განქორწინება აზერბაიჯანში: როგორ დავიცვათ ბავშვები?
თავშესაფრის შესასვლელთან ჟივილ-ხივილით გვეგებებიან ბავშვები, რომლებიც ვიწრო ეზოში დაჭერობანას თამაშობენ. ტირიან, დედებს ქვედაბოლოებზე ექაჩებიან და რაღაცას ითხოვენ. როგორც ჩანს, ვერ ხვდებიან, რატომ არიან აქ.
ამ დაწესებულებას ის ქალები მიმართავენ, რომლებმაც ფიზიკური და მორალური ძალადობა განიცადეს. ისინი ორსართულიანი სახლის დერეფნებში დადიან. თითოეულ მათგანს შეუძლია, თავისი მძიმე და რთული ცხოვრების შესახებ გვიამბოს.
ერთ-ერთი მათგანია 31 წლის აიდან ალიევა [სახელი პირობითია – რედ.შენ.], რომელსაც ორი შვილი ჰყავს. მას წინსაფარი უკეთია, სახე კი ნაადრევი ნაოჭებით აქვს დასერილი. ამბობს, რომ თავშესაფარში ორი თვის წინ მოხვდა (იმ პერიოდში, როდესაც სარჩელი შეიტანა სასამართლოში) და აქ მზარეულის მოვალეობას ასრულებს. ამბობს, რომ ამ გზით ცდილობს მადლიერება გამოხატოს იმის გამო, რომ აქ მასზე და მის შვილებზე ზრუნავენ.
ოფიციალური ინფორმაციით, 2015 წელს აზერბაიჯანში 68 773 წყვილი შეუღლდა, განქორწინებების რაოდენობამ კი 12 764-ს მიაღწია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში მეუღლეების გაყრა არ ჰგავს განქორწინების იმ პროცესს, რომელსაც განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრები წყვილები გადიან. ექსპერტების თქმით, აზერბაიჯანში განქორწინების პროცესს იშვიათად აქვს ცივილიზებული ფორმა. შედეგად წყვილის განქორწინებისას მათი შვილები ფსიქოლოგიურ ტრავმებს იღებენ და ამ ბავშვების უფლებები ილახება.
ბავშვების გამო
აიდან ალიევა აცხადებს, რომ განქორწინების პროცესში მან და მისმა შვილებმა სერიოზული სტრესი გადაიტანეს. ის ამბობს, რომ თავშესაფრის ფსიქოლოგის დახმარებით ახლა შედარებით უკეთ გრძნობს თავს.
«ჩემი ქმარი ძალიან მზრუნველი მამა იყო. მეც ვუყვარდი, და ჩვენი შვილებიც. მაგრამ ორი წლის წინ ვიღაც ქალთან გააბა რომანი. ამის შემდეგ სპირტიანი სასმელების დალევა დაიწყო. მცემდა და ბავშვების თანდასწრებით მამცირებდა ხოლმე. ბოლოს იმ ქალთან გადავიდა საცხოვრებლად და მალე ნარკოტიკების გამო დააპატიმრეს.
სასამართლოს შესაბამისი განცხადებით მივმართე. ჩემი ქმარი ჯერ კიდევ საპატიმროში იმყოფებოდა, როდესაც განქორწინება საბოლოოდ გაფორმდა. განქორწინების შემდეგაც მიყვარდა რამდენიმე თვის მანძილზე. სასამართლოში ველოდებოდი, რომ გაყრაზე უარს განაცხადებდა, მაგრამ უარი არ უთქვამს».
აიდანი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, სწორედ მას უნდა განესაზღვრა, ჰქონდა თუ არა მის ყოფილ ქმარს შვილების ნახვის უფლება. „ციხეში ყოფნისას განაცხადა, რომ ბავშვებთან სურდა შეხვედრა. ორივე მისი ოჯახის წევრებთან მივიყვანე და სამი დღით დავტოვე. ჩემი ყოფილი ქმრის ნათესავებმა ბავშვები საპატიმროში მიიყვანეს.
ბავშვთა ფსიქოლოგი, ნურლანა ისმაილოვა ამბობს, რომ იმისათვის, რომ ბავშვებმა ტრავმები არ მიიღონ, სასურველია, განქორწინების პროცესი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე წარიმართოს.
«ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ განქორწინების გადაწყვეტილებით მას მშობლებთან ურთიერთობის შესაძლებლობა არ შეეზღუდება. განქორწინების პროცესში აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ბავშვის აზრი და მისი დამოკიდებულება. მშობლებმა დროულად უნდა აცნობონ შვილებს, რომ განქორწინებას აპირებენ. ბავშვები, რომლებსაც განქორწინების პროცესში მშობლებთან შეხვედრას უკრძალავენ, მძიმე სტრესს განიცდიან. ამ მდგომარეობის ნორმალიზებისათვის ბავშვი სტრესისგან უნდა გავათავისუფლოთ. ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მეთოდი კი ბავშვთან საუბრის შემდეგ უნდა შეირჩეს».
“მოგვიანებით, გათავისუფლების შემდეგ, კიდევ ერთხელ მოინდომა შვილების ნახვა და ისევ გავუშვი მასთან ბავშვები, – ამბობს აიდანი, – მაგრამ ამჯერად მომატყუა. შვილები მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში აღარ მინახავს. ის პერიოდი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ქმრის ნათესავები მეუბნებოდნენ, რომ ჩვენს ქალიშვილს ძალიან ვენატრებოდი. მაშინ ჩვენი გოგონა 6 წლის იყო, ვაჟი კი – 5-ის. ბოლოს ადვოკატი დავიქირავე და ბავშვები სასამართლოს გზით დავიბრუნე».
აიდან ალიევა ამბობს, რომ ბავშვების დაბუნების შემდეგ ქმარს შეურიგდა. შერიგებას ბავშვების მამა მოითხოვდა და ქალი დასთანხმდა.
«ბავშვების გამო მოვიქეცი ასე. და ყველაფერი თავიდან დაიწყო. ამის შემდეგ ბავშვებთან ერთად ბაქოში ჩამოვედი და ეს თავშესაფარი ვიპოვე. თუკი განქორწინების შემდეგ ერთად გატარებულ რამდენიმე თვეს არ ჩავთვლით, საერთოდ არ გადაუხდია ალიმენტები. მხოლოდ ის მინდა, რომ ბავშვებთან ერთად დეიდასთან ჩავიდე უკრაინაში. იქ დეიდა მოგვაწყობს სადმე. მაგრამ ამისათვის ჩემი ყოფილი ქმრის თანხმობაა საჭირო და სწორედ ამის გამო ვაწყობთ სასამართლო გარჩევას. ამბობს, რომ ჩვენთან ერთად უნდა წამოსვლა.
ბავშვებს მისი ეშინიათ, თუმცა, გეფიცებით, ჩვენი შვილების თანდასწრებით აუგად არასდროს ვიხსენიებ მათ მამას. ჩემმა ქალიშვილმა ერთ-ერთ აქაურ თანამშრომელს ჰკითხა, თუკი მამაც გამოგვყვება, შეიძლება, რომ პოლიციელიც თან გვახლდესო. მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. ბავშვებსაც თან წავიყვან. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩემს ყოფილი ქმართან ერთად მომიწევს წასვლა. არ ვიცი… შესაძლოა, იქ შევძლოთ ახალი ცხოვრების დაწყება».
უკვე ორი თვეა, რაც რვა წლის ალია და მისი შვიდი წლის ძმა ქიამალი [ორივე სახელი პირობითია] სკოლაში აღარ დადიან. ალია ჩვენთან საუბარზე უარს აცხადებს, მისი ძმა კი დროდადრო აღებს იმ ოთახის კარს, რომელშიც მე და დედამისი ვსხედვართ და აიდანს საუბარს აწყვეტინებს. დედა ეკითხება: «ქიამალ, დაელაპარაკები?» (აიდანი ინტერვიუს გულისხმობს), ბიჭი კი პასუხობს: «მამას? მამას იმ შემთხვევაში შევხვდები, თუკი დედაც ჩემ გვერდით იქნება».
კანონი და აღსრულების მექანიზმი
იურისტ ფარიზ აკბეროვის თქმით, სასამართლო ბავშვის მეურვის ვინაობას იმ დასკვნის საფუძველზე განსაზღვრავს, რომელსაც რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების მეურვეობის კომისია იძლევა.
«ამ კომისიაში მხოლოდ ერთი ფსიქოლოგია. ერთი ფსიქოლოგი ერთ რაიონზე, სადაც, შესაძლოა, ასი ათასი ადამიანი ცხოვრობდეს აზერბაიჯანში ასეთი სქემა მოქმედებს – ფსიქოლოგი სასამართლო პროცესს ესწრება, შემდეგ კი სახლში მიდის და შესაბამის აქტს ადგენს.
ამოწმებს, აქვთ თუ არა მათ მშობლებს სახლი, სამსახური და ა.შ. ბავშვი ამბობს, ვისთან უნდა ცხოვრება – დედასთან, თუ მამასთან. და მორჩა – ფსიქოლოგი ამ ყველაფერს იწერს და სასამართლოში აგზავნის, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს.
სასამართლო ვალდებული არ არის მეურვეობის კომისიის დასკვნას დაელოდოს. მოსამართლეს შეუძლია გადაწყვეტილება მხოლოდ ფსიქოლოგის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის გათვალისწინებით მიიღოს.
ამ პრობლემის ეფექტიანად მოგვარებისათვის, ბავშვსა და მისი მშობლებს ოჯახური ფსიქოტერაპიის კურსი უნდა ჩატარდეს. ეს სამუშაო განქორწინებებისთვის დროს კანონით გათვალისწინებული სამთვიანი სასამართლო პროცესის პერიოდში უნდა დასრულდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ პროცედურისათვის საჭირო სახელმწიფო სარეაბილიტაციო ცენტრები არ გვაქვს».
ექსპერტი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანში მხოლოდ ერთი ფსიქოლოგიური ცენტრი არსებობს, რომელსაც სასამართლოები არ მიმართავენ.
«სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შემადგენლობაში ბავშვთა ფსიქოლოგიური განყოფილებაც არსებობს. ბევრმა არც კი იცის ამის შესახებ, იმიტომ რომ ამ ცენტრს თითქმის არც ერთი სასამართლო არ მიმართავს. და, გამომდინარე იქიდან, რომ ეს უწყება ბაქოში მდებარეობს, რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს აქ მოსვლა უჭირთ ხოლმე. კანონმდებლობაში ეს გარემოება გათვალისწინებულია, მაგრამ აღსრულების მექანიზმი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მილი მეჯლისში განიხილება კანონპროექტი, რომელიც ფსიქოლოგიურ დახმარებას შეეხება. დაველოდოთ პარლამენტს და იმ დროს, როდესაც ამ კანონს მიიღებენ».
ფარიზ აკპეროვი აღნიშნავს, რომ განქორწინების შემთხვევაში ათ წლამდე ასაკის ბავშვს, როგორც წესი, დედასთან ტოვებენ. მოზარდს, რომლის ასაკიც 10 წელს აღემატება, უფლება აქვს, თავად განსაზღვროს, თუ რომელ მშობელთან ურჩევნია ცხოვრება.
«კანონმდებლობის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ორივე მშობელთან და ყველა ნათესავებთან ჰქონდეს ურთიერთობა. იგივე უფლებები აქვთ მშობლებსაც. სამწუხაროდ, ჩვენთან ბავშვები იმ მშობლის გავლენის ქვეშ ექცევიან, რომელთანაც ცხოვრობენ. განქორწინებების შესახებ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების 70 პროცენტი ბავშვისა და მამის შეხვედრების სიხშირეს საერთოდ არ ეხება. ეს გარემოება განპირობებულია იმით, რომ ადვოკატები და იურისტები ამ საკითხთან დაკავშირებით შუამდგომლობას არ აყენებენ ხოლმე და შედეგად მამას შვილთან ურთიერთობა ეკრძალება».
«ერთხელ დავარტყი»
აიდან ალიევას ყოფილი მეუღლე, თალეჰ ალიევი [სახელი პირობითია – რედ.შენ.] თავის შვილებზე საუბრისას ემოციებს არ მალავს და მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების ნაწილს არ ეთანხმება.
«არ მიცემია. სხვათა შორის, სწორედ მან დამაბეზღა. შერიგების შემდეგ დროდადრო მახსენდებოდა, რომ მისი განცხადების საფუძველზე მოვხვდი ციხეში. სწორედ მაშინ დავარტყი პირველად და უკანასკნელად. დიახ, ნამდვილად მქონდა ურთიერთობა სხვა ქალთან. მაგრამ ასეთია ცხოვრება. ასეთი რამ ყველას შეიძლება დაემართოს.
განქორწინების შემდეგ ბავშვები მეტწილად ჩემთან ცხოვრობდნენ. ალიმენტებს მართლაც არ ვიხდიდი, იმიტომ რომ უმუშევარი ვარ. სიმართლე გითხრათ, დღემდე მიყვარს ჩემი ცოლი და ძალიან მენატრებიან ჩემი შვილები. ზუსტად ორი თვე და ოთხი საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ბავშვები არ მინახავს. ვერ გავუშვებ ცოლ-შვილს უკრაინაში. მეც გავყვები. არასდროს გავიმეორებ იმ შეცდომებს, რომლებიც დავუშვი. იმიტომ რომ მათ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია».
ცივილიზებული განქორწინება და საერთაშორისო გამოცდილება
ოჯახის, ქალებისა და ბავშვების პრობლემების კომიტეტის წევრი, თალია იბრაჰომოვა:
«ჩვენი სტრუქტურა, პირველ რიგში, კანონმდებლობის სრულყოფასა და მოსახლეობის განათლებაზე ზრუნავს. ჩვენ მიერ ორგანიზებული ბავშვთა დახმარების ცენტრები ქვეყნის 11 რაიონში მოქმედებს. ამ დაწესებულებებში დასაქმებულ სპეციალისტებს სერტიფიკატები საერთაშორისო ექსპერტებმა გადასცეს. როდესაც შესაბამის უწყებებს ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით პრობლემები უჩნდებათ, ბავშვთა დახმარების ცენტრებს მიმართავენ ხოლმე.
ალბათ, გახსოვთ ნურაის შემთხვევა. მაშინაც საერთაშორისო პრაქტიკის გამოუყენებლობამ დაგვაბრკოლა».
ათი წლის ნურაის დედა გარდაეცვალა, მამამ და დეიდამ კი ბავშვი ვერაფრით „გაიყვეს“. გოგონა დეიდასთან ცხოვრობდა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვი მამასთან უნდა დარჩენილიყო. გამომდინარე იქიდან, რომ ნურაის მშობელთან არ უშვებდნენ, სასამართლოს აღმასრულებლებმა გადაწყვიტეს, ძალისმიერი მეთოდები გამოეყენებინათ და ატირებული გოგონა დეიდას გამოჰგლიჯეს ხელიდან. ინციდენტის მონაწილეებმა ეს ვიდეოკამერით გადაიღეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს ვიდეომასალა ინტერნეტში გავრცელდა, აზერბაიჯანი სკანდალმა მოიცვა. საზოგადოებისა და მასმედიის მონაწილეობით წარმოებული ხმაურიანი გარჩევების შედეგად მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს – გოგონა დედის ნათესავებთან დარჩა, მამას კი მისი ნახვის უფლება მისცეს.
“საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ბავშვებთან მომუშავე სტრუქტურებში აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისი სპეციალისტი, რომელიც ფსიქოლოგის საქმეს შეასრულებს. ყოველ შემთხვევაში, თანამშრომლებს აუცილებლად უნდა მიეცეთ ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოექცნენ ბავშვებს. ამ შემთხვევაში პრობლემები იუსტიციის სამინისტროს ჰქონდა.
ჩვენ ეს საკითხი უნდა შეგვესწავლა – პრობლემა უნდა გვეპოვა და სხვა სტრუქტურებისათვის შესაბამისი რეკომენდაციები უნდა მიგვეცა. ჩვენმა ფსიქოლოგებმა ნურაისთან იმუშავეს და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია».- ამბობს თალია იბრაჰიმოვა.
გაერთიანება „აზერბაიჯანის ბავშვების“ ხელმძღვანელი ქიამალია აგაზადე ამბობს, რომ მისი ორგანიზაციის დაქვემდებარებაში არსებული თავშესაფარი იმ ბავშვებისთვისაცაა განკუთვნილი, რომლებმაც ძალადობა განიცადეს
«ჩვენი იურისტი, ფსიქოლოგი, სოციალური თანამშრომელი და აღმზრდელი ბავშვებთან კომპლექსურ სამუშაოებს აწარმოებენ. იმ შემთხვევაში, თუკი განქორწინების დროს ბავშვმა ძალადობა განიცადა, მასთან დამატებით სამუშაოებს ვატარებთ ხოლმე».
“აზერბაიჯანის ბავშვების“ თავშესაფარში ხშირად ხვდებიან ის დედები და შვილები, რომლებიც განქორწინების შემდეგ საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ და წასასვლელი არ აქვთ.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია «Təmiz Dünya»-ს («სუფთა მსოფლიო») ხელმძღვანელი, მეჰრიბან ზეინალოვა აღნიშნავს, რომ მათ თავშესაფარს ერთ ჯერზე 30 ადამიანის მიღება შეუძლია:
«ზოგჯერ წელიწადში 150-ზე მეტ ქალს „ვაფორმებთ“. შარშან ჩვენს თავშესაფარში 173 ქალი იყო დარეგისტრირებული. აზერბაიჯანულ საზოგადოებაში მშვიდობიანი განქორწინება საკამათო ცნებას წარმოადგენს. იმ ქალებს შორის, რომლებიც ჩვენს ორგანიზაციას დაუკავშირდნენ, მხოლოდ ერთს გაუმართლა იმ მხრივ, რომ მისმა მეუღლემ განქორწინების პროცესი უპრობლემოდ დაასრულა. ყველა სხვა შემთხვევაში ამ პროცედურას კონფლიქტები სდევს თან. ხშირია ძალადობის შემთხვევებიც. ქალებს სცემენ და ამცირებენ. ამ ყველაფრის შედეგად კი ბავშვები ზარალდებიან».