სამამულო ორგიის თავისებურებები
ფლეშმობი არ მომკვდარა
რამეთუ ვერ მოკვდება ის, რაც თავიდანმვე მკვდარი იყო. მაგრამ მოდით, ჯერ საკუთრივ ამ მოვლენის შესახებ ვისაუბროთ.
ფლეშმობი დინამიკურად განვითარებადი აქციაა, რომლის მიზანია გამვლელთა გაოცების გამოწვევა_. კონკრეტულ მომენტამდე ფლეშმობის მონაწილემ არ უნდა გაამჟღავნოს, რომ ამ „ივენთში“ იღებს მონაწილეობას. ამის შემდეგ მან სწრაფად უნდა შეასრულოს თავისი „როლი“ და შეუმჩნევლად უნდა გაქრეს. ფლეშმობების ძირითადი პრინციპებია:
[yes_list]
- სისწრაფე და სპონტანურობა;
- აქციები რეკლამისა და ფინანსური მოგების გარეშე;
- პიროვნება არაფერს წარმოადგენს, გუნდი კი ყველაფერია – ანუ ადამიანის ერთგვარი დეპერსონიფიკაცია;
- აპოლიტიკურობა.
[/yes_list]
ყველა სხვა მოძრაობის მსგავსად, ფლეშმობიც იმ პერიოდში გაჩნდა აზერბაიჯანში, როდესაც დასავლეთში ამ პრაქტიკის პოპულარობა ნელა, მაგრამ განუხრელად მცირდებოდა. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ყველა მოდური მოვლენა მსგავსი ტენდენციით ხასიათდება. თავიდან ცდას არ აკლებდნენ – წიგნებს კითხულობდნენ ქუჩაში და „ქალწულთა კოშკთან“ მასობრივი თვითმკვლელობის ინსცენირებაც მოახდინეს. პოლიცია გაოგნებული იყო. „როგორ მოხდა, რომ ყველამ ერთდროულად დაიწყო წიგნების კითხვა? რაღაც საეჭვო ხდება“, – გაიფიქრეს მართლწესრიგის დამცველებმა და ყველა გარეკეს. კარგი, შემოქმედებითი დრო იყო.
რაც სულაც არ მიშლიდა ხელს, შემჯავრებოდა ფლეშმობები. და ამის მიზეზი საკუთრივ ფლეშმობის არსშია. ნეოფროიდისტი ერიხ ფრომი მიიჩნევდა, რომ ადამიანს ორი ურთიერთსაპირისპირო მიდრეკილება ამოძრავებს – განმარტოვებისკენ სწრაფვა და ბრბოსთან შერწყმის სურვილი. პირველი მას მარტოობას უქადის, მეორე კი – „საკუთარი „მეს“ დაკარგვას. ამიტომაც ადამიანი ცდილობს, „ოქროს შუალედი“ იპოვოს. ერთიანობის მოთხოვნილების დაკმაყოფილების ერთ-ერთ ყველაზე პრიმიტიულ ფორმად ფრომი ორგიებს მიიჩნევდა. და ამ შემთხვევაში იგი გულისხმობდა როგორც სექსუალურ, ისე ნარკომანულ ორგიებს. ამავე კატეგორიას მიაკუთვნებდა აფრიკული ტომების ცეკვას კოცონის გარშემო. მარტივი სინქრონული მიძრაობები, რომლებიც თითოეულ ადამიანს საზოგადოებასთან მცირე ხნით შეკავშირების საშუალებას აძლევდა.
დღეს ფრომი ცოცხალი რომ იყოს, ფლეშმობებს ორგიის ერთ-ერთ ფორმას მიაკუთვნებდა, რადგან ამ მოძრაობებსა და აფრიკულ ცეკვებს შორის არსებითი სხვაობა არ არის. ჩვენი ახალგაზრდობა უკიდურეს სიმარტოვეს გრძნობდა და ამიტომ აირჩია ეს გზა. მე კი ამ ყველაფერმა სევდა მომგვარა. იმის გამო, რომ მხოლოდ ველურების ცეკვით ახერხებენ, გაექცნენ მარტოობას. ამის შემდეგ კი ეს გრძნობა მრისხანებამ შეცვალა, რადგან ფლეშმობებიდან მხოლოდ ცეკვები დარჩა. ბევრი ცეკვა. და რატომაც არა. ხალხი ერთობა, პოლიცია არავის ეხება, „იუთუბზე“ კი ასეთი შინაარსის ვიდეორგოლებს ბევრი მნახველი ჰყავს. რა საჭიროა თვითგამოხატვის ორიგინალური ხერხების ძიება?!
ამის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ფლეშმობერებმა ღონისძიების ძირითად პრინციპებზე თქვეს უარი. ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო ფლეშმობი ქოლგებით. ძალიან ცუდმა ორგანიზებამ გამოიწვია ის, რომ მომხდარს ნებისმიერი სახელი შეგვიძლია ვუწოდოთ, „ფლეშმობის“ გარდა. მონაწილეები მთელი საათის განმავლობაში იკრიბებოდნენ „შადრევნების მოედანზე“ ბაქოს ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას. სპონტანურობაზე საუბარიც არ ღირს. შედეგად, პოლიციამ აქციის მონაწილეები გარეკა. მომხდარმა ინტერნეტის ბევრი მომხმარებლის აღშფოთება გამოიწვია, მე კი უბრალოდ გამიხარდა – ვისაც ასეთი ღონისძიების ორგანიზება არ შეუძლია, ნუ შეეცდება…
ან ზაფხულში შეჰიდების ხეივანში [ქალაქის ერთ-ერთ სასაფლაოზე, სადაც ქვეყნისათვის გამორჩეულ პირებს განსაკუთრებული პატივით კრძალავენ – რედ.შენ.] მოწყობილი “წუწაობა“ გავიხსენოთ. რა თქმა უნდა, იმ ღონისძიების ორგანიზატორები დააკავეს.
მცირე ხნის წინათ, 14 თებერვლის ფლეშმობი გაიმართა. გავიგე, რომ ბიჭს სურდა, ლამაზად ეთხოვა ხელი გოგონასთვის. „ძალიან კარგი“, – გავიფიქრე მე და მოვლენებს „შადრევნების მოედანზე“ დავუდარაჯდი (აბა, სხვაგან სად უნდა დავლოდებოდი მსგავს მოვლენას?!) საინტერესო „ივენთის“ მომსწრე გავხდი და ამიტომ შეფასებას პუნქტებად ჩამოვწერ.
1. სპონტანურობა. საერთოდ არ იგრძნობოდა სპონტანურობა. ფლეშმობის დაწყებამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, ღონისძიების ყველა მონაწილე კი უკვე მოედანზე იყო შეკრებილი. ნახევარ საათში კი ჰაერში ისეთი დაიძაბულობა იგრძნობოდა, რომ დინამიკების ხმის შემოწმება ნამდვილი მისწრება იყო. ღონისძიების დაწყებამდე ათი წუთით ადრე მოედნის უდიდესი ნაწილი მოულოდნელად დაცარიელდა, და ალბათ სულელიც მიხვდებოდა, რაში იყო საქმე.
2. ფინანსური ინტერესის არარსებობა. აღმოვაჩინე, რომ თურმე ჩვენთან ფლეშმობის „შეძენა“ შეიძლება. ამ ბაზარზე რამდენიმე ფირმაა წარმოდგენილი. მსურველს შეუძლია, ასეთ კომპანიაში მივიდეს და ისეთი ფლეშმობი შეუკვეთოს, როგორიც სურს. სამარცხვინო პრაქტიკაა.
3. გარშემომყოფების გაოცება. ფლეშმობის უმთავრესი მიზანი მიუღწეველი დარჩა. ეს უბრალოდ ცუდად სინქრონიზირებული ცეკვა იყო, რომელიც არც შეყვარებულების დღეს ეხებოდა, და არც სიყვარულის ახსნას.
ამ წარმოდგენას ლოგიკურად ასრულებდნენ „ივენთის“ შესაბამისად ჩაცმული ნათესავები, რომლებიც ცერემონიულად ულოცავდნენ გოგონას და ყვავილების თაიგულებსა და საჩუქრებს ჩუქნიდნენ. ისე კი, გოგონას ქცევასა და მის მაკიაჟს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მან წინასწარ იცოდა, რაც მოხდებოდა.
არაფერს ვამბობ საკუთრივ ხელის თხოვნაზე, რომელიც ძალიან უსახური იყო, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ბიჭს ცალ მუხლზე დაეჩოქა და გოგოსთვის ყველას თანდასწრებით ეთხოვა ცოლობა. თუმცა, ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს.
ან ფლეშმობერებს.