ჰიჯაბი და სამსახური - აზერბაიჯანში მუსლიმი ქალები დისკრიმინაციას უჩივიან
აზერბაიჯანი – საერო ქვეყანაა, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, მოსახლეობის 93-96 პროცენტი თავს მუსლიმად მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, მუსლიმი ქალები აქ დისკრიმინაციას უჩივიან. მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათ სამსახურში მოწყობა უჭირთ.
„ცხრა წელიწადია, რაც ჰიჯაბს ვატარებ, და ცხრა წელიწადია, სამსახურს ვერ ვშოულობ”, – ამბობს 39 წლის გიულბენიზ იმანოვა.
გიულბიანიზის ქმარი ცხრა წლის წინათ გარდაიცვალა. მას შემდეგ მან ნამაზის აღსრულება და თავსაბურის ხმარება დაიწყო. ამჟამად ის მარტო არჩენს ოთხ შვილს, რომელთაგან უფროსი 19 წლისაა, უმცროსი კი – რვის.
„ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის გაუგებარია, რა არის იმაში ცუდი, რომ ჰიჯაბს ვატარებ? პირიქით, ჰიჯაბიანი ქალი ჩუმად, მოკრძალებულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს თავის სამუშაოს“.
მართლაც, ისლამის მიხედვით, ტანისამოსისადმი მოთხოვნების გარდა, მკაცრი მოთხოვნები მუსლიმის მორალური თვისებების მიმართაც არსებობს – მაგალითად, კატეგორიულად აკრძალულია სხვისი კუთვნილის აღება, ქრთამის მიცემა ან გამორთმევა. წესით, ჭეშმარიტი მუსლიმი ძალიან კეთილსინდისიერი მუშაკი უნდა იყოს.
გიულბიანიზ იმანოვას საშუალო სკოლის განათლება აქვს. ასე რომ, ის ძირითადად, დალაგებასთან დაკავშირებულ სამუშაოს ეძებს:
„აი, ახლახან ერთ-ერთი რესტორანი დამლაგებელს ეძებდა. ხელფასიც კარგი იყო. მივედი, და მითხრეს, რომ ჰიჯაბიანი ქალის სამსახურში აყვანა არ შეუძლიათ. ისევ უარაფროდ დავბრუნდი. მაგრამ, მე ხომ ოფიციანტი არ ვარ, მომსვლელებთან გასვლა არ მიწევს, რა მნიშვნელობა აქვს, დალაგების დროს თავდაბურული ვიქნები თუ თავდაუბურავი?“
იმანოვას სიტყვებით, მისი ქალიშვილი – სტუდენტი გოგონა ასევე ჰიჯაბს ატარებს, თუმცა ამბობს, რომ უნივერსიტეტში ამის გამო არავითარი პრობლემა არ ექმნება – არც თანაკურსელებთან, და არც მასწავლებლებთან.
შიში და გაუგებრობა – პრობლემის საფუძველია
სოციოლოგი სანუბარ ჰეიდაროვა განმარტავს, თუ რატომ აღმოჩნდნენ მუსლიმის მიმდევარი ქალები აზერბაიჯანის საზოგადოების მოწყვლად ჯგუფში:
„რელიგიური ადამიანი – რომელიც ყოველდღიურად რელიგიურ რიტუალებს აღასრულებს, რელიგიური კანონების შესაბამისად ცხოვრობს. აზერბაიჯანელების უმრავლესობა არარელიგიური ტრადიციული მუსლიმია. ანუ ისინი თავს მუსლიმებს მხოლოდ იმის გამო უწოდებენ, რომ ამ ქვეყანაში დაიბადნენ.
საშუალოსტატისტიკური აზერბაიჯანელისთვის რელიგია საპასპორტო მონაცემებისგან არ განსხვავდება, და მისთვის უცხოა რელიგიის არჩევანის პასუხისმგებლობა. მეტიც, იმის თქმაც კი შეიძლება, რომ მას „ნამდვილი რელიგიის“ ეშინია.
ადამიანებს ხშირად იმის ეშინიათ, რაც არ ესმით. საშუალოსტატისტიკურმა აზერბაიჯანელმა კი რელიგიის შესახებ ცოტა რამ, ან სულაც არაფერი იცის. და ეს შიში ზოგჯერ „პატივისცემად“ გადაიქცევა ხოლმე.
ასეთი ადამიანი, რომელიც მორჩილებას ცდილობს და „ზედმეტი ცოდვების დაგროვება“ არ სურს, დაკრძალვებზე მოლას თავს უქნევს, ავტობუსში ჰიჯაბიან ქალს სასწრაფოდ ადგილს უთმობს, მუჰარამის თვეში ქორწილს არ იხდის. ეს ყველაფერი კი იმისთვის კი არ კეთდება, რომ ამას რელიგია მოითხოვს, არამედ უცოდინრობისა და შიშის გამო.
ასეთივე დამოკიდებულება ვლინდება „ჭეშმარიტად რელიგიური“ ადამიანების მიმართაც. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს მუსლიმად მიიჩნევს, ჰიჯაბიანი ქალი მღელვარებასა და პანიკას იწვევს.
ის უმრავლესობას არ ჰგავს, მას რაღაც განსაკუთრებულად უნდა მოეპყრა, არა ისე – როგორც ყველას, ჩვენ კი მუშაობისას არც ამის დრო გვაქვს, და არც სურვილი. და თუ ქვეცნობიერ შიშსაც გავითვალისწინებთ, მაშინ აგრესიის მიზეზები ცხადი ხდება.
დამსაქმებელს ისეთი თანამშრომელი სჭირდება, რომელსაც ყოველგვარი შიშის გარეშე მოეპყრობა, მშვიდად მისცემს დავალებებს და შეცდომებისთვის გააკრიტიკებს; უპრობლემო მუშაკი, რომელიც სამუშაო ადგილზე თან ახალ წესებს არ მოიტანს. და ის დარწმუნებულია, რომ ჰიჯაბიანი ქალი ამ კრიტერიუმებს არ შეესაბამება: თუ ის მას დაუყვირებს, შემდეგ თავს დამნაშავედ იგრძნობს, და თუ მას სამუშაო დროს ნამაზის აღსრულებას აუკრძალავს, შემდეგ შიში დაეუფლება, და ა.შ.
კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ამ პრობლემას აღრმავებს – საზოგადოებრივი დიალოგის არარსებობაა. საზოგადოების რელიგიურ და სეკულარულ ნაწილსაც ღიად რომ გაებედათ თავიანთ რწმენებსა და მოლოდინებზე საუბარი, თანაცხოვრება გაცილებით გაუადვილდებოდათ“.
რელიგია ან წარმატება
28-წლის არზუ [სახელი შეცვლილია-რედ.] იმისთვის, რომ სამუშაო ეშოვნა, იძულებული გახდა, ჰიჯაბზე უარი ეთქვა.
ის ჰყვება, რომ სკოლა და უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა. მშობლიური ენის გარდა, რუსულსა და ინგლისურ ენებს ფლობს, თავისი სპეციალობით ის სხვადასხვა საერთაშორისო კურსებზე სწავლობდა. მაგრამ შესაფერისი სამუშაო მაინც ვერ იშოვა.
„ჰიჯაბის გამო, მობილური ოპერატორის კოლ-ცენტრის გასაუბრებაზეც კი უარი მითხრეს. თითქოს, სატელეფონო აბონენტები ხედავენ, რომ ჰიჯაბით ვარ? ხოლო დასაქმების ფირმები, უკეთეს შემთხვევაში, აფთიაქში გამყიდველის ადგილს მთავაზობდნენ“.
ის ამბობს, რომ ჰიჯაბი მოიხსნა თუ არა, მაშინვე გამოუჩნდა კარგად ანაზღაურებადი სამსახური, რომელიც მის კვალიფიკაციას სრულად შეესაბამებოდა.
„ჩვენი საზოგადოება მიკერძოებულია. მე რელიგიური პროპაგანდით არასდროს ვყოფილვარ დაკავებული და საერთოდაც, ჩემი რწმენის შესახებ ლაპარაკი არ მიყვარს. მაგრამ სამსახურში მუდამ ვაწყდებოდი რაღაც არანორმალურ შეკითხვებს, უცნაურ წარმოდგენებს. მაგალითად, როდესაც რადიკალური ისლამისტების შესახებ სიახლეებს განიხილავდნენ, მე ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვხვდებოდი. ბევრი ყველა მორწმუნეს რადიკალურ ისლამისტებთან და ტერორისტებთან აიგივებს. ეს უსამართლობაა“.
„მარტოხელა ქალებისთვის თავსაბური – გაკიცხვისგან დაზღვევაა“
ევროინტეგრაციის საკითხების ქალთა ცენტრის ხელმძღვანელი ნაზაკატ ზეინალი ადასტურებს, რომ ჰიჯაბიანი ქალები ხშირად აწყდებიან სამსახურთან დაკავშირებულ პრობლემებს, და მისი თქმით, ყველაზე ხშირად ეს პრობლემა იმ ქალებს უჩნდებათ, ვისი სამუშაოც დაბალ კვალიფიკაციას მოითხოვს:
„დამლაგებლად ან აღმზრდელად დასაქმების მსურველი ქალები მუდმივად დისკრიმინაციას აწყდებიან. ზოგიერთი ოჯახი შიშობს, რომ ძიძის რელიგიურმა შეხედულებებმა, შესაძლოა, ბავშვზე გავლენა მოახდინოს“.
ზეინალის აზრით, ის, რომ ქალები თავსაბურავს ატარებენ, აუცილებლად მათ რელიგიურ შეხედულებებს არ უკავშირდება. ზოგიერთები ცდილობენ, რომ უფრო მოკრძალებულად გამოიყურებოდნენ, რათა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ:
„ქალები თავსაბურს იმისთვის ატარებენ, რომ ქმართან გაყრის ან დაქვრივების შემთხვევაში გარშემო მყოფთა გაკიცხვა თავიდან აიცილონ. სამსახურში ასეთი ჩაცმულობით სიარულით, თავს ერთგვარად დაცულად მიიჩნევენ მსგავსი შეკითხვებისგან – „რატომ ბრუნდები სამუშაოდან ასე გვიან?…და ა. შ.“
საქმე ის არის, რომ აზერბაიჯანის საზოგადოების პატრიარქალურ წრეებში ქალებისთვის მკაცრი კანონები დღემდე არსებობს. მაგალითად, სექსი მხოლოდ ქორწინების შემთხვევაში, დაბნელებამდე შინ დაბრუნება და ა.შ. დამრღვევებს კიცხავენ და მათზე, შესაძლოა, ძალადობაც განახორციელონ. ჰიჯაბი კი თითქოს მეზობლებს ეუბნება: „ბარიდან კი არა, სამსახურიდან ვბრუნდები“.
სამე ის არის, რომ აზერბაიჯანის საზოგადოების პატრიარქალურ წრეებში ქალებისთვის მკაცრი კანონები დღემდე არსებობს. მაგალითად, სექსი მხოლოდ ქორწინების შემთხვევაში, დაბნელებამდე შინ დაბრუნება და ა.შ. დამრღვევებს კიცხავენ და მათზე, შესაძლოა, ძალადობაც განახორციელონ. ჰიჯაბი კი თითქოს მეზობლებს ეუბნება: „ბარიდან კი არა, სამსახურიდან ვბრუნდები“.
„ჰიჯაბისთვის ბრძოლის“ შესახებ
რამდენიმე წლის წინათ აზერბაიჯანში ჰიჯაბის პრობლემა ბევრად მწვავედ იდგა.
2011 წლის დასაწყისში აზერბაიჯანულ სკოლებში ერთიანი სასკოლო ფორმა შემოიღეს. კერძოდ, აზერბაიჯანში სკოლაში ჰიჯაბით სიარული, რადიკალურ-რელიგიური დასახლება ნარდარანის გარდა, არსად დაშვებული არ იყო.
განათლების სამინისტროსთვის ერთიანი ფორმის შემოღება – სკოლებში ჰიჯაბის კატეგორიულად აკრძალვის, აზერბაიჯანის ისლამური პარტიისთვის კი – ათასობით ადამიანის ქუჩაში გამოყვანის და გოგონებისთვის ჰიჯაბით სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სიარულის უფლებისთვის ბრძოლის მიზეზი გახდა.
მთლიანობაში ეს ბრძოლა წარმატებით დასრულდა – ჰიჯაბი დაუშვეს. მაგრამ თავად საპროტესტო მოძრაობა მკაცრად ჩაახშვეს, აზერბაიჯანის ისლამური პარტიის 31 აქტივისტი სხვადასხვა ბრალდებით და სხვადასხვა ვადით დააპატიმრეს.
მათ შორის ბოლო სამი ადამიანი, რომლებსაც ხუთი და ექვსი წელი ჰქონდათ მისჯილი, 2018 წლის აპრილში განთავისუფლდა.
„ვცდილობ, სამუშაოთი მხოლოდ ჩემი ისლამისმიერი და-ძმები უზრუნველვყო“
23წლის ზამინა ჩადრს ატარებს (შავი ფერის გრძელი რელიგიური სამოსი, რომელიც სხეულს თავიდან ფეხებამდე ფარავს). მაგრამ მას სხვა გმირებზე მეტად გაუმართლა. ის ბაქოს ცენტრში მაღაზიაში გამყიდვლად მუშაობს. და, როგორც ამბობს, „ნორმალური“ ხელფასი აქვს.
საქმე კი ისაა, რომ ის მუშაობს ერთ-ერთ MuslimShop-ში, რომლებიც ქვეყანაში სულ უფრო მრავლდება.
„აქ მუშაობა ჩემთვის ძალიან კომფორტულია. მაგრამ, სხვა მუსლიმ ქალებს ასეთი სამუშაოს შოვნის საშუალება არ აქვთ. ასეთი მაღაზია ხომ არც ისე ბევრია, რომ სამსახურით ყველა უზრუნველჰყო. მაგალითად, უმაღლესი განათლების მქონე ჩემი ორი უფროსი და წლობით უმუშევარია“.
მაღაზიის პატრონი ამბობს:
„ვიღაცას უკან მეზობლის ჩურჩული მიჰყვება: „ვაჰაბიტები არიან ესენი, ტერორისტები“. ზოგს საკუთარი ოჯახი არ იღებს. ზოგიერთს სკოლასა და უნივერსიტეტში ავიწროებენ. ვიღაც წლობით ვერ შოულობს სამსახურს. ამიტომაც, მე, როგორც მეწარმე – და მუსლიმი -ვცდილობ, რომ ჩემი ისლამისმიერი და-ძმები დავასაქმო“.