არმენ სარგსიანი, ერევანი
კიდევ ერთხელ დადგა სექტემბერი და ცოდნის დღეც აღინიშნა. აღელვებულმა მოსწავლეებმა (თუმცა, ვერ ვიტყოდი, რომ თვალებში სიხარულის ცრემლი უბრწყინავდათ) მეცნიერების ტაძარში შეაბიჯეს. მასწავლებლებმა ვრცელი სიტყვები წარმოთქვეს, სკოლის ფასადებზე კი თავს იწონებდა ძველთაძველი რჩევა – “სიბრძნის შეცნობა…” [სომხური დამწერლობის შემქმნელის, მესროპ მაშტოცის ცნობილი გამონათქვამის პირველი სიტყვები]
საბჭოთა პერიოდში მოგვიწოდებდნენ, რომ “ქვეყნისთვის სასარგებლო” ადამიანები გავმხდარიყავით, ახლა კი სულ უფრო ხშირად გვირჩევენ, რომ კარგი სამსახური ვიშოვოთ.
და რომელია ეს “კარგი სამსახური” – სასკოლო განათლების თორმეტსაფეხურიან კიბეზე აბობღებად, ბაკალავრიატის განსაცდელის გავლად, და მაგისტრატურისა და დოქტორანტურის მორევში გადაშვებად რომ ღირდეს? თანაც, შეიძლება ესეც არ აღმოჩნდეს საკმარისი ამქვეყნად საუკეთესო სამსახურის მისაღებად. როგორც წესი, სამსახურთან დაკავშირებულ განცხადებებში არ წერენ ხოლმე, – “გვესაჭიროება სპეციალისტი მსოფლიოში საუკეთესო სამსახურისთვის”. თუმცა, ერთი ასეთი შემთხვევა 2009 წელს მოხდა.
ავსტრალიურ კვინსლენდში “მსოფლიოში საუკეთესო სამსახურისთვის” შესაბამისი კანდიდატურის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადეს. ტურისტულ კორპორაციას სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე გამოცდიდა ყველა იმ გასართობს, რასაც დამსვენებელს 2000-კილომეტრიან ტურისტულ ზონაში სთავაზობენ.
სამსახურეობრივი მოვალეობების სიაში შემდეგი პუნქტები იყო ჩამოთვლილი: ექვსთვიანი მოგზაურობა გემითა და ავტომობილით; პლაჟზე წოლა; ოკეანის ფსკერზე ჩასვლა; მასაჟის მიღება; კოქტეილების სმა; საუკეთესო რესტორნებში კვება; საცეკვაო მოედნებზე მისვლა; პლაჟის გართობებში მონაწილეობის მიღება; ინტერვიუების მიცემა და ამ მასალების სოციალურ ქსელებში განთავსება. ამ ყველაფრის ხარჯს კომპანია იხდიდა და თნ, თანამშრომელს სთავაზობდა ხელფასს – დაახლოებით 105 ათასი დოლარის ოდენობით.
ამ სამსახურის მიღებაზე 35 ათასი ადამიანი აცხადებდა პრეტენზიას. აპლიკანტები 200 სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ. გაიმარჯვა ბრიტანელმა ბენ საუთჰოლმა. აი, რამდენიმე ეპიზოდი მისი მძიმე ყოველდღიური სამუშაო რუტინიდან.
ბენ საუთჰოლი წიგნებისა და მულტიმედიური პუბლიკაციების ავტორი გახდა, მისი ვებგვერდი კი გართობის ადგილად იქცა.
რა თქმა უნდა, ეს დროებითი სამუშაო იყო. 7 მილიონის დახარჯვის შემდეგ ტურისტული კომპანია საბოლოოდ დარწმუნდა, რომ პლაჟი მართლაც ვარგოდა და ახალი კონკურსი აღარ გამართა. ადვილი მისახვედრია, რომ ასეთი სამსახურის მიღების შანსი ადამიანს მხოლოდ ერთხელ შეიძლება მიეცეს და არ ღირს, ახალი შანსის გამოჩენას წლების მანძილზე ველოდოთ. ჯობს, ახალი, მოთხოვნადი და იშვიათი სპეციალობები ვეძებოთ; ისეთი პროფესიები, რომლებსაც ჯერჯერობით არც ისე ბევრი ადამიანი ფლობს.
მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლები პოტენციურ სტუდენტებს ტრადიციად ქცეული პროფესიების – ექიმის, ჟურნალისტის, ინჟინრის, ქიმიკოსისა და პროგრამისტის პარალელურად, ისეთ სპეციალობებსაც სთავაზობენ, რომელთა მხოლოდ სახელიც კი გაოგნებას იწვევს. მაგრამ ეს პროფესიები მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს უცნაური.
ლივერპულის უნივერსიტეტი “ჰოუპი”, უკვე 6 წელია, სტუდენტებს სთავაზობს უმაღლეს განათლებას საზოგადოებათმცოდნეობაში, პოპკულტურასა და ბითლზისმცოდნეობაში.
უკვე 50 წელია, რაც სან-ფრანცისკოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს კანდიდატის სამეცნიერო ხარისხს გენდერისა და სქესის საკითხებში. ამასთან, აპლიკანტებს შემოქმედებით სამუშაოებს და ცოდნის, ტექნოლოგიებისა და მეთოდების პრაქტიკულ გამოყენებას ჰპირდებიან.
ევროპის აკადემია, რომელიც იტალიის ჩრდილოეთ ნაწილშია განთავსებული, პოტენციურ სტუდენტებს თოვლის კაცის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხს ჰპირდება. ზოგი ამ არსებას მითად მიიჩნევს და ბავშვებს თოვლის კაცით აშინებს, არადა, სხვები ამ ლეგენდარულ მოვლენას წლების განმავლობაში შეისწავლიან.
ადამიანებს კარგად სწავლა იმისთვის უნდათ, რომ მფუთავებად არ იმუშაონ, მიჩიგანის უნივერსიტეტის პროგრამით კი, შეფუთვის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხსიც კი შეგიძლიათ მიიღოთ. მის მისაღებად, მინიმუმ, რვაწლიანი სასწავლო კურსის გავლაა აუცილებელი.
საბოლოო ჯამში, თუ ჯერაც ვერ განსაზღვრეთ, რა პროფესიას გსურთ რომ დაეუფლოთ, გახდებით თუ არა ის, ვინც გინდათ რომ გახდეთ, რატომ უნდა გახდეთ და შეგიძლიათ თუ არა ეს საერთოდ… და თუ თავში ბევრი სხვა შეკითხვაც გიტრიალებთ, შეგიძლიათ, 4 წელიწადის განმავლობაში ისწავლოთ ინდიანას უნივერსიტეტში, დამთავროთ გადაწვეტილებების მიღების ფაკულტეტი და შესაბამისი მეცნიერებების დოქტორის ხარისხიც მიიღოთ.
ამ შემთხვევაში, უფრო მარტივად მიხვდებით ბევრ რამეს და საბოლოოდ გაარკვევთ, თუ რატომ წახვედით პირველად სკოლაში 16 წლის წინათ, 1-ელ სექტემბერს “სიბრძნის შესაცნობად, გონივრული გამონათქვამების გასაგებად” [მესროპ მაშტოცის გამონათქვამები]
გამოქვეყნდა: 05.09.2016