საქართველოს პარლამენტში ნაკელის სუნი დგას. პასუხისმგებლობას სამოქალაქო აქტივისტები იღებენ
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იძულებულნი გახდნენ ტექნიკური შესვენება გამოეცხადებინათ.
მიზეზი უცნაური სუნი გახდა.
ჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტში ხანძარია – დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს, პარლამენტთან სასწრაფო დახმარების მანქანები გამოჩდნენ.
თუმცა, მერე პარლამენტში მომუშავე ჟურნალისტები და დეპუტატები აცხადებდნენ, რომ სუნი არა ხანძრის, არამედ ნაკელის იყო.
“ვინც სხდომათა დარბაზში შედის, ყველა ამბობს, რომ იქ ნაკელის სუნი დგას. ეს სიმბოლურია. პარლამენტმა თავისი თავი გამოავლინა … ახლა ეს ყველაფერი ყნოსვითაც კი იგრძნობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.
• ოპოზიციამ საქართველოს პარლამენტის შენობის პიკეტირება განაახლა. დაკავებულია 12 ადამიანი
• საქართველოში პოლიტიკური კრიზისია. სად არის გამოსავალი? ექსპერტების მოსაზრებები
ძალიან მალე პარლამენტში “საპროტესტო სითხის” დაღვრაზე პასუხისმგებლობა სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა “ქვეყნის სამსახურში” აიღო.
შესაბამისი პოსტი მათ ფეისბუკში გამოაქვეყნეს. “სისტემა ყარს” – დაწერეს მათ.
მოძრაობამ ხსნარის ფოტოც გამოაქვეყნა:
“საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში,” – წერია პოსტში.
დღეს პარლამენტში ორი მნიშვნელოვანი საკითხი იხილება, რის გამოც ოპოზიციამ აქციები განაახლა. პირველი საკითხია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ნდობის გამოცხადება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი 14-სს დაუჭირეს, მათ შორის გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს. იურიდიული კომიტეტის რეკომენდაციის შემდეგ, მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უკვე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ. კომიტეტის ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააპროტესტეს. მათი მოთხოვნა იყო, რომ მხარი არც ერთი კანდიდატისთვის არ დაეჭირათ, რადგან მათივე შეფასებით, მხარდაჭერილი მოსამართლეები პოლიტიკური დავალებების შემსრულებლები და უკანონო გადაწყვეტილებების მიმღებნი არიან. ასევე დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოპოზიციონერი დეპუტატის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა. კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას. მელიასთვის მანდატის შეჩერების მიზეზია განაჩენი, რომელიც პოლიტიკოსს თბილისის საქალაქო სასამართლომ რვა წლის წინანდელ საქმეზე გამოუტანა. საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ბანკის “ქართუს” გაკოტრების საქმეს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. მელიას საკითხიც საპარლამენტო სესიაზე კენჭისყრით საბოლოოდ უნდა გადაწყდეს. აქცია პარლამენტთან დღეს დილის შვიდი საათიდან დაიწყო. აქციის მონაწილეები პარლამენტში შესასვლელებთან განლაგდნენ და შენობის პიკეტირებას ცდილობდნენ. მათი მიზანი იყო ხელი შეეშალათ ამ ორი საკითხის განხილვისთვის.
კოლოფს რუსულ ენაზე აწერია, რომ ეს არის ანტისეფტიკი-სტიმულატორი, რომლის გამოყენება შეიძლება როგორც შინაგანად ისე გარეგანადაც. რუსული წყაროები ამბობენ, რომ ეს არის ცხოველების გვამური ქსოვილებისგან დამზადებული ნივთიერება, რომელიც ვეტერინარულ საქმიანობაში გამოიყენება. თუმცა, ის უვნებელია ადამიანებისთვის და მეტიც, მას ადამიანები სამკურნალოდაც იყენებენ. მაგალითად, საბჭოთა კავშირის პერიოდში მას ადამიანები მოიხმარდნენ, როგორც სიცოცხლის გამახანგრძლივებელს, იმუნიტეტის ასამაღლებლად და რადიაციისგან თავის დასაცავად.
პრეპარატს აქვს ძალიან მძაფრი, არასასიამოვნო სუნი.
როგორს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, სხდომათა დარბაზში ნივთიერება ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაასხა:
„ორი დეპუტატი შემოვიდა სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი და გარკვეული ნივთიერება შემოიტანა, დაასხა აქ. ხვდებით მიზანი რა არის. აქედანვე შეგვიძლია დავპირდეთ, რომ ამას მოჰყვება რა თქმა უნდა უმკაცრესი რეაგირება”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
დეპუტატები ამბობდნენ, რომ სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნი დადგა. აღნიშნულის გამო თავი შეუძლოდ იგრძნო დეპუტატმა ენძელა მაჭავარიანმა, რომელიც მისივე განცხადებით, ალერგიულია. ასევე სასწრაფო დახმარება დასჭირდა პარლამენტის კიდევ ერთ თანამშრომელს, რომელიც ასევე სუნის გამო შეუძლოდ შეიქმნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს.
პარლამენტში მუშაობენ კრიმინალისტები, რომ გამოარკვიონ, რა ტიპის ნივთიერება იყო გამოყენებული.
„პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო სსკ 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, – განაცხადეს შსს-ში.
მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მომხდარს “ტერორისტული აქტი” უწოდეს.
“ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტზე. რამდენიმე ადამიანი არის მოწამლული,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.
“ოპოზიცია უკვე სიცოცხლის მოსპობას არ ერიდება თავისი მიზნების მისაღწევად,” – განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.