თვითცენზურა აზერბაიჯანში - დუმილით შევხვდეთ ყველაფერ სომხურს
ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში თუ რაიმე გარღვევა არ მომხდარა, ყოველ შემთხვევაში, შეინიშნება დათბობა და კონსტრუქციული მოლაპარაკებების იმედი გაჩნდა. საზღვარზე ნაკლებს ისვრიან. 2019 წლის იანვარში საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ „ხალხს მშვიდობისთვის მოამზადებენ“.
ორივე ქვეყანაში ამ ფრაზამ ხალხის ერთი ნაწილი გაახარა, დანარჩენებს კი თავსატეხი გაუჩინა. 1991-1994 წლების მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ, სომეხ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის, ფაქტობრივად, არანაირი კავშირი არ ყოფილა და ორივე ხელისუფლება ყველაფრის პროპაგანდირებას ახდენდა, გარდა კონფლიქტის გადაწყვეტის კომპრომისული გზისა.
ამ სტატიაში, რომელიც პირველად 2017 წლის 13 ნოემბერს გამოქვეყნდა, მოცემულია აზერბაიჯანში თვითცენზურასთან დაკავშირებული სიტუაცია – რამდენადაა საზოგადოება მზად, მეზობელ ქვეყანაზე თუნდაც სიძულვილის გარეშე სალაპარაკოდ?
ტაქსიში ჩავჯექი და მანქანაში „სწორი“, ავთენტური მძღოლი დამხვდა. სალონში ნამდვილი, ჭეშმარიტად “ქურდული” შანსონი ისმოდა. ბაქოში ასეთ სიმღერებს იშვიათად წააწყდებით. (“პლანოვაია“, „პლანოვაია“, სიმპათიურო გოგო), – მღეროდა ბაქოელი სომეხი ბორის დავიდიანი, იგივე „ბოკა“ – “ქურდული” სიმღერების ლეგენდარული შემსრულებელი.
– ეს „ბოკაა“? – სასხვათაშორისოდ ვიკითხე მე.
-. კი, რა იყო რო? – სიფრთხილით იკითხა მძღილმა
– არა, არაფერი
მძღოლმა დაიფხუკუნა. შეიძლება ითქვას, რომ სომხური გვარის მქონე მომღერლის მოსმენით მაინცდამაინც დიდ რისკზე არ მიდიოდა – იმიტომ რომ თანამედროვე ბაქოში არც ისე ბევრმა ადამიანმა იცის, თუ ვინაა „ბოკა“. თუმცა, შანსონის ადგილობრივი შემსრულებლების დიდმა ნაწილმა მისი სიმღერები „მემკვიდრეობით“ მიიღო და დღემდე მღერის ქორწილებში.
“პლანოვაია” საბჭოთა პერიოდში გავრცელებული ჟარგონული ტერმინია, რომელიც ან უბრალოდ “ქურდული გაგების მქონე” გოგონას, ან “პლანის” მწეველ ახალგაზრდა ქალს აღნიშნავს.
88 წელს ბაქოში, სულ ცოტა, ორასი ათასი სომეხი ცხოვრობდა. შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის კონფლიქტი გაჩაღდა და ქვეყნებმა „ლტოლვილები გაცვალეს“. ეთნიკური შემადგენლობა „ტიტულარული ნაციის“ სასარგებლოდ შეიცვალა და ბაქოს მრავალეროვანი ეზოები მხოლოდ მოგონებებში შემორჩა.
ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანელების ყოფიდან და მეტყველებიდან თანდათანობით დევნის ყველაფერს, რაც, რაიმე სახით უკავშირდება სომხეთს. ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეში არ არსებობს “ნებისმიერი სომხური მოვლენისა თუ პირის მოხსენიების” ამკრძალველი რაიმე რეგულაცია, მაგრამ აზერბაიჯანელებმა თავად აირჩიეს თვითცენზურის პრაქტიკა – ერთნი პატრიოტული გრძნობებით ხელმძღვანელობენ, სხვები კი უბრალოდ ცდილობენ, ცოდვას მოერიდონ.
თვითცენზურა ყოფით ცხოვრებაში: ჩუმი სიყვარული აზნავურის მიმართ
ალიონა სემიონოვამ განათლება შეერთებულ შტატებში მიიღო და ბაქოში დაბრუნდა: 2005 წელი იდგა. ჯგუფ System of a Down-ის (ამერიკული როკანსამბლის, რომლის ყველა წევრიც წარმოშობით სომეხია) კომპაქტდისკის შეძენას შეეცადა. მაღაზიის თანამშრომლებმა იგი საწყობში გაიყვანეს და ჰკითხეს თუ რატომ უსმენდა ამას «მაშ რაღატომ ყიდით ამ დისკს?» – უპსუხა გოგნამ.
რამდენიმე ასეთი ეპიზოდი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ალიონას თავისი საუბრის გაკონტროლება ესწავლა იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე სომხურ თემებს შეეხება. „ეს ნამდვილად არ არის ჩემი ცხოვრების იმდენად მნიშვნელოვანი და სერიოზული ნაწილი, რომ ამის გამო კონფლიქტში ჩავება“.
ალიონას მისი მეუღლე ტაირიც ეთანხმება, რომელსაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უსიამოვნო გამოცდილება აქვს მიღებული და ცდილობს, უცნობი ადამიანების საზოგადოებაში ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავოს.
ამ ვიდეორგოლს YouTube-ზე 634 მილიონი ნახვა აქვს. მეორე წუთზე კადრში სომხეთის დროშა ჩნდება და ეს მართლაც ეფექტური ნაბიჯია სომხეთის პოპულარიზაციის საქმეში. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ აზერბაიჯანელ პატრიოტებს ეს სულაც არ ახარებთ.
იმისათვის, რათა გაგვერკვია, თუ რა სიტუაციებში „აჭერენ ენას კბილს“ ბაქოელები (რათა რაიმე არაპოლიტკორექტული და სომხური არ წამოსცდეთ), ჩვენ მცირე გამოკითხვა ჩავატარეთ. აი, რა მოსწონს ჩვენი რესპოდენტების უმრავლესობას:
[yes_list]
- სომხური ნუგა
- რეჟისორ კარენ შაჰნაზაროვის ფილმები
- ევროვიზიის სომეხი მონაწილეების სიმღერები
- მომღერალი შარლ აზნავური
- სომეხი გოგონები/ვაჟები საერთაშორისო სიმპოზიუმებზე (ერთი რესპოდენტის თქმით, მას ამის აღიარების რცხვენია)
[/yes_list]
“არსენალის“ ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი. აზერბაიჯანელი კომენტატორები მას უბრალოდ „ჰენრიხად“ მოიხსენიებენ, რათა მისი გვარი არ გაჟღერდეს. Photo: Reuters, John Sibley
აღიარებენ თუ არა ადამიანები ასეთ სიმპათიებს? ამ შემთხვევაში შეგვიძლია, ყველა მიღებული პასუხი სამ ჯგუფად დავყოთ:
1. არავითარი თვითცენზურა – „მხოლოდ იმას ვამბობ, რა მინდა“.
ასეთი ტოლერანტობა, შესაძლოა, გაიკიცხოს – როგორც ქსელში, ისე რეალურ ცხოვრებაში. ზოგიერთი მოსაზრება ეპატაჟურად მიიჩნევა: “უკვე მოდურია მხრითარიანის ქება იმისათვის, რათა საკუთარ გამორჩეულობას გაუსვას ხაზი; ბევრი კი ისე აქებს სომხურ კონიაკს, რომ გასინჯულიც კი არ აქვს”.
2. სჯობს უბრალოდ გაჩუმდე, რათა შემდეგ იმის დამტკიცება არ მოგიწიოს, რომ აქლემი არ ხარ.
“ძალიან მომწონს ფრუნზიკ მკრტიჩიანი. გენიალურ მსახიობად მივიჩნევ. ისევე, როგორც ჯიგარხანიანს, მაგრამ ამას ღიად არასდროს განვაცხადებ“.
3. რაის კონიაკ-შმონიაკი, როდესაც ომი მძვინვარებს!
“მოდით, არ დავივიწყოთ, რომ ჩვენს შორის ომია გაჩაღებული. სხვათა შორის, საინფორმაციო ომიც. ასეთ პირობებში სახელგანთქმულ და დიად სომხებს სახელგანთქმულ და დიად სომხებად არც ისე ბევრი ადამიანი მოიხსენიებს. წარმოიდგინეთ, 1942 წელს ვინმეს ვაგნერის მუსიკა რომ შეესრულებინა საბჭოთა კავშირში”
„ევროვიზიის“ პირდაპირი ტრანსლაციის დროს აზერბაიჯანელი დიქტორები სომეხი მონაწილის გამოსვლას დუმილით ხვდებიან. „ევროვიზია -2016“, ივეტა მუკუჩიანი სიმღერით «LoveWave».
კაზუსები და სკანდალები
აზერბაიჯანულ ყოფაში სომხური ელემენტების შეღწევის აღკვეთის მცდელობებს არაერთი სკანდალი უკავშირდება. თითოეული ეს ინციდენტი საინფორმაციო ომის კონკრეტულ ბრძოლას წარმოადგენს. წარმოგიდგენთ ყველაზე გახმაურებულ შემთხვევებს:
ინდაური სომხურად ავიაკომპანია “აეროფლოტის” მოსკოვი-ბაქოს რეისის მგზავრი აღშფოთდა იმის გამო, რომ მენიუში აღმოაჩინა კერძი სახელწოდებით „ინდაური სომხურად“ და ავიახომალდის გამყოლთან საუბრისას უკმაყოფილება გამოთქვა ზემოაღნიშნულის გამო. ამ ყველაფერს აზერბაიჯანულ სოც.ქსელებში ხანგრძლივი და ცხარე დისკუსია მოჰყვა.
სოსო პავლიაშვილის კონცერტი. 2016 წელს აზერბაიჯანული საზოგადიების მნიშვნელოვანი ნაწილი ცდილობდა, წინ აღდგომოდა ბაქოში სოსო პავლიაშვილის კონცერის ჩატარებას. არა, ის სომეხი არ არის, მაგრამ ყარაბაღში მღეროდა (ანუ იქ სომხეთის გავლით ჩავიდა – სხვანაირად რომ ითქვას, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მეზაზღვრეების ავლით მოხვდა) , რაც სავსებით საკმარისი აღმოჩნდა. საბოლოოდ კონცერტი ჰეიდარ ალიევის სახელობის სასახლეში (ქალაქის ცენტრში მდებარე საკონცერტო კომპლექსში) გაიმართა. წარმოდგენა ანშლაგით ჩატარდა. დისკუსიები კონცერტის გამართვამდე ერთი თვით ადრე დაიწყო და კიდევ ორი თვის მანძილზე გრძელდებოდა.
შაკირა და დროშა. 2012 წელს მომღერალმა შაკირამ ბაქოში კონცერტი გამართა, რომლის დროსაც სცენაზე სომხური დროშა გამოიტანა. ასეთმა თავხედობამ პუბლიკა შოკში ჩააგდო. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ეს კოლუბიის (მომღერლის სამშობლოს) დროშა იყო, რომელსაც სომხეთის დროშის მსგავსი ფერები აქვს, მაგრამ კოლუმბიის დროშაზე ეს ფერები სომხეთის სახელმწიფო სიმბოლოს ფერებისგან განსხვავებული თანმიმდევრობითაა განლაგებული. ყველაზე სახალისო კი ისაა, რომ თავიდან სომხეთშიც ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა და ამიტომ ამ „სენსაციამ“ არამხოლოდ აზერბაიჯანული, არამედ სომხური ინტერნეტსივრცეც მოიცვა.
https://www.youtube.com/watch?v=AV8vB3oVAJg
დროდადრო უფრო წვრილმანი ინციდენტები ხდება. მაგალითად, კაფეების ცნობილ ქსელში სომხური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი მომღერლის, შერის სიმღერა ჩართეს, რამაც კლიენტების აღშფოთება გამოიწვია. თითოეული ეს შემთხვევა ნიუსპორტალებს “კლიკების” დიდ მოსავალს“ აძლევს და სოციალურ ქსელებში გამართული ცხარე დისკუსიებით სრულდება ხოლმე.
ექსპერტები თვითცენზურის შესახებ: რას წარმოადგენს ეს მოვლენა სინამდვილეში
აზად ისაზადე, ფსიქოლოგი:
“სავსებით ნორმალურია ის, რომ ადამიანები საკუთარ მეტყველებას აკონტრილებენ და კონფლიქტების თავიდან არიდებას ცდილობენ, ან იმ ადამიანის განაწყენებას ერიდებიან, რომლისთვისაც ომი მტკივნეულ საკითხს წარმოადგენს.
„თვითმფრინავის ინდაურის“ შემთხვევის მსგავს ინციდენტები შეგვიძლია ერთი სიტყვით მოვიხსენიოთ და უბრალოდ „სუბლიმაცია“ ვუწოდოთ.
როგორც წესი, ის ხალხი, ვინც ყარაბაღში იბრძოდაან რაიმე სხვა გზითაა ჩართული ამ კონფლიქტში, მშვიდად იქცევა ხოლმე; ხოლო ის ადამიანები, რომლებსაც ომში მონაწილეობა არ მიუღიათ, ამ გზით ცდილობენ, „საკუთარი წვლილი შეიტანონ“ ამ საქმეში.
თუკი ოდესმე დამყარდება მშვიდობა, საუკეთესო შემთხვევაშიც კი საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდება იმისთვის, რათა უკვე არსებულმა „მტრის ხატმა“ საბოლოოდ დატოვოს საზოგადოების ცნობიერება. და ამ საკითხზე ორივე მხარეს სერიოზულად მოუწევს მუშაობა. ამასთან, სასურველია, რომ ახლავე დავიწყოთ მუშაობა „მტერი სომხის“ ხატის „ავტომატიანი მოწინააღმდეგის“ ხატით ჩანაცვლებით – ეროვნების ხაზგასმის გარეშე.
რაჰმან ბადალოვი, ფილოსოფოსი და კულტუროლოგი:
“ჩემი აზრით, ეს ველურობის ნიშანია. ჩვენ ეთნიკურ ომს არ ვაწარმოებთ სომხეთთან. და, მითუმეტეს, საუბარი არაა იმაზე, რომ ჩვენი კოლექტიური მითოსების შეჯახება მოხდა. ერთი სიტყვით, ეს ატავიზმის გამოვლინებაა, რომელიც უკვე დიდი ხანია, დრომოჭმულ მოვლენად აღიქმება ცივილიზებული ერებისათვის.
სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტიც უნდა გავითვალისწინოთ. თანამედროვე სამეცნიერო მიდგომებს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას. რომ ურთიერთქმედების გარეშე ობიექტებიც არ არსებობს, მთავარი კი ისაა, თუ რა ხდება ობიექტებს შორის. ორ ხალხს შორის არსებული მკვდარი ზონა ყველაზე საშინელი რამაა, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიგონოს. ადრე ყველაფერი გვქონდა – ვმეგობრობდით, ვჩხუბობდით, ერთმანეთს ცილს ვწამებდით, შეხვედრებს ვაწყობდით, ვკამათობდით იმაზე, თუ ვისი ეროვნული კერძია „დოლმა“ და ა.შ. მაგრამ ურთიერთქმედებას ჰქონდა ადგილი.
მაშ რა შემოგვრჩა?
ამის მიუხედაცაფ ბაქოში ჯერ კიდევ შემორჩენილია “სომხური კვალი”,:რომელთა ნაწილიც საზოგადოებამ იმდენად შეისისხლხორცა, რომ ვეღარც ამჩნევს. მაგრამ საკმაოდ მცირეა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც ზუსტად იცის მათი ჭეშმარიტი წარმომავლობა (და ვინც იცის, ამაზე აქცენტს არ აკეთებს).
ამ შემთხვევაში .მეტწილად მუსიკა და ტოპონიმები იგულისხმება.
მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ ცნობილი ქუჩა, რომელიც სურენ ოსიპიანის სახელს ატარებდა. საბჭოთა პერიოდში აქ ფსიქიატრიული საავადმყოფო მდებარეობდა. რა თქმა უნდა, ამ ქუჩას სახელი შეუცვალეს, მაგრამ დღესაც თუკი ვინმე „სურენ ოსიპიანის ქუჩაზე გასვლას“ გთავაზობთ,ე.ი. თქვენი თანამოსაუბრე ფსიქიკურად არაჯანმრთელ პიროვნებად მიგიჩნევთ.
წმინდა გრიგორ განმანათლებლის სახელობის ეკლესია, რომელიც ბაქოს ცენტრში მდებარეობს, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს აშენდა. ამ შენობამ არაერთი უბედურება გადაიტანა. 90-იანი წლების დასაწყისში ნაგებობას ხანძარი გაუჩნდა,2000-იანი წლების დასაწყისში კი შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ამჟამად აქ აზერბაიჯანის პრეზიდენტის აპარატის საქმეთა სამმართველოს ბიბლიოთეკა მდებარეობს. მაგრამ ბაქოელებისთვის ეს შენობა პირველ რიგში მშვენიერ საორიენტაციო ობიექტს წარმოადგენს. „სად ხარ?“ – „სომხურ ეკლესიასთან“. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნულ ნაგებობას მოზარდებიც კი ძველი სახელით მოიხსენიებენ.
სიმღერა «Я встретил девушку» („ერთ გოგონას შევხვდი“), რომელიც ამავე სახელწოდების მქონე ფილმიდანაა, ლეგენდარული აზერბაიჯანელი მომღერლის, რაშიდ ბეიბუთოვის რეპერტუარის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია. ამ სიმღერის მუსიკა ანდრეი ბაბაევმა დაწერა, რომელიც, მისი აზერბაიჯანული გვარის მიუხედავად, ყარაბაღელი სომეხი გახლდათ.
მაშ როგორ გავიყოთ? არ უნდა გავიყოთ. ბოლოსდაბოლოს, რაშიდ ბეიბუთოვი ეროვნული სიამაყის ობიექტია და არავინ აპირებს უარი თქვას მის ჰიტზე. სულაც რქიანი ეშმაკის დაწერილი რომც იყოს, მაინც.
აღსანიშნავია, რომ ათობით ასეთი “საერთო” სიმღერა არსებობს, რაც სულაც არაა გასაკვირი, თუკი მუსლიმ მაგომაევისა და არნო ბაბაჯანიანს მჭიდრო თანამშრომლობას გავიხსენებთ. ამ ყველაფრის რეპერტუარიდან დაფერთხვა” შეუძლებელია და უბრალოდ საწყენიც კი იქნება, თუკი ეს ნაწარმოებები აღარ შესრულდება. ასე რომ, “დაე, იყოს”.