ახალი გული: საქართველოს მოქალაქეების ორი ისტორია, რომელთა გზებიც ბელარუსში გადაიკვეთა
ბავშვებს არ უთხრათ
გიორგი ტალახაძე, 19 წლის, ორი წელიწადია, ახალი გულით ცხოვრობს:
„არ ვიცოდი, რომ გადანერგვა მჭირდებოდა, მშობლები მიმალავდნენ. ბოლომდე მეგონა, რომ რაღაც უბრალო ოპერაცია იქნებოდა, და მორჩა. გამიმართლა: დონორი ჩასვლიდან 18 დღეში მოიძებნა. არ ვიცი, რამდენად მშვიდად ჩაივლიდა ეს ყველაფერი, ამ სიტუაციის შესახებ თავიდანვე რომ მცოდნოდა.
თბილისის კონსერვატორიაში ვსწავლობ – კლასიკური ვოკალისა და ფორტეპიანოს კლასში. ხმამაღლა ვმღერი. გული არ მტკივა. საღამოობით კიდევ ექვს-ექვსი საათის განმავლობაში რესტორნებში გამოვდივარ. ოპერის თეატრში მუშაობაზე ვოცნებობ.
დაქორწინებას ვაპირებ – მინსკიდან დაბრუნების შემდეგ ჩემს შეყვარებულს ხელს ვთხოვ. უკვე ბეჭედიც ნაყიდი მაქვს.
ვიცი, რომ საქართველოში გულის ტრანსპლანტაცია დაახლოებით 60 ადამიანს ესაჭიროება. შვიდი უკვე ახალი გულით ბელარუსიდან შინ დაბრუნდა. მათ შორისაა — 14 წლის ქეთი.
ბავშვებისთვის იმის თქმა არ შეიძლება, რომ მათ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვთ, და რომ მათ სხვისი გული უნდა გადაუნერგონ. ეს მათ ძლიერ ტრავმას აყენებს. სამწუხაროა, რომ ქეთის ამის შესახებ უთხრეს, რადგან ძალიან განიცდიდა. მე, გიორგი და კიდევ ერთი ბიჭი ქეთისთან მივედით, მაისურები ავიწიეთ მკერდზე ჩვენი იარები ვუჩვენეთ, და ვუთხარით: „ჩვენც შენნაირები ვართ, მაგრამ დავრბივართ, ველოსიპედით ვსეირნობთ, ჩვეულებრივი ადამიანებივით ვცხოვრობთ“, – და ამან უშველა“.
გარანტია გულზე
გიორგი სარკისოვი 34 წლისაა, 4 წელიადია, ახალი გულით ცხოვრობს:
„მყავდა შეყვარებული, რომელიც საქართველოს პარლამენტში მუშაობდა. ჩემი ოპერაციისთვის ფულის შეგროვება მან დაიწყო. პარლამენტში მკაცრი დრეს-კოდია, მას კი ჩემი პორტრეტიანი მაისურა ეცვა წარწერით: „მას ფული სჭირდება“. ეჩხუბებოდნენ, მაგრამ მაინც ისე დადიოდა. მან 65 ათასი დოლარის შეგროვება შეძლო, სახელმწიფომ კიდევ 70 ათასი მოგვცა. მე წინააღმდეგი ვიყავი, რომ ჩემთვის ოპერაციის ფული შეეგროვებინათ. მაგრამ ყველა მეუბნებოდა, რომ ეს სირცხვილი არ იყო.
დეპრესიაში ვიყავი, ერთი თვე საწოლიდან არ ავმდგარვარ. შემდეგ ჩემი მოძღვარი, მამა სერაფიმე მოვიდა. მესაუბრა, ხელში ასი დოლარი ჩამიდო და დამპირდა, რომ მეორე დღეს ჩემგან აღსარებას მიიღებდა. ანუ,- ოპერაციისთვის მოემზადეო. ორ საათში ავდექი, აბაზანაში შევედი, გავიპარსე და შევწყვიტე იმაზე ფიქრი, თუ რა მომელოდა.
მინსკში რომ ჩავედი, ჩემი გული შვიდი პროცენტით მუშაობდა. დონორი მეორე დღეს გამოიძებნა – და ეს იყო ბაიკერი, რომელიც საკუთარ დაბადების დღეს მოტოციკლით დაიმტვრა.
ის 38 წლის იყო. მისი ფოტოს ჩვენებას მთავაზობდნენ, მაგრამ უარი ვთქვი.
ოპერაციის შემდეგ შინ დავბრუნდი, ჩემს თავს გვერდიდან ვუყურებდი, და მეჩვენებოდა, რომ ეს მე არ ვარ. ხასიათი შემეცვალა – მეგობრებიც იგივეს ამბობენ.
იმ ქართველებს ვეხმარები, ვისაც გულის გადანერგვა სჭირდება.ჩემი ტელეფონის ნომერი თითოეულ კლინიკაში აქვთ. ექიმები მას ყველა იმ ადამიანს აძლევენ, ვისაც ტრანსპლანტაცია ესაჭიროება. ვეხმარები, რომ მინსკში ანალიზები გადააგზავნონ, ექიმებთან ურთიერთობაშიც ვეხმარები. ამას უფასოდ ვაკეთებ. ფულს როგორ ავიღებ, მე ხომ ადამიანები ასე დამეხმარნენ?
საქართველოში სახლი მაქვს. ვაპირებ, რომ გავყიდო და მინსკში ვიყიდო ბინა. მინდა, ბელარუსში ბინადრობის უფლება მივიღო, და შემდეგი გადანერგვა უფასოდ გავიკეთო. არ ვიცი, როდის დამჭირდება, გულზე გარანტია 25 წლამდეა“.