ოქროს ფეხბურთელები
წარმატებების მიხედვით კი, უკანასკნელ ადგილებზე გადიან მსოფლიოში.
2014 წელს აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაციამ 22,7 მილიონი მანათი (დაახლოებით 21,6 მილიონი დოლარი) მიიღო სპონსორებისგან, რომელთაგან სახელმწიფოს წარმოადგენდა კორპორაცია SOCAR. ამ ორგანიზაციამ ფედერაციის ანგარიშზე 14 მილიონი (13.3 მილიონი დოლარი) გადარიცხა.
სექტემბრის მონაცემების მიხედვით, ფიფას რეიტინგში (რომელშიც 208 სუბიექტი შედის) აზერბაიჯანი 110-ე ადგილზეა.
2015 წელს აზერბაიჯანში ფეხბურთის განვითარების ათწლიანი სახელმწიფო პროგრამა სრულდება. ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე მაჩვენებელიც უნდა აღვნიშნოთ. SOCAR-ის სახით სახელმწიფომ 2014 წელს 9,6 მილიონი მანათი (დაახლოებით 9 მილიონი დოლარი) დახარჯა ეროვნულ ნაკრებებზე; ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის – 2,1 მილიონი მანათი (დაახლოებით 1,9 მილიონი დოლარი).
აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაციის ხელმძღვანელმა როვნაგ აბდულაევმა ჯერ კიდევ მარტში აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროგრამის პროექტების უმრავლესობის “რეალიზაცია წარმატებით დასრულდა”.
ფედერაციის ტექნიკური დირექტორი, ბერნხარდ ლიპერტი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული პროგრამის წყალობით შექმნილია საბავშვო ლიგები და რეგიონებში ფეხბურთის აღორძინება დაიწყო. მისივე თქმით, ადგილობრივი მწვრთნელების დონეც მკვეთრად გაიზარდა.
მაგრამ თუკი ქაღალდზე გადატანილ, უზარმაზარი რიცხვებით დახუნძლულ ანგარიშებს თვალს მოვაცილებთ და მიმოვიხედავთ, დაგვებადება კითხვა: რამდენად შესრულდა საბავშვო და რეგიონული ფეხბურთის განვითარების ამოცანები? პროგრამის მთავარი მიზნის (ახალგაზრდების მასობრივ ჩართვას პროფესიონალურ ფეხბურთში და ამ გზით მეტი ტალანტის აღმოჩენის) შესრულებას სწორედ ეს ორი მიმართულება უნდა ემსახურებოდეს.
პროექტი “აზერბაიჯანის პრემიერლიგის კლუბებში ევროპელი სპორტული დირექტორების მოზიდვა”
მოიწვიეს 10 სპეციალისტი. თითოეული მათგანი, ხელფასის სახით, 5-დან 8 ათას დოლარს იღებდა თვეში (აზერბაიჯანში საშუალო ხელფასი 423 დოლარია). პროექტი ერთ წელიწადსაც არ გაგრძელებულა და, როგორც ბერნხარდ ლუპერტი აღნიშნავს, ეს წამოწყება ამჟამად დროებით შეჩერებულია.
პროექტი “ბერლინის საფეხბურთო სკოლა”
რთულია იმის თქმა, თუ რა მიზნებს ემსახურებოდა ბერლინში საფეხბურთო სკოლის დაარსება. გაუგებარია, რა დივიდენდები უნდა მოეტანა ამ პროექტს აზერბაიჯანისთვის.
სკოლა, რომელიც 2009 წლიდან ფუნქციონირებდა, წელიწადში 160 ათას მანათს იღებდა სახელმწიფოსგან. შესაბამისად, ხუთ წელიწადში აღნიშნული დაწესებულების შენახვისთვის 1 მილიონი მანათი დაიხარჯა, არადა ამ სკოლის ერთ კუსდამთავრებულსაც კი ვერ ვუწოდებთ პერსპექტიულს. პროექტის წარუმატებლობა თავად ფედერაციის პრეზიდენტმა, როვნაგ აბდულაევმაც კი აღიარა.
აგდამის “ყარაბაღის” ფეხბურთელი, ილგარ გურბანოვი, რომელიც 2000 წლიდან 2004 წლამდე თურქული “ფენერბახჩეს” ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა, აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ თურქულ კლუბს მხოლოდ ბავშვების ვარჯიშებისთვის 6-7 მოედანი აქვს გამოყოფილი. “იქ ძალიან კარგი პირობებია. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაც იქვეა, რის შემდეგაც ბავშვები ვარჯიშზე მიდიან. ამასთან, ყველა გუნდის თამაში ტაქტიკის დონემდე კოორდინირდება.
ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 16-17 წლის ფეხბურთელი არ დაიკარგოს, როდესაც დიდ ფეხბურთში მოხვდება. აზერბაიჯანში კი ბავშვთა და მოზარდთა ფეხბურთისთვის ჯერ კიდევ არ არსებობს შესაფერისი პირობები
ერთადერთი გამონაკლისია სპორტული კომპლექსი “გაბალა”, რომელიც ამავე სახელწოდების ქალაქში მდებარეობს. აქ საფეხბურთო აკადემია დააარსეს, სადაც სხვადასხვა ასაკის 250 ბავშვი 30 მწვრთნელის ზედამხედველობის ქვეშ 12 გუნდში ვარჯიშობს. ბავშვების განკარგულებაში 10 მოედანია. სპორტკომპლექსის ძირითად სტადიონზე კი 4000 მაყურებელი ეტევა.
საფეხბურთო მიმომხილველი, რუსტამ პირიევი აღნიშნავს, რომ პროგრამის წყალობით, მთლიანობაში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ნამდვილად გაუმჯობესდა. ბაქოში – ოთხი (“ბაიილ არენა”, “ბაკსელ არენა”, “დალგა არენა” და “ბინია არენა”), რეგიონებში კი რამდენიმე ახალი სტადიონი აშენდა. წლის ბოლოს მარდაკიანის დასახლებაში სპორტკომპლექსი გაიხსნება, რომელიც უეფას მხარდაჭერით აიგო. 2009 წელს ბაქოში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ასოციაციის ახალი შენობაც აშენდა.
“დალგა არენა”, ახალი სტადიონი ბაქოში
თუმცა, ფეხბურთის განვითარების შედეგების შეფასება ძალიან მარტივად ხდება – ან არის მაღალი შედეგები და კარგი სარეიტინგო ადგილები, ან – არა; ან არიან სახეზე საფეხბურთო ვარსკვლავები, ან – არა.
“ნაკრებისთვის ადგილობრივი ფეხბურთელებიდან 11 ნორმალური სპორტსმენის არჩევაც კი ვერ შეძლეს. ამის ნაცვლად, უცხოელების ნატურალიზაციით იყვნენ დაკავებულები,” – ამბობს პორტალ Sport7.az-ის ჟურნალისტი, ამალ აბუშოვი. “ეს კი იმის ნიშანია, რომ ათწლიანი პროგრამა ქაღალდზე დარჩა.” UEFA-ს რეპორტიორ აბას ზახიდის თავისი მოსაზრება აქვს:
“რეგიონებში, ადგილობრივი ხელისუფლების ბაზაზე უნდა შეიქმნას საფეხბურთო გუნდები, და ჩინოვნიკებს ამ კლუბების დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტებიდან უნდა ვაიძულოთ. ამას გარდა, საჭიროა მეორე დივიზიონის შექმნა, რომელშიც მხოლოდ ეს გუნდები შევა. ტრანსპორტის ხარჯების შემცირების მიზნით, დივიზიონების რეგიონულ ზონებად დაყოფაც. ეს სისტემა წარმატებით დაინერგა რუმინეთში. აღნიშნული ქვეყნის ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს.
უკვე გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ უკვე მზადაა ფეხბურთის განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამის პროექტი. ვნახოთ, რას ჩართავენ ამ გეგმაში”.