მოლდოვაში დაკითხეს და გაუშვეს რუსული „სპუტნიკის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი
გაზიარება
გაზიარება
მოლდოვაში დაკითხვაზე დაიბარეს საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ-მოლდოვის“ გენერალური დირექტორი ვლადიმირ ნოვოსადიუკი – და დაკავების შემდეგ, მალევე, ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.
როგორც მოლდოვური გამოცემა Newsmaker იტყობინება, ანტიკორუფციულმა პროკურატურამ 17 სექტემბერს მის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ნოვოსადიუკს თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში დასდეს ბრალი.
საერთო ჯამში, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე 21 ჩხრეკა ჩაატარეს. დააპატიმრეს პარლამენტის დეპუტატები, მარინა ტაუბერი და რეგინა აპოსტოლოვა, რომელთაც მანამდე სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნეს.
ნოვოსადიუკს მოლდოვის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის გაქრობის ხმაურიან საქმეში მონაწილეობაში ადანაშაულებენ.
შორი მისივე სახელის მქონე პარტია „შორის“ ლიდერია. მას 2017 წელს, კიშინიოვის სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საბანკო თაღლითობაში მონაწილეობის ბრალდებით. განაჩენი გაასაჩივრეს და სანამ საქმე ხელახლა განიხილებოდა სააპელაციო ინსტანციაში, მას მოლდოვის ტერიტორიის დატოვება ჰქონდა აკრძალული.
2018 წლის თებერვალში შორი პარლამენტის დეპუტატი გახდა. თუმცა, მოლდოვაში, 2019 წლის ივნისში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მან ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და სადეპუტატო იმუნიტეტი ჩამოერთვა.
„სპუტნიკ-მოლდოვის“ ხელმძღვანელის, ვლადიმირ ნოვოსადიუკისა და მისი მეუღლის, რიტა ცვიკის სახელი გამოძიებაში 2014 წლიდან ფიგურირებდა, როდესაც სამმა მოლდოვურმა ბანკმა –Banca de Economii–მ, Banca Sociala–მ и Unibank–მა, რომლებიც საბანკო აქტივების თითქმის ერთ მესამედს აკონტროლებდნენ, ქვეყნიდან დაახლოებით მილიარდი დოლარი გაიტანეს.
ბანკების ლიკვიდირება მოხდა, მათი ქონება კი გასაყიდად გაიტანეს.
მოლდოვის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, საქმის გამოძიება 2015 წლიდან, საერთაშორისო კომპანიებმა Kroll-მა და Steptoe & Johnson LLP-მა დაიწყეს.
სპუტნიკი – რუსული საინფორმაციო სააგენტოა, რომელსაც წარმომადგენლობა და ბიუროები სხვადასხვა ქვეყანაში აქვს, მათ შორის, აშშ-ში, ევროკავშირისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.