აზერბაიჯანელი სტუდენტი, რომელმაც ეროვნული გმირის გმირობა ეჭვქვეშ დააყენა, დააჯარიმეს
ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტს ნარმინ შაჰმარზადეს სასამართლომ 400-საათიანი გამოსასწორებელი სამუშაოები მიუსაჯა Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტისთვის, რომელშიც მან აზერბაიჯანის ეროვნული გმირის მუბარიზ იბრაგიმოვის გმირობა ეჭვქვეშ დააყენა.
• ფემიციდი საქართველოში: გამოცხადებული სიკვდილების ქრონიკა
2018 წლის დეკემბერში დაწერილმა პოსტმა საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. დაიწყეს გოგონას დაბულინგება და მისი დასჯის მოთხოვნა. დეპუტატმა მუსა გულიევმა მისთვის სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ მოუწოდა.
სასამართლოში რამდენიმე საჩივარი შევიდა, მაგრამ საბოლოოდ საჩივარი მხოლოდ მუბარიზ იბრაგიმოვის დედისგან მიიღეს.
ნარმინ შაჰმარზადემ აპელაცია შეიტანა, მაგრამ უარი მიიღო.
ვინ არის მუბარიზ იბრაგიმოვი
1991-დან 1994 წლამდე მთიანი ყარაბაღის (აზერბაიჯანის ადმინისტრაციული ნაწილის, რომელიც უმეტესწილად სომხებით არის დასახლებული) გამო, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი მიმდინარეობდა. 1994 წელს ომი შეწყდა, ყარაბაღი სომხეთის კონტროლქვეშ დარჩა, კონფლიქტი კი გაყინულად მიიჩნევა. ამავდროულად ფრონტის ხაზი შენარჩუნდა, და მასზე პერიოდულად ორმხრივი სროლები ხორციელდება.
მუბარიზ იბრაგიმოვი – აზერბაიჯანის ჯარის კონტრაქტორი სამხედრო მოსამსახურე იყო; ის 2010 წელს აზერბაიჯანის ტრეტერის რაიონის მახლობლად ფრონტის ხაზთან დაიღუპა. მისი დაღუპვის გარემოებები აქამდე გაურკვეველია.
აზერბაიჯანული ვერსიის თანახმად, იბრაგიმოვი ბრძოლაში, სომხური მხარის თავდასხმის მოგერიებისას დაიღუპა.
სომხური ვერსიის თანახმად, მან ფრონტის ხაზი გადაკვეთა და მოაწყო დივერსია, რომლის შედეგადაც რამდენიმე სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა.
მუბარიზ იბრაგიმოვს სიკვდილის შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა.
ნარმინ შაჰმარზადე – ბულინგი და დიდება
ნარმინ შაჰმარზადე ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. მას საკუთარი ვიდეო-ბლოგი მიჰყავდა, მაგრამ სკანდალამდე ცოტა ვინმე თუ იცნობდა.
2018 წლის 5 დეკემბერს თავის ერთ-ერთ Facebook-პოსტში ნარმინმა დაწერა:
„ … მაგრამ თუკი ვინმეს ბრძოლის გარეშე კლავ, სამშობლოს, ახლობლების ან საკუთარი სიცოცხლის დაკარგვის საფრთხის გარეშე, მაშინ, ჩემი თვალსაზრისით, ეს სისასტიკეა. შესაძლოა, მის მიერ მოკლული სომეხი ყველა ამ პროცესის შემდეგ დაიბადა, იოტისოდენადაც არაფერში იყო დამნაშავე, ფრონტზე ყოფნისას კი შიშს განიცდიდა და შინ დაბრუნებამდე დღეებს ითვლიდა. იქნებ, დაძინებისას ის იმაზე ფიქრობდა, რომ ოჯახში მის დაბრუნებამდე დარჩენილი დღეებიდან კიდევ ერთი გავიდა, მაგრამ ის ვიღაცამ მოკლა, და იმაში დასდო ბრალი, რაც მას არ დაუშავებია. მეტიც, მუბარიზი ცოცხალი რომ დარჩენილიყო და უკან დაბრუნებულიყო, მაშინ ალბათ სამხედრო დანაშაულის თაობაზე საქმე აღიძვრებოდა. ვინაიდან მან საზღვარი ბრძანების გარეშე გადაკვეთა (იგულისხმება ფრონტის ხაზი- რედ.). სინამდვილეში, ადამიანმა, რომელსაც გმირს ვუწოდებთ, სახელმწიფოს პოლიტიკა საფრთხის ქვეშ დააყენა“.
ამან აზერბაიჯანის საზოგადოების პატრიოტულად განწყობილი ნაწილი ძალიან აღაშფოთა. გოგონას მუქარებით ესხმოდნენ თავს. თუმცა, ისეთებიც გამოჩნდნენ, ვინც მის დასაცავად გამოდიოდა.
რამდენიმე ხანში ნარმინმა ისევ სოციალური ქსელებით მუბარიზ იბრაგიმოვის მშობლებს პატიება სთხოვა იმისთვის, თუ მათ აწყენინა.
დროთა განმავლობაში ამ შემთხვევის ირგვლივ ატეხილი ხმაური მიწყნარდა, მაგრამ ნარმინმა გარკვეული ცნობადობა და პოპულარობაც კი მოიპოვა. მას შემდეგ მან კიდევ რამდენჯერმე დაწერა პროვოკაციული სტატუსები, თუმცა – არა ომის თემაზე.
„ქუჩების დაგვა სირცხვილი არ არის“
ნარმინ შაჰმარზადეს ბრალი ცილისწამებისთვის წაუყენეს, მაგრამ საბოლოოდ ის ამ მუხლით გაამართლეს და, შეურაცხყოფის მიყენების მუხლით, 400-საათიანი გამოსასწორებელი სამუშაოები მიუსაჯეს.
როდესაც აზერბაიჯანში საუბარია ქალებისთვის გამოსასწორებელი სამუშაოების შესახებ, როგორც წესი, ქუჩების დალაგება იგულისხმება.
თავად ნარმინ შაჰმარზადე განაჩენს უსამართლოდ მიიჩნევს. ის იხსენებს, რომ წინა ორმა მოსამართლემ საქმე შეაჩერა და ვარაუდობს, რომ საბოლოო ვერდიქტი მესამე მოსამართლეზე საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად დადგა.
ის სასამართლოს გადაწყვეტილების ყველა ინსტანციაში, მათ შორის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, გასაჩივრებას აპირებს, „რადგან ეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა“.
„თუკი ვერდიქტი ძალაში დარჩება, და თუ გამოსასწორებელი სამუშაოს სახეობის არჩევას შემომთავაზებენ, მე ქუჩების დაგვას ავირჩევ, რადგან ქუჩების დაგვა სირცხვილი არ არის. ამის სამარცხვინოდ მიჩნევა შრომის და მეეზოვის პიროვნების დამცირებას ნიშნავს“, – დაწერა ნარმინმა თავის Facebook-გვერდზე.