა ნაციონალებსაცმიხეილ სააკაშვილის პარტიად ხედავდა.
ეს პარტიის სიძლიერესაც ნიშნავდა (რადგან “მიშას“ბევრი ერთგული მხარდამჭერი ჰყავს) და სისუსტესაც. სისუსტეს არა იმიტომ, რომ ბევრ ადამიანს ‘მიშა’ ეჯავრება, არამედ იმიტომ, რომ ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული პარტია თავისთავად სუსტია, მკაცრი აზრით კი არც არის პარტია. თუ ლიდერსრაღაც მოუვიდა, პარტიაც ქრება (როგორც ედუარდ შევარდნაძის და ასლან აბაშიძის ორგანიზაციები მათი წასვლის შემდეგ), ან ერთმანეთის მოძულე ნამსხვრევებად იშლება (როგორც ზვიად გამსახურდიას გარეშე დარჩენილი„ზვიადისტები“).
ბოლო წლებში ლიდერის პრობლემა ნაციონალური მოძრაობის ყველაზე სუსტ წერტილად რჩებოდა. უკრაინულ პოლიტიკაში წასვლის და საქართველოს მოქალაქეობის დათმობის შემდეგ სააკაშვილს ფორმალურად აღარ ჰქონდა პარტიის ხელმძღვანელობის უფლება და ფაქტობრივადაც უჭირდა ამ ფუნქციის შესრულება. მაშინ ვის უნდა აეღო თავზე ეს როლი?
თბილისური ხელმძღვანელობა(ახლა რომ „გამიჯნულები“ დაერქვა) ვარაუდობდა, რომ პარტია თანდათან გარდაიქმნებოდა ევროპული ტიპის ორგანიზაციად, სადაც გაცხადებული პრინციპები და პროცედურებია მთავარი და არა ერთი (თუნდაცპოპულარული და დამსახურებული) პიროვნების ნება.
მათი ხედვით, ეს არ ნიშნავდა სააკაშვილის პარტიისგან გამიჯვნას ან, მით უმეტეს, მის დაგმობას: მას უნდა შეენარჩუნებინა პარტიის ლიდერის სიმბოლური პოზიცია, მაგრამ ხელი აეღო მის რეალურ მართვაზე.
პარადოქსი ისაა, რომ ერთ კაცზე ჩამოკიდებული პარტიის მდგომარეობიდან გამოსვლის პროექტი ისევ ამ ერთი კაცის, მიხეილ სააკაშვილის კეთილ ნებაზეიყო დამოკიდებული. ეს მაშინ ჯერ კიდევ „გასამიჯნების“ პოზიციის ფუნდამენტურ სისუსტეს განაპირობებდა და, დღევანდელი გადასახედიდან, მათვარაუდებს გულუბრყვილოდ აჩენდა: რატომ უნდა აეღო ხელი სააკაშვილს საკუთარი პარტიის კონტროლზე? სინამდვილეში, ეს ვარიანტი მისი პირადი ინტერესებისთვისაც არც ისე წამგებიანი იყო. პარტიის რეალური მართვა მაინც უჭირდა და უკრაინაში წარმატებულ საქმიანობაში ხელს უშლიდა.
2016 წლის არჩევნებში გამარჯვების შანსი მცირე იყო (თვით სააკაშვილსაც მისი არ სჯეროდა), ამიტომ მას ობიექტურად არ ჰქონდა ინტერესი, პასუხი ეგო პარტიის საქმიანობაზე. სტრატეგიულად მომგებიანი ჩანდა, ეცლია ქართველი ხალხისთვის, ბოლომდე გაწბილებულიყო „ოცნების“ პოლიტიკით და მიშას ოქროს ხანა მონატრებოდა; თუ ეს დრო დადგებოდა, ნაციონალურ მოძრაობა, როგორც ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა, ხალხის დიდი ნაწილის თვალში მაინც მასთან დარჩებოდა ასოცირებული.
მაგრამ სააკაშვილმა სხვაგვარად გათვალა. გაყრის მიზეზი მხოლოდ პიროვნული ამბიცია არ ყოფილა (თუმცა მის გარეშე პოლიტიკა არასოდეს არსებობს),მას სტრატეგიული ხედვის განსხვავებაც დაემატა: როგორც ჩანს, სააკაშვილს არ სჯერა, რომ ივანიშვილი არჩევნებით წავა (როგორც თვით მასზე მისი ოპიზიცია ფიქრობდა), ამიტომ ნაცმოძრაობა მასობრივი პროტესტის პარტია უნდა ყოფილიყო და დალოდებოდა „ოცნების“ ხელისუფლების გარდუვალ და მოახლოებულ ჩამოშლას, რათა მეტ-ნაკლებად რევოლუციური სცენარით მოეპოვებინა ძალაუფლება.
ამ ხედვით გარეშე გაუგებარია 2016 წლის არჩევნების შედეგების არცნობის და პარლამენტში არშესვლის მოწოდება.
„გასამიჯნები“თეორიულად არ უარყოფდნენ, რომ ოდესმე ასეთი სცენარი შეიძლება გათამაშდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ქართველი ხალხისრევოლუციურ განწყობას ვერ ხედავდნენ. მეტიც, მათი აზრით, ზედმეტად რადიკალური რიტორიკა და ტაქტიკა ეხმარებოდა კიდეც ივანიშვილის მთავრობას, დაეშინებინა ამომრჩეველინაციონალების გამოწვეული დესტაბილიზაციით.
სწორედ ამაზე იყო აგებული „ოცნების“ რეალური საარჩევნო გზავნილი: „შეიძლება, დიდი ვერაფერი მიღწევები გვქონდეს, მაგრამ არეულობა და კონფლიქტი თუ არ გინდათ, ისევ ჩვენ უნდა მოგვცეთ ხმა“. „გასამიჯნების“ აზრით, სააკაშვილის რადიკალურმა წინასაარჩევნო რიტორიკამ ივანიშვილის წისქვილზე დაასხა წყალი; როგორც ჩანს, ეს ბრალდება აღმოჩნდა ბოლო წვეთი, რომელიც მან „ყოფილ თანაგუნდელებს“ ვერ აპატია. ამბავი კაბინეტური ელიტის კონფლიქტისაპარტიის „რიგით აქტივისტებთან“ თუ „უბრალო ხალხთან“ პოლიტიკური ტექნოლოგია იყო, რომელიც სააკაშვილმა აბსოლუტურად ზუსტად შეარჩია.
ტაქტიკურად, სააკაშვილმა სრული გამარჯვება მოიპოვა: მას დარჩა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელი და ერთგულ, აქტიურ მომხრეთა უმრავლესობა. მაგრამ სტრატეგიულად რა მივიღეთ? თუ მისი ხედვა არ შეიცვალა, პარტიამ „მეოცნებე“ ხელისუფლების ჩამოშლასა და სახალხო პროტესტის ტალღის აგორებაზე უნდა გააკეთოს გათვლა, ანუ აკეთოს ის, რამაც 2007-09 წლების „ანტიმიშისტური“ ოპოზიცია სრულ მარგინალიზაციამდე მიიყვანა.
„ოცნებას“ძნელია წარმატებული ხელისუფლება უწოდო, მაგრამ ოთხი წლის მანძილზე მის მრავალრიცხოვან შეცდომებს პოლიტიკური კატასტროფის ნიშნულისთვის არ მიუღწევია: საიდან ვიცით, რომ ეს მალე მოხდება? ან პოლიტიკურად რამდენად მომგებიანია, ასეთიკატასტროფის მოლოდინში იყო? რამდენი ხანი გაამხნევებს უცხოეთში მყოფი ლიდერი თავის ენთუზიასტ, მაგრამ სულსწრაფ მომხრეებს, თუ ისინი ივანიშვილის რეჟიმს ძვრას ვერ უზამენ?
„გამიჯნულების“ წინაშეც რთული ამოცანაა: მათ მომხრეთა სოლიდური ბაზის მშენებლობა თავიდან დასჭირდებათ, რაც ერთი გამოკვეთილი და ქარიზმატული ლიდერის გარეშე შეიძლება ძნელი აღმოჩნდეს. მაგრამ პოლიტიკური გამოცდილება, საპარლამენტო ტრიბუნის ქონა და „არამიშისტური“ ოპოზიციის ასპარეზზე ფაქტობრივი მონოპოლია არცთუ უიმედო სასტარტო პოზიციას უქმნის.
მომავლის წინასწარმეტყველება ყოველთვის უმადური საქმეა: ვნახოთ, რა მოხდება. ახლა ორი რამ არის ცხადი. ამ ეტაპზე ნაციონალების გაყრამ ერთი მოგებული დატოვა: „ქართული ოცნება“ ანუ ბიძინა ივანიშვილი. და მეორე: ნამდვილი პოლიტიკური პარტიები საქართველოში კვლავ არ არსებობს და მათ შექმნას ჯერ პირი არ უჩანს.
გია ნოდია.”მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” თავმჯდომარე