მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლში ინტენსიური სროლა არ წყდება. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე კონფლიქტის ესკალაცია გრძელდება. როგორც ჩანს, ეუთო–ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით ბერნში გამართულ შეხვედრაზე,სადაც ამ საკითხს განიხილავდნენ, სარგსიანი და ალიევი რაიმე დადებით შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ.
პოლიტოლოგებმა აღნიშნეს, რომ მოლაპარაკება ყველასთვის, მათ შორის, შუამავლებისთვისაც, მძიმე გამოდგა. პარალელურად კი, სომხური მასმედია იუწყებოდა, რომ 19-20 დეკემბრის ღამეს სასაზღვრო ზოლში სროლები კიდევ უფრო გახშირდა.
პოლიტოლოგ სერგეი მანასიანის აზრით, დაძაბულობის პერმანენტულ ესკალაციას შედეგად,შესაძლოა, კონტროლის დაკარგვა მოჰყვეს, რის შემდეგაც ფართომასშტაბიან ომს მივიღებთ. სომხეთის პირველი, საზოგადოებრივი არხის ეთერში მან ივარაუდა, რომ ამით აზერბაიჯანის ხელისუფლება ბოლო დროს დაგროვილი შიდა პრობლემების გადაფარვას ცდილობს.
ბერნის შეხვედრიდან მოკლე ხანში, 21 დეკემბერს მოსკოვში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების სხდომა ჩატარდა, სადაც სომხეთის პრეზიდენტი მკვეთრი განცხადებებით გამოვიდა და მოკავშირეებს მოუწოდა,ნაკისრი ვალდებულებები გაეხსენებინათ.
:’ყოველ ჯერზე, როდესაც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის წინააღმდეგ ყველა კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღს, საარტილერიო დანადგარსა და ნაღმმტყორცნებს იყენებენ, ისინი ასტანას, დუშანბეს, ბიშკეკს, მოსკოვსა და მინსკსაც ესვრიან. შეგახსენებთ, რომ წესდებაში ამის შესახებ სათანადო მუხლიც გვაქვს, და თუკი ამ მუხლს არ გამოვიყენებთ, თუ არ განვიხილავთ არსებულ სიტუაციას და არ დავინტერესდებით,რა ხდება მოკავშირე სომხეთში და, პირიქით, საერთაშორისო ორგანიზაციებში მოკავშირის წინააღმდეგ მივცემთ ხმას, მესამე მხარესთან ისეთ ორმხრივ დეკლარაციას გავაფორმებთ, რომლის შინაარსიც უსაფრთხოების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული, მაშინ ამ ცეცხლის ქვეშ მთელ ჩვენი ორგანიზაციას, მისი პრესტიჟსა და მნიშვნელობას დავაყენებთ’.
სარგსიანი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანული მხარე მძიმე არტილერიას იყენებს, მათ შორის _ თურქულ შეიარაღებასაც. 8 დეკემბერს კი, 1994 წლის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ აზერბაიჯანმა პირველმა გახსნა სატანკო და საარტილერიო ცეცხლი.
კონფლიქტის ესკალაციასა და სასაზღვრო დაპირისპირებებზე ბოლო დროს ბევრს მსჯელობენ სოციალურ ქსელებში. სიტუაცია იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ პოლიტიკოსები დაბეჯითებით ვერ ამბობენ, როგორ განვითარდება მოვლენები.