რეფერენდუმი რუმინეთში: დასაშვებია თუ არა ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინება?
რუმინეთში „ოჯახური რეფერენდუმი“ ჩაიშალა – მასშტაბების მიხედვით უპრეცედენტოდ დაბალი კენჭისყრა შედგა ქვეყნის კონსტიტუციაში იმ შესწორების შესატანად, რომელიც აზუსტებს, რომ ქორწინება მხოლოდ განსხვავებული სქესის მეუღლეებს შორის არის შესაძლებელი.
რეფერენდუმი ჩაშლილად აღიარეს — მასში მონაწილეობა, მინიმალურად დასაშვები 30 პროცენტის ნაცვლად, მოქალაქეთა მხოლოდ 20,4-მა პროცენტმა მიიღო. მოლდოვური გამოცემა ZIARUL DE GARDA ჰყვება, თუ როგორ ჩატარდა ეს პლებისციტი და რისთვის სჭირდებოდა ის რუმინეთის ხელისუფლებას.
რას შეეხებოდა რეფერენდუმი და ვინ იყო მისი ინიციატორი?
რუმინეთის კონსტიტუციაში შესწორებების შესატანად გამართული რეფერენდუმი 6 და 7 ოქტომბერს ჩატარდა. ამომრჩევლებს სთავაზობდნენ, ხმა მიეცათ იმ დაზუსტებისთვის, რომ ქორწინება – ეს არის „მამაკაცისა და ქალის კავშირი“ – და არა აბსტრაქტული მეუღლეების, როგორ ეს ახლა წერია.
რეფერენდუმის იდეის უკან დგას რუმინეთის სამოქალაქო ინიციატივა „კოალიციები ოჯახისთვის“. ამ კონსერვატიულ გაერთიანებას რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია უჭერს მხარს. რეფერენდუმის მასშტაბი უპრეცედენტო იყო: ხელისუფლებამ საარჩევნო უბნებთან მთელ მსოფლიოში მცხოვრებ რუმინეთის მოქალაქეებს მოუწოდა, მათ შორის – ბაქოში, ერევანსა და თბილისში.
მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტები
რუმინეთის მაცხოვრებელთა 80 პროცენტზე მეტი – მართლმადიდებელია, და მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთი საერო სახელმწიფოა, ეკლესიამ ამ კენჭისყრას ყველაზე აქტიურად დაუჭირა მხარი.
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა დანილმა განაცხადა, რომ რეფერენდუმში მონაწილეობა „ოჯახისადმი ღვთის სიყვარულის რწმენის აღიარებასა, და რუმინელი ხალხის მომავლისადმი უდიდესი პასუხისმგებლობის აქტს წარმოადგენს“.
მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთში ჰომოფობიური განწყობები საკმაოდ გავრცელებულია, მოსახლეობის უმრავლესობა მეუღლეების სქესის დაზუსტებას აშკარად პრიორიტეტულ საკითხად არ მიიჩნევდა. გასულ წელს Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუმინელების მხოლოდ 26 პროცენტია თანახმა, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილებს დაქორწინების უფლება მიეცეთ. ამავდროულად, “CURS”-ის მიერ წელს ჩატარებულმა სხვა გამოკითხვამ უჩვენა, რომ დიდ უმრავლესობა (67 პროცენტი) საკონსტიტუციო რეფერენდუმებს ქვეყნისთვის პოლიტიკურ პრიორიტეტად არ მიიჩნევს.
რისთვის იყო საჭირო რეფერენდუმი?
ვნებათაღელვა ჯერ კიდევ კენჭისყრის ჩატარებამდე დაიწყო.
ვიდრე პლებისციტის მომხრეები ცხარედ იცავდნენ „ტრადიციულ ფასეულობებს“, ექსპერტები შიშობდნენ, რომ რეფერენდუმი – მხოლოდ იმის მცდელობაა, რომ საზოგადოებამ უფრო არსებითი პრობლემებიდან მაგალითად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხებიდან და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე თავდასხმებიდან – ყურადღება ამაზე გადაიტანოს.
რუმინეთი ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად არის მიჩნეული, მაგრამ რეფორმების წყალობით, 2006 წლიდან კორუფციასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. თუმცა, ბოლო დროს ამ მიმართულებით რეგრესი შეინიშნება.
რუმინეთში, უკვე მეორე წელიწადია, მიმდინარეობს მასობრივი მანიფესტაციები კორუფციისა და მართლმსაჯულების სისტემაზე სამთავრობო თავდასხმების წინააღმდეგ.
სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც სამსახურიდან დაითხოვეს ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარე ლაურა კოვეში, რომელმაც ქრთამის აღებაში მხილებული ასობით მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკი და პოლიტიკოსი ციხეში გაისტუმრა.
რეფერენდუმის კრიტიკოსები და მიმომხილველები ეჭვობენ, რომ გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის დროს წინააღმდეგობრივი პლებისციტის ჩატარება – დამთხვევა არ არის.
„ამ რეფერენდუმთან დაკავშირებულმა საკითხებმა საჯარო დებატების მონოპოლიზება მოახდინა და ყურადღება მნიშვნელოვანი მოვლენებიდან ამაზე გადააქვთ“, – უთხრა „ЗдГ“-ს მოლდოველმა ექსპერტმა, იურისტმა იონ გუზუნმა, რომელიც რუმინეთში არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.
რას ამბობს ევროკავშირი?
რუმინეთი ევროკავშირის წევრია. კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე ევროპის პარლამენტმა ჩაატარა რიგგარეშე სხდომა, რომელზეც რუმინეთის მართლმსაჯულების შესახებ ბევრი არასასიამოვნო რამ ითქვა. იქვე აღინიშნა, რომ ოჯახური ფასეულობები ჰომოფობიის გასამართლებელ ან სხვა ტიპის ოჯახების უარყოფის არგუმენტებად არ უნდა ტრანსფორმირდეს.
ევროკავშირის 26 ქვეყნიდან 14-ში ერთი და იგივე სქესიანთა ქორწინება დაშვებულია.
2018 წლის მარტში ევროპის სასამართლომ უპრეცედენტო ვერდიქტით ევროკავშირის ყველა წევრი დაავალდებულა, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში დარეგისტრირებული ერთსქესიანი ქორწინებები აღიარონ. თუმცა, მათ ასეთი კავშირების სახელმწიფო სუვერენიტეტის ფარგლებში ლეგალიზების არჩევანი დაუტოვა. სარჩელში ფიგურირებდა რუმინეთის მოქალაქე ადრიან კომანი, რომელიც რუმინელი ჩინოვნიკებისგან თავისი ბელგიაში დარეგისტრირებული ერთსქესიანი ქორწინების აღიარებას მოითხოვდა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომაც, რომელმაც 2018 წლის 27 სექტემბერს ერთსქესიანი ოჯახების თანაბარი უფლებები აღიარა.