დაიძინეს ახალქალაქში და გაიღვიძეს ბორჯომში
შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების წინ ჯავახეთის მოსახლეობა საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების წინააღმდეგ გამოდის და ახალ კანონს ეთნიკური უმცირესობების უფლებების დარღვევად აფასებს.
იმ ცვლილებების მიხედვით, რომლებიც საარჩევნო ოლქების საზღვრებს შეეხო, ახალქალაქისა და ნინოწმინდას მუნიციპალიტეტები ერთ საარჩევნო ოლქად გადაიქცევა, ხოლო ახალქალაქის ოლქის შემადგენლობაში არსებული 17 სოფელი ბორჯომის საარჩევნო ოლქს შეუერთდება. ასე რომ, თუკი ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში ჯავახეთს ორი დეპუტატი წარმოადგენს, მომავალი მოწვევის პარლამენტში ამ რეგიონს (რომელშიც ძირითადად, ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები ცხოვრობენ) მხოლოდ ერთი დეპუტატი ეყოლება.
აზავრეტი ერთ-ერთია იმ 17 სოფლიდან, რომლებიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებისთვის ბორჯომის საარჩევნო ოლქს შეუერთდება.
ამ სოფლის მკვიდრი მამაკაცების უმრავლესობა სეზონური სამუშაოებისთვის რეგულარულად ჩადის რუსეთში იმისთვის, რომ როგორღაც მოახერხონ ოჯახების რჩენა.
აქაურები თბილისის საინფორმაციო ველს ფაქტობრივად მოწყვეტილები არიან. ჯავახეთში ქართულად არც ისე ბევრი ადამიანი ლაპარაკობს. ისინი ინფორმაციას ძირითადად რუსული არხებით იღებენ. ბევრმა ისიც კი არ იცის, რომ შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს; ზოგიერთი მოქმედი პრემიერმინისტრის გვარსაც ვერ დაასახელებს.
იმ სიახლემ,რომ მათი სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტს უნდა მიუერთონ, საკმაოდ შეაშფოთა სოფლის მკვიდრნი.
სოფლის ცენტრში ახალგაზრდობა შეიკრიბა. საუბრის მთავარი თემა აზავრეტის ბორჯომთან მიერთებაა.
„ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ კანონს, _ ამბობს ეგიშე აივაზიანი, _ რატომ უნდა გვყავდეს მხოლოდ ერთი ეთნიკურად სომეხი დეპუტატი პარლამენტში? _ კითხულობს ის და იქვე დასძენს, _ პირველი და ყველაზე მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაშიც ენის არცოდნას უკავშირდება. ქართული არ ვიცით და ჩვენს საპარლამენტო წარმომადგენელს როგორ ვესაუბროთ?“ ‘ღმერთმა არ ქნას, პრობლემები შეგვექმნას! არ გვეცოდინება, ვის უნდა მივმართოთ. ახალქალაქში თუ ჩავალთ, იმასთან გაგვგზავნიან,ვინც ავირჩიეთ; ბორჯომში ჩასვლას კი დრო უნდა და ხარჯებთანაა დაკავშირებული’, _ ეთანხმება ეგიშეს იურა ჩახალიანი.
შეკითხვას, მიუმართავთ თუ არა ოდესმე თავიანთი საპარლამენტო წარმომადგენლისთვის, უარყოფითად პასუხობენ.
‘დეპუტატებს არჩევნებიდან არჩევნებამდე ვერ ვხედავთ, ქრებიან; მაგრამ საქმე მხოლოდ ეს არ არის. რატომ არაფერი გვკითხეს, როდესაც ამ კანონს იღებდნენ? რას ჰგავს ეს გულგრილი და დაუდევარი დამოკიდებულება? აზრს არასდროს გვეკითხებიან. ვამბობთ „არას“, ისინი კი სავარძლებში მოკალათდებიან და ყველაფერს თავის ნებაზე აკეთებენ,’ _ ამბობს ეგიშე აივაზიანი.
ადგილობრივებს ამ კანონის წინააღმდეგ ორი ძირითადი არგუმენტი აქვთ _ ენის არცოდნა და მიმოსვლის პრობლემები.
‘ახალქალაქისგან მოწყვეტა არ გვინდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ბორჯომი შორსაა _ რაიონულ ცენტრში მოსახვედრად 150-200 კილომეტრის გავლა მოგვიწევს. თანაც,თუკი იქ საქმეზე ჩავალთ,სომხური ენის მცოდნე ქართველიც უნდა გვახლდეს, რომელიც ყველაფერს გადაგვითარგმნის, იმიტომ, რომ ქართული არ ვიცით. აქ, ახალქალაქში სათქმელის სომხურ ენაზე გადაცემა შეგვიძლია. ბორჯომში ჩვენს ნათქვამს ვერავინ გაიგებს’, _ ამბობს იურა ჩახალიანი, რომელიც, ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, სამუშაოდ რუსეთში დადის და მშობლიურ სოფელში მხოლოდ ზამთარში ბრუნდება ხოლმე. მიუხედავად იმისა,რომ უმეტეს დროს ის რუსეთში ატარებს, მაინც ყურადღებით ეკიდება იმას, თუ რა ხდება მის სამშობლოში.
თებერვალში, ახალი კანონის გასაპროტესტებლად, ახალქალაქის გამგეობის შენობასთან ბორჯომთან მიერთებისთვის გამიზნული სოფლების მკვიდრი ახალგაზრდები შეიკრიბნენ.
აქციაზე აღინიშნა, რომ თუკი მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, ისინი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
მონაწილეებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სამველ პეტროსიანი შეხვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსალოდნელი რეფორმები დემოკრატიულია, მაგრამ ეთნიკური უმცირესობების ინტერესებს არ ითვალისწინებს.
‘დემოკრატიული პრინციპების მიხედვით, ეს ცვლილებები სამართლიანია, თუმცა რეფორმის ავტორებმა ერთი გარემოება არ გაითვალისწინეს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებულ რეგიონებში საარჩევნო ოლქები ძველ საზღვრებში უნდა დარჩეს, რათა ეთნიკური უმცირესობების უფლებები არ შეილახოს’, – ამბობს პეტროსიანი.
საარჩევნო კოდექსის ცვლილები არა მხოლოდ ჯავახეთს, არამედ მთელ საქართველოს შეეხო. ახალი კანონის მიხედვით, საარჩევნო ოლქების საზღვრები სხვა რეგიონებშიც შეიცვლება.
ხელისუფლების თქმით, ცვლილებების მიზეზი ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩევლების არათანაბარი რაოდენობაა. მაგალითად, თუ ერთ ოლქში დეპუტატს 50 ათასი ადამიანი ირჩევს, სხვაგან ამომრჩეველთა რაოდენობა 5 ათასს არ აჭარბებს.
ახალი კვოტის მიხედვით, თითოეულ ოლქში, სულ მცირე, 47 500 ამომრჩეველი უნდა იყოს რეგისტრირებული. საარჩევნო ოლქების საზღვრების ცვლილებაც სწორედ ამითაა გამოწვეული.
თუმცა, ასეთ მსჯელობას ჯავახეთში ვალიდურ არგუმენტად არ იღებენ.
უკმაყოფილებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოხატავენ. ახალქალაქის რაიონული საკრებულოს დეპუტატებმა მხოლოდ მაშინ შეიტყვეს ახალი კანონის შესახებ, როდესაც ეს რეგულაცია ამოქმედდა.
ახალქალაქის რაიონული საკრებულოს დეპუტატის, მერუჯან მარაბიანის აზრით, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები „ჯავახეთს დიდ საფრთხეს უქმნის“.
‘ამ ბოლო დროს ბევრი სოფელი მოვირე. ადამიანები ღელავენ, აინტერესებთ, მართლა გვაერთებენ თუ არა სხვა რაიონთან’, _ ამბობს მარაბიანი.
‘გაუგებარია, რატომ უერთებენ დაუკითხავად 17 სოფელს სხვა მუნიციპალიტეტს და რატომ რჩება ორი უზარმაზარი რაიონი ერთი დეპუტატის ამარა. ხალხი ვერ ხვდება,რას ნიშნავს მაჟორიტარული ოლქი? მოსახლეობა მხოლოდ იმას ხვდება, რომ სოფელი მოკვეთეს და მიაქვთ’, _ ამბობს სარგის უზუნიანი, დეპუტატი სოფელ კულიკამიდან.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს ცენტრალურ ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით, რომელშიც ისინი კანონის გაუქმებას ითხოვენ.
წერილში, რომლის ადრესატებიც საქართველოს პარლამენტი, პრემიერმინისტრი და პრეზიდენტი არიან, აღნიშნულია, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებზე არჩევნები ძველი წესებით უნდა ჩატარდეს, რათა თითეულ მუნიციპალიტეტს ცალკეული მაჟორიტარის არჩევის საშუალება ჰქონდეს.
საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე, მმართველი კოალიციის, ‘ქართული ოცნების’ წევრი გიორგი ვოლსკი თვლის, რომ ჯავახეთის მოსახლეობას მღელვარებისთვის მიზეზი არ აქვს.
‘საქართველოს ყველა რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი პარლამენტში, მათ შორის _ ახალქალაქსაც და ნინოწმინდასაც. თუკი მათი საერთო მაჟორიტარი ახალქალაქელი იქნება, ნინოწმინდას წარმომადგენელსაც ჩავწერთ პროპორციულ სიაში. ასე რომ, პარლამენტში ისიც მოხვდება’, _ ამბობს ვოლსკი.