პოლონეთში დაკავებული აზერბაიჯანელი პოლიტემიგრანტი გირაოთი გაათავისუფლეს
9 იანვარი
აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი აქტივისტი და პოლიტემიგრანტი, დაშგინ აგალარი, რომელიც ინტერპოლმა პოლონეთში აზერბაიჯანის მოთხოვნით დააკავა, გირაოთი გაათავისუფლეს.
აგალარის თქმით, ეს შესაძლებელი გახდა საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციების, ნორვეგიის მთავრობის ჩარევისა და, ასევე – პოლონეთის მოქალაქის თავდების წყალობით, რომლის ვინაობაც აქტივისტს არ დაუსახელებია.
დაშგინ აგალარი ამბობს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება მას გადასახდელების თავიდან აცილებას ედავება. სწორედ ამის გამო დააკავა ის 6 იანვარს ინტერპოლმა ქალაქ გდანსკის აეროპორტში. თავად აგალარი ამ ბრალდებას გამოგონილს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
ახლა პოლონეთის პროკურატურა უნდა გაერკვეს, თუ რამდენად საფუძვლიანია აზერბაიჯანული მხარის ბრალდება, და არსებობს თუ არა აქტივისტის ექსტრადიციის საფუძველი.
ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, აგალარი ვარშავაში დარჩება.
6 იანვარი
აზერბაიჯანელი პოლიტემიგრანტი დაშგინ აგალარი, რომელმაც სამი წლის წინათ ნორვეგიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, 6 იანვარს ინტერპოლმა ქალაქ გდანსკის (პოლონეთი) აეროპორტში დააკავა.
აგალარის თქმით, ის აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნით დააპატიმრეს და აზერბაიჯანში უკან დაბრუნებას უპირებენ. უცნობია, კერძოდ რა ბრალდებები აქვს მას წაყენებული. აგალარის მიაჩნია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება მასზე ნადირობს.
2014 წელს აგალარი გადასახადების გადაუხდელობისთვის საქართველოში უკვე დაპატიმრებული იყო.
• ჯაშუშური ვნებები: რატომ აღარ იღებენ თბილისში აზერბაიჯანელ პოლიტემიგრანტებს
• როგორ ცხოვრობენ პოლონეთში ქართველი შრომითი მიგრანტები
საქართველოდან ნორვეგიაში
დაშგინ აგალარი აზერბაიჯანში ოპოზიციურ საქმიანობას ეწეოდა. 2014 წელს ის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა. ამის შემდეგ მალევე, გადასახადების გადაუხდელობის გამო, მასზე ძებნა გამოცხადდა, ის თბილისში დააპატიმრეს და საგამოძიებო იზოლატორში მოათავსეს. ნახევარი წლის შემდეგ ის იქედან ადგილობრივმა უფლებადამცავებმა დაიხსნეს.
2017 წელს აგალარიმ საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, მაგრამ შემდეგ მას ეს სტატუსი ჩამოერთვა და იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა.
საბოლოოდ მან პოლიტიკური თავშესაფარი ნორვეგიაში მიიღო. ახლა ის იქ ცხოვრობს და საფრანგეთიდან მაუწყებელ პოლიტემიგრანტულ არხთან TuranTv-სთან თანამშრომლობს.
დაშგინ აგალარი თავისი ყველა პატიმრობის მიზაზად, ახლანდელი დაპატიმრების ჩათვლით, მისი განსხვავებული აზროვნების გამო, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან დევნას მიიჩნევს.
დაპატიმრება გდანსკში
„აზერბაიჯანული პასპორტი, რომლის მიხედვითაც ჩემზე ძებნა გამოცხადდა, გაუქმებულია და უკვე ნორვეგიული საბუთი მაქვს. პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მეუბნებიან, რომ მათ ეს ყველაფერი უნდა გამოიძიონ“, – უყვება დაშგინ აგალარი ვებგვერდ „კავკაზსკი უზელს“.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჯერჯერობით არავითარი კომენტარი არ არის.
TuranTv-ის წამყვანმა ფიკრეტ გუსეინლიმ (ნიდერლანდებში მცხოვრები, ასევე, პოლიტემიგრანტი), თავის Facebook-გვერდზე დაწერა, რომ „პოლონეთში აზერბაიჯანის საელჩომ დაშგინ აგალარის ექსტრადიციის მისაღწევად ზრუნვა დაიწყო.“ მისი აზრით, ვიდრე ჯერ კიდევ გვიანი არ არის, საჭიროა, რომ ამ პრობლემის გადასაწყვეტად საერთაშორისო ორგანიზაციებმა და უფლებადამცავებმა ყველა ღონე იხმარონ.
სოციალური ქსელების ბევრი სხვა მომხმარებელი ფიქრობს, როგორ უნდა დაიხსნან აგალარი, ან უბრალოდ, მის გათავისუფლებას მოითხოვენ.
არა პირველი შემთხვევა
ეს ნამდვილად არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი აქტივისტების, ჟურნალისტების და პოლიტემიგრანტების დეპორტირება და ექსტრადირება, ან უბრალოდ, მათი სხვა ქვეყნებიდან გატაცება ხდება.
ყველაზე გახმაურებული შემთხვევა 2017 წელს მოხდა – ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოდან გაიტაცეს, აზერბაიჯანში ჩაიყვანეს და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციები ამ დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და მუხთარლის პოლიტპატიმრად აღიარებენ.
ასევე, მაგალითად 2019 წლის მარტში რუსეთმა აზერბაიჯანის სამხრეთით მცხოვრები თალიშის ეროვნული უმცირესობის უფლებათა დამცველის ფაჰრადინ აბასოვის დეპორტირება მოახდინა აბასოვი, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოწოდებებისა და მტრობის გაღვივების ბრალდებით, ბაქოს აეროპორტში ჩასვლისთანავე დააპატიმრეს.