ესტონური ბანკების კლიენტები რუსეთისთვის, აზერბაიჯანისა და მოლდოვისთვის ფულს ათეთრებდნენ
მასალის სრული ვერსია ვებგვერდზე
25 მაისს ესტონეთის პოლიციის ფინანსურმა დაზვერვამ გამოაქვეყნა მოხსენება, რომლიდანაც გამომდინარეობს, რომ 2011–2016 წლებში ბანკების მეშვეობით 13 მილიარდი ევრო გათეთრდა – ძირითადად რუსეთიდან, მოლდოვიდან და აზერბაიჯანიდან. ესტონურ ბანკებში საეჭვო ტრანზაქციების დიდი ნაწილი არარეზიდენტების ანგარიშების საშუალებით ხორციელდებოდა.
თებერვალში მეზობელ ლატვიაში ანალოგიური სკანდალი მოხდა: აშშ-ს ფინანსურმა დაზვერვამ ერთ-ერთი მსხვილი ბანკი – ABLV, კორუფციაში, ფულის გათეთრებასა და ჩრდილოეთი კორეის სარაკეტო პროგრამის დაფინანსებაში ამხილა.
მოლდოვური ლანდრომატი
გასულ კვირას გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, ბოლო წლებში ესტონეთი აქტიურად გამოიყენებოდა ფინანსური სახსრების გათეთრებაში. სქემების დიდი ნაწილი, რომლებშიც ქვეყნის ბანკები ჩართული აღმოჩნდა, მეზობელ ლატვიაში ასე თუ ისე ცნობილია. ამგვარად, 2011–2014 წლებში დაახლოებით რუსულ-მოლდოვური სქემით „ლანდრომატი“ 1,6 მილიარდი დოლარი გადარიცხეს.
აი, როგორ გადიოდა ფული: ორმა უცხოურმა კომპანიამ სესხზე ფიქტიური შეთანხმება დადო, გარიგების გარანტორები იყვნენ რუსული კომპანია და მოლდოვას მოქალაქე; როდესაც ფიქტიური ვალის გადახდის დრო მოდიოდა, უცხოური კომპანია მიმართავდა მოლდოვას სასამართლოს და, რუსულ გარანტორ კომპანიას ავალდებულებდა, მოთხოვნა შეესრულებინა და ფული მოლდოვურ ბანკში გადაეტანა. იქიდან კი ეს თანხები ევროპის ბანკებში საზღვარგარეთული კომპანიების ანგარიშებზე ირიცხებოდა.
გარდა ამისა, ესტონური ბანკები მოლდოვას „საუკუნის ძარცვაში“ აღმოჩნდნენ გარეულები: სამი მსხვილი მოლდოვური ბანკის ანგარიშებიდან ერთი მილიარდი დოლარის გატანაში.
აზერბაიჯანული ლანდრომატი
2012 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში აზერბაიჯანელი მმართველი ელიტის წარმომადგენლები ფულს უცხოურ ბანკებში ყალბი კომპანიების ანგარიშებზე რიცხავდნენ. შემდეგ ეს ფული – ოფიციალური ბაქოს ინტერესების ლობირებისთვის ევროპელი ჩინოვნიკების მოსაქრთამადაც გამოიყენებოდა, რადგან დასავლეთში აზერბაიჯანელი უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების მასობრივი დაჭერა მკვეთრ კრიტიკას იმსახურებდა. ფულადი სახსრების ძირითადი ნაწილი (გათეთრებული ფულის მთლიანმა თანხამ 3,9 მილიარდი დოლარი შეადგინა) დანიური Danske Bank-ის ესტონური ფილიალის საშუალებით გადაირიცხა. 2017 წელს, დანიის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობის დარღვევის გამო, ბანკი 1,7 მილიონი ევროთი დაჯარიმდა.
გარდა ამისა, მოხსენების მიხედვით, 2012 წლიდან რუსეთიდან ესტონეთის გავლით ბევრი საეჭვო ტრანზაქცია განხორციელდა – საერთო თანხა 7,3 მილიარდ ევროს შეადგენდა.
ახალი კანონი
ესტონეთში დიდ იმედებს ამყარებენ ფულის გათეთრებისა და და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ახალ კანონზე, რომელიც ძალაში ნოემბრის ბოლოს შევიდა.
მასთან შესაბამისად, ფინანსური დარღვევისთვის ჯარიმის ზომა ფიზიკური პირებისთვის 32 -დან 400 ათასი ევრო გახდა. და თუკი საუბარი ფულის გათეთრების დამტკიცებულ ფაქტს შეეხება, ბანკი, შესაძლოა, 5 მილიონი ევროთი, ან წლიური შემოსავლის 10%-ით დაჯარიმდეს.
გარდა ამისა, კანონი ბანკებს ავალდებულებს, უკეთ შეისწავლონ თავიანთი კლიენტები: კერძოდ, მოითხოვენ არამხოლოდ ფულის წარმოშობის კანონიერების შემოწმებას, არამედ ტრანზაქციების დასაბუთებასაც.
ფულის გათეთრების ბიურო (პოლიციის საგანგებო ქვედანაყოფი, რომლის ფუნქიაც საეჭვო ტრანზაქციებისთვის თვალყურის დევნებაა) კანონმდებლობის რეფორმირების აუცილებლობას მოითხოვს, რათა გათეთრებასთან ბრძოლა გამარტივდეს.
უცხოელებს „არას“ ეუბნებიან
ლატვიისგან განსხვავებით, სადაც ABLV-სთან დაკავშირებულ სკანდალამდე მთელი შენატანების დაახლოებით მესამედი არარეზიდენტებზე მოდიოდა, ბოლო მონაცემებით, ესტონეთში არარეზიდენტების რაოდენობა ბანკის ყველა კლიენტის 11,7 %-ს შეადგენს. თუმცა, სწორედ არარეზიდენტების მომსახურება ქმნის ყველაზე ხშირად პრობლემებს.
მიუხედავად იმისა, რომ არარეზიდენტებთან მუშაობისას რეგულატორი ბანკებს ჯერ არ ზღუდავს, თავად ისინი სულ უფრო ნაკლები ხალისით უხსნიან ანგარიშს უცხოელ ტურისტებს, და ეს გასაგებიცაა, რადგან ახალი ჯარიმების ფონზე, პოტენციურად უფრო სარისკო კლიენტებთან თანამშრომლობა, რომელთა ტრანზაქციების კანონიერება უფრო რთული დასადგენია, შესაძლოა, უბრალოდ ხელსაყრელი არ იყოს. და მეორეც, ესტონეთი აკვირდება ლატვიის მაგალითს, სადაც არარეზიდენტებზე ორიენტირებული ბანკის პრობლემები საბოლოოდ მთელი ქვეყნის საფინანსო სისტემაზე აისახა.
„ეს ბანკების პოზიციაა, – ამბობს ესტონელი ფინანსური ანალიტიკოსი დმიტრი კარავკინი, – ისინი ხშირად წყვეტენ, რომ არარეზიდენტს უარი უთხრან, რათა იმ პერსონალის ხარჯი დაზოგონ, რომელიც თანხების გათეთრების აღმკვეთი საქმიანობით არის დაკავებული, და დიდი ჯარიმების რისკი არ გაწიონ“.