გამოძიების ერთი წელი აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ: რა არის დღეისთვის ცნობილი
ერთი წლის წინათ აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამომძიებელ კომისიას გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი რობეტრ მიულერი ჩაუდგა სათავეში. 17 მაისს აშშ-ს სენატის დაზვერვის კომიტეტი დაეთანხმა ამერიკული დაზვერვის იმ დასკვნას, რომ რუსეთი არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა.
რის დადგენა შეძლო მიულერის კომისიამ გასული წლის განმავლობაში?
მოვლენების თანმიმდევრობა
2015 წლის 16 ივნისი
დონალდ ტრამპმა აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე თავის წარდგენა დააანონსა.
2016 წლის 9 ივნისი
ნიუ-იორკში შედგა რუს ადვოკატ ნატალია ვესელნიცკაიასთან ტრამპის რამდენიმე წარმომადგენლის შეხვედრა, რომელთა შორის – მისი ვაჟი, დონალდ ტრამპი უმცროსი, სიძე ჯარედ კუშნერი და წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, პოლ მანაფორტი იყვნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ტრამპის მთავარი მეტოქის – ჰილარი კლინტონის შესახებ კომპრომატის გადაცემის პირობები განიხილეს.
2016 წლის 14 ივნისს
ცნობილი გახდა, რომ რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფებმა აშშ-ს დემოკრატიული პარტიის სერვერები გატეხეს, მათ შორის – კლინტონის ფოსტაც. იმავე წლის აგვისტოში 20 ათასზე მეტი დემოკრატების ელექტრონული წერილი ვებგვერდ WikiLeaks-ზე დაიდო. ამან კლინტონის იმიჯი დააზიანა, რაც არჩევნების შედეგზე აისახა.
2016 წლის 8 ნოემბერი
დონალდ ტრამპმა აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნები მოიგო. ინაუგურაცია ორ ნახევარი თვის შემდეგ შედგა.
2016 წლის 29 დეკემბერი
იმ დროისთვის ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ამერიკის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. იმავე დღეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველმა მაიკლ ფლინმა ეს სანქციები აშშ-ში რუსეთის ელჩთან ერთად განიხილა. ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც მინიჭებული არ აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება, არ აქვთ უფლება, რომ მოლაპარაკებები გამართონ იმ უცხოური სახელმწიფოების ოფიციალურ პირებთან, რომლებთანაც აშშ-ს უთანხმოება აქვს.
2017 წლის 13 თებერვალი
ფლინი გადადგა და აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმეზე გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან დაიწყო თანამშრომლობა.
2017 წლის 9 მაისი
ტრამპმა გამოძიების სამსახურიდან დაითხოვა ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი, რომელიც ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის წევრების რუსეთთან შესაძლო კავშირებს იძიებდა.
2017 წლის 17 მაისი
გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ მიულერი ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამომძიებელი საგანგებო კომისიის ხელმძღვანელად დაინიშნა.
2018 წლის 16 თებერვალი
13 რუსსა და სამ რუსულ კომპანიას „აშშ-ს წინააღმდეგ თაღლითობის მიზნით შეთქმულებაში“ ბრალდება წაუყენეს. ამ სიის ფიგურანტები რუსული კომპანია „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ თანამშრომლები გახდნენ. ამ კომპანიის თანამშრომლები იმით იყვნენ დაკავებულები, რომ სოციალური ქსელებში ქმნიდნენ აკაუნტებს, სადაც ისინი აზრებს გამოთქვამდნენ აშშ-სთვის მწვავე თემებზე – როგორიცაა იმიგრაცია, რელიგია და რასიზმი. და თან ეს გვერდები გამოგონილი ამერიკელების სახელით იქმნებოდა.
2018 წლის 9 აპრილი
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ტრამპის პირადი ადვოკატის მაიკლ კოენის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა.
რა იქნება ამის შემდეგ?
ტრამპის გარემოცვიდან უკვე რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მაიკლ ფლინიც, მიულერის კომისიასთან თანამშრომლობს. შესაძლოა, ეს გამოძიების დაჩქარებას დაეხმაროს. მომდევნო ეტაპზე, შეიძლება, თავად პრეზიდენტი ტრამპი დაიკითხოს. მნიშვნელოვანი მომენტი დადგება ნოემბერში, როდესაც აშშ-ს კონგრესში შუალედური არჩევნები ჩატარდება. თუკი ამ არჩვენების შედეგად დემოკრატიული პარტია კონგრესის გაკონტროლების საშუალებას მოიპოვებს, მიულერის გამოძიება გაცილებით მაღალი ტემპით წარიმართება. თუკი ტრამპის რუსეთთან შეთქმულება დადგინდება, დადგება საკითხი აშშ-ს პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ.