ახალი შანსი
8 ოქტომბერი ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისია. ნელ-ნელა ჩნდება პოსტსაბჭოთა პოლიტიკური მემკვიდრეობიდან გამოსვლის სუსტი ნიშნები.
გასულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ამ ეტაპზე საქართველომ ვერ შეძლო ერთპარტიული მმართველობის ხიბლიდან გამოსვლა, რაც ქართული პოლიტიკის ყველაზე დიდ ნაკლად და პრობლემად რჩება.
მთავარი საფრთხე
“ქართული ოცნება” 4 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად მიისწრაფვოდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მთლიანად ხელში ჩაგდებისაკენ. ძალაუფლების გაზიარების უუნარობა, რომელსაც ავლენდა კოალიცია, ცხადყოფს, რომ “ოცნება” აგრძელებს ქართული პოლიტიკის კომპარტიიდან მოყოლებულ არა ფასეულობების, არამედ ძალაუფლების გარშემო გაერთიანების ტრადიციას.
იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე ტურის შედეგად “ოცნება” მოახერხებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას, ეს ქართული დემოკრატიისათვის ყველაზე დიდი საფრთხე იქნება.
ამ საფრთხეს ისიც აძლიერებს, რომ “ქართული ოცნების” და, შესაბამისად, მთელი ქვეყნის არაფორმალური მმართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია – ადამიანი, რომელიც უშუალოდ არ არის ანგარიშვალდებული ქართველი ამომრჩევლის წინაშე. ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოს მართვის და პოლიტიკური ანალიზის კომპეტენციები გააჩნია და ჰგონია, რომ ქვეყანა ისევე იმართება, როგორც იმართებოდა მისი ფინანსური იმპერია ელცინის და პუტინის რუსეთში.
საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება გაუმჭვირვალედ მართული პარტიის ხელში, რომლიც, უკეთეს შემთხვევაში, განსხვავებული ფასეულობის წევრებს აერთიანებს. მისი რეალური გამართიანებელია ფული და ძალაუფლება. ასეთი უმრავლესობა უკიდურესად სახიფათოა და ის აუცილებლად გაიმეორებს ყველა შეცდომას, რომელიც უკონტროლო, ერთპარტიულ ავტოკრატიას შეიძლება მოუვიდეს. ამიტომ, ქართველმა ამომრჩეველმა მაჟორიტარი პარლამენტარების არჩევნების მეორე ტურში ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო უმრავლესობა ვერ მოაგროვოს.
“ოცნების” ახალი “ხულიგნები”
ახალბედა მემარჯვენე-პოპულისტური, ქსენოფობიური “პატრიოტთა ალიანსის” პარლამენტში შესვლა, პირველ რიგში, “ქართულ ოცნებას” აძლევს ხელს. მემარჯვენე-პოპულისტური პარტია თავის თავზე აიღებს ფუნქციას, რომელსაც წინა პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატები – მეჭიაური, ქანთარია, პაპუაშვილი, ჯაჭვლიანი და სხვა საპარლამენტო “ხულიგნები” ასრულებდნენ. [ეს დეპუტატები გამოირჩეოდნენ ანტიდასავლური და ანტილიბერალური გამოსვლებით].
“ხულიგნების აუთსორსინგი” “ოცნებას” საშუალბას მისცემს, უფრო სოლიდური გამოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეში არის. რეალურად კი, “ოცნების”, მისი არაფორმალური ლიდერის ფასეულობები და გემოვნება შავრაზმული გაზეთი “ასავალ-დასავლის” და “პატრიოტთთა ალიანსის” ფასეულობებთან ძალიან ახლოსაა.
“ნაციონალური მოძრაობის” დილემა
8 ოქტომბრის არჩევნებმა ისიც დაგვანახა, რომ ხელისუფლების მთავარი ოპონენტის – “ნაციონალური მოძრაობის” თვითიდენტიფიკაციის მითოსი სიცოცხლისუუნაროა.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი დიდი შეცდომა იყო საკუთარი თავის ერთადერთ “პროდასავლურ”ძალად წარმოდგენა და ამის გარშემო ამომრჩევლის კონსოლიდაციის მცდელობა. არჩევნების შედეგები გვიჩვენებს, რომ ამომრჩეველი ამ შეხედულებას არ იზიარებს. “ნაციონალური მოძრაობა” არ არის (და არასდროს ყოფილა) ერთადერთი “პროდასავლური” ძალა საქართველოში.
სამაგიეროდ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” აჩვენა, რომ მას ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი, რომელიც 20-30 პროცენტს შორის მერყეობს. ეს პარტია უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ის, სავარაუოდოდ, ვეღარასდროს შეძლებს მთავრობის დამოუკიდებლად, კოალიციის გარეშე დაკომპლექტებას.
ამავე დროს, 20-30 პროცენტი ის მაჩვენებელია, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებში დიდ, ე.წ. სახალხო პარტიებს აქვთ, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, ამომრჩევლის დიდი ნაწილის სახელით ილაპარაკონ.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესი გაიარა (და ახლა დასკვნით ფაზაში შედის).
ისიც არაა გასაკვირი, რომ ამგავარი ტრანსფორმაცია არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილისათვის. მისთვის, ისევე, როგორც ივანიშვილისათვის, ძალაუფლება ერთიანი და განუყოფელია. გაყოფილ ძალაუფლებას ფასი არ აქვს. სწორედ აქედან გამოდინარეობს მისი უპასუხისმგებლო განცხადება – სააკაშვილი თავის გუნდს მეორე ტურისა და პარლამენტის ბოიკოტისაკენ მოუწოდებს.
სინამდვილეში, ამ მომენტისათვის, “ნაციონალური მოძრაობა” ერთადერთი პარტიაა, რომელიც მყარ საფუძველზე დგას და არ არის დამოკიდებული კონიუნქტურულ რყევებზე. თუ “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოახერხა და პარლამენტში არშესვლით საკუთარი საფლავი თვითონ არ გაითხარა, რამდენადაც პარადოქსულად უნდა ჟღერდეს, გრძელვადიან პერსპექტივაში 8 ოქტომბრის არჩევნების ნამდვილი გამარჯვებული სწორედ ის იქნება. საამისოდ მას თავის ყველაზე ოდიოზურ ლიდერთან – მიხეილ სააკაშვილთან დამშვიდობება მოუწევს.
“ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი დიდი შეცდომა იყო გამუდმებული თავდასხმა პატარა, ასევე დასავლეთზე ორიენტირებულ პარტიებზე. ეს თავდასხმები გამოწვეული იყო სურვილით, პარტიას თავი ერთადერთ “პროდასავლურ” ძალად წარმოედგინა. შესაბამისად, “ნაციონალურ მოძრაობას” მემარჯვენე-პოპულისტური პარტიების გაძლიერება უფრო აწყობდა, ვიდრე თავისი უშუალო კონკურენტებისა.
“პატარა პარტიები”
“ნაციონალურ მოძრაობას” თავისი (თუმცა არა ექსკლუზიური) წვლილი მიუძღვის მემარცხენე, ცენტრისტული და ლიბერალური პარტიების ეროზიაში.
თავის მხრივ, ამ პარტიებმა (განსაკუთრებით ყველაზე ძველმა ქართულმა პარტიამ, “რესპუბლიკელებმა” ) ვერ შეძლეს განახლება. დღევანდელი ფორმით ისინი სიცოცხლისუუნაროები არიან.
“ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებით, მათ ვერ მოახერხეს საკუთარი საამომრჩევლო ბაზის შექმნა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას “თავისუფალი დემოკრატები” კი საერთოდაც იმდენად აპოლიტიკურები აღმოჩნდენ, რომ პარლამენტს გარეთ პარტიად არსებობა არც კი წარმოუდგენიათ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ პარტია ფაქტობრივად დაიშალა. ის მისმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამაც მიატოვა. ცხადია, რომ ასეთ პარტიებს არანაირი მომავალი არ ექნებათ.
“საპროტესტო” ამომრჩეველი
8 ოქტომბრის არჩევნებმა ისიც გვიჩვენა, რომ საპროტესტო ამომრჩეველი არ მიდის არც “ნაციონალურ მოძრაობასთან” და, პრინციპში, ურჩევნია სახლში ჯდომა, ვიდრე რომელიმე არსებული პარტიისთვის ხმის მიცემა.
თუ “საპროტესტო” ამომრჩეველი არ მიიზიდა ცენტრისტულმა ან მემარცხენე პარტიამ, რომლის პრიორიტეტი იქნება განათლება, სოციალური სამართლიანობა, გარემოს დაცვა (სია გაგრძელებადია), მას აუცილებლად მიიზიდავს მემარჯვენე პოპულისტური პარტია (თან უფრო წარმატებულად ვიდრე ამას დღეს “პატრიოტთა ალიანსი” აკეთებს).
საქართველო პარტიული პოლიტიკის რადიკალური ტრანსფორმაციის ფაზაში შევიდა. “ზემოდან” შექმნილი პარტიები მყარი საამომრჩევლო ბაზის გარეშე გადაშენების გზაზე დგანან. ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება, ვინ და როგორ ჩაანაცვლებს ამ პარტიებს.
ამიტომაც, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს აქვს საშუალება, აჩვენოს, რამდენად არის ის მზად პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან დასავლური დემოკრატიად პოლიტიკური ტრანსფორმაციისთვის, ოღონდ ამჯერად არა ზემოდან, არამედ ქვემოდან. ამჯერად ჩვენს წარუმატებლობას ვერ დავაბრალებთ მთავრობას, რომლისგანაც კარგს არაფერს მოველით.
გამოქვეყნებულია: 11.10.2016