აზერბაიჯანი მომავალ წელს არმიერთების მოძრაობას უხელმძღვანელებს
5-6 აპრილს ბაქოში არმიერთების მოძრაობის მინისტრთა კონფერენცია ჩატარდა, თემაზე – „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“. კონფერენციაზე გადაწყდა, რომ არმიერთების მოძრაობის თავმჯდომარე ქვეყნის თანამდებობაზე აზერბაიჯანი ვენესუელას შეცვლის და ამ საერთაშორისო მოძრაობას 2019 წლიდან 2022 წლამდე უხელმძღვანელებს.
კონფერენციის შედეგების მიხედვით, მიიღეს ბაქოს დეკლარაცია. დოკუმენტი მოუწოდებს საერთაშორისო ურთიერთობებში ტერიტორიული მთლიანობის ან ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ძალის გამოყენების მუქარისგან თავშეკავებისკენ, ასევე ტერორიზმის ყველანაირი გამოვლინების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაძლიერებისა და პალესტინის ტერიტორიების ოკუპაციის შეწყვეტისკენ.
დოკუმენტის სრული ტექსტი იხილეთ აქ:
არმიერთების მოძრაობას ჩვეულებრივი ორგანიზაციული სტრუქტურა და მუდმივი ხელმძღვანელობა არ გააჩნია. გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე მიიღება და რეკომენდაციის ხასიათს ატარებს.
ორგანიზაციის თავმჯდომარე არის ის ქვეყნა, რომელიც კონფერენციას უმღლეს დონეზე მიიღებს. ასეთ კონფერენციებს, როგორც წესი, სამ წელიწადში ერთხელ იწვევენ. არმიერთების მოძრაობის ბოლო, 17-ე კონფერენცია 2016 წელს ვენესუელაში ჩატარდა. მომდევნო კონფერენცია 2019 წელს ბაქოში გაიმართება.
მინისტრთა ღია კონფერენციაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სიტყვით გამოვიდა. ქვეყნის მეთაურმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის ძალა სოლიდარობაშია, რადგან მონაწილე ქვეყნები ერთმანეთის მსგავს გამოწვევებსა და პრობლემებს აწყდებიან.
„ჩვენ, არმიერთების მოძრაობის წევრ-ქვეყნებს დამოუკიდებლად გვსურს ცხოვრება, გარედან მითითებების გარეშე“, – თქვა ილჰამ ალიევმა და აღნიშნა, რომ უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, არმიერთების მოძრაობა ჰუმანიზმის პრინციპებს ავითარებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა არმიერთების მოძრაობის წევრ ქვეყნებს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გადაჭრის საქმეში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
აზერბაიჯანში ქვეყნის არმიერთების მოძრაობაში მონაწილეობას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მაგალითად, პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, პარლამენტის წევრმა ფარაჯ გულიევმა საზოგადოებრივ ტელევიზიაში გამართული წინასაარჩევნო ტელედებატების დროს არმიერთების პოლიტიკისგან ჩამოშორების, ევროპასთან, აშშ-სა და ისრაელთან ურთერთობების მოგვარების და რუსეთთან თანამშრომლობის პრიორიტეტულობაზე უარის თქმის მოწოდება გააკეთა.
„არმიერთების მოძრაობის წევრობა არასწორია, რადგან თუ არსად გავერთიანდებით, და მეგობარს ღიად არ დავარქმევთ მეგობარს, მტერს კი – მტერს, ისეთ სიტუაციას შევქმნით, როდესაც ჩვენთან ურთერთობის დამყარებისას მეგობრებიც კი იმერყევებენ. ასე რომ, ჩვენ ამაზე უარი უნდა ვთქვათ და ახალი ბლოკების შექმნაზე ვიფიქროთ“, – თქვა გულიევმა თავის გამოსვლაში.
პოლიტოლოგების კლუბ „სამხრეთი კავკასია“-ს ხელმძღვანელი ილგარ ველიზადე მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანმა არმიერთების მოძრაობაში მონაწილეობა შეგნებულად აირჩია, რადგან ამა თუ იმ გაერთიანების წევრობაში პრაქტიკულ სარგებელს ვერ ხედავს.
„მაგალითად, აზერბაიჯანი არ აპირებს ნატოს ან კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის შეთანხმების წევრობას. ამა თუ იმ გაერთიანებასა და კავშირში შესვლით ქვეყანა სამომავლო პერსპექტივას უნდა ხედავდეს, და თუ ის არ არის, ნეიტრალური პოზიციის დაკავება ჯობს. არმიერთების მოძრაობაში ჩვენი მონაწილეობა იმაზე მეტყველებს, რომ აზერბაიჯანმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. ამიტომ იმაზე დისკუსიების გამართვას, უნდა გაწევრიანდეს თუ არა ქვეყანა მომავალში რაიმე კავშირში ან გაერთიანებაში, არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, ალბათ მხოლოდ – თეორიული“, – განუცხადა ველიზადემ ბაქოურ გაზეთ „ექოს“.