მეორეხარისხოვანი ბავშვები
აზერბაიჯანში ორსულობის სელექციური შეწყვეტის შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. შერჩევითი აბორტების შესახებ სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, ამიტომ ინფორმაციის ერთადერთ წყაროს უფლებადამცველი ორგანიზაციების კვლევები წარმოადგენს. ასეთი კვლევების ჩატარების აუცილებლობა კი ქვეყანაში არსებული გენდერული დისბალანსითაა გამოწვეული – აზერბაიჯანში ყოველ 100 ახალშობილ გოგონაზე 117 ბიჭი მოდის. რესპუბლიკის მთავარი პედიატრის, ნასიბ გულიევის თქმით, სწორედ სელექციური აბორტების ფენომენითაა გამოწვეული ახალშობილთა შორის არსებული გენდერული დისბალანსი.
ეს მოვლენა საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული. ოჯახები, რომლებსაც მხოლოდ ვაჟის ყოლა სურთ, ულტრაბგერითი გამოკვლევის შემდეგ, ორსულობის მესამე თვეში იშორებენ ნაყოფს იმ შემთხვევაში, თუკი გოგონაა ჩასახული.
გოგონები არ გვჭირდა
რვა თვის რენა არასამთავრობო ორგანიზაცია „აზერბაიჯანის ბავშვთა კავშირთან“ არსებულ მიუსაფარ ბავშვთა რეინტეგრაციულ ცენტრში გავიცანი. იგი აქ თავის 23 წლის დედასთან ერთად მოხვდა. ქალმა ქუჩაში მდგარ პოლიციელებს უთხრა, რომ საცხოვრებელი არ ჰქონდა. სამართალდამცავებმა იგი თავშესაფარში მოიყვანეს.
ქმარი ბავშვის მოშორებას მოითხოვდა. ბავშვის ინტერნატში ჩაბარება უნდოდა; იმიტომ რომ ვაჟს ელოდებოდა, მაგრამ გოგონა დაიბადა. საბოლოოდ კი მან დედა-შვილი ქუჩაში დატოვა.
ეს ისტორია სელექციურ აბორტს არ შეეხება, მაგრამ პრობლემის მიზეზების ილუსტრირებას ახდენს. ბევრი აზერბაიჯანელი დღემდე მიიჩნევს, რომ გოგონა მეორეხარისხოვანი ბავშვია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პოზიციას აქტიური საზოგადოების წარმომადგენლები, მუსლიმი სასულიერო პირები და ჩინოვნიკები ერთხმად გმობენ.
გაეროს განსახლების ფონდის აზერბაიჯანის წარმომადგენლობის მრჩევლის, ფარიდ ბაბაევის მტკიცებით, ახალშობილთა სქესობრივი თანაფარდობის დარღვევის მაჩვენებლით აზერბაიჯანი მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში.
«ამჟამად აზერბაიჯანში დაბადებული ბიჭების რაოდენობა ახლადშობილი გოგონების რიცხვს 10-11%-ით აღემატება. თუკი ამ პრობლემას ყურადღებს არ მივაქცევთ, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ქვეყანა ნამდვილი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება», – მიიჩნევს ბაბაევი.
რატომ არ გვჭირდებიან გოგონები?
ნარმინა მამედოვა [სახელი შეცვლილია ეთიკური მოსაზრებით – ავტ.] 27 წლისაა. იგი ბაქოში ქალაქ ბელიასუვარიდან ჩავიდა. რამდენიმე წლის წინ მან მეუღლისა და დედამთილის დაჟინებული მოთხოვნით, ნაყოფი მოიშორა.
«ჩემს ქმარს ბიჭი უნდოდა. თუ გოგოს გააჩენ, ბავშვთან ერთად გაგაგდებო, მითხრა. ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს მითხრეს, რომ გოგონას ველოდებოდი. ორი კვირის მანძილზე ვყოყმანობდი. ვტიროდი, ვეხვეწებოდი და ვემუდარებოდი, მაგრამ მაინც წამიყვანეს აბორტის გასაკეთებლად, რის შემდეგაც დაორსულებას ვეღარ ვახერხებდი. ბოლოს კი მეც მომიშორეს – ზუსტად ისევე, როგორც ჩემი შვილი», – ამბობს ნარმინა.
«ბაქოში ნარმინა მარტო ცხოვრობს. დაბალ ფასად ქირაობს ბინას და ოფიციანტად მუშაობს. მშობლებთან თითქმის არ აქვს კონტაქტი, იმიტომ რომ მათი რცხვენია. მაინცდამაინც არც მათ უხარიათ მასთან ურთიერთობა. ნარმინა უკვე აღარაფერს მოელის ცხოვრებისგან.
ქალთა დახმარების საზოგადოებრივი გაერთიანება „სუფთა სამყაროს“ თავმჯდომარის, მეჰრიბან ზეინალოვას თქმით, სელექციური აბორტების სიმრავლე ყოველთვის საზოგადოებისა და ქალების ურთიერთობას უკავშირდება.
«აბორტი, რომელიც სქესობრივი ნიშნით ტარდება, დისკრიმინაციას წარმოადგენს ქალის მიმართ. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური იმ ქვეყნებშია, სადაც ქალების უფლებები ირღვევა. ოჯახები, რომლებიც მდედრობითი სქესის ნაყოფს იშორებენ, გოგონებს „მეორეხარისხოვან ბავშვებად“ მიიჩნევენ», – ამბობს ზეინალოვა.
მისი აზრით, სელექციური აბორტების ინიციატორებად მეტწილად მამაკაცები გამოდიან.
რითი სჯობიან ბიჭები გოგონებს? ბიჭები გვარის გამგრძელებლებად მიიჩნევიან და სწორედ მათზე კეთდება „ფსონი“. მშობლები ვარაუდობენ, რომ მომავალში ვაჟი ოჯახს დაეხმარება. გარდა იმ ქალების ისტორიისა, რომლებსაც ქმარმა და დედამთილმა აიძულეს, აბორტი გაეკეთებინათ, ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საკმაოდ შეძლებულ ოჯახში მცხოვრები ქალს სურს, რომ ბიჭი გააჩინოს – „იმისათვის რათა ქმარს დამხმარე ჰყავდეს“, ან „მარტოობისგან თავის არიდების მიზნით – ეს საფრთხე კი მაშინ იჩენს თავს, როდესაც გოგონები თხოვდებიან და მეუღლეებთან გადადიან საცხოვრებლად“. ზოგჯერ იმასაც აღნიშნავენ, რომ ბიჭის გაჩენა საჭიროა იმისთვის, რათა „ბიჭმა თავისი და რეპეტიტორებთან მიაცილოს ხოლმე მაშინ, როდესაც გოგონა აბიტურიენტი გახდება».
ეს ყველაფერი ყოფითი კულტურის დაბალი დონითაა განპირობებული, რომლის წყალობითაც აზერბაიჯანში „გენდერული სტერეოტიპები“ ყვავის. ამის გამო კი ქალი სუსტ, დამოკიდებულ არსებად რჩება, რომელიც მამაკაცმა უნდა დაიცვას და გააკონტროლოს. სულაც არ არის გასაკვირი, რომ მშობლებს გოგონების ასეთ საზოგადოებაში მარტო, ძმის მეთვალყურეობის გარეშე „გაშვების“ შიში აქვთ.
გამოასწორებს თუ არა სიტუაციას ექოსკოპიის შედეგების გამჟღავნების აკრძალვა?
აღსანიშნავია, რომ უკვე დიდი ხანია, ცნობილია ამ პრობლემის არსებობის შესახებ. 2011 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკვე აცხადებდნენ, რომ სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ნაყოფის სქესის „პრენატალური არჩევის“ ტრადიციის არსებობის დამამტკიცებელი არგუმენტები არსებობდა. მაშინ აზერბნაიჯანული საზოგადოება პირველად დაფიქრდა ამ საკითხზე. ჩინოვნიკებმა სხვადასხვა სახის რეგულაციების დანერგვის ინიციატივით გამოვიდნენ. ზოგიერთი აღნიშნავდა, რომ მშობლებისათვის ბავშვის სქესის გამჟღვნება უნდა აკრძალულიყო, სხვები კი აბორტების საყოველთაო კრიმინალიზაციას ემხრობოდნენ. მაგრამ უმრავლესობამ ასეთი რადიკალურ ზომების მიღებას მხარი არ დაუჭირა.
მილი მეჯლისის დეპუტატი, ელმირა ახუნდოვა:
«ამ პრობლემა მხოლოდ ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო კამპანიით შეიძლება მოგვარდეს. საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რომ ჯანმრთელი ბავშვის დაბადება მნიშვნელოვანია და თითოეული ადამიანის სიცოცხლე სიწმინდეა, რომელიც უფალმა გვიწყალობა».
2009 წელს დამუშავებულ კანონპროექტში „ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ“ შეტანილ იქნა პუნქტი, რომლის საფუძველზეც ულტრაბგერითი კვლევის ფარგლებში მშობლებისათვის ნაყოფის სქესის გამჟღავნება იკრძალება. ავტორები ვარაუდობენ, რომ ეს ნაბიჯი ქვეყანაში სელექციური აბორტების რაოდენობას შეამცირებს
კანონპროექტი ცხარე კამათის საგნად იქცა. მის მომხრეებს მტკიცედ სწამთ, რომ მხოლოდ საგანმანათლებლო საქმიანობა ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს. მათი აზრით, საჭიროა ხისტი მეთოდების დანერგვა – ადმინისტრაციული ჯარიმების დაკისრება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაც კი.
მკაცრი მეთოდების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ აკრძალვები ქრთამის აღებისა და იატაკქვეშეტში ჩატარებული აბორტების შემთხვევების რიცხვს გაზრდის. ამას ამტკიცებს ჩინეთისა და ინდოეთის მაგალითიც – ამ ქვეყნებში აბორტის სქესობრივი ნიშნით ჩატარება იკრძალება, მაგრამ ამ რეგულაციამ სელექციური აბორტების რიცხვი ვერ შეამცირა. მიუხედავად იმისა, რომ დარღვევის შემთხვევებში რეგულაცია გარკვეულ სასჯელს ითვალისწინებს, ადამიანები კანონის გვერდის ავლას მაინც ახერხებენ.
გამოდის რომ მხოლოდ საგანმანათლებლო სამუშაოების იმედად ვრჩებით. რა თქმა უნდა, ეს საკითხი პერიოდულად ტელევიზიისა და მასმედიის სხვა საშუალებების ყურადღების ცენტრში ექცევა ხოლმე, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემა „ადგილიდან არ იძვრება“, შეიძლება ითქვას, რომ უფრო ინტენსიური ზემოქმედებაა საჭირო.