რას წარმოადგენს თანამედროვე აზერბაიჯანული ლიტერატურა?
ი
ს ადამიანები, რომლებთანაც თანამედროვე აზერბაიჯანული ლიტერატურის განხილვას ვცდილობდი,როგორც წესი, გაოცების გამომხატველი მზერით მპასუხობდნენ და მეკითხებოდნენ: „ანუ, შენი აზრით, არსებობს?“
მართლა „არ არსებობს“ აზერბაიჯანული ლიტერატურა? და თუ ეს მართლა ასეა, რატომ არ არსებობს?
ლიტერატურა, როგორც სოციალური მოვლენა, წარმოადგენს ეკოსისტემას, რომელიც რამდენიმე ელემენტისგან შედგება – ავტორები წიგნებს წერენ, გამომცემლები ბეჭდავენ, „არეკლამებენ“ და მიღებულ პროდუქტს ყიდიან, კრიტიკოსები ამ ნაწარმოებების რეცენზიებს აქვეყნებენ (რომლებშიც ზემოაღნიშნულ წიგნებს ან ხოტბას ასხამენ, ან უმოწყალოდ ამათრახებენ) და საბოლოოდ მკითხველები ამ წიგნებს კითხულობენ.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად ჩვენ ასეთი ეკოსისტემა არ გაგვაჩნია.
რა ემართება მის თითოეულ ელემენტს?
ამჟამად აზერბაიჯანში პროფესია „მწერალი“ არ არსებობს. ესაა სასიამოვნო, მშვენიერი ჰობი, რომელსაც თავისუფალ დროს მიმართავენ ხოლმე. იმიტომ რომ ცნება „პროფესია“ გულისხმობს ძირითად საქმიანობას, რომელსაც შემოსავალი მოაქვს. აზერბაიჯანში კი ლიტერატურული საქმიანობით ფულს ვერ იშოვი. უბრალოდ გამორიცხულია. საუკეთესო შემთხვევაში გამომცემლები უბრალოდ საკუთარი ხარჯებით გამოსცემენ წიგნს; ჰონორარის გადასახდელად საჭირო თანხა კი არავის აქვს.
ავტორს შეუძლია გამოსაცემად საჭირო თანხა თავად გადაიხადოს და სამახსოვრო ეგზემპლარები ნაცნობ-მეგობრებს დაურიგოს. მეტიც, მას შეუძლია თავისი ნაწარმოები სავაჭრო ობიექტებშიც მიიტანოს; მაგრამ მისი წიგნი მაღაზიის თაროზე დარჩება, იმიტომ რომ უკვე პოპულარული უცხოელი ავტორების წიგნების გაყიდვა უფრო მარტივია, ვიდრე აზერბაიჯანელი მწერლების ნაწარმოებების მხარდაჭერა-რეალიზაცია. მკითხველებს „რეზიდენტი“ ავტორების ნაწარმოებების შეძენის სურვილი არ აქვთ, იმიტომ რომ წიგნის დაბეჭდვა შეუძლია ნებისმიერს, ვისაც ფული აქვს, და არა მას, ვინც გამომცემლის ყურადღების მისაპყრობად გაჩაღებულ კონკურენტულ ბრძოლაში გაიმარჯვა. არც ცენზურა არსებობს, არც კონკურენცია, არც მინიმალური გარანტიები, და არც ნდობა.
გამომცემლობები აქტიურად აქვეყნებენ და ყიდიან თარგმნილ ლიტერატურას, იმიტომ რომ ამ ტიპის პროდუქტი მოთხოვნით სარგებლობს. დროდადრო აზერბაიჯანელი ავტორების ნაწარმოებებსაც ბეჭდავენ, მაგრამ ასეთ პროექტებს განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე ეკიდებიან, იმიტომ რომ მინიმალური ტირაჟის რეალიზაციაც კი გაუჭირდებათ.
შეიძლება იკითხოთ, თუ რა საჭიროა გამომცემელი, როდესაც შეგიძლიათ, შედევრი ინტერნეტში განათავსოთ და მკითხველს ნაწარმოები პირდაპირ სახლში მიართვათ. ამ შემთხვევაში მთავარი ფულია. „უფასო“ წიგნი ლიტერატურას გასართობად აქცევს. თუკი ინტერნეტში განთავსებული წიგნის გადმოწერა ფასიანია, გამომცემლის ფუნქცია ინტერნეტპლატფორმას ენიჭება. ამდენად მაინც საჭიროა შუამავალი, რომელიც წიგნის რეკლამირებასა და გაყიდვაზე იზრუნებს.
მკითხველებმა აზერბაიჯანელი ავტორების შესახებ ან საერთოდ არაფერი იციან, ან ყურმოკვრით „იცნობენ“ ზოგიერთ მათგანს. გამომცემლობები აზერბაიჯანული ლიტერატურის „პიარისთვის“, არც ფულს ხარჯავენ, და არც ენერგიას. უცხოური ლიტერატურის შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა – აზერბაიჯანული მაღაზიებში მოხვედრილი „საზღვარგარეთული“ საკითხავი იმთავითვე „გაპიარებული“ და პოპულარულია. მაშ რატომ უნდა ვიყიდო, პირობითად, ჩემთვის სრულიად უცნობი მამედ მამედოვის წიგნი, და არა ჰაინრიხ ბიოლის მოთხრობები, რომლებსაც ასე ხშირად ახსენებენ ჩემი მეგობრები? საბოლოო ჯამში ერთგვარ ჩაკეტილ წრეს ვიღებთ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მთლიანად ქრება კრიტიკოსების საჭიროება. ამ ტიპის მოღვაწეები აზერბაიჯანში საერთოდ არ არსებობენ.
როგორ დაიწყო ეს ყველაფერი
ს
აბჭოთა ეპოქაში აზერბაიჯანული პროზა მტკიცედ იდგა ფეხზე. მას სახელმწიფოს მკაცრი, მაგრამ მზრუნველი ხელი იცავდა.
ბნელეთის მოციქულობის წინაააღმდეგ დაწყებული იდეური ბრძოლა, რომელიც განმანათლებლებმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გააჩაღეს, მოსკოვის ლოცვა-კურთხევით გრძელდებოდა. ამას გარდა, არსებობდა „სახელმწიფო დაკვეთა“, რომელიც მწერლებს სოფლის რომანტიკის წარმოჩენისკენ მოუწოდებდა და ამ დაკვეთის შესრულებისას ძალიან ბევრი ავტორი საკმაოდ ხარისხიან პროზას ქმნიდა.
„ლიტერატურული ეკოსისტემა“ ნამდვილად არ მუშაობდა დასავლური ქვეყნებისათვის დამახასიათებელი „ალგორითმით“, მაგრამ, ასე თუ ისე, მაინც მუშაობდა. ნებისმიერი იღბლიანი ავტორის განკარგულებაში იყო უზარმაზარი ქვეყნის ბაზარი და რამდენიმე წიგნის გამოქვეყნების შემთხვევაში მწერალი გარანტირებულ შემოსავალსა და საზოგადოების პატივისცემას იღებდა.
კადრი ფილმიდან “მღელვარე მტკვარი”, რომელიც ისმაილ შიხლის რომანის მიხედვით გადაიღეს. 1967 წ. მოლა ანბანს ასწავლის ბავშვებს და სწავლების პროცესში მოწაფეებს წკეპლას ურტყამს ფეხებზე.
ეს მრავალპლანიანი რომანი ნეორეალიზმის სტილით დაწერილ პირველ აზერბაიჯანულ რომანად ითვლება. ამ ნაწარმოებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს რელიგიური ფანატიზმის საკითხი.
კადრი ფილმიდან „ტახმინა“. კინოსურათის სიუჟეტს საფუძვლად უდევს მწერალ ანარის რომანი „ხუთსართულიანი სახლის მეექვსე სართული“, რომელიც 1988 წელს დაიწერა.
„კარგი ოჯახიდან“ გამოსულ ბიჭს „არაერთგვაროვანი წარსულის“ მქონე ქალი უყვარდება. სასოწარკვეთილი დედა სახეს იხოკავს, ნაცნობები მის ზურგსუკან ჭორაობენ, თავად ჯეელი კი საგონებელშია ჩავარდნილი და საკუთარ გრძნობებსა და ცნობიერებაში ჩაბეჭდილ სტერეოტიპულ „ნორმებს“ შორის არჩევანის გაკეთება უჭირს.
კადრი ფილმიდან, რომლის სიუჟეტიც ეფუძნება მაკსუდ იბრაგიმბეკოვის რომანს „უკეთეს ძმას ვერსად ნახავდით“, 1988 წ.
მთავარი გმირი ვალდებულების შეგრძნებით ცხოვრობს და ყოველთვის ღირსებისა და მორალის იდეებით ხელმძღვანელობს. ოდესღაც, ჯერ კიდევ ბავშვობაში, მან საკუთარ ბუნებაში ჩაბუდებული „სამარცხვინო ვნება“ დათრგუნა და ჩაახშო. თუმცა, ეს ვნება მოულოდნელად უბრუნდება მისი საყვარელი უმცროსი ძმის ცოლის სახით.
ძმები მაკსუდ და რუსტამ იბრაგიმბეკოვები - აზერბაიჯანელი მწერლები და სცენარისტები, რომელთა ნაწარმოებებიც არაერთხელ იქნა ეკრანიზებული.
აზერბაიჯანული დეტექტივიც კი არსებობდა – მაგალითად, ცნობილი „შავი ვოლგა“, რომელშიც კრიმინალური სამყარო იმდენად დეტალურად და ხატოვნადაა აღწერილი, რომ გამოცემიდან ძალიან მცირე ხნის შემდეგ წიგნის გაყიდვა შეაჩერეს. ამ ნაწარმოებში ყველაფერია წარმოდგენილი – ქარიზმატული მაფიოზი, ეროტიკა, წამების სცენები…
ამჟამად ამ ჟანრს ჩინგიზ აბდულაევი წარმოადგენს. იგი ხასხასა ყდების მქონე დეტექტივების ავტორია და თავის დროზე სახელი გაითქვა რუსეთში და ამიტომ აზერბაიჯანში გარანტირებული წარმატებითა და პოპულარობით სარგებლობს.
თითქოს სულ ცოტა იყო საჭირო წარმატებისთვის
1991 წელს აზერბაიჯანმა საბჭოთა კავშირი დატოვა. ყოფილ მოძმე რესპუბლიკებს საბჭოთა იმპერიის ეკონომიკა თავზე დაემხოთ.
ეს იყო პერიოდი, როდესაც პურის ფულის გარეშე დარჩენილი მეცნიერები მიწისქვეშა გადასასვლელებში იდგნენ და კოლგოტებით ვაჭრობდნენ. მწერლებზე საუბარიც არ ღირს. მათ წერისთვის აღარ ეცალათ. მკითხველებიც შეიცვალნენ – კითხვა, რომელიც ადრე „საყოველთაო გასართობს“ წარმოადგენდა, თანდათან ინტელექტუალური ელიტის პრეროგატივად იქცა. ““რკინის ფარდა“ მთლიანად აიწია და წიგნები თურქულმა სერიალებმა „ჩააჩოჩეს“.
ორიათასიან წლებში,როდესაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, აზერბაიჯანელებმა ისევ გამონახეს დრო ლიტერატურისათვის.
იმ პერიოდში ბაქოში გაჩნდა ახალგაზრდა ავტორების პატარა, მაგრამ შესამჩნევი ჯგუფი, რომლიც წევრებიც საკმაოდ პროვოკაციულ ტექსტებს აქვეყნებდნენ. მათი ნაწარმოებები დროდადრო საკმაოდ დიდ მღელვარებას იწვევდა – მთელ საზოგადოებაში თუ არა, დედაქალაქში მცხოვრები ადამიანების გარკვეულ წრეებში მაინც.
მათ შორის იყო, მაგალითად, სეიმურ ბაიჯანი – მოკლე მოთხრობების, ესეიებისა და „გუგარქის“ – ყარაბაღის კონფლიქტის გააზრებასა და ბავშვობის მოგონებებზე დაფუძნებული ავტობიოგრაფიული რომანის ავტორი. სხვათა შორის ამ წიგნს სომხეთშიც, ანუ „ბარიკადების მეორე მხარესაც“ იცნობენ და მასზე რამდენიმე რეცენზიაა დაწერილი.
მთავარმა გმირმა ბავშვობა სომხეთში მდებარე სოფელ გუგარქში გაატარა. ბავშვობა, რომელიც იმ ყველაზე „ცუდ“ წლებს დაემთხვა. ნაწარმოების სიუჟეტი ორ განსხვავებულ პერიოდში ვითარდება. ერთი მხრივ, მთავარ გმირად ომის ქარცეცხლში მოხვედრილი ბიჭუნა გვევლინება, მეორე შემთხვევაში კი აღწერილია ზრდასრულ მამაკაცი, რომელსაც სომეხი ქალი უყვარს.
ალი აკპერი და მისი სკანდალური რომანი „არტუშტი და ზაური“, რომელიც სომხურ-აზერბაიჯანულ ჰომოსექსუალურ სიყვარულს შეეხება (უბრალოდ გამორიცხული იყო, რომ ასეთი მძლავრი მინარევის მქონე ტექსტს მკითხველთა მგზნებარე ინტერესი არ გამოეწვია).
«კი მაგრამ რატომ არ გამოვიყენე ვაზელინი ან კრემი? რა საჭიროა ასეთი უხეშობა? კი, ცრემლი წმინდაა. მაგრამ კრემს ვერ შეცვლის! ვერ შეცვლის!»
გიუნელ მიოვლუდი, ეპატაჟური პოეტი და ესეისტი.
«მეზობელი გოგონები
ყოველთვის, როცა პირს აღებდა,
მამა ბავშვობის ერთ დღეს მიკლავდა.
როგორ მშურდა
მეზობელი გოგონების,
გოგონებს მუნჯი მამა ჰყავდათ».
ყველაზე ახალგაზრდა და, ამავდროულად, ცხოვრებით ნაადრევად გაწბილებული ადამიანები ელხან ზეინალლის წიგნებს ირჩევდნენ. ზეინალლიმ „გარაგანის“ ფსევდონიმით გამოსცა სადებიუტო რომანი სახელწოდებით «А», რომელიც ფილოსოფიური საკითხებითაა „გაძეძგილი“. ამის პარალელურად იგი მუსიკას წერდა და საკუთარ ჯგუფთან ერთად გამოდიოდა სცენაზე. ამიტომ ძალიან სწრაფად შეძლო „სუბკულტურული“ თინეიჯერების გულის მოგება.
ფილოსოფიური საკითხებით დაინტერესებული რამდენიმე ახალგაზრდა სამყაროს არსის შესახებ მსჯელობს და საბოლოოდ ასკვნის, რომ გადარჩენის ერთადერთ გზას მსოფლიოს განადგურება წარმოადგენს.
2010 წელს წიგნების მაღაზიათა ქსელის, „ალი და ნინოს“ მფლობელის, ნიგიარ კოჩარლის ინიციატივით პირველი ეროვნული ლიტერატურული პრემია დაფუძნდა და გაჩნდა იმის იმედი, რომ ამიერიდან „სერიოზულად“ მოვეკიდებოდით ამ საქმეს.
თუმცა, სურვილი უბრალო ოცნებად დარჩა.
შედეგად ალი აკპერმა, ბაიჯანმა, მიოვლიუდმა და სხვებმა ქვეყანა დატოვეს და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში გაიფანტნენ.
გარაგანი თავის ნაწარმოებების გამოქვეყნებას აგრძელებს, მაგრამ უკვე გაიზარდა და ნიცშეს მიმდევარი ნიჰილისტი ფილოსოფოსის იმიჯი მოიშორა. დაფუძნებიდან მეოთხე წელს ეროვნულმა პრემიამ არსებობა შეწყვიტა. და აზერბაიჯანის ლიტერატურულ ცხოვრებაში სიმშვიდემ დაისადგურა.
მას შემდეგ ყველაზე ხმაურიან „ლიტერატურულ“ მოვლენად აკრამ აილისლის „ქვის სიზმრების“ გარშემო აგორებული სკანდალი იქცა. რომანმა, რომელიც სომხურ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს შეეხება, აზერბაიჯანში ძალიან მწვავე რეაქცია გამოიწვია. ავტორი (რომელიც იმ პერიოდში უკვე სახელგანთქმული და აღიარებული მწერალი გახლდათ) კინაღამ კოცონზე დაწვეს მის წიგნთან ერთად. სამაგიეროდ ამ რომანის არსებობის შესახებ ყველამ შეიტყო. და ზოგიერთმა წაიკითხა კიდეც.
«სადაი უკვე ბაქოში ცხოვრობდა, მაგრამ თითქმის ყოველდღე იხსენებდა ჯამალს. და, ამასთან, ყველა ჯერზე ახსენდებოდა ვანგის ეკლესია, მისი ეზო, მაღალი, ტანადი ბლის ხე და მოხუცი აიკანუში, რომელსაც წელზე შალი ჰქონდა შემოხვეული. სახელოებს იდაყვის ზემოთ იკაპიწებდა და, გაოგნებისგან ცრემლმორეული, ჯამალს რუდუნებით ბანდა ტილიან თავს».
რატომ მივიღეთ ასეთი შედეგი
აზერბაიჯანული ლიტერატურის განვითარება იმიტომ შეჩერდა, რომ მისი „ეკოსისტემა“ მომიჯნავე სფეროებს (ეკონომიკას, კულტურას, განათლებასა და პოლიტიკასაც კი)კბილანებით წამოედო.
ეკონომიკა: ქვეყანაში არსებული ცხოვრების დონის გამო ადამიანებს არ შეუძლიათ, ოჯახის სარჩენად ექვსსაათიანი სამუშაო დღეს დასჯერდნენ და დარჩენილი დრო „ლიტერატორობის“ მსგავს „გასართობს“, ან თუნდაც კითხვას დაუთმონ.
და არც იმის საშუალება აქვთ, რომ ძალიან მარტივად შეიძინონ ნაწარმოებების მაგარყდიანი კრებულები.
წიგნების მაღაზიის, ან გამომცემლობის გახსნა სრულიად შეუძლებელია იმ პირობებში, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესისათვისაა შექმნილი (მაღალი გადასახადები, მონოპოლია, მცირე მასშტაბის ბაზარი).
კულტურა: რამდენიმე წლის წინ იმ ადამიანებმა, რომლებიც აზერბაიჯანში წიგნებით ვაჭრობენ, აღმოაჩინეს, რომ ყველაზე ადვილად მანამდე მცირე ხნით ადრე მოკლული კანონიერი ქურდის, როვშან „ლენქორანსკის“ ბიოგრაფია იყიდებოდა. რა არის ეს თუ არა განათლების სამინისტროს ოცწლიანი ძალისხმევის შედეგი? თუმცა, ამ უწყებას ტელევიზიაც აქტიურად ეხმარებოდა.
პოლიტიკა: გახსოვთ ის პროგრესული ახალგაზრდობა, რომელიც ორიათასიან წლებში მეომბოხეობისა და ფილოსოფოსობისკენ მიისწრაფოდა? ბევრი მათგანი ეკონომიკურ, ან პოლიტიკურ ემიგრანტად იქცა.
რა უნდა მოხდეს იმისათვის, რათა აზერბაიჯანში თვითშემოქმედება ნამდვილ ლიტერატურად გადაიქცეს? როგორ განვითარდება მოვლენები იმ შემთხვევაში, თუკი მკითხველები „რეზიდენტი“ ავტორების წიგნებს მოითხოვენ – იმ ავტორების, რომლებიც მათზე და სპეციალურად მათთვის დაწერენ. იქნებ მოთხოვნამ მიწოდება წარმოშვას და ავტორებსა და გამომცემლებს ხარისხიანი პროდუქტის შექმნის მოტივაცია გაუჩნდეთ!
მაგრამ სინამდვილეში ეს უბრალოდ არასამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის უტოპიური სცენარია.
ამდენად, ამბიციურ აზერბაიჯანელ მწერლებს შეიძლება ვურჩიოთ, საერთაშორისო ბაზარზე გასვლას და იქ რაიმე სახის აღიარების მოპოვებას შეეცადონ. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ავტორს, გამარჯვებულის გვირგვინი მოირგოს და თავისი ნაწარმოებები თავისსავე სამშობლოში დაბეჭდოს. და მაშინ კი აუცილებლად წაიკითხავენ მის წიგნებს.