კოკოითის დაბრუნება სურს
ედუარდ კოკოითი, რომელიც 2006-2011 წლებში სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტი იყო და 2011 წელს, პოლიტიკური კრიზისის შედეგად წავიდა, რესპუბლიკაში თითქოს დაივიწყეს. თუმცა, დღეს მისი მომხრეები სამხრეთი ოსეთის პირველი პოსტისთვის მის საბრძოლო მზადყოფნაზე ლაპარაკობენ.
ვინ ელის კოკოითის სამხრეთ ოსეთში? როგორც ჩანს, დამოუკიდებლობის მომხრეები
კოკოითი პოლიტიკიდან წავიდა სამხრეთ ოსეთში 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თანმდევი მღელვარების შედეგად. მაშინ პოლიტიკური სცენის გმირად იქცა ალა ჯიოევა, რომელიც რეპუბლიკას ჰპირდებოდა მოსკოვზე ნაკლებად დამოკიდებულ, ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მომავალს. ედუარდ კოკოითი არაპოპულარული ლიდერი გახდა, საზოგადოებრივი აზრი მას კორუფციასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებდა, და ის რესპუბლიკიდან მოსკოვში გაემგზავრა.
ამის შემდეგ კოკოითის არანაირად და არასდროს არ ჰქონია პრესასთან ურთიერთობა. და აი, ახლა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ მისი სახელი ისევ გაისმა – სავარაუდოდ, არჩევნები 2017 წლის აპრილისთვის დაინიშნება
თამარა გაგლოევამ, რომელმაც მას საპრლამენტო “სახალხო პარტიის” ერთგულება შეუნარჩუნა, საკუთარ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი სათაურით:”კოკოითი: სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად კენჭს ვიყრი”.
“ჩვენ ხალხის ინტერესებზე უნდა ვიფიქროთ,… მთავარი სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობაა. ეს ცხელი კარტოფილი კი არ არის ვიღაცის ხელში. ეს ბრილიანტია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. რატომღაც, ზოგიერთებს ჩვენი ხალხის მიერ მოპოვებული ამ დამოუკიდებლობის თავიდან მოშორება უნდათ”, – მოჰყავს გაგლოევას ციტატა პარტიის შეკრებაზე კოკოითის გამოსვლიდან.
რესპუბლიკის მომავლის განსაზღვრასთან დაკავშირებული ეს დიდი ხნის წინანდელი დაპირისპირება, როგორც ჩანს, უმნიშვნელოვანესი იქნება კანდიდატების წინასაარჩევნო ბრძოლისას. უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც სამხრეთ ოსეთში მიმდინარეობს პოლიტიკური და საზოგადოებრივი დავა – ორი გზიდან რომელი აირჩიონ: 1) ააშენონ დამოუკიდებელი რესპუბლიკა და საერთაშორისო აღიარების მოპოვებაზე იზრუნონ; თუ 2) უარი თქვან დამოუკიდებლობის იდეაზე, მიაღწიონ ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებას – და შესაბამისად, რუსეთის ფედრაციის შემადგენლობაში შესვლას.
თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში კოკოითი საკმაოდ არათანმიმდევრული იყო ამ საკითხში. მაგალითად, 2008 წელს, მოსკოვის მიერ სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, მან მაშინვე განაცხადა ქვეყნის რუსეთის ნაწილად ქცევის გეგმებზე.
დღეს ედუარდ კოკოითი აშკარად პირველ გზას ადგას. ის უკვე ამბობს, რომ არ იზიარებს სამხრეთ ოსეთში დღეს ასე პოპულარულ იდეას რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, რომელიც საბოლოოდ გამოავლენდა, თუ ამ მიმართულებათაგან რომელს ემხრობა საზოგადოება.
“ჩვენ საკუთარი სისხლით დავადასტურეთ, რომ რუსეთთან ვართ, და ახლა რაიმე რეფერენდუმის ჩატრება, უბრალოდ უაზრობაა. ნუთუ ეს სისხლი არ არის საკმარისი?” – ციტირებს მის სიტყვებს გაგლოევა.
ვინ არ ელოდება კოკოითის? ეს უფრო რთული საკითხია
“საზოგადოების შეგნებამდე მინდა მივიტანო, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან არც ერთს არ დავუჭერ მხარს, მე თვითონ ვიყრი კენჭს. მე სამხრეთი ოსეთის ხალხის გვერდით ვარ,”- აცხდებს კოკოითი, გაგლოევას ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ სატატიაში.
თუმცა, მას ამ გზაზე რამდენიმე წინააღმდეგობა ელის.
2016 წელს სამხრეთი ოსეთის საარჩევნო კანონში შეიტანეს ცვლილებები, რომელთა თანახმად, სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატისთვის აუცილებელია ბოლო ათი წლის განმავლობაში რესპუბლიკის მუდმივი მოქალაქეობა.
კოკოითის 2012 წლიდან რესპუბლიკაში მუდმივად არ უცხოვრია, და შესაბამისად, კანდიდატად რეგისტრირების უფლება არ აქვს. ექს-პრეზიდენტი უმეტეს დროს მოსკოვსა და ჩრდილოეთ ქალაქ ალაგირში ატარებს, სამხრეთ ოსეთში კი მუდმივად ჩაწერილიც კი არ არის.
როგორც სამხრეთელი ოსი ექსპერტი, რონალდ ქელეხაესვის ამბობს, “კოკოითი იმ მახეში ებმება, რომელიც 2011 წელს თავადვე დააგო.”
“იმ შემთხვევაში, თუ თავად ვერ შეძლებს, კენჭი იყაროს, ის მხარს დაუჭერს თავის შემცვლელს ან ვინმე სხვა პოლიტიკურ ფიგურას, ვინც მას სამხრეთი ოსეთის პოლიტიკაში დარჩენის გარანტიას მისცემს, -ამბობს ქელეხსაევი; – კოკოითისთვის ეს ბოლო შანსია – თუ ამ არჩევნებზე თავს სათანადოდ ვერ წარმოაჩენს, 5 წლის შემდეგ ის ნამდვილად აღარავის ემახსოვრება.”
მეორე გარემოება, რაც ედუარდ კოკოითის პოლიტიკაში დაბრუნებას ართულებს, მთლიანობაში მისი ნეგატიური რეპუტაციაა, რაზეც სამხრეთ ოსეთში ხშირად ლაპარაკობენ.
პრეზიდენტობის კანდიდატად კოკოითის შესაძლო წარდგენაზე გავრცელებულ პირველივე ხმებს მისმა ოპონენტებმა მასობრივი კრიტიკითა და ბრალდებებით უპასუხეს. პირველ რიგში, მას ის შეახსენეს, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს, ქართული არმიის მხრიდან სამხრეთ ოსეთზე შეტევის დროს მთავარსარდალი კოკოითი ცხინვალიდან ჯავაში გაიქცა და უკან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დაბრუნდა, როდესაც სიტუაციას უკვე ჯარი აკონტროლებდა.
კოკოითის მომხრეები დღეს ყველას აქტიურად ახსენებენ, რომ 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება მისი პრეზიდენტობის დროს მოხდა და ეს მისი დამსახურებაა. ოპონენტები კი აცხადებენ, რომ სწორედ კოკითიმ და მისმა გარემოცვამ მიისაკუთრეს რუსეთიდან მიღებული ფინანსური დახმარების დიდი ნაწილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ სამხრეთი ოსეთის აღდგენას უნდა მოხმარებოდა.
როლანდ ქელეხსაევის თქმით, არც თავად კოკოითის და არც მის გარემოცვას არასდროს არ წარუდგენიათ საზოგადოებისთვის რაიმე ანგარიში რუსეთიდან 2018-2012 წლებში მიღებული ფინანსური დახმარების განკარგვის თაობაზე. “არადა, ლაპარაკია 30 მლრდ მანეთზე (დაახლოებით $470 მილიონი),” – ამბობს ქელეხსაევი.
სამხრეთოსურ Facebook-ში გამოქვეყნებული მრავალრიცხოვანი პოსტის ავტორები კოკოითის ბრალად სდებენ თანხების მიტაცებას პრეზიდენტის საგანგებო ანგარიშიდანაც, რომელზეც ხსენებული მიზნებისთვის თითქმის 1,2 მლრდ რუბლი (დაახლოებით $18,5 მილიონი) შეგროვდა.
როლანდ ქელეხსაევი კოკოითის ამ ახალ ამბიციებს “უჭკუობად” მიიჩნევს და ამბობს, რომ პოლიტიკაში მისი დაბრუნება გამორიცხულია. “თუმცა, ცუდი ის არის, რომ წინასაარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენის მისმა ნებისმიერმა მცდელობამ, შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს. შეიძლება ადამიანებმა საპროტესტო აქციები გამართონ.”
რას ფიქრობს მოსკოვი?
2011 წლიდან კოკოითის არც სამხრეთ ოსეთში და და არც რუსეთში არანაირი ხელმძღვანელი თანამდებობა არ დაუკავებია. არსებობს მხოლოდ გარკვეული ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთში ის კაზაკურ ფორმირებათა ღონისძიებებსა და მართლმადიდებლური საქველმოქმედო ფონდების შეკრებებში მონაწილეობდა, რაც სამხრეთ ოსეთში განსაკუთრებულ ინტერესს არ იწვევს.
ახლახან სამხრეთ ოსეთში სხვა მრავალფეროვან ჭორებს განიხილავდნენ. თავიდან ითქვა, რომ კოკითი მათ შორის იყო, ვინც რუსეთის უმაღლეს ხელმძღავანელობას წყალქვეშა ნავზე ახლდა. ამბობდნენ იმასაც, რომ კოკოითი ამუშავებს გეგმას – საქართველოს ერთ-ერთი რაიონის – სტეფანწმინდის (ყაზბეგის) სამხრეთ ოსეთთან მიერთების შესახებ.
ამ ხმებს საფუძვლს ძირითადად ის ცნობა უქმნიდა, რომ შეიძლებოდა, მოსკოვში კოკოითის კანდიდატურისთვის დაეჭირათ მხარი.
თუმცა, არსებობს სულ სხვა სიგნალებიც, რომლებიც ამგვარ მხარდაჭერას ეჭვქვეშ აყენებს. მაგალითად, 2016 წლის ზაფხულში მოსკოვში ყოფნისას “პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრმა” გამოაქვეყნა სამხრეთი ოსეთის პოლიტიკური სიტუაციის ანალიზი, სახელწოდებით “არჩევანი ტანდემიდან”.
ამ გამოკვლევაში კოკოითი “აუტსაიდერად” არის მოხსენიებული, ხოლო სამრეთი ოსეთის პოლიტიკაში მისი შესაძლო დაბრუნება – “დესტაბილიზაციის გამომწვევ ფაქტორად”.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს