გაუჩინარებული ბავშვები
მართლაც, ჩვენს ქვეყანაში მათი რაოდენობა თანდათან მცირდება. თავად განსაჯეთ – 1999 წელს ყოველი მეექვსე აზერბაიჯანულ ოჯახში ოთხი ან მეტი ბავშვი იზრდებოდა. 2009 წელს კი ასეთი ოჯახი აზერბაიჯანში მხოლოდ ყოველი მეთორმეტე იყო.
ფეისბუკის საშუალებით საზოგადოებას დავუსვით შეკითხვა, რატომ მცირდება აზერბაიჯანში ბავშვების რაოდენობა და ასეთი პასუხები მივიღეთ:
1. სახელმწიფო არ ეხმარება ოჯახებს
ბავშვის დაბადებისას ოჯახი 90 მანათს (დაახლოებით 87 დოლარი) იღებს.
“ერთდროულად ოთხი შვილის მამა გავხდი და ამან ძალიან გამახარა! სამი გოგონა და ერთი ვაჟი დაიბადა. ამას გარდა, სამი წლის გოგონაც გვყავს. თუმცა, ჩემი ბინა მხოლოდ 15 კვადრატული მეტრის ფართობისაა და მხოლოდ ერთი ოთახისა და პატარა სამზარეულოსგან შედგება. მანქანის მრეცხავად ვმუშაობ. არასტაბილური სამუშაოა. თითოულ ბავშვზე 90 მანათი მივიღე, მაგრამ ახლა რა ვქნა? ეს ფული ბავშვების კვებისა და საფენებისთვისაც კი არ კმარა.”
აშადმა ვაჟს პრეზიდენტის საპატივცემულოდ ილხამი დაარქვა, ქალიშვილებს კი – მეჰრიბანი, ლეილა და არზა, პრეზიდენტის მეუღლისა და ქალიშვილების საპატივცემულოდ. იმედი აქვს, რომ ეს სახელები მის შვილებს იღბალს მოუტანს.
2. არ არსებობს სოციალური შეღავათები
გამოკითხვის ბევრი მონაწილე იხსენებდა, რომ საბჭოთა პერიოდში მრავალშვილიან ოჯახებს ურიგოდ აძლევდნენ დიდ, კარგ ბინებს. [მათ, ვისაც არ ახსოვს, შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირში ბინის ყიდვა არ შეიძლებოდა, საცხოვრებელი ფართის მისაღებად ადამიანები ათწლეულების განმავლობაში იდგნენ რიგში– JAMnews]. მრავალშვილიან დედებს სამსახურში შეღავათიანი გრაფიკი ჰქონდათ და ხელფასთან ერთად პრემიებსა და დანამატებს იღებდნენ.
3. ქალებს ეშინიათ, ან არ სურთ ბევრი შვილის გაჩენა
გიუნელ მევლუდი ერთი შვილის დედაა და მეორე შვილის გაჩენას არც კი გეგმავს. “ამ შემთხვევაში, ფინანსური მხარე არ წარმოადგენს პრობლემას. ღარიბი ქალი ფიქრობს, რომ ვერ გაზრდის შვილს; მდიდარი ქალს კი სილამაზის დაკარგვა არ უნდა -როგორც ცნობილია, მშობიარობის შემდეგ ქალის სხეული დეფორმაციას განიცდის.
4. მამები დედებს შვილების აღზრდაში არ ეხმარებიან
შახლა აბუსათარ იამანი: “ქალი ხომ მანქანა არ არის – საკუთარ თავსაც უნდა მიაქციოს ყურადღება. ჩვენთან კი ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული პრობლემები მთლიანად დედების კისერზეა. თუ მამაკაცები გამოთქვამენ მზადყოფნას, გაიზიარონ ვალდებულებები,ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ქალებმაც სხვაგვარად დაიწყონ ფიქრი.”
5.საზოგადოებას მრავალშვილიანი ოჯახებისადმი ზერელე დამოკიდებულება აქვს
ზინგილანის მკვიდრი, 85 წლის მინევერ ქაზიმოვა ექვსი შვილის დედაა. ის დღესაც ამაყობს “გმირი დედის” სახელმწიფო წოდებით. ამბობს, რომ მას ჰქონდა სპეციალური საბუთი, ერთგვარი “წიგნაკი”, რომლისაც ყველას შურდა. “დღეს კი ბევრს რცხვენია იმის თქმა, რომ მრავალშვილიანი ოჯახიდანაა, რადგან “დაბალი დონის” ადამიანად ჩათვლიან,” – ამბობს მენევერ ქაზიმოვა.
რა ვიღონოთ?
პარლამენტის დეპუტატი ფაზილ მუსტაფა: “საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მრავალშვილიანი ოჯახების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს. რა თქმა უნდა, აუცილებელია შემწეობის გაზრდა. გარდა ამისა, საჭიროა მრავალშვილიანობის პროპაგანდა, რაც ახალგაზრდებს დადებითად განაწყობს მრავალშვილიანობის მიმართ.”
ოჯახური პრობლემების, ქალებისა და ბავშვების სახელმწიფო კომიტეტი კონკრეტულ ამოცანებს ისახავს. დაგეგმილია:
1. “გმირი დედის” წოდების აღდგენა იმ ქალებისთვის, რომლებიც 10, ან მეტ არასრულწლოვანს ზრდიან;
2. მრავალშვილიანი ოჯახების მოსწავლე შვილების წიგნებით უზრუნველყოფა;
3. მრავალშვილიანი ოჯახებში მცხოვები მოზარდებისთვის უმაღლეს სასწავლებლების გადასახადზე შეღავათის დაწესება;
4. მრავალშვილიანი ოჯახების უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
5. ყველა ასეთი ოჯახისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის უფლების მინიჭება;
6. მრავალშვილიანი ოჯახების კურორტებისა და სანატორიუმების საგზურებით უზრუნველყოფა;
7. მრავალშვილიან ი ოჯახებისათვის შეღავათიანი იპოთეკური კრედიტების სისტემის შექმნა.
პროეტის ავტორები არ ასახელებენ ბიუჯეტის იმ კონკრეტულ მუხლებს, რომლებიც ამ გეგმის განხორციელებისთვისაა საჭირო. როგორც ჩანს, მათ არ სურთ, ჩაერიონ პარლამენტის საქმეში, რომელსაც აღნიშნული პროექტი უკვე გადაეგზავნა განსახილველად.