დენთის კასრზე
ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების გზების ძიების მხარდაჭერისკენ მიმართულ თითქმის ყველა საერთაშორისო პროექტს ორი “დინება” აქვს – პოლიტიკური მოლაპარაკებები და სახალხო დიპლომატია. “მეორე დინებისთვის” საკმაოდ დიდი თანხები გამოიყოფა, ხორციელდება პროექტები, რომლებიც მტრული განწყობის შემცირებისა და სოციალურ ჯგუფებს შორის ურთიერთობის აღდგენისკენაა მიმართული. მაგრამ ამ ღონისძიებებით მიღებული ეფექტი ერთმნიშვნელოვანი არ არის.
აშკარაა, რომ ისეთი განუვითარებელი დემოკრატიული ტრადიციების ქვეყნებში, როგორიცა, მაგალითად, სომხეთი ან აზერბაიჯანი, “მეორე დინება” ვერ გახდება მამოძრავებელი ძალა, რომელსაც პოლიტიკური აქტივობა მოჰყვება. გადაწყვეტილებების მიღებისას საზოგადოებრივ აზრი არც სომხეთში მიაჩნიათ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად, და არც აზერბაიჯანში. ამიტომ ყველა, ვინც იმედოვნებს, რომ სახალხო დიპლომატიას პოლიტიკური მოლაპარაკებები მოჰყვება, და ეს კომპრომისის მიღწევას დაეხმარება, ცოტა გულუბრყვილოდ გამოიყურება.
თან, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ამ მხრივ, სრულიად განსხვავებული ვითარებაა. მაგრამ, “მეორე დინების” მიმდევრები მაინც ჯიუტად ცდილობენ, ამ ორ საზოგადოებას შორის ტოლობის ნიშანი დასვან – ან სათანადოდ ვერ წვდებიან საქმის არსს, ანდა ყბადაღებული პარიტეტის დაცვას ცდილობენ.
საბოლოოდ კი გამოდის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სრულიად ჰუმანური მიზნებით დაფინანსებულ სომხურ-აზერბაიჯანულ პროექტებს მოსალოდნელი ეფექტი ვერ მოაქვს. განსაკუთრებით – მასმედიისა და სახალხო დიპლომატიის სფეროში.
აზერბაიჯანში ან საერთოდ უარს ამბობენ ამ პროექტებში მონაწილეობაზე, ან “დიდსულოვნად” თანხმდებიან ” დახარჯონ ფული”, ოღონდ იმ პირობით, რომ მათი მონაწილეობა არ გასაჯაროვდება.
სომხეთსა და ყარაბაღში ერთობლივ პროექტებს, და თვით პაციფისტურ პროპაგანდასაც კი, საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ ხვდება. ამ იდეებს სრულიად ღიად გამოთქვამენ და მონაწილეებს არავინ დევნის. თუმცა, იმის გამო, რომ ამ პოლიტიკური “ნაკადს” რაიმე წინსვლა არ ეტყობა, ხოლო საზღვრის იქითა მხარეს კონფრონტაცია გრძელდება, ამ პროექტების ეფექტი სომხეთში არც ისე თვალშისაცემია. “მშვიდობისმყოფელები” აქ მარგინალურ ჯგუფად მიაჩნიათ – ჰუმანურ, მაგრამ რეალურ პოლიტიკას მოწყვეტილ ძალად.
ზოგადად, სომხეთში ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ მოსაზრებების საკმაოდ ფართო სპექტრი არსებობს – დაწყებული რადიკალურ-პატრიოტული განწყობებით, ნეგატიურ-სკეპტიკური იდეებით დასრულებული.
მთლიანობაში, სომხეთში დახურული თემები არ არსებობს. ეს არამხოლოდ ყარაბაღის კონფლიქტს, არამედ სხვა საკითხებსაც ეხება; მაგალითად, სამხედრო სფეროში არსებულ მდგომარეობას. აზერბაიჯანისგან განსხვავებით, სადაც სამხედრო სფეროსთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ბოლო დრომდე გასაიდუმლოებული იყო, სომხეთში რეგულარულად ქვეყნდება ინფორმაცია ყველა ინციდენტის, დაღუპულის, დაშავებულის, სამარღალდარღვევისა და სასამართლო პროცესის შესახებ. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ სომხეთის სამხედრო ნაწილებში სამართლებრივი გადაცდომები არ ხდება. უბრალოდ, ინფორმაცია სამართალდარღვევების შესახებ, როგორც წესი, ღიაა.
იმას, რაც ოფიციალურად არ ქვეყნდება, არასამთავრობო ორგანიზაციები და სოციალური ჯგუფები ასაჯაროვებენ, რომლებსაც შეუძლიათ, ღიად გამოხატონ პროტესტი და გამოაქვეყნონ ინფორმაცია. მაგალითად, ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ოფისები, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, პერიოდულად აქვეყნებენ მოხსენებებს სამხედრო სფეროს შესახებ და სერიოზულ ხარვეზებზე მსჯელობენ. სამხედრო სამსახურის დროს დაღუპული ჯარისკაცების დედები კი მთავრობის სახლთან ყოველკვირეულ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამართალს ითხოვენ და კონკრეტული მაღალჩინოსნების გვარებს ასახელებენ.
და მაინც, შედარებითი გახსნილობა სომხეთში ზედემოკრატიულობის ნიშანი სულაც არ არის, რადგან ინფორმაციის სიუხვის მიუხედავად, მას არანაირი პოლიტიკური წონა არ გააჩნია, და საზოგადოებრივი აზრი გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენას ვერ ახდენს. ეს სომხური “დემოკრატიის” თავისებურებაა – ლაპარაკი ყველაფერზე შეიძლება, მაგრამ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები სრულიად სხვა მოტივებით მიიღება.
ერთი შეხედვით, დიდი განსხვავებაა, მაგრამ სინამდვილეში არსი ერთია – გადაწყვეტილებები ადამიანების ვიწრო წრეში მიიღება, აზრთა სარრთო სპექტრის სრულიად გაუთვალისწინებლად.
თუმცა, 2016 წლის ივლისში ეს თეზისი პირველად დადგა სერიოზული ეჭვის ქვეშ. 17 ივლისს დაჯგუფება “სასნა ცრერმა” (“სასუნელი შლეგები”) ერევანში პოლიციის საპოსტო-საპატრულო პოლკის შენობის ოკუპაცია განახორციელა. მეამბოხეებმა, რომლებმაც ეს აქტი ჩაიდინეს, იმავე დღეს განაცხადეს, რომ მათი ქმედება ყარაბაღის მიმართ ხელისუფლების კაპიტულანტური ქმედებების წინააღმდეგ იყო მიმართული. დაჯგუფების წევრები პოლიციის შენობის დაკავებამდეც აღნიშნავდნენ, რომ ხელისუფლება მზად იყო, მოწინააღმდეგესთან ტერიტორიულ დათმობებზე წასულიყო და მათი ორგანიზაცია ამას არ დაუშვებდა.
ეს ხმები, გარკვეულწილად, დაადასტურა სერჟ სარგსიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2011 წელს ყაზანში მომზადდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ყარაბაღის სტატუსის აღიარების სანაცვლოდ, სომხურ ძალებს ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკის მიმდებარე რამდენიმე რაიონი უნდა დაეტოვებინათ.
სხვათა შორის, სერჟ სარგსიანის ამ განცხადებამ მხოლოდ პატრიოტულად განწყობილი წრეები აღაშფოთა. პოლიტიკურმა ძალებმა და საზოგადოებრივმა სტრუქტურებმა, კი თითქოს ვერც გაიგონეს ეს ნათქვამი და სერჟ სარგსიანის კაპიტულანტად შერაცხვა და მისი გადაყენების მოთხოვნა საჭიროდ არ მიიჩნიეს.
ამის მიუხედავად, 31 ივლისს, “სასნა ცრერის” ისტორიის დასრულების შემდეგ, სერჟ სარგსიანმა მთავრობა შეცვალა და ყარაბაღის თემასთან დაკავშირებით ერთგვარად გაამკაცრა რიტორიკა. ექსპერტებს უჭირთ განსაზღვრა, პრეზიდენტზე “სასნა ცრერის” მიმართ გამოვლენილმა სახალხო მხარდაჭერამ იმოქმედა, თუ პირიქით, სერჟ სარგსიანი დაჯგუფების მიღმა საკუთარ პოზიციებს ნიღბავდა.
მაგრამ “სასნა ცრერის” გარშემო განვითარებული ამბები რადიკალული სახალხო პროტესტის გამოვლინებად იქცა და აშკარა გახდა, რომ მოსაზრებების ფართო სპექტრის, მოჩვენებითი აპათიისა და მტკივნეულ კომპრომისებზე წასვლის გარდაუვალობის შესახებ გაკეთებული განცხადებების მიუხედავადაც კი, სომხეთში მძლავრი რადიკალური პოტენციალი მწიფდება, რომელიც კონფლიქტის გადაწყვეტის ნებისმიერი “კომპრომისული” ვარიანტის მიღების შემთხვევაში გამოვლინდება. და გადაწყვეტილების მიღებისას ეს პოტენციალი მთავარ ფაქტორად იქცევა.
ეს ტენდენციები იმაზე მეტყველებს, რომ ყარაბაღში არსებული სიტუაცია და მასთან ერთად, სომხეთსა და აზერბაიჯანში შექმნილი ვითარება სულ უფრო მეტად ემსგავსება დენთის კასრს. თუ აზერბაიჯანში აფეთქების გამომწვევ მიზეზად კონფლიქტის საერთაშორისო დონეზე გაყინვის (დღევანდელი სტატუსკვოს შენარჩუნებით) საფრთხე შეიძლება იქცეს, სომხეთში, მსგავსი პროცესები, შესაძლოა, ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მიღებულმა ნებისმიერმა ისეთმა გადაწყვეტილებამ გამოიწვიოს, რაც სტატუსკვოს შეცვლის. და მაშინ, ძნელად თუ გაარჩევ – სად საზოგადოებრივი მოსაზრებაა, სად სახელმწიფო პროპაგანდა, და სად ბანალური თვითგადარჩენის ინტინქტი თუ ეროვნული ინტერესების გაცნობიერება.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია ავტორის შეხედულებებს ასახავს და, შესაძლოა, რეადქციის პოზიციას არ ემთხვეოდეს
გამოქვეყნდა: 18.12.2016