საქართველოს პრეზიდენტი PACE-ს სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მთავარი, რაც მან თქვა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 28 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სესიაზე სიტყვით გამოვიდა და შემდეგ საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
პრეზიდენტის გამოსვლა და მისი პასუხები კვლავ კამათისა და კრიტიკის მიზეზი გახდა საქართველოში. განსაკუთრებით, საზოგადოებას არ გამოპარვია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს დაშვებული მექანიკური შეცდომა – ზურაბიშვილმა ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი “საქართველოს პრეზიდენტად” მოიხსენია.
რა თქვა პრეზიდენტმა. ყველაზე მთავარი:
პრეზიდენტი “გავრილოვის ღამისა” და ოპოზიციონერების გასამართლების შესახებ
ივნისში, საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მომხდარის ასეთი ვერსია გაავრცელა: ვიდრე სამართალდამცავები ძალის გამოყენებით მიტინგს დაშლიდნენ, ხელისუფლებამ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლის გამო პასუხისმგებლობა აიღო, რაც გამოიხატა იმაში, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა თანამდებობიდან. თუმცა, მომიტინგეები მაინც არ დაიშალნენ, აპირებდნენ პარლამენტის შტურმით აღებას და ამიტომაც მოხდა ძალის გამოყენება, რაც იყო ადეკვატური რეაქცია.
ეს ვერსია ფაქტებს ამახინჯებს, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადადგა 21 ივნისს, “გავრილოვის ღამის” შემდეგ, ანუ მიტინგის დარბევის შემდეგ და არა მანამდე. [“გავრილოვის ღამეს“ ეძახიან 20-21 ივნისის ღამეს, როცა ხელისუფლების მიერ აქციის დაშლის შედეგად 240 ადამიანი დაშავდა და ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა].
პრეზიდენტს ასევე მოუწია თავის მართლება “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ 28 ნოემბერს ოპოზიციონერების გასამართლებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო.
• პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: დარტყმები ოლიგარქზე ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან
• “ერთად ერთის წინააღმდეგ”. ნოემბრის პროტესტის ისტორია სამ წუთში [ვიდეო]
• საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020
28 ნოემბერს, ტელეკომპანია “იმედზე” გასულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციის ლიდერებზე საუბრის დროს თქვა, რომ ისინი ტყუილად იბრძვიან, რადგან ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვთ და ასევე აღნიშნა, რომ მათგან “კიდევ ბევრს მოუწევს [სასჯელის] მოხდა [ციხეში]”.
„ტრაგიკული სიტუაციაა. მთელ საზოგადოებას ხომ აწვალებენ, მე არც ის არ მომწონს, რომ ესენი პირდაპირ კედელს თავს ურტყამენ, შანსი არ აქვთ. ღამეებს ათენებენ, ერთმანეთს ამაგრებენ, ერთმანეთს ატყუებენ, რომ „დღეს არა და ხვალ მოვალთ“. შანსი არ აქვთ. ამ დროს მიდიან ვაბანკში. უზარმაზარ ენერგიას ხარჯავენ, ზარალდებიან. ზოგი ორი დღით მიდის [ციხეში], ზოგი ერთი კვირით. ახლა ამ ახალგაზრდებს უწევს დაპატიმრება. ზოგს პატარა ტრავმა აქვს, ზოგს უარესი ტრავმა აქვს. ზოგი წლობით იხდის [სასჯელს] და კიდევ ბევრს მოუწევს მოხდა, მაგრამ თავგანწირულად მიდიან“, – თქვა ივანიშვილმა.
ოპოზიციამ მისი ეს განცხადება მუქარად აღიქვა.
პოლონელმა დეპუტატმა, ალექსანდერ პოცეიმ საქართველოს პრეზიდენტს ჰკითხა:
“ქალბატონო პრეზიდენტო, მე პოლონეთის მოქალაქე ვარ და ალბათ იცით, რომ პოლონელი ხალხი საქართველოს მეგობარია. მაგრამ საქართველოს ბევრი მეგობარი, აშშ-ის კონგრესისა და ევროპარლამენტის ჩათვლით, გამოხატავს წუხილს შემაშფოთებელი ტენდენციების გამო საქართველოში, განსაკუთრებით – ივნისის ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ. 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საჯაროდ განაცხადა, რომ ბევრად მეტი ოპოზიციონერი ლიდერი მოხვდება ციხეში და დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება ზოგიერთი ოპოზიციონერის წინააღმდეგ. როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ეს საკითხები თქვენ არ გაშფოთებთ? “.
ალექსანდერ პოცეისთვის პასუხის გაცემისას, სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილი არ უხსენებია.
“ვფიქრობ, რომ ხელისუფლების რეაგირების მეორე ფაზა იყო აუცილებელი და იყო შეზღუდული…. მინახავს ბევრად მეტი რეპრესია სხვა ქვეყნებში, როდესაც ისინი არიან არასტაბილურობის სიტუაციებში და ვფიქრობ, რომ ჩვენმა ახალგაზრდა დემოკრატიამ თავი საკმაოდ კარგად დაიცვა,” – თქვა მან.
რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტზე
სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც მაისში თბილისში უნდა ჩატარდეს, საქართველოს ხელისუფლება მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას.
ზურაბიშვილის თქმით, მართალია, საქართველო არ იზიარებს რუსეთის პოლიტიკას მთელ რიგ საკითხებში, მაგრამ მას, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, აქვს საერთაშორისო ვალდებულება ჩაატაროს ქვეყანაში უმაღლესი დონის ფორუმი. ამიტომ, თბილისი მიიღებს რუსეთის დელეგაციის წევრებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დარღვეული ექნებათ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
• მიიღებს თუ არა ლავროვს საქართველო?
„ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს და მივიღებთ საპარლამენტო ასამბლეას, რადგან პატივს ვცემთ რეგულაციებსა და ორგანიზაციის პრინციპებს“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.
2020 წლის14-15 მაისს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვდრას უმასპინძლებს.
მინისტერიალზე ევროპის საბჭოს ქვეყნების დელეგაციები და საგარეო საქმეთა მინისტრები უნდა ჩამოვიდნენ. ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანაა რუსეთიც. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.
ჩამოვა თუ არა საქართველოში ამ ქვეყნის დელეგაცია – ამ თემაზე მსჯელობა საქართველოში 2020 წლის დადგომასთან ერთად დაიწყეს.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირი. ასევე მოქმედებს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, პირებს, რომლებიც იმყოფებოდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე თბილისის მიერ კონტროლირებული ტერიტორიის გვერდის ავლით და ღიად მხარს უჭერენ ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობას, აკრძალული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა.
რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხზე
ზურაბიშვილმა პირდაპირ არ უპასუხა უკრაინელი დეპუტატის კითხვას, უჭერს თუ არა ის მხარს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას.
ზურაბიშვილმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს – მან თქვა, რომ რაც უფრო დიდია ქვეყანა, უფრო ნაკლებად ექვემდებარება სანქციებს.
“რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, არღვევს რეზოლუციებს. ეს არის ხანგრძლივი ისტორია, რომელსაც ჩვენ მანამდე განვიცდიდით, სანამ ამავე პრობლემის წინაშე უკრაინაც აღმოჩნდებოდა. ეს უკავშირდება ორმაგ სტანდარტებს. არსებობს ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ აღებულ ვალდებულებებს პატივი არ სცენ უფრო მარტივად, ვიდრე სხვებმა. მონიტორინგი ამ ქვეყნების მიმართ არ არის ისეთი ეფექტური, როგორც სხვების მიმართ. ჩვენ პატივს ვცემთ არსებულ შეთანხმებებს და მოვუწოდებ ამ ორგანიზაციას, რომ ყველა ქვეყნის მიმართ ერთნაირი სტანდარტი უზრუნველყოს”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს ოკუპაციის საკითხი კვლავ უნდა გაჩნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში
პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხი კვლავ უნდა დადგეს საერთაშორისო დღის წესრიგში და რუსეთთან ურთიერთობისას საქართველოს საერთაშირისო პარტნიორებმა მუდმივად უნდა ახსენონ საქართველოს თემაც.
“მოვუწოდებთ ჩვენს ყველა პარტნიორს, რუსეთთან თავიანთ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ურთიერთობებში კვლავ ჩართონ საქართველოს საკითხი, რათა შესრულდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, განსაკუთრებით – დეესკალაცია საოკუპაციო ხაზზე, ევროკავშირის დამკვირვებლების დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ქართულ მედიაზე
პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებს უთხრა, რომ საქართველოში მედია სრულად თავისუფალია და სატელევიზიო სივრცის დიდი ნაწილი ოპოზიციურ არხებს უჭირავთ.
თუმცა, ეს თავისუფლება, რომელსაც მისი თქმით “არ აქვს კონტროლის მექანიზმი და თვითრეგულირება” , გარკვეულ პრობლემებს ქმნის – ხელს უწყობს სიძულვილის ენის გავრცელებას და “ართულებს სოციალურ გარემოს”.
“თავისუფლებას არ აქვს საზღვარი, რაც ხშირად საზოგადოებას სიძულვილის ენით ამძიმებს…როგორც თავისუფალ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, სოციალურ მედიაში გამოხატვის თავისუფლებას ყოველთვის არ ახლავს პასუხისმგებლობის შეგრძნება. ეს ხშირად ანონიმურია და ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში დაძაბულობის გაძლიერებას უწყობს ხელს,” – აღნიშნა პრეზიდენტმა.
სხვათაშორის, ამავე სესიაზე პრეზიდენტს შეახსენეს, რომ ცოტა ხნის წინ ფეისბუკის ადმინისტრაციამ გამოავლინა საქართველოში მოქმედი ასობით ყალბი ანგარიში, რომლებიც სიძულვილის ენას ავრცელებდნენ, და რომლების უკანაც სწორედ საქართველოს ხელისუფლება იდგა.
ლგბტქ თემის პრობლემებზე
საქართველოში ლგბტქ ადამიანების მდგომარეობაზე საუბრისას, პრეზიდენტმა თქვა, რომ ქართული საზოგადოება უხერხულად გრძნობს თავს, როდესაც ლგბტქ ადამიანები საჯარო სივრცეში იცავენ საკუთარ უფლებებს. მისი თმით, ლგბტქ თემის მიმართ ქვეყანაში საზოგადოების დიდ ნაწილს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. განსაკუთრებით, პრობლემაა, როდესაც ლგბტქ თემის წევრები ღია და საჯარო გამოსვლებით (პრაიდი) იცავენ საკუთარ უფლებებს.
თუმცა, პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავები არიან მოწოდების სიმაღლეზე და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სოციალურ ჯგუფებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მოხდეს.
ციტატა მისი გამოსვლიდან: “ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ დაცულ იქნას ეს უფლებები და გამოხატვის თავისუფლება, თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის. სამართალდამცველები სულ უფრო უკეთესად უმკლავდებიან ამ სიტუაციების მართვას. ისინი ეფექტიანად ფიზიკურადაც იცავენ უმცირესობებს. ცხადია, ჩვენი მიზანია, რომ აღარ გვქონდეს უმცირესობების ფიზიკურად დაცვის საჭიროება“.
პრეზიდენტი ივანიშვილი
და ბოლოს. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ ივანიშვილად მოიხსენია.
სოციალურ ქსელებში მისი ეს მექანიკური შეცდომა “ფროიდისეულ წამოცდენად” მონათლეს”.
“რაც შეეხება კითხვებს პრეზიდენტ ივანიშვილის ბოლო განცხადებაზე, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა საქართველოში და პირადად მეც, მუდმივად ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის წნეხის ქვეშ ვარ იმის შესახებ, თუ რა ვთქვი, ან არ ვთქვი,”- თქვა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა ეს სლოვაკი პარლამენტარის, მარტინ პოლიაჩიკის კითხვის პასუხად თქვა, რომელმაც პრეზიდენტს 2019 წლის დეკემბერში Facebook-ის მიერ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული, ანტი-დასავლური პროპაგანდის გამავრცელებელი ანგარიშების წაშლის ფაქტი შეახსენა. პოლიაჩიკმა ზურაბიშვილს ჰკითხა, რა გაკეთდა ამის საპასუხოდ.