რატომ “არა “გაზპრომს”
ათი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც 2006 წლის ცივ ზამთარში, რუსული სახელმწიფო კომპანიის – “გაზპრომის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოსახლეობა შუქისა და გათბობის გარეშე დარჩა.
სწორედ ამ პერიოდიდან იწყება საქართველოში რუსული გაზის აზერბაიჯანულით ჩანაცვლების ისტორია: დღეს საქართველო გაზის 90 პროცენტს აზერბაჯანიდან იღებს. “გაზპრომი კი ბაზარზე მხოლოდ სომხეთში ტრანზიტის მიზეზით რჩება, საიდანაც საქართველოს, ნედლეულის სახით, 10 პროცენტი ავტომატურად ერგება.
ქვეყანამ, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მოახერხა რუსული ენერგოგიგანტის დამოკიდებულებისგან გათავისუფლება, არაერთხელ დაიმსახურა პოზიტიური საერთაშორისო შეფასება.
სწორედ ამიტომ, ცნობამ იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა გაზის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებებს “გაზპრომთან აწარმოებს, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
იმ მრავალრიცხოვან საჯარო დისკუსიებში, რომლებიც გაზპრომთან მოლაპარაკებებს მოჰყვა, ხელისუფლება ცდილობს, “გაზპრომთან დიალოგის პროცესი ტექნიკურ, კომერციულ და ვიწროდარგობრივ ჩარჩოში მოაქციოს _ თითქოს ვერ ხედავს იმ კონტექსტს, რომელიც მთელ რიგ საგარეო პოლიტიკურ, შიდაპოლიტიკურ და სტრატეგიულ პრობლებს გამოავლენს.
შევეცდები, რამდენიმე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრობლემაზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც “გაზპრომთან მოლაპარაკებების პროცესს ახლავს:
1. საერთაშორისო კონტექსტი
“გაზპრომი მსოფლიო მასშტაბით უმსხვილესი კომპანიაა, რომლის 51 %-ს რუსეთის მთავრობა ფლობს და რომელიც დეკლალირებულად რუსეთის საერთაშორისო გავლენის მოპოვების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.
“გაზპრომი ევროპის გაზმომარაგების თითქმის ნახევარს აკმაყოფილებს.
ცალკეული ქვეყნები კი (აღმოსავლეთი ევროპის 5 ქვეყანა) 100 %-ით “გაზპრომის გაზზე არიან დამოკიდებულები.
რუსულ ენერგოგიგანტზე დამოკიდებულების საფრთხეებზე ევროპა ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში დაფიქრდა. თუმცა, პირველ ეტაპზე საერთო ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება ვერ მოხერხდა, რადგან ევროპული სახელმწიფოების ენერგოპოლიტიკა ევროპული ინტეგრაციის ნაწილს არ წარმოადგენს და ნაციონალური პოლიტიკის კომპეტენციაა _ ევროპის ქვეყნებს განსხვავებული სისტემები, ამოცანები და მოთხოვნილებები აქვთ.
თუმცა, “გაზპრომის გავლენისგან გათავისუფლების პროცესს მნიშვნელოვანი ბიძგი მალე თავად კრემლმმა მისცა, როდესაც 2006 და 2009 წლებში, უკრაინასთან სატრანაზიტო მოლაპარაკებების დროს, ევროპა რამდენიმე კვირით გაზის გარეშე დატოვა. 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომი კი გადამწყვეტი აღმოჩნდა. 2015 წელს ევროკავშირმა ენერგოკავშირის შექმნის ამბიციური გეგმა დააანონსა.
ამ გრანდიოზული გეგმის ერთ-ერთი მთავარი და დეკლარირებული მოტივაცია სწორედ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებაა.
ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია სამხრეთი დერეფანი. შაჰდენიზი 2, რომელშიც აზრბაიჯანი და საქართველო წამყვანი ქვეყნები არიან, 2019 წელს უნდა ამოქმედდეს და ევროპას გაზის მიწოდების რუსეთის ერთ-ერთი ალტერნატივა უნდა შესთავაზოს.
დღეს ევროკავშირის ქვეყნები არა მხოლოდ მსჯელობენ რუსეთის მიერ გაზის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაზე, არამედ, “გაზპრომის გავლენის შემცირების მიზნით, კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდნენ.
2015 წელს “გაზპრომის ექპორტის შემცირება მკაფიო ციფრებით გამოიხატა. მხოლოდ ერთ კვარტალში “გაზპრომისაგან მიღებული გაზის მოცულობა უნგრეთმა 20%-ით, პოლონეთმა 14% ით, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა თითქმის 30%ით შეამცირა. იგივე კვარტალში საერთო ექპორტი ევროპაში 8%-ით შემცირდა.
გარდა ამისა, 2012 წლიდან ევროკავშირმა “გაზპრომის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესები დაიწყო, ამ კომპანიის მხრიდან მონოპოლისტური პოზიციის ბოროტად გამოყენების გამო.
ამ საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, კიდევ უფრო გაუგებარი და ბუნდოვანია, რატომ ცდილობს საქართველოს ხელისუფლება “გაზპრომის ქართულ ბაზარზე დაბრუნებას.
2. რეგიონული კონტექსტი
უკვე ათი წელია, აზერბაიჯანი შეუფერხებლად და მოგებიანი პირობებით აწვდის საქართველოს გაზს. წარსულს ჩაბარდა გრაფიკით მიწოდებული ელექტროენერგია, უშუქობა, ცივი ზამთარი. გარდა იმისა, რომ აზრბაიჯანი საქართველოს მთავარი, საიმედო და მოგებიანი გაზის მომწოდებელია, ამ მეზობელ ქვეყანასთან თანამშრომლობას საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
‘შაჰ-დენიზი 2’, რომელიც 2019 წელს უნდა დასრულდეს, სრულად მოაგვარებს ჩვენი ქვეყნის გაზით მომარაგების საკითხს და, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის კონკრეტული გამოხატულება იქნება. შესაბამისად, აზერბაიჯანთან თანამშრომლობა ჩვენი ევროპული პოტენციალის რეალიზებისთვის უმნიშვნელოვანესია.
“გაზპრომთან დაწყებულმა მოლაპარაკებებმა კი, შესაძლოა, აზერბაიჯანთან სტაბილური ურთიერთობებს ზიანი მიაყენოს.
გარკვეული გამაღიზიანებლები აზერბაიჯანთან ურთიერთობებში ჯერ კიდევ 2012 წელს გაჩნდა, როდესაც საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის უმნიშვნელოვანესი პროექტის მიზანშეწონილობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ხოლო შემდეგ სომხეთში ვიზიტის დროს რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენის საკითხი წამოწია.
“გაზპრომთან მოლაპარაკებების პერიოდში გაღიზიანებამ მაღალ პოლიტიკურ დონეზე გადაინაცვლა.
ენერგეტიკის მინისტრის განცხადებას, თითქოს აზერბაიჯანს არ გააჩნია საკმარისი გაზის რესურსი და ამიტომ საქართველო დეფიციტის შევსებას “გაზპრომთან მოლაპარაკებებით ცდილობს, თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის რესურსი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ ევროპას ასი წლის განმავლობაში დააკმაყოფილებს.
ასეთი მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება მნიშვნელოვანი სიგნალი უნდა იყოს საქართველოსთვის _ პოლიტიკური რისკების მატარებელ “გაზპრომთან მოლაპარაკება აზერბაიჯანთან სტაბილური ურთიერთობების გაფუჭების საშიშროებას შეიცავს.
3. რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის ილუზია
2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კოალიცია “ქართულმა ოცნებამ თავის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების დალაგება გამოაცხადა. თავისთავად ურთიერთობების ნორმალიზება კეთილშობილური და სწორი ამოცანაა, თუმცა არა ქვეყნის ინტერესების ხარჯზე და არა დამატებითი პრობლემების შექმნის სანაცვლოდ.
“გაზპრომთან მოლაპარაკებების პოტენციურ რისკებს რომ თავი დავანებოთ, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, “გაზპრომთან დიალოგის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ “გაზპრომი საქართველოს სომხეთის ტრანზიტთან დაკავშირებით აშანტაჟებს. თუკი ეს ასეა, არა პოტენციურ, არამედ უკვე ჩამოყალიბებულ პრობლემასთან გვაქვს საქმე და მაშინ მოლაპარაკებების გაღრმავებას საერთოდ არ აქვს გამართლება.
4. არაგამჭვირვალე და საეჭვო პროცესი
პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, საქართველოს მოქალაქეებმა 25 სექტემბერს არა საკუთარი მთავრობისგან, არამედ “გაზპრომის ოფიციალური ვებ-გვერდიდან შეიტყვეს.
მთელი შემდგომი პერიოდის განმავლობაში მთავრობის წარმომადგენლები აღნიშნულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდნენ. დღემდე არ არის გარკვეული, კონკრეტულად ვისი ინიციატივით და რა საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
თავდაპირველად ამბობდნენ, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ ტექნიკურია და ყოველწლიური სანტრანიზტო პირობების გაგრძელებას ეხება. შემდეგ ითქვა, რომ მოლაპარაკებები სომხეთში გაზის მიწოდების მოცულობის ზრდასთან დაკავშირებით მიმდინარეობს; მოგვიანებით, გაკეთდა განცხადება, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებები გაზის მოწოდების დივერსიფიკაციას ემსახურება; რომ გაზრდილია გაზის მოხმარება და დამატებითი მოცულობის დაკმაყოფილება მხოლოდ “გაზპრომს შეუძლია; რომ რუსეთი საქართველოს სატრანზიტო პირობების შეცვლას სთხოვს…
კომუნიკაციის ამ ფორმაში რამდენიმე რამ არის ნიშანდობლივი და სახიფათო: 1. ხელისუფლებამ პროცესი საზოგადოებისაგან დამალულად დაიწყო. 2. ყოველ ჯერზე, როდესაც ამ თემაზე დისკუსია იწყება, ხელისუფლებას მოჰყავს არგუმენტები, რომლებიც რუსეთის პოზიციას ამართლებს.
მაგალითად, ითქვა, რომ რუსეთი ტრანზიტის პირობების გადახედვას ითხოვს. (დღეს სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, საქართველო “გაზპრომისგან 10 პროცენტს ნედლეულის სახით იღებს. “გაზპრომს უნდა არა ნედლეულით, არამედ ფულით ანაზღაურება მოხდეს).
ხელისუფლებას არგუმენტად მოჰყავს ევროპის ენერგეტიკული ქარტია, რომელიც საქართველოს ავალდებულებს “გაზპრომისგან, ნედლეულის ნაცვლად, ფულადი ანაზღაურება მიიღოს. იგივე არგუმენტი აქვს “გაზპრომსაც.
რეალურად, კი რუსეთს, რომელიც მუდმივად არღვევდა ენერგეტიკული ქარტიის პირობებს, ქარტიაში მონაწილეობა ჯერ კიდევ 2009 წლიდან აქვს შეჩერებული. რა გამოდის? ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის მიერ ვალდებულებების დარღვევაზე იმსჯელოს, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის პოზიციის გასამართლებლად არგუმენტებს ეძებს.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე მუდმივად მიანიშნებენ რუსული გაზის სიიაფეზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რუსული გაზი აზერბაიჯანულზე დაახლოებით ორჯერ ძვირია. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ფასს არა კომერციული ლოგიკით, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით ადგენს.
ამგვარად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოსავალს კი არ ეძებს, არამედ მოლაპარაკებების უპირობოდ გამართლებას ცდილობს.
5. საქართველოს ენერგოპოლიტიკის პრობლემები
“გაზპრომთან მოლაპარაკებების პროცესმა, ზოგადად, საქართველოს ენერგოპოლიტიკის ეფექტიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი კითხვებიც წამოჭრა.
ერთ-ერთი ვერსიით, “გაზპრომთან მოლაპარაკების დაწყების მიზეზი წელს შექმნილი სეზონური დეფიციტია, რომელიც გაზის მოხმარების ზრდამ გამოიწვია.
ჩნდება კითხვა _ რატომ არ იზრუნა მთავრობამ ამ დეფიციტის აღმოფხვრაზე მანამდე, ვიდრე ეს დეფიციტი დადგებოდა? გამართული ენერგოპოლიტიკის პირობებში ამის პროგნოზირება და უმტკივნეულოდ მოგვარება წინასწარ უნდა ხდებოდეს.
გაზის მოხმარების ზრდა, ძირითადად, ეკონომიკურ განვითარებაზეა მიბმული. ასევე, წელს ამოქმედდა ახალი თბოელექტროსადგური, რომელსაც, ცხადია, დამატებითი რესურსი სჭირდება. ორივე ფაქტორი სრულიად პროგნოზირებადი და გათვლადი იყო.
თუკი წლების განმავლობაში საქართველოს ენერგოსექტორი აზერბაიჯანთან შეუფერხებლად თანამშრომლობდა, მათ შორის მოხმარების ზრდის პირობებშიც, დღეს რატომ ვერ მოახერხა ეს? გაუგებარია, რატომ აღმოჩნდა საქართველო დღეს დეფიციტის პირობებში და რატომ ცდილობს მის აღმოფხვრას “გაზპრომთან წაგებიანი მოლაპარაკებების გზით?
* ელენე ხოშტარია, “საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი