აზერბაიჯანული არქიტექტურის მომავალი უკვე დადგა
კიბეების სიყვარული
ბაილის დასახლება (უბანი, რომელსაც „დასახლება“ ჰქვია, თუმცა, სინამდვილეში, ბაქოს ცენტრალური რაიონის შემადგენლობაში შედის) იმ გორაკის ფერდობზეა გაშენებული, რომელსაც ქალაქის მოსახლეობა „ბაილის მთას“ უწოდებს. ამიტომ მთელი უბანი პირობითად ჰორიზონტალური და ვერტიკალური ქუჩებისგან შედგება. ვერტიკალური ქუჩების უმრავლესობა სინამდვილეში უბრალო კიბეებია, რომლებსაც თითქოს ერთი დონიდან მეორეზე გადაჰყავს მგზავრი. რა თქმა უნდა, ამ საფეხურებზე სიარული საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით – ბაქოურ ზაფხულში – თითოეული ნაბიჯის გადადგმა დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული, თითქოს გოლგოთაზე ადიხარ.
მაგრამ ლეილას კიბეები მოსწონს. ალბათ იმიტომ, რომ იგი ატელიე-სტუდია «Pille»-ს [«საფეხური»] ახალგაზრდა არქიტექტორია, და ამ შემთხვევაში მხოლოდ „კიბისებურ“ დასახელებაზე არ არის საუბარი – უბრალოდ, შეიძლება ითქვას, რომ არქიტექტორები განსხვავებული თვალით უყურებენ სამყაროს. მაგალითად, ლეილა კიბეებს „გადასასვლელებს“ უწოდებს და დანანებით აღნიშნავს, რომ ხალხი ასეთ კონსტრუქციებს სათანადო ყურადღებას არ აქცევს: «როდესაც კიბეს ვიყენებთ, ყოველთვის ვამჩნევთ მის დეტალებს – „გვერდითი მხედველობით“ მაინც ვაფიქსირებთ ხოლმე – იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამ წვრილმანების რაოდენობა ძალიან დიდია და რაღაც მომენტში უბრალოდ შეუძლებელი ხდება მათი გარჩევა – და, ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუკი ამას მეტ ყურადღებას დავუთმობთ – თუკი რაიმე საინტერესოზე მოვახდენთ ფოკუსირებას, თუკი ამ საინტერესო მახასიათებელზე ვიფიქრებთ, ან უბრალოდ მისი ცქერით დავტკბებით».
ამას გარდა, ამ ძველი, გაცვეთილი კიბეების გაციცხლება და გაფერადებაც შეიძლება – იმისთვის, რათა მათზე ასვლა-ჩამოსვლა კატორღას არ გვაგონებდეს. სწორედ ასეთი „სივრცითი სამუშაოებით“ დაკავდებიან საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალის, “Urban olum”-ის მონაწილეები. ამ ღონისძიების ორგანიზატორია ატელიე «Pille» – დღეს ბაილის დასახლებაში ფესტივალის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება ორ კვირას გაგრძელდება.
ვინ არიან ისინი?
შეიძლება ითქვას, რომ «Pillə» თანამოაზრეების გაერთიანება უფროა, ვიდრე ტრადიციული არქიტექტურული სააგენტო. ამ მომენტისათვის ეს ორგანიზაცია რვა არქიტექტორისგან შედგება. ესენი არიან: მუსლიმ იმრანლი, ლეილა მუსაევა, დილიარა ორუხ-ზადე, საბინა აბასოვა, ფარიდ აბდულოვი, აიგიუნ ბუდაგი, სუბხან მანაფზადე და ჩიჩიაკ ბაირამოვა. პლუს ნეზაქიატ აზიმლი, ატელიეს მენეჯერი, რომელიც არქიტექტორი არ არის, მაგრამ ძალიან აინტერესებს თანამედროვე ურბანისტიკა და სურს, ამ სფეროში მიიღოს განათლება.
ურბანისტიკა არის მეცნიერება ქალაქების განვიღარებისა და იმის შესახებ, თუ როგორ ზემოქმედებს ქალაქის სისტემები ერთმანეთზე და ადამიანებზე. ტრადიციული არქიტექტურის ჩარჩოებიდან გამოსვლა და ურბანისტიკის სფეროში მუშაობა Pillе-ს წევრების ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. ქალაქზე საუბრისას ისინი ნებისმიერ ადამიანს დაარწმუნებენ იმაში, რომ სახლები და ქუჩები სულიერი არსებები არიან, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში იმაზე უფრო დიდ როლს თამაშობენ, ვიდრე წარმოგვიდგენია.
“Pillə”-ს ოთხი წევრი ერთად სწავლობდა აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტში. თუმცა, მათი თქმით, ამ შემთხვევაში სიტყვა „სწავლა“ ძალიან პირობითია.
“ჩვენს უნივერსიტეტში რამდენიმე საგნის გარდა (მაგალითად, შეიძლება დავასახელოთ რესტავრაცია და ხელოვნების ისტორია) სტუდენტებს, ძირითადად, ისეთ ცოდნას აძლევდნენ, რომელიც ან უიმედოდ მოძველდა, ან საერთოდ არაა გამოყენებადი. ეს პროცესი დღესაც გრძელდება – ცოდნის ძირითადი ნაწილი პრაქტიკული მუშაობის, წიგნების დამუშავების, საზღვარგარეთ სწავლისა და უცხოელი სპეციალისტების ტრენინგების გავლის შედეგად მივიღეთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწავლას ამჟამადაც ვაგრძელებთ”.
სამაგიეროდ ჯგუფის წევრებმა უნივერსიტეტში ერთმანეთი გაიცნეს, დამეგობრნენ და, ფაქტობრივად, ერთ ოჯახად იქცნენ. გარკვეულწილად, შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირი მნიშვნელობით იქცნენ ოჯახად, იმიტომ რომ მცირე ხნის წინ ფარიდი და საბინა დაქორწინდნენ. რამდენიმე წელი გავიდა იმ მომენტამდე, სანამ მათი გაზრდილი კომპანია ამ წყვილის ქორწილზე მოილხენდა, მანამდე სამმა მათგანმა ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემდეგ საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში გააგრძელეს სწავლა. ორი წლის მანძილზე სწავლობდნენ უცხოეთში და მხოლოდ მაგისტრატურის დასრულების შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს. ერთხელ მეგობრები ქალაქგარეთ წავიდნენ და როდესაც უკან ღამის ავტობუსით ბრუნდებოდნენ, გადაწყვიტეს, საკუთარი სახელოსნო შეექმნათ.
“გადავწყვიტეთ, ჩვენი ორგანიზაციისთვის «Pillə» დაგვერქმია, იმიტომ რომ, ერთი მხრივ, საფეხური არქიტექტურული ელემენტია, მეორე მხრივ კი ეტაპობრივი აღმასვლის სიმბოლოა. თუმცა, ამ შემთხვევაში მხოლოდ ყბადაღებული „წარმატების კიბე“ არ იგულისხმება, ზოგჯერ საკუთრივ აღმასვლა, უშუალოდ ეს პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მწვერვალზე მოხვედრა”.
რას საქმიანობენ?
„Pillə“-ს პირველი პროექტი, რომელიც ამ ორგანიზაციის წევრების პირადი ესთეტიკური და შემოქმედებითი ლტოლვების დასაკმაყოფილებლად იყო შექმნილი, ცნობილია სახელით „ბაქოს ფორმათწარმოქმნის ისტორია“, მისი საშუალებით ჯგუფის წევრებს სურდათ შეევსოთ ის არასრული ცოდნა, რომელიც ქალაქის შესახებ ჰქონდათ. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს განიცდიდნენ იმას, რომ საკმარის ინფორმაციას არ ფლობდნენ ქალაქზე.
კიდევ ერთი სამწუხარო გარემოება იყო ის, რომ ჯგუფის წევრებს „თანამზრახველები“ არ ჰყოფნიდათ. ასე გაჩნდა ახალგაზრდული ვორქშოფების ჩატარების იდეა. “Pillə”-ს მონაწილეებმა ლექციების ჩატარება დაიწყეს. ისინი მსმენელებს ურბანისტიკას ასწავლიან, საუკეთესო სტუდენტები კი საკუთრივ “Pillə”-ს გუნდის წევრები გახდნენ.
“Pillə”-ს მუშაობის „ნივთიერ“ შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ ქუჩაში საკვებით ვაჭრობისათვის შექმნილი დასაკეცი მულტიფუნქციური ურიკის მოდულის პროექტი, რომელიც “UrbanFurnitureWorkshop”-ის მიმდინარეობისას იქნა შემუშავებული ჯგუფის წევრების სტუდენტებთან ერთად.
პრეზენტაცია აშკარად ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ თანამედროვე ბაქოს ქუჩები სულ უფრო მეტად კარგავენ მათთვის დამახასიათებელ ტრადიციულ კოლორიტს და მხოლოდ ტრანზიტულ ფუნქციას ასრულებენ. პროექტის მიზანია ქუჩების სოციალურ ცხოვრებაში „ჩართვა“, მათთვის ავთენტურობის დაბრუნება და მცირე ბინზესის განვითარება.
«ბოლო დრომდე ბაქოში აკრძალული იყო საკვების „ჩამოტარებით“ (ურიკებით, გადასატანი გრილებით და ა.შ.) გაყიდვა. თუმცა, ეს მცირე დეტალი ძალიან აცოცხლებს ქალაქს, ერთგვარ პეწს მატებს მის ყოფას და, როგორც წესი, ძალიან მოსწონთ, როგორც ქალაქის მოსახლეობას, ისე ტურისტებს. გაიხსენეთ თუნდაც სახელგანთქმული შემწვარი წაბლი, რომელიც სტამბოლის ქუჩებში იყიდება».
პროექტის წარდგენიდან ორი თვის შემდეგ ბაქოში „მობილურ საკვებთან“ დაკავშირებული აკრძალვა გაუქმდა და მიუხედავად იმისა, რომ «Pillə» ამას თავის დამსახურებად არ მიიჩნევს, მისი წევრები მაინც სიამოვნებით აღნიშნავენ, რომ ეს ყველაფერი სიმბოლურ ურთიერთკავშირში აღმოჩნდა.
Pillə და ბაქო
ლეილა:
ვერ ვიტყვი, რომ ქალაქის რომელიმე კონკრეტული ნაწილი დანარჩენებზე მეტად მიყვარს. მე თითოეული მათგანის თანაარსებობა და ურთიერთშეხამება უფრო მხიბლავს. ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია ქალაქის ერთი ნაწილის ატმოსფეროდან მეორეში გადასვლის შესაძლებლობა.
ჩიჩიაკი:
ცხოვრების დიდი ნაწილი თათრეთში გავატარე. ბაქოში დაახლოებით ერთი წელის წინ ჩამოვედი. საკმაოდ გამიჭირდა ასიმილაცია . დროდადრო ყველასგან განცალკევებით, სრულ მარტოობაასა და სიჩუმეში მინდოდა ყოფნა. „ძველი ქალაქი“ საუკეთესო ადგილი აღმოჩნდა ამისათვის - ბაქოს ეს ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრში მდებარეობს, მთლიანად მოწყვეტილია მეგაპოლისის დანარჩენ უბნებს. იქ სხვა ცხოვრება და სხვანაირი ატმოსფერო გხვდება. იქ ისტორიას გრძნობ - იმას, რაც თითქმის საერთოდ არ მოიპოვება „დიდ“ ბაქოში. ძველ ქალაქში სამი საყვარელი ადგილი მქონდა - ერთი პირად ცხოვრებაზე ფიქრისთვის, მეორე პრობლემების გასაანალიზებლად, მესამე კი ინსპირაციისა და გეგმების შემუშავებისათვის.
მუსლიმი:
ის ადგილები, რომლებიც ყველაზე მეტად მომწონს ბაქოში, ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ შორს, საბუნჩის დასახლებაში მდებარეობს - იქ, სადაც მე გავიზარდე. იქ უშუალოდ საავადმყოფოს შესასვლელის პირდაპირ ბიბლიოთეკა მდებარეობს. შენობა, რომელსაც ეს დაწესებულება იკავებს, ადრე დიდი მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილი იყო. ის ტაძარი საბჭოთა კავშირის დროს, 1934 წელს დაანგრიეს. მცირე ზომებისა და არაპრეზენტაბელური გარეგნული იერის მიუხედავად, შენობაში ჯადოსნური ატმოსფერო სუფევს. მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც იმ ბიბლიოთეკაში საბჭოთა პერიოდში გამოცემულ მტვრიან წიგნს გადავაწყდი, რომელსაც „ხუროთმოძღვრება“ ერქვა. ის წიგნი ერთ-ერთი იყო იმ ნაშრომებს შორის, რომლებითაც არქიტექტურის სამყაროს შეცნობა დავიწყე.
აიგიუნი:
ხუთი წლის ვიყავი, როდესაც ბაქოში ჩამოვედი და დღემდე გარეუბანში, ე.წ. მერვე ბაზრის“ მახლობლად ვცხოვრობ. შეიძლება ითქვას, რომ ეს ლეგენდარული ადგილია. ბევრს არ მოსწონს, მაგრამ მე ყოველთვის თვალშისაცემ, ჭრელ და თვითმყოფად უბნად მიმაჩნდა. ამ ადგილს თავისი ხიბლი აქვს. მინდა, რომ ეს თვისება არასდროს გაუქრეს და ერთგვარი „სიხასხასე“ არ დაკარგოს. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო დროს ამ უბანში სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს.
ნაზაკიატი:
ძალიან მომწონს რაიონი „ზავოკზალნი“ („სადგურის მიმდებარე უბანი“) როდესაც რკინიგზის სადგურს ზევით აუყვები და ყველა მხრიდან ძველი ეზოები მოჩანს. ეზოები, რომლებმაც სრულად შერჩათ ძველი კოლორიტი. ამას გარდა, იქ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაც მდებარეობს. ამ უბანში განსაკუთრებით გაზაფხულზე მიყვარს სეირნობა - იმ პერიოდში, როდესაც ყველახეები ყვავის.
ფარიდი:
სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არ მომწონს ბაქო. უფრო კომპაქტური ქალაქები მიყვარს, ისეთი დასახლებები, სადაც სიმწვანე, ქვიშა და ქვა პროპორციულადაა განაწილებული. ამასწინათ მალტაში ვიყავი და რამდენიმე დღეში ძალიან მომბეზრდა იქაური გარემო, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ქვიშაა და თითქმის საერთოდ არ არის სიმწვანე. მაგრამ ძალიან მომწონს, მაგალითად, იზმირი. რა თქმა უნდა, არც ის ქალაქია პატარა, მაგრამ იქ მასშტაბს იცავენ და სართულობის კონტროლს ახორციელებენ. მთავარი კი ისაა, რომ საკუტრივ ქალაქია მრავალფეროვანი და ფერადი. იზმირს საინტერესო გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. სულ რაღაც ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს ტყეც, მთებიც და სოფლებიც. ბაქო კი უფრო უდაბნოს წააგავს. რა თქმა უნდა, ამ თვისებასაც ერთგვარი რომანტიკა და პოეზია ახლავს თან, მაგრამ ჩემთვის ეს ემოციური ატმოსფერო ნამდვილად უცხოა.
საბინა:
ძალიან მიყვარს „გულწრფელი“ ბაქო, მისი დაბალსართულიანი კვარტალებით, რომელთა რაოდენობაც სულ უფრო მეტად მცირდება. მესმის, რომ ეს გარდაუვალია, იმიტომ რომ მოსახლეობა იზრდება და ტერიტორიის ზრდა ეკონომიკას დააზარალებს. გასაგებია, რომ დაბალსართულიანი შენობების დემონტაჟი და სართულიანობის ზრდა ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს. ეს ყველაფერი ნორმალურია იმ შემთხვევაში, როდესაც ეს „მაღლივი“ შენობები და საზოგადოებრივი ნაგებობები გონივრულად, საზოგადოებრივი სივრცის გათვალისწინებით შენდება.
ძალიან მიმწონს დარნაგიული, რომელშიც 15 წელი გავატარე. საოცრად თვითორგანიზებული, ატმოსფერული და უკვე საკმაოდ უსაფრთხო დასახლებაა. მომწონს მისი მთავარი ქუჩა, რომელიც ისთიგლალიათის სახელს ატარებს - უსაზღვროდ სასიამოვნო, გრაციოზული და ლამაზია და, ამავდროულად, სრულიად მოკლებულია პომპეზურობას. ამჟამად მის მახლობლად ვცხოვრობ, რაც ძალიან მახარებს და ვცდილობ, იმ ქუჩაზე ხშირად ვისეირნო.
მცირე ხნის წინ ატელიე “Pillə”-ს „შტაბბინა“ გაუჩნდა. ახლა ახალგაზრდების იმ ნაწილს, რომელსაც რაღაც კუთხით მაინც აიტერესებს ურბანისტიკა, შეუძლია, Pillə”-ს ესტუმროს და დაუსრულებლად ისაუბროს ისეთ თემებზე, რომლებიც ცოტა გაუგებარიც კი შეიძლება იყოს „უბრალო მოკვდავებისთვის“
და შემთხვევითი არაა, ალბათ, ის, რომ ატელიე იმ ადგილის მახლობლად „დასახლდა“, რომელსაც ხალხი „40 საფეხურს“ უწოდებს [კიდევ ერთი ძალიან გრძელი კიბე].
აივანზე საბჭოთა ექსპერიმენტული განაშენიანების პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვა შეიძლება იმ შენობის მაგალითზე, რომელიც პირდაპირ მოჩანს. საღამოს შეგიძლია შუქი ჩააქრო და ხის ქვესადგამებით დამზადებულ დივნებზე შემოხვეული გირლანდები ჩართო. თავისუფალ დროს ქალაქის რომელიმე მივარდნილ, მივიწყებულ უბანში სასეირნოდ მიეშურები ხოლმე – იმისთვის, რათა იქაურობა „გამოიკვლიო“ და ამ პროცესში ყოველთვის რაღაც „განსაკუთრებულს“ პოულობ ხოლმე – პატარა გაქუცულ სასადილოს, სადაც ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებენ, არაორდინალურ შენობას, ან ორიგინალურ გრაფიტის. მცირე ხნის წინ ზოგიერთი მათგანისთვის ასეთი სეირნობები პროფესიადაც იქცა. ფარიდმა, მუსლიმმა და ლეილამ გიდების კურსები გაიარეს და ახლა ბაქოში, აფშერონის ნახევარკუნძულზე და ქვეყნის სხვა რეგიონებში ექსკურსიებს აწყობენ ხოლმე.
«ვცდილობთ, ტურისტებს რაიმე არასტანდარტული ვაჩვენოთ და რაიმე არაორდინალური ვუამბოთ – რაიმე ისეთი, რასაც გზამკვლევებში ვერ ამოიკითხავ. მაგალითად, ქალაქის სტუმრებს იტალიურ ეზოებს ვათვალიერებინებთ – ადგილებს, რომლებიც დამთვალიერებლებს იმაზე უფრო მკაფიო წარმოდგენას უქმნის ბაქოს ყოველდღიურობაზე, ვიდრე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული ღირშესანიშნაობები. ამას გარდა, შეიძლება ქალწულის კოშკზე საუბრის დროსაც კი გვერდი ავუაროთ შაბლონურ ტექსტებს და სტუმრებს რაიმე განსაკუთრებული ინტერპრეტაცია შევთავაზოთ. ეს ტურისტებისთვისაც უფრო საინტერესოა, და ჩვენთვისაც».