რისთვის იბრძვიან ქალები? ყველაზე მარტივი კითხვები ფემინიზმზე
8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა. ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ქალებმა ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწიეს საკუთარი უფლებების დაცვის საქმეში. მაგალითად, მოიპოვეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თავად წყვეტენ – გააჩინონ თუ არა ბავშვი და ა.შ.
თუმცა, სრულ თანასწორობამდე ჯერ დიდი გზაა.
ვინ არიან ფემინისტები და რისთვის იბრძვიან ისინი? პასუხები ყველაზე მარტივ კითხვებზე JAMnews-ისიგან.
_____________________________________________
ფემინისტებს უნდათ, რომ ქალებმა კაცები ჩაანაცვლონ და ყველა სფეროში მთავარ როლს ქალები ასრულებდნენ?
არა, ეს მატრიარქატია და არა ფემინიზმი. ფემინიზმი არის ბრძოლა ქალების უფლებებისთვის. ფემინისტები ქალების კაცებზე უპირატესობისთვის კი არა, მათთან გათანაბრებული უფლებებისა და შესაძლებლობებისთვის იბრძვიან. ისინი აპროტესტებენ ქალების დისკრიმინაციას და ჩაგვრას გენდერული ნიშნით. კანონის წინაშე ქალი ისეთივე მოქალაქეა, როგორც კაცი, შესაბამისად, მასაც უნდა ჰქონდეს ისეთივე პოლიტიკური, ეკონომიკური და სამოქალაქო უფლებები, როგორც კაცს.
ფემინისტები ვერ იტანენ კაცებს, იბრძვიან ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ, არ იპარსავენ იღლიებს და საერთოდაც, ლესბოსელები არიან?
ფემინიზმი არის ბრძოლა არა კაცების, არამედ პატრიარქატის წინააღმდეგ. ბრძოლა იმ სისტემის წინააღმდეგ, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დონეზე – პოლიტიკაში, ოჯახში, ბიზნესში – ძალაუფლება კონცენტრირებულია მხოლოდ კაცების ხელში.
ფემინიზმი არც სექსუალური ორიენტაციით იზომება და არც შვილების რაოდენობით. არსებობენ დიასახლისი ფემინისტებიც, ან მრავალშვილიანი ფემინისტები, ან ფემინისტები, რომლებიც პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებენ და გლამურული ჟურნალების ყდაზე პოზირებენ.
თანასწორობა კარგია, მაგრამ ბიოლოგიას რა ვუყოთ? ფემინისტები ხომ ფიქრობენ, რომ ქალები და კაცები ერთნაირები არიან
არავინ ამტკიცებს, რომ კაცები და ქალები ერთნაირები არიან. რა თქმა უნდა, ბიოლოგიურად ისინი განსხვავებულები არიან, თუმცა ამ განსხვავებულობის გამო ქალს, როგორც მოქალაქეს, არ უნდა ჰქონდეს კაცისგან განსხვავებული უფლებები.
საერთოდ, სამყაროში არ არსებობენ ერთნაირები. ფიზიკური მონაცემებით და უნარებით ყველანი განვსხვავდებით – თეთრკანიანები და შავკანიანები, მაღლები და დაბლები, გამხდრები და მსუქნები, ვიღაცას კარგი სმენა აქვს, სხვას მეტი ფიზიკური ძალა, მესამეს – მათემატიკური ამოცანების ამოხსნა გამოსდის კარგად. თუმცა, კანონთან ყველა თანასწორია.
თანაც, განა ყველა კაცს ერთნაირი ფიზიკური ძალა აქვს? ამ ლოგიკით, მმართველ თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად, გასაუბრება კი არა, მკლავჭიდში შეჯიბრი უნდა ტარდებოდეს.
სინამდვილეში, პრობლემა იმ სტერეოტიპებსა და წინასწარგანწყობებშია, რომლებსაც თავს გვახვევენ დაბადებიდან – ბაღში, სკოლაში, ქუჩაში, სახლში – გვეუბნებიან, რომ კაცი უნდა იყოს მამაცი, გამბედავი და ძლიერი, ქალი კი – სუსტი, კდემამოსილი და მზრუნველი.
გასაგებია, მაგრამ ჩვენი, ქართული, მართლმადიდებლური ტრადიციით, ხომ ქალი კაცის მორჩილი უნდა იყოს?! და საერთოდ, ფემინიზმი და რელიგია ხომ შეუთავსებელია
გააჩნია, რას ვგულისხმობთ რელიგიაში – რწმენას (ჩვენს პირად დამოკიდებულებას ზებუნებრივი ძალის მიმართ, ინდივიდუალურ ძიებას) თუ ეკლესიას, როგორც ორგანიზებულ ინსტიტუტს. თუ პირველს ვგულისხმობთ, მაშინ ფემინიზმი და რწმენა, რა თქმა უნდა, თავსებადია, რადგან მორწმუნე ადამიანებისთვის ღმერთი არის სამართლიანი, რომლისთვისაც ყველა ადამიანი თანასწორია. ფემინიზმის ამოსავალიც, ზუსტად ეს არის – ყველა ადამიანი თანასწორია.
რაც შეეხება ეკლესიას – ისტორიულად ეკლესია ღრმად პატრიარქალური ინსტიტუტია. ამ ინსტიტუტის ერთი ნაწილი მეოცე საუკუნეში რეფორმირდა და თანამედროვე გამოწვევებს გაუსწორა თვალი. მეორე ნაწილი კი, მაგალითად მართლმადიდებლობა, დარჩა ტრადიციული და კონსერვატიული ნორმების ერთგული. მართლმადიდებლური ეკლესია უარყოფს ბევრ ნორმას, რომელიც ფემინიზმის საფუძველს წარმოადგენს, რადგან ამ გზით თავისი პატრიარქალური ბუნების და ქალზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს. თუმცა, დოგმატურად, უთანასწორობა არ არის დაშვებული.
რაც შეეხება ქართულ ტრადიციებს – თუ ტრადიციებზე მიდგა საქმე, რატომ არ დადიხართ სამსახურში ტრადიციული სამოსით – ჩოხით ან ჩიხტიკოპით? დიახ, სამყარო იცვლება და დღევანდელ სამყაროში აღარ არის ბევრი მოძველებული ტრადიციის ადგილი. მით უფრო ისეთის, რომელიც სხვის თავისუფლებას ზღუდავს.
თუ მითხრეს ერთი გენიოსი კომპოზიტორი ქალი მაინც დამისახელეო, რა ვუპასუხო? არც გენიოსი კომპოზიტორი ქალი მახსენდება და არც მხატვარი
ჯერ ერთი, ბევრი კარგი კომპოზიტორი ქალი არსებობს, თუმცა, ზოგადად, ამ დისკუსიაში შესვლა არასწორია და აი, რატომ:
ფაქტია, რომ მუსიკაში, ისევე როგორც მხატვრობაში, მეცნიერებაში და სხვა მრავალ სფეროში მეტი “გენიალური” კაცის გახსენება შეიძლება, ვიდრე ქალის. თუმცა, მოდით, კაცობრიობის ისტორიას გადავხედოთ – განა ამ ისტორიის მანძილზე კაცებს და ქალებს განვითარების თანაბარი პირობები ჰქონდათ? ათასწლეულების განმავლობაში ქალები პრაქტიკულად გამორიცხულები იყვნენ ყველანაირი ინტელექტუალური საქმიანობიდან, მათ არ ჰქონდათ განათლების მიღების და საკუთარი უნარების გამოვლენის საშუალება. შესაძლოა, ქალებს შორისაც იყვნენ ლეონარდო და ვინჩები და რაფაელები, მაგრამ კაცობრიობამ ისინი დაკარგა იმის გამო, რომ უბრალოდ ფუნჯს არ აკავებდნენ ხელში.
ისტორიას ხშირად ახსოვს შემთხვევები, როდესაც ქალები კაცების ფსევდონიმებს იყენებდნენ, რადგან ქალის შემოქმედებას სერიოზულად არავინ აღიქვამდა.
წარმოიდგინეთ, როგორ ჩამორჩებიან ქალები: ამერიკაში ქალებს არ ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება 1920 წლამდე, დიდ ბრიტანეთში 1928 წლამდე, საუდის არაბეთში კი, საერთოდაც 2015 წელს დაუშვეს ქალები საარჩევნო ურნებთან.
ფემინისტები ყველა ქალის სახელით რატომ ლაპარაკობენ? ყველა ქალი სულაც არ ითხოვს თანასწორობას
ხშირად ქალები თავად არიან მათზევე გავრცელებული სტერეოტიპების ტყვეობაში და იზიარებენ მოსაზრებას, რომ “ყველა ქალი შტერია”. ასეთ ქალებს უყვართ ხაზგასმა, რომ მათი მეგობრების დიდი ნაწილი კაცია. ამით თითქოს “შტერი” ქალებისგან დისტანცირდებიან და ამტკიცებენ, რომ “კაცური ტვინი” აქვთ.
არიან ქალები, რომლებიც თანასწორობის იდეას კი იზიარებენ, მაგრამ არ უნდათ, რომ ფემინისტები ერქვათ. ეს იმიტომ, რომ მეინსტრიმულ მედიაში ფემინიზმი ხშირად მარგინალიზებულია, ფემინისტებს კი, ფეთხუმ და აგრესიულ ქალებად წარმოაჩენენ, რომლებსაც უბრალოდ პირად ცხოვრებაში არ გაუმართლათ.
არავინ ითხოვს ქალებისგან, რომ ოჯახზე უარი თქვან ან გაზქურასთან ტრიალს დაანებონ თავი. არავინ ამბობს, რომ ცხოვრების ასეთ წესში რაიმე პრობლემაა. მთავარია, რომ ეს იყოს ქალის პირადი არჩევანი და არა ვიღაცის მიერ თავსმოხვეული. ფემინისტები იბრძვიან იმისთვის, რომ ქალმა თავად გადაწყვიტოს გააჩინოს თუ არა შვილი, შექმნას თუ არა ოჯახი, ითამაშოს თუ არა ფეხბურთი ან გაიკეთოს თუ არა პლასტიკური ოპერაცია.
მაგრამ როდესაც ბავშვობიდან შთაგაგონებენ, რომ ორი მთავარი ამბავი, რაც ქალის ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს ეს არის ქორწილი და მშობიარობა, ძნელია გააკეთო თავისუფალი არჩევანი.
ამ საქმეში საზოგადოებას არც მოძველებული განათლების სისტემა სწევს წინ. გენდერულ საკითხებზე ინფორმაციის ტოტალური ნაკლებობა რომ არის, ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს, როდესაც ამ თემაზე ტელევიზიები თოქ-შოუებს აწყობენ.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ქალები თანასწორობაზე ფიქრისთვის ვერ იცლიან, მათი მწირი ფინანსური შესაძლებლობებია – ხშირად, ისინი კაცებზე არიან დამოკიდებულნი და საკუთარი დამფინანსებლების სცენარით ცხოვრობენ.
და კაცები შეიძლება იყვნენ ფემინისტები?
მილიონობით კაცი მთელ მსოფლიოში იზიარებს ფემინისტურ შეხედულებებს. მაგალითად, ეს კაციც:
სინამდვილეში, პატრიარქალურმა წყობამ ხომ კაცებიც ძალიან დააზარალა და თანასწორობა, წესით, მათაც უნდა აწყობდეთ. გენდერულმა სტერეოტიპებმა მარტო ქალები როდი მოაქცია ჩარჩოებში. კაციც ვალდებულია აკმაყოფილებდეს “ნამდვილი კაცის” საზოგადოებაში გავრცელებულ მოდელს – იყოს ოჯახში შემომტანი, ძლიერი, არ ავლენდეს სისუსტეებს. კაცებს ორი წლის ასაკიდან ეკრძალებათ ტირილი, მათ ეგრევე ეუბნებიან – კაცი არ ხარ, რა გატირებს, გოგო ხომ არ ხარ?!
საზოგადოება არ მიესალმება, როდესაც კაცი “ქალური” საქმეებს აკეთებს: სამზარეულოში ტრიალებს, ბავშვებს უვლის. მაგალითად, კაცს, რომელიც ბავშვებთნ რჩება, როდესაც ცოლი მივლინებაშია, “გმირს” ეძახიან. ვინმე დაუძახებს ქალს “გმირს” იმის გამო, რომ ბავშვს პამპერსი გამოუცვალა? აქ სწორედ ის იგულისხმება, რომ ქალისგან განსხვავებით, კაცი თურმე არ არის ვალდებული თავის შვილებს უვლიდეს.
ეჭვის თვალით უყურებენ, მაგალითად, სინქრონულ მოცურავე კაცს – ან კაცს, რომელიც ქსოვს. გახსოვთ, ალბათ, საქართველოს პრეზიდენტის ფოტოს რა გაკვირვებულები აშეარებდნენ ფეისბუკზე.
ფემინიზმის მთავარი იდეაც ეგაა – არავინ არავის არაფერს არ ახვევს თავზე. ყველა აკეთებს იმას, რაც მას სიამოვნებს და ცხოვრობს ისე, როგორც მას მოსწონს, და არა იმ როლის მიხედვით, რომელიც მას განუსაზღვრა ქმარმა, მამიდამ, კარის მეზობელმა ან ბიძაშვილის დედამთილმა.
შეიძლება ვიყო ფემინისტი, მაგრამ არ ვიყო აქტივისტი?
შეიძლება. თუმცა, ფემინისტებს, როგორც წესი, არ გამოსდით იყონ ჩუმად, რადგან ყველა ფეხის ნაბიჯზე აწყდებიან უსამართლობას – თუნდაც, საჭესთან ქალის დანახვაზე გამოწვეული ირონიული ღიმილი რად ღირს. არადა, სტატისტიკას რომ გადახედოთ, ქალები ბევრად ნაკლებად არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს.
ფემინიზმი, ასე თუ ისე, მაინც გულისხმობს აქტიურ პოზიციას, თუმცა, ამ პოზიციის გამოხატვის ხერხებსა და საშუალებებს ყველა ადამიანი თავად განსაზღვრავს – თქვენ შეიძლება არ იდგეთ აქციაზე, მაგრამ საკუთარ უფლებას იცავდეთ სასამართლოში, რადგან სამსახურზე უარი გითხრეს იმის გამო, რომ ქალი ხართ.
ეს ყველაფერი არასამთავრობოებმა მოიგონეს, რომ გრანტები აიღონ. სინამდვილეში საქართველოში დიდი ხანია თანასწორობაა; ქართველებს ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში გვყავდა ქალი-მეფე
ქართული კანონმდებლობა ნამდვილად კრძალავს შრომით დისკრიმინაციას ასაკის და სქესის მიხედვით, მაგრამ რეალობაში სულ სხვა სურათია. ამისთვის საკმარისია, შეხვიდეთ იმ საიტებზე, სადაც დამსაქმებლები განცხადებებს ანთავსებენ; ბევრი კომპანია დღემდე ითხოვს მმართველ თანამდებობაზე მამაკაცებს, ქალებს კი მზარეულებად, დამლაგებლებად, მიმტანებად ეპატიჟებიან. ქალებისთვის უფრო რთულია მეცნიერებაში წარმატების მიღწევა. ასევე შრომის ანაზღაურების მიხედვითაც დიდია დისკრიმინაცია.
ამასთან, გავრცელებულია მოსაზრება, რომ ქალს კარიერული წინსვლა არც სჭირდება და ერთადერთი, რაც მას უნდა ეს “ქალური ბედნიერება” – ოჯახი და საყვარელი კაცია, რომელიც არჩენს და დაიცავს.
კარიერული წინსვლისთვის ქალს ბევრად ნაკლები გასაქანი რომ აქვს, ამას ეს კვლევაც ამტკიცებს:
2016 წელს მკვლევარებმა 217 ქვეყნის მონაცემები შეაჯამეს და გამოთვალეს, რომ სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება, ბავშვების და მოხუცი მშობლების მოვლა – ამ ყველაფერში საშუალოდ ქალი 23 წელს ხარჯავს, მაშინ როცა, კაცები ამ მოვალეობებისგან, როგორც წესი, გათავისუფლებული არიან. ქალები ორჯერ მეტ სახლის საქმეს აკეთებენ, ვიდრე კაცები და ხშირად საოჯახო საქმეების გამო, უარს ამბობენ კარიერასა და განათლებაზე.
ფემინისტები უბრალოდ ყაყანებენ, ერთი მათი გაკეთებული საქმე მანახეთ
რომ არა ფემინისტები, დღეს ქალებს არ გვექნებოდა არჩევნებში ხმის მიცემის, უმაღლესი განათლების მიღების, პოლიტიკაში მონაწილეობის, ფეხბურთის თამაშის, მმართველ თანამდებობეზე მუშაობის უფლება. ამ ყველაფრის უფლება თავად ქალებმა მოიპოვეს თავიანთი ბრძოლით.
სხვა თუ არაფერი, ქალების საზოგადოებრივი აქტიურობა და მათი მონაწილეობა ბიზნესში უბრალოდ ძალიან მომგებიანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.
91 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით, 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ქალების მონაწილეობა კომპანიების მართვაში ბიზნესს უფრო მომგებიანს ხდის. ამასვე ადასტურებს გაეროს მონაცემები – რაც უფრო მეტი დასაქმებული და განათლებული ქალია ქვეყანაში, მით უკეთ აისახება ეს ეკონომიკის ზრდაზე.
ამასთან, იმ ქვეყნებში, სადაც მეტი განათლებული ქალია, უფრო მცირეა ბავშვთა სიკვდილიანობა.
გამოდის, რომ ყველაფერი გაუკეთებიათ ფემინისტებს და აბა რისთვისღა იბრძვიან?
სამწუხაროდ, ჯერ არა. გარდა იმ სხვაობისა, რაც ქალის და კაცის შრომის ანაზღაურებაში არსებობს (ევროსტატის მონაცემებით, სხვაობა სხვადასხვა ქვეყნებისა და ასაკის მიხედვით არის 0,5-დან 52,9 პროცენტამდე), დიდ პრობლემად რჩება ოჯახში ძალადობის ფაქტები. ოჯახში ძალადობას ყველა როდი მიიჩნევს დანაშაულად, ხოლო ქალის გაუპატიურებისას ზოგ შემთხვევაში მოძალადეს კი არა, მსხვერპლს ადანაშაულებენ.
დღემდე არსებობს ქალების წინააღმდეგ ჩადენილი კონკრეტული დანაშაულები, რომლებსაც პატრიარქალური საზოგადოება ტრადიციას ეძახის. მაგალითად, იძულებითი ქორწინება, ქალების მოტაცება, ე.წ. “ღირსების მკვლელობები”, ან ოპერაციები ქალის სასქესო ორგანოებზე, აბორტების აკრძალვა, ქალების სექსუალური ექსპლუატაცია. ეს ყველაფერი დღემდე ხდება მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც.
___________________________________________________________________________
მასალა პირველად გამოქვეყნდა 08.03.2019