ოპერაცია „ნეიტრალიზაცია“
მასალის სრული ვერსია – „ნოვაია გაზეტას“ ვებგვერდზე
მაკედონიის კონტრდაზვერვის დოკუმენტებიდან ცხადი ხდება: რუსული სპეცსამსახურები ქვეყნის ნატოში შესვლის დაბლოკვას და ბალკანეთში ნეიტრალური ქვეყნების სარტყელის შექმნას ცდილობენ.
წყარომ მაკედონიის მთავრობიდან, ანონიმურობის პირობით, საერთაშორისო კონსორციუმ Organized Crime and Corruption Reporting Project (OCCRP)-ის ჟურნალისტებს ათეულობით საიდუმლო ანგარიშის შემცველი არქივი გადასცა. ერთობლივ გამოძიებაში ასევე მონაწილეობდნენ მაკედონიური ტელეარხი NOVA TV და სერბული გამოცემა KRIK.
გადაცემული დოკუმენტები სატელეფონო საუბრების მოსმენის, გარე დაკვირვებისა და წყაროების ნაამბობის საფუძველზეა შედგენილი. მათში ლაპარაკია, თუ როგორ ცდილობდნენ მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის ოფიცრები, რუსეთის საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, გავლენა მოეხდინათ მაკედონიისა და ბალკანეთის სხვა ქვეყნების საშინაო პოლიტიკაზე, რათა მათი ნატოში გაწევრიანება არ დაეშვათ და რუსეთის ინტერესები გაეტარებინათ. „ნოვაია გაზეტა“ OCCRP-ის გამოძიების მთავრ საკითხებზე გვიამბობს.
„დამანგრეველი პროპაგანდა“
ბოლო წლებში რუსეთმა საკუთარი გავლენა მთელ ბალკანეთშიც გააძლიერა, და კერძოდ მაკედონიაშიც, – ნათქვამია მაკედონიის კონტრდაზვერვის ანგარიშებში.
რუსეთის სადაზვერვო საქმიანობა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რამდენიმე ბალკანურმა ქვეყანამ ნატოში შესვლის სურვილის შესახებ განაცხადა. ამ წლის აპრილში მონტენეგროს პარლამენტმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას კენჭი უყარა, ხოლო მაკედონიამ და, ბოსნია და ჰერცოგოვინამ წევრობის კანდიდატების სტატუსი მიიღეს.
„რუსეთის ფედერაციის მხრიდან ეგრეთ წოდებული „რბილი ძალის“ მეთოდებით მოქმედება ბალკანეთის დასავლეთის გავლენისგან ჩამოსაშორებლად გამიზნული სტრატეგიის ნაწილია“.“გარდა ამისა, რუსეთის საგარეო პოლიტიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული ენერგეტიკულ სტრატეგიასთან, რაც ქვეყნის სტრატეგიულ ენერგეტიკულ რესურსებზე კონტროლის მოპოვებას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია ანგარიშებში.
ამ გეგმის საბოლოო მიზანი ის არის, რომ „მაკედონია სრულად გახდეს რუსულ პოლიტიკაზე დამოკიდებული“, – მიაჩნიათ მაკედონიის კონტრდაზვერვის მუშაკებს.
მთავარი სადაზვერვო სამართველოსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის აგენტები
რუსი აგენტები მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდნენ მაკედონიური ჯარისა და პოლიციის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების გადაბირებას, რათა სამხედრო მომზადების მქონე ადამიანების კრიტიკული მასა შეექმნათ და საჭირო პოლიტიკურ მომენტში რუსეთის ინტერესებისთვის გამოეყენებინათ“, – ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, რუსეთის წარმომადგენლები სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მოპოვებასაც ცდილობდნენ და მაკედონიის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს ფულად სახსრებს სთავაზობდნენ, რათა ქვენაში რუსული პოლიტიკა გაეტარებინათ.
“რუსეთი პან-სლავური იდენტურობისა და ერთიანი მართლმადიდებლური რწმენის იდეის განვითრებას უწყობს ხელს“, – ნათქვამია დოკუმენტში. მაკედონიაში, რუსეთის საელჩოს ინიციატივით, ბოლო ხანს დაახლოებით 30-მდე „მეგობრობის ასოციაცია“ გაიხსნა. გარდა ამისა, საელჩო მთელ ქვეყანაში მართლმადიდებლური ეკლესიების მშენებლობასაც აფინანსებს“.
რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება
მაკედონიელი კონტრდაზვერვის თანამშრომლების აზრით, რუსეთისა და სერბეთის ერთობლივმა მოქმედებებმა მაკედონიაშიც სერიოზული პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია: ძირითადი პარტიების დაპირისპირება, რასაც პარლამენტში არეულობა მოჰყვა. ამ პოლიტიკურ კრიზისს ალბანურ უმცირესობასთან ეთნიკური უთანხმოებებიც აძლიერებს: ალბანელები მაკედონიის მოსახლეობის მეოთხედს შეადგენენ, და ავტონომიის გამოცხადების მათი ადრინდელი მცდელობები კინაღამ სამოქალაქო ომით დასრულდა.
2016 წლის დეკემბერში ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდა, რასაც პოლიტიკური კრიზისი უნდა დაესრულებინა. თუმცა, ასე არ მოხდა. პარლამენტმა კოალიციური მთავრობა მხოლოდ გასულ კვირას, 31 მაისს დაამტკიცა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი ოპოზიციური პარტიის „მაკედონიის საოციალ-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი, ზორან ზაევი გახდა.
კოალიციის ჩამოყალიბების წინა მცდელობებს ნაციონალისტების მიერ პარლამენტზე შეტევების მიტანა მოჰყვა; არეულობების შედეგად ამ წლის 27 აპრილს ზაევმა და ათეულობით სხვა ადამიანმა ტრვმები მიიღეს.
რუსეთის ხელისუფლებამ აშშ და ევროკავშირი მაკედონიაში ხელისუფლების შეცვლის ორგანიზებასა და ზაევის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
კონტრდაზვერვის ერთ-ერთ ანგარიშში სიტყვასიტყვით არის გადმოცემული ამ წლის 7 აპრილს რუსეთის ელჩ ოლეგ შერბაკსა და მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს შორის გამართული საუბარი.
დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის ელჩი უცხოელ კოლეგასთან აღიარებს, რომ რუსეთის მიზანია „ბალკანეთში შექმნას ნეიტრალური ქვეყნების სარტყელები“ – მონტენეგროს, ბოსნიისა და ჰერცოგოვინას, მაკედონიისა და სერბეთის.
ელჩი თითქოს პრეტენზიასაც გამოთქვამს ქვეყანაში რუსული პოლიტიკის და ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში „უცხოური ჩარევის“ შესახებ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებებისთვის არასაკმარისი მხარდაჭერის გამო.
შერბაკი იმასაც უშვებს, რომ თუკი მაკედონიის ხელისუფლება საჯაროდ არ გამოხატავს კრემლისადმი მხარდაჭერას, ეს ეკონომიკური და დიპლომატიური თანამშრომლობის შეკვეცას გამოიწვევს.
რუსმა დიპლომატებმა OCCRP-ის კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადეს.
სერბეთის დამხმარება
საიდუმლო დოკუმენტების არქივი სერბეთის დაზვერვის BIA-ს ზოგიერთი თანამშრომლის საუბრების მოსმენასაც შეიცავს. ანგარიშებში ნათქვამია, რომ დაზვრევის სერბი თანამშრომლები აქტიურად ეხმარებოდნენ რუს კოლეგებს მაკედონიაში მათი გეგმების განხორციელებაში.
2013 წლიდან კონტრდაზვერვის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ BIA-ს თანამშრომელ გორან ჟივალჩევიჩს, რომელიც აქტიურად მუშაობდა იმაზე, რომ მაკედონიის ევროპაში ინტეგრაცია არ დაეშვა. დოკუმენტები იმაზე მეტყველებს, რომ ჟივალკევიჩი მაკედონიის პარლამენტის რუს წევრს, სერბეთის დემოკრატიული პარტიის ლიდერს ივან სტოილკოვიჩს ინსტრუქციებს აძლევდა.
სტოილკოვიჩი ასევე არაერთხელ შეხვდა მეზობელი მონტენეგროს იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებიც მათი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ამ პოლიტიკოსებს შორის ისეთებიც იყვნენ, ვისაც მაკედონიის კონტრდაზვერვის თანამშრომლები რუსული სპეცსამსახურების აგენტებს უწოდებდნენ.
საიდუმლო დოკუმენტები იმასაც ცხადყოფს, რომ სტოილკოვიჩი სერბეთის დაზვერვის BIA-ს თანამშრომელთან ზორან ზაევის შესახებ სერბეთში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებსაც ათანხმებდა. სებეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებები მართლაც აქტიურად აკრიტიკებდნენ ზაევს და იმის შესახებ წერდნენ, რომ დასავლეთის ჩარევასა და ალბანელების პოლიტიკურ მოთხოვნებს, შეიძლებოდა, ომი მოჰყოლოდა.
OCCRP-ს ჟურნალისტები სტოილკოვიჩს ტელეფონით დაუკავშირდნენ.
“თქვენ როდესაც ვინმეს ხვდებით, მე გეკითხებით ამის შესახებ? უნდა გრცხვენოდეთ, შეურაცხყოფას მაყენებთ“, – უპასუხა მან ჟურნალისტებს.
სერბული დაზვერვის დანამშრომელმა ჟივალკევიჩმა კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა. ჯერჯერობით არც რუსეთის ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების წარმომადგენელთა კომენტარები ჩანს.