რეპატრიაცია აფხაზეთში: მითები და რეალობა
მუხაჯირები აფხაზეთში
დიდ პრობლემებს აწყდება აფხაზეთში მუჰაჯირების შთამომავლების რეპატრიაციის პროგრამა – ათასობით აფხაზური, ადიღეური და ჩერქეზული ოჯახი, რომლებიც სამშობლოდან რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობის შემდეგ გააძევეს.
მიიჩნევა, რომ ეთნიკური აფხაზების 80 პროცენტი ისტორიული სამშობლოს გარეთ ცხოვრობს.
ზუსტად რამდენი – დანამდვილებით არავის შეუძლია თქვას. რიცხვები 500 ათასიდან მილიონ ადამიანს შორის მერყეობს.
რამდენიმე წლის წინ, გაჩნდა იდეა, რომ ჩაეტარებინათ მთელ მსოფლიოში მცხოვრები აფხაზების აღწერა. ასეთი პროექტის იდეით, გერმანიაში აფხაზეთის წარმომადგენელი, ხიბლა ამიჩბა 2015 წელს გამოვიდა და მას მხარი დაუჭირა რესპუბლიკის ხელისუფლებამ. მაგრამ პროექტის რეალიზებამდე საქმე მაინც ვერ მივიდა.
ყველაზე დიდი აფხაზური დიასპორები – თურქეთში, სირიასა და იორდანიაშია. ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროიდან დაწყებული და შემდეგ საბჭოთა რუსეთით გაგრძელებული, მათ სამშობლოში შესვლა აკრძალული ჰქონდათ. მაგრამ უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, აფხაზეთმა ოფიციალურად გამოაცხადა რეპატრიაცია ხალხის სანუკვარ ოცნებად და ეროვნულ იდეად.
ვინ და რატომ ბრუნდება სახლში საუკუნე-ნახევრის შემდეგ, როგორ ხვდებიან მათ და რა ელოდება მომავალში ამ ახალ დიასპორას?
როგორ დაიპყრო რუსეთმა კავკასია
აფხაზური დიასპორა ახლო აღმოსავლეთში, მე-19 საუკუნეში შეიქმნა, მუჰაჯირობის დროს, რომელიც რუსეთ-კავკასიის ომის შედეგად დაიწყო.
ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთ-კავკასიის ომი 1817-1864 წლებში მიმდინარეობდა. ეს იყო რუსეთის იმპერიის ხანგრძლივი და სისხლიანი დაპყრობითი ოპერაცია სამხრეთ კავკასიის მთიანი რაიონების მისაერთებლად.
ალექსანდრ ფონვილი, კავკასიური არმიის ფრანგი კონსულტანტი, ჰყვება (წიგნიდან „ჩერქეზების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ბოლო წლები, 1863-1864“):
„რუსების მიერ თანდათან დაკავებული ყველა ადგილიდან, აულების მცხოვრებლები გაიქცნენ, მათი მშიერი ჯგუფები ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით კვეთდნენ, გზად კი ავადმყოფებსა და მომაკვდავებს ტოვებდნენ; ხანდახან დევნილების მთელ ჯგუფებს ვპოულობდით გაყინულს ან ნამქერის ქვეშ მოყოლილს და ხშირად ვამჩნევდით მათ სისხლიან კვალს, როდესაც მივდიოდით. მგლები და დათვები თხრიდნენ თოვლს და იქიდან ადამიანების გვამები ამოჰქონდათ“.
ადოლფ ბერჟე, კავკასიის ომის ოფიციალური ისტორიკოსი, თავის წიგნში, „მთიელების გასახლება კავკასიიდან“, წერს:
„ჩვენ არ შეგვეძლო დაწყებული საქმიდან უკან დახევა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩერქეზებს არ სურდათ დამორჩილება. საჭირო იყო ჩერქეზების ნახევრის განადგურება, რათა მეორე ნახევარი იძულებული გამხდარიყო, იარაღი დაეყარა.
გრაფ ევდოკიმოვის მიერ შეთავაზებული გეგმა, კავკასიის ომის შეუქცევადად დასრულების თაობაზე მოწინააღმდეგის განადგურების გზით, პოლიტიკური აზრის სიღრმითა და პრაქტიკული სიზუსტით გამოირჩევა.
ადგილობრივი მცხოვრებლების თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში გაძევების პროცესს, სახელად „მუჰაჯირობა“ დაერქვა. ძალადობრივი გადასახლების შედეგად, დაცარიელდა, მათ შორის, აფხაზეთის ტერიტორიის ¾.
დღევანდელი აფხაზური საერთაშორისო დიასპორა – იმ მუჰაჯირების შთამომავლები არიან.
გაცილებით ნაკლები რეპატრიანტია, ვიდრე მოსალოდნელი იყო
რეპატრიაციის საკითხთა კომიტეტი, რომლის მოვალეობაც საზღვარგარეთულ აფხაზურ დიასპორებთან კავშირების დამყარებაა, აფხაზეთში, ჯერ კიდევ 1993 წლის მარტში შეიქმნა – ქართულ-აფხაზური ომის დროს. აფხაზეთს დიასპორების მხარდაჭერა სჭირდებოდა.
ხუთი წლის შემდეგ, 1998 წელს, აფხაზეთში, რეპატრიაციის პროგრამების დასაფინანსებლად, არასაბიუჯეტო ფონდი შეიქმნა.
მისი ბიუჯეტი იქმნება აფხაზეთის ყველა მცხოვრების გადასახადებიდან შემოსული თანხის ორი პროცენტით. მოსალოდნელია, რომ 2020 წელს, ის 156 მილიონ 246 ათასი რუბლი (დაახლოებით, 2,5 მილიონი დოლარი) იქნება.
სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტული აფხაზების გაერთიანებაში, რესპუბლიკაში არა მხოლოდ ისტორიული სამართლიანობის აღდგენა დაინახეს, არამედ – მცირერიცხოვანი აფხაზი ხალხის დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტის გზაც.
ამან გავლენა სტრუქტურის სახელზეც მოახდინა. თავდაპირველად კომიტეტი სამინისტროდ გადააკეთეს, 2019 წლის ნოემბერში კი სახელი შეუცვალეს და დაარქვეს დემოგრაფიისა და რეპატრიაციის სამინისტრო.
ამავდროულად, ამ სამინისტროსთან საკმაოდ ბევრი კითხვა არსებობს:
•მთავარი კითხვა: რატომ არ მიიღეს რეპატრიაციის სახელმწიფო პროგრამა და არ წარუდგინეს საზოგადოებას?
•მეორე მნიშვნელოვანი კითხვა: 25 წლის განმავლობაში, რატომ მიიღო რეპატრიანტის სტატუსი მხოლოდ ათი ათასამდე ადამიანმა? მით უფრო, რომ მხოლოდ მათი ნახევარი ცხოვრობს მუდმივად აფხაზეთში.
საცხოვრებლად გადასვლის მიზეზები: სამშობლო, ბინა, პატიმრობის თავიდან არიდება
„არ ღირს აფხაზური რეპატრიაციის შედარება ისრაელის ან საბერძნეთის რეპატრიაციასთან“, – ამბობს ომერ აგრბა.
ომერი პირველად აფხაზეთში, 1992 წელს, ქართულ-აფხაზური ომის დროს ჩამოვიდა. ის აფხაზურ მხარეს იბრძოდა თურქი მოხალისეების შემადგენლობაში.
ომის შემდეგ ის სოხუმში დარჩა საცხოვრებლად:
„ბერძნები, რომლებიც ოდესღაც აფხაზეთში ბევრნი იყვნენ, პრაქტიკულად სრულად წავიდნენ სამშობლოში. საბერძნეთი და იგივე ისრაელი – გაცილებით აყვავებული ქვეყნებია, სადაც კარგი მედიცინა და, ალბათ, სოციალური პაკეტებია. ამიტომაც ხორციელდება მათთან რეპატრიაცია წარმატებით. აფხაზეთს აყვავებული რთულად შეიძლება ვუწოდოთ. აქ ჯერ ისევ ყველაფერი განადგურებულია, ადამიანები ნორმალურ ტროტუარებზე და უწყვეტ ელექტროენერგიასა და წყალზე ოცნებობენ. აქ არა უკეთესი ცხოვრების, არამედ, უფრო პატრიოტული გრძნობების გამო მოდიან“, – მიიჩნევს ის.
ომერის თქმით, თურქეთში, აფხაზთა შორის აქტიური აგიტაცია მიდის, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში.
აფხაზეთში მუდმივად საცხოვრებლად ჩამოსული აფხაზებისა და აბაზინებისთვის რეპატრიანტის სტატუსი ძალაშია ხუთი წლის განმავლობაში. მთელი ამ დროის განმავლობაში მათ უწევენ ფინანსურ დახმარებას, აძლევენ მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელს.
ბევრისთვის სწორედ ეს ხდება გადამწყვეტი ფაქტორი.
„ყველა რეპატრიანტს საკუთარი ისტორია აქვს. ბევრს მართლაც არაფერი აქვს დასაკარგი თურქეთში – ვერ ახერხებს ნორმალური სამსახურის შოვნას, მაღალი გადასახადების გადახდას. აქ კი ბინისა და მიწის ნაკვეთის მიცემას ჰპირდებიან. და იღებენ გადაწყვეტილებას საცხოვრებლად გადმოსვლის შესახებ. არ გამოვა – ყოველთვის შეგიძლია დაბრუნდე.
მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც თურქეთში მთელ ქონებას ყიდიან, რათა ოჯახთან ერთად გადმოვიდნენ აქ და საკუთარი მცირე ბიზნესი გახსნან. ასეთებს სჭირდებათ გარანტიები, უსაფრთხოება, ისინი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ არავინ მივა ბიზნესის წასართმევად და ხელცარიელები არ დარჩებიან.
აფხაზეთში კი ასეთი გარანტიების მოცემა არავის შეუძლია“, – ამბობს ომერი.
აფხაზეთში მცხოვრებ რეპატრიანტთა შორის არის ადამიანების მცირე ჯგუფი, რომლებიც სამართალდამცავ სისტემას ემალებიან. მათ შორის არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები, რომლებიც მკვლელობისთვის გაასამართლეს და თურქეთიდან ციხეს გამოექცნენ. არაოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთში 15 ასეთი ადამიანი ცხოვრობს.
რა მოუვიდათ ოჯახებს, რომლებმაც მოახერხეს თურქეთსა და ბალკანეთის ქვეყნებამდე მიღწევა
ომერის დიდი ბაბუა თურქეთში 1864 წელს წავიდა, როდესაც რუსეთის გამარჯვებით დასრულდა რუსეთ-კავკასიის ომი.
თავდაპირველად, აფხაზეთიდან დევნილი სხვა ადამიანების მსგავსად, ომერის წინაპრებიც დედის ხაზით, ბალკანეთში, თანამედროვე ბულგარეთის ტერიტორიაზე დასახლდნენ, რომელიც მაშინ ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. მოგვიანებით, ბალკანეთის ომის დაწყების შემდეგ, როდესაც თურქეთმა ნახევარკუნძული დაკარგა, დევნილები მეორედ გახდნენ იძულებული, საომარ მოქმედებებს გაქცეოდნენ.
„ომი, სიღარიბე, შიმშილი – ერთადერთი უბედურება არ იყო, რომელიც ჩემს ოჯახს დაატყდა თავს მე-20 საუკუნის დასაწყისში. ემიგრანტებს თან სდევდა ეპიდემიები. ერთ წელს, ჩემმა ბებიამ და ბაბუამ ოთხი ვაჟიშვილი დაკარგეს. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ისინი ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში დასახლდნენ, კიდევ ოთხი შვილი შეეძინათ. მათ შორის, დედაჩემი“, – ჰყვება ომერი.
[su_pullquote align=”right”]1993-დან 2008 წლამდე, აფხაზეთში ათი ათასზე მეტი რეპატრიანტი ჩავიდა, დაახლოებით, მათი ნახევარი იქვე დარჩა საცხოვრებლად [/su_pullquote]მისი თქმით, მშობლები აფხაზეთზე ყოველთვის საუბრობდნენ, როგორც აღთქმულ მიწაზე და მის ნახვაზე ოცნებობდნენ. მაგრამ 1990-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთში საომრად წასვლის შესახებ შვილის მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ისინი შეაშფოთა.
„არა მხოლოდ ჩემს გადარწმუნებას ცდილობდნენ, არამედ პასპორტი მომპარეს და დამიმალეს. მშობლებმა საბუთები მაშინ დამიბრუნეს, როდესაც მიხვდნენ, რომ გადაწყვეტილებას არ შევიცვლიდი. რაც შეეხება ომის შემდეგ, აფხაზეთში საცხოვრებლად დარჩენას, ეს მაშინვე გაიგეს და მიიღეს.
ახლა ინტერნეტი გვაქვს, ახლობლებთან ყოველთვის კავშირზე ვართ. ადრე კი, სოხუმიდან ადაფაზარში (ქალაქი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში) დასარეკად, საჭირო იყო, რომ თავდაპირველად დაკავშირებოდი სოჭს, შემდეგ მოსკოვს, მოსკოვი სტამბოლს და იქიდან ადაფაზარს. ამასთან, ვიღაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო სახლში, რათა ყურმილი აეღო“, – ჰყვება ომერი.
ამავდროულად, მისი თქმით, თურქეთიდან აფხაზეთში ჩასვლა და პირიქით, 1990-იან წლებში გაცილებით ადვილი იყო, ვიდრე ახლა. მაშინ ზღვით შეიძლებოდა ამის გაკეთება, ახლა კი ეს შეუძლებელია. სოჭიდან ფრენა – ძვირადღირებული და მოუხერხებელია თურქეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების მიღების აუცილებლობის გამო.
ომერის თქმით, ყველაზე იაფი ვარიანტია საქართველოს გავლით მანქანით ბათუმში ჩასვლა. მაგრამ, მაშინ საჭიროა ყოველ ჯერზე აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან აფხაზეთში შესასვლელად ნებართვის მიღება.
ბინა აფხაზეთში: არ შეიძლება მისი გაყიდვა, გადაცვლა და გაქირავებაც კი
რეპატრიანტთა ფონდის ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი ყოველწლიურად რეპატრიანტებისთვის სახლების მშენებლობასა და შეძენაზე იხარჯება.
2019 წელს, ახალი ბინის გასაღები 48 რეპატრიანტმა ოჯახმა მიიღო, ახლა კიდევ 96 ოჯახისთვის მიმდინარეობს საცხოვრებლის მშენებლობა.
მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ელოდება ბინას, სამინისტრო ქირის ფულს იხდის.
[su_pullquote]2018 წელი რეპატრიაციის სტატისტიკის სარეკორდო წელი იყო: 543 აფხაზი გადმოვიდა საცხოვრებლად სირიიდან, თურქეთიდან, იორდანიიდან, რუსეთიდან, ეგვიპტიდან, აშშ-დან, ლიბანიდან, თითო-თითო კი – ესტონეთიდან,საქართველოდან და ისრაელიდან. [/su_pullquote]ეს საკითხი რეგულარულად იწვევს უთანხმოებას რეპატრიანტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის, რადგან აფხაზეთში ბინების საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას. ბევრი აღშფოთებულია, რომ ასეთი დახმარება არ არის გათვალისწინებული ახალგაზრდა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, არადა, სწორედ საცხოვრებლით დახმარება ძალიან წაადგებოდა გამოცხადებული დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებას.
ამავე დროს, ბინები, რომლებსაც რეპატრიანტებს აძლევენ, პრაქტიკულად მათ არ ეკუთვნით. არ შეიძლება ამ ბინების გაყიდვა, გადაცვლა და გაქირავებაც კი. რეპატრიანტები იქ შეთანხმების საფუძველზე ცხოვრობენ, რომელშიც გაწერილია ეს პირობები. სახლის ან ბინის გამოსყიდვა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოჯახი იქ ათ ან მეტ წელს გაატარებს.
ყველაზე მეტი რეპატრიანტი გულრიფშის რაიონში, გაგრის რაიონის სოფელ ბზიფში, ოჩამჩირესა და სოხუმში ცხოვრობს.
ამასთან, ბევრია ისეთი, ვინც საცხოვრებლის მიცემის შემდეგაც კი ტოვებს აფხაზეთს.
სამსახური, ენა, ხელფასი – რატომ უჭირთ ემიგრანტებს აფხაზეთში ცხოვრება
რეპატრიანტ მერთ ქუჯბას აზრით, ეს, პირველ რიგში, დაკავშირებულია დაუსაბუთებელ იმედებსა და ისტორიული სამშობლოს გადაჭარბებულ იდეალიზაციასთან.
34 წლის მერთი თურქეთიდან აფხაზეთში საცხოვრებლად სამი წლის წინ გადავიდა. ამ დროის განმავლობაში, მან მუდმივი სამსახურის შოვნა ვერ შეძლო, ამიტომ, ჯერ კიდევ ვერ ბედავს ცოლისა და ქალიშვილის აფხაზეთში წაყვანას.
„ჩემი ცოლი მასწავლებელია დაწყებით სკოლაში. აქ ის სპეციალობით სამსახურის პოვნას ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ არც აფხაზური იცის და არც რუსული“, – ამბობს მერთი.
თავად პროფესიით სანტექნიკოსია და კერძო შეკვეთების ხარჯზე ცხოვრობს, ზოგჯერ კი მშენებლობებზე მუშაობს.
ყველაზე ხშირად სწორედ ასე ხდება – რეპატრიანტები აფხაზეთში მუშაობენ მშენებლობებზე, ფაბრიკებში ან ვაჭრობის სფეროში.
„რეპატრიანტებისთვის აფხაზეთში სახლებსაც კი კორეელები აშენებენ. არ მესმის, რატომ – თვითონ რეპატრიანტთა შორისაც ბევრი მშენებელი, ელექტრიკოსი და სანტექნიკოსია. მე და თურქეთიდან აფხაზეთში ჩამოსული ბიჭების ჯგუფი, ვფიქრობდით, სამუშაოდ რუსეთში წავსულიყავით. ჯერჯერობით ამ მოსაზრებაზე უარი ვთქვით. შემდეგ კი არ ვიცი, ან სამუშაო სფეროს შევიცვლი, ან კიდევ თურქეთში დავბრუნდები“, – გაგვიზიარა მერთმა თავისი გეგმები.
ის აღიარებს, რომ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება, რომლის შესახებაც გადმოსვლამდე პრაქტიკულად წარმოდგენა არ ჰქონდა, წმინდა წყლის ავანტიურა იყო.
„პირველი პრობლემა, რომელსაც აწყდები – ენაა. აფხაზეთში საკმარისი არ არის აფხაზურის ცოდნა. რუსული ენის გარეშე აქ არაფერი გამოგივა. ჯერ კიდევ ვსწავლობ, ყველაფერი არ მესმის და ჩემიც ყოველთვის არ ესმით“, – ამბობს მერთი.
ამავე დროს, ის დარწმუნებულია, რომ მათთვის, ვისაც დარჩენა სურს, ყოველთვის მოიძებნება აქ მიზეზი და შესაძლებლობა.
„მე თურქულენოვან წრეში ვიზრდებოდი, მაგრამ არასოდეს ვგრძნობდი თავს თურქული კულტურის ნაწილად. ჩვენ ვსწავლობდით აფხაზურ ცეკვებს, ვეცნობოდით საკუთარი ჯიშისა და ქვეყნის ისტორიას. გვქონდა ჩვენი აფხაზური საზოგადოება თურქეთში, მჭიდრო კავშირებს ვინარჩუნებდით ერთმანეთთან. ბედნიერი ვიყავი, როდესაც, ბოლოს და ბოლოს, სამშობლოში აღმოვჩნდი, ჩემიანებს შორის. აქ სირთულეები გვხვდება, მაგრამ გამოსავლის პოვნა ყოველთვის შეიძლება“, – დარწმუნებულია მერთი.
მისი ოჯახი თურქეთში, საქარიას პროვინციაში ცხოვრობს, სადაც კომპაქტურად არის ჩასახლებული აფხაზური დიასპორა. ბევრმა აფხაზურმა ოჯახმა თურქეთში ენისა და ტრადიციების შენარჩუნება მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ თურქული კანონმდებლობის თანახმად, მათ თავიანთი ძირძველი აფხაზური გვარები თურქულით შეცვალეს.
მერთი ამბობს, რომ მისი ოჯახი აფხაზეთზე ყოველთვის ლაპარაკობდა, როგორც აღთქმულ მიწაზე და ოცნებობდნენ, ერთხელ მაინც ისევ ენახათ.
„ვიცით, რომ ჩვენი დიდი ბაბუის ბაბუა სოხუმის პორტიდან გემით წავიდა თურქეთში. კონკრეტულად სად ცხოვრობდა კავკასიაში, ამის შესახებ ცნობები არ გვაქვს. არც მისი პირადი ნივთებია შემონახული. თუმცა, ბაბუა მიყვებოდა, რომ სახლში ცხენის მათრახი გვქონდა, რომელიც, თითქოს, დიდმა ბაბუამ ჩამოიტანა. მაგრამ, როგორც ჩანს, ის ჯერ კიდევ ჩემ დაბადებამდე დაიკარგა“, – ამბობს მერთი.