ძვირფასო, ძალიან გიყვარვარ?
აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა, მოსალოდნელი შედეგით დასრულდა-სახელისუფლებო პარტია “იენი აზერბაიჯანმა” პარლამენტის 125 მანდატიდან, სულ ცოტა, 71 მიიღო.
არჩევნებისთვის მზადება
წინასაარჩევნო კამპანია ჩუმად და შეუმჩნევლად ჩატარდა. დეპუტატობის კანდიდატებს არც ისე ბევრი ადამიანი ცნობდა. ბევრს წინასაარჩევნო დებატების იმედი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერმა ჩხუბისა და სკანდალების გარეშე ჩაიარა, რადგან დებატები საერთოდ არ გამართულა. ერთადერთი სენსაცია კოლორიტულმა მომღერალმა, ელზა სეიდჯახანმა მოახდინა – მან არჩევნებზე თავისი კანდიდატურა წარმოადგინა.
ელზა სეიდჯახანი
დებატები სოციალურ ქსელებში
არჩევნების წინა დღეს Facebook-ის მომხმარებლებმა, ჩვეულებისამებრ, დასვეს შეკითხვა, წასულიყვნენ თუ არა არჩევნებზე. აქტიური მოქალაქეები ნაკლებად აქტიურებს საყვედურობდნენ:
“ისინი, ვინც არჩევნებზე არ დადიან, თავიანთი სამოქალაქო პასიურობით არჩევნების გაყალბების პროვოცირებას ეწევიან. თუ შენ არ აძლევ ხმას, სხვა აძლევს შენს ნაცვლად. გაითვალისწინეთ.”
პასუხად კი დაახლოებით ასეთი შინაარსის ტექსტს იღებდნენ :
“იმიტომ არ წავედი, რომ არც კი ვიცი, ვის მივცე ხმა. ერთი პლაკატიც კი არსად მინახავს. ადრე ზრდილობის გულისთვის მაინც ღებავდნენ სკამებს, ხეებს კირით ათეთრებდნენ. ახლა კი ამასაც აღარ აკეთებენ. ყველაფერი ცხადზე უცხადესია.”
“რატომ არ დგებით და არ მიდიხართ არჩევნებზე?”
ჟურნალისტები მოწყენილობას უჩიოდნენ.
“ხვალ არჩევნებია. ჟურნალისტთა საძმოს ნაწილს სძინავს, ნაწილი კი ჰელოუინს აღნიშნავს. ასეთი მოსაწყენი არჩევნები ჯერ არ მახსოვს. იქნებ უბრალოდ გავაუქმოთ?”
ყველა ენაკვიმატობდა:
“-ძვირფასო, ძალიან გიყვარვარ?
-წარმოიდგინე, რომ მე 70 წლის დეპუტატი ვარ, შენ კი – სავარძელი.
-ოჰ! მეც ასევე!”
ერთ-ერთ ყველაზე ძველ აზერბაიჯანულ ფორუმზე ამ თემასთან დაკავშირებით დისკუსიის დაწყებას შეეცადნენ:
“დღეს 11 ოქტომბერია, მაგრამ არჩევნების შესახებ ერთი თემაც არ გახსნილა. არჩევნები საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენაა. ეცნობით თუ არა ინფორმაციას თქვენი საარჩევნო უბნის შესაბამისი კანდიდატების შესახებ? იცით თუ არა, რა მიზნები და გეგმები აქვთ იმ შემთხვევისთვის, თუკი ქვეყნის პარლამენტში მოხვდებიან? რით გამოიხატება თქვენი სამოქალაქო პოზიცია? გმადლობთ.”
რაზედაც ასეთი კომენტარების გრძელი ჯაჭვი მიიღეს პასუხად:
“რომელი კანდიდატები? რა არჩევნები?”
“ნუთუ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სწამთ, რომ არსებობენ ვიღაც მისტიკური კანდიდატები, ვისაც ასეთივე მისტიკური ამომრჩევლები ირჩევენ?”
ის დღე
არჩევნების დღეს გარემო გამოცოცხლდა. დღის ბოლოს მედიაში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული “ჰედლაინები” გამოჩნდა.
ოპოზიციური პრესა მთელი დღის განმავლობაში აღმოჩენილ დარღვევებზე ლაპარაკობდა. დღის ბოლოს კი აღნიშნა, რომ არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისია: არჩევნებს ვაღიარებთ, მაგრამ უფლებადამცველები უნდა გათავისუფლდნენ.
“საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა რაოდენობა გააორმაგა.”
“1-ლი ნოემბრის არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არ ყოფილა.
ხელისუფლების მხარდამჭერი მედიასაშუალებები კი სამართლიანობას ზეიმობდნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: “აზერბაიჯანში ჩატარებულ არჩევნებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო კომიტეტმაც კი ნორმალური უწოდა.”
ომბუდსმენის აპარატი: “საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ, თავისუფალ, გამჭვირვალე, სამართლიან გარემოში ჩატარდა.”
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: “დემოკრატიული ისტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს მიერ აზერბაიჯანში ჩატარებულ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გამოზგავნასთან დაკავშირებით განცხადებულმა უარმა ძალიან გაგვაკვირვა.”
“ევროსაბჭოს საპარლამეტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაკეთებული შეფასება სამართლისა და სამართლიანობის ზეიმია.”
Facebook-ში კი ამდენად განსხვავებულ მოსაზრებებს ვერ წააწყდებოდით. აქტიური მომხმარებლები ყველა დარღვევას მეგობრულად აცნობდნენ ერთმანეთს, აზიარებდნენ გაფუჭებული ბიულეტენების ფოტოებს და სევდიანად ხუმრობდნენ.
“დილით მეზობელი შემხვდა, რომელმაც პირადობის მოწმობა დაკარგა. არადა, ეს იუდა გუშინ არჩევნებზე იყო… ვეკითხები, თუ როგორ მოახერხა ხმის მიცემა, ის კი დგას და იღიმება. დუშმანი… თან დარწმუნებული ვარ, რომ არაერთ უბანზე აქვს მიცემული ხმა.”
“იმდენი მანათი რომ მქონოდა, რამდენჯერაც სიტყვა “გამჭვირვალობა” ახსენეს ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში AzTV-ს ეთერში, ერთი დეპუტატის ყიდვას შევძლებდი.”
ფეისბუკში იმაზეც წერდნენ, რომ ამომრჩევლების ნაწილი წყვილად შედიოდა საარჩევნო კაბინებში, ხოლო ვინც დარღვევებს აპროტესტებდა, პოლიციის განყოფილებაში მიჰყავდათ.
გმირები, რომლებიც პასპორტების გარეშე აძლევენ ხმას
პასპორტების ნომრები, რომლებიც თვითონ აძლევენ ხმას
პოლიტიკურად პასიური მომხმარებლების ნაწილმა საერთოდ იგნორირება გაუკეთა ამ თემას; ზოგიერთმა კი რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილების ჭირისუფლებს მიუსამძიმრა.
ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებზე ამომრჩეველთა 25 პროცენტი გამოცხადდა, რაც საკმარისია იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალოს.
შედეგები
დეპუტატების საშუალო ასაკი დაახლოებით 70 წელია.
პარლამენტში ძირითადი ოპოზიციური პარტიები წარმოდგენილი არ არის. სახელისუფლებო პარტიის ოპონენტთაგან ზოგიერთმა თავიდანვე ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს, ზოგიერთმა კი უკვე წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში განაცხადა უარი.
პარტია “მუსავათმა” და ორგანიზაციებმა “REAL”-მა და “NİDA”-მ განაცხადეს, რომ პირველი ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასა და განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
არჩევნები აღიარა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კი აზერბაიჯანი ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს. როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ეუთომ ბაქოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაზე უარი თქვა და არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, მასმედიაში სიტყვა “ბოიკოტს” ბრჭყალებში სვამენ.
წარწერა “საარჩევნო ყუთი”