შეწყვეტს თუ არა მაუწყებლობას ოპოზიციური არხი?
ათასობით ადამიანი გამოვიდა გასულ კვირას თბილისში, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერ მიტინგზე. მომიტინგეები ხელისუფლებას დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დახურვის მცდელობასა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაში ადანაშაულებენ.
პლაკატებზე, რომლებიც დემონსტრანტებმა “რუსთავი 2”-ის შენობასთან მოიტანეს, ეწერა – “ხელები შორს “რუსთავი 2″-ისგან” და “რუსთავი- 2 ეკუთვნის ხალხს”.
“რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად ქუჩის აქციები დაიწყო, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის ყოფილი მფლობელის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვას მიჰყო ხელი. ხალვაში აცხადებს, რომ 2006 წელს ტელეკომპანია მას უკანონოდ ჩამოართვეს და არხის მფლობელობაში დაბრუნებას ითხოვს.
“რუსთავი 2”-ის მხარდამჭერები დარწმუნებულები არიან, რომ არხის გარშემო სასამართლოში მიმდინარე კერძო დავა ხელისუფლების მიერ არის ინიცირებული და სინამდვილეში ხელისუფლებას, ოპოზიციური ტელეკომპანიის მფლობელის შეცვლით, მისი სარედაქციო პოლიტიკის კორექტირება უნდა.
იგივე პოზიცია აქვთ საქართველოში მოქმედ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის მიმართ, კერძოდ მოსამართლის მიუკერძოებლობის მიმართ, ბევრი კითხვა აქვთ.
“რუსთავი2″-ის საქმე არა მხოლოდ მედიის კონტექსტში არ არის გაუგებარი. ჩნდება ბევრი კითხვის ნიშანი, თუ როგორ ფუნქციონირებს სასამართლო და პროკურატურა,” – განაცხადა გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა.
“რუსთავი 2”-ის საქმეს გამოეხმაურა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. უწყების პრესსპიკერმა, მარკ ტონერმა განაცხადა, რომ “ყველაზე დიდი ტელეარხის დახურვა ან პოტენციური დახურვა, მნიშვნელოვნად შეავიწროვებს საქართველოში მედიასივრცეს და ეს შეშფოთების მიზეზია. ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით კომპრომისის შთაბეჭდილებას ტოვებს. ჩვენმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, ეს საქმე უკვე განიხილა პრეზიდენტთან და პრემიერმინისტრთან,” – განაცხადა მარკ ტონერმა.
“რუსთავი 2”-ის ირგვლივ ვითარება ჯერ კიდევ აგვისტოში დაიძაბა, როდესაც არხის ყოფილი მფლობელის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, სასამართლომ არხის ქონება დააყადაღა. ხალვაში აცხადებს, რომ 2006 წელს სააკაშვილმა ტელეკომპანია ძალის გამოყენებით დაათმობინა, ემუქრებოდა პატიმრობითა და ბიზნესის განადგურებით.
ხელისუფლება უარყოფს ყველანაირ კავშირს ქიბარ ხალვაშთან, თუმცა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დღემდე ქვეყნის არაფორმალური მმართველია, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში აღიარა, რომ ხალვაშს მიუნჰენში შეხვდა და მას ტელეკომპანიის დაბრუნების საქმეში დახმარება აღუთქვა.
“რუსთავი 2”-ის მენეჯმენტი და არხზე მომუშავე ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ხალვაშის ხელით ხელისუფლება მისთვის არაკომფორტული არხის მითვისებას ცდილობს, რადგან მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის საინფორმაციო ველი მოისუფთავოს. “ერთ წელიწადში არჩევნებია, ხელისუფლების რეიტინგი ძალიან დაეცა, ამიტომ მას ხელს არ აძლევს ის კრიტიკული ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ეთერში ისმის. თუ ხელისუფლებას ეს გაუვიდა, ეს იქნება პლურალისტული მედიის დასასრული საქართველოში,”- ამბობს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი.
“ რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით პარალელებს ავლებენ 2000-იანების რუსეთთან და “ენ-ტე-ვე”-ს დახურვასთანაც. “”ენ-ტე-ვე”-ს შემთხვევაშიც, პროცესები “ორ კერძო სუბიექტს შორის დავად” გაასაღეს,” – დასძენს უდუმაშვილი.
გასულ კვირას ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა “რუსთვავი 2”-ის პირდაპირ ეთერში და განაცხადა, რომ ხელისუფლება მას ფარულად ჩაწერილი, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრება და აიძულებს, რომ თანამდებობიდან გადადგეს. გვარამიას ამ განცხადებაზე უკვე დაიწყო გამოძიება.
ტელეკომპანია “რუსთავი 2” 1994 წელს დაფუძნდა. იგი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, პოპულარული და გავლენიანი ნაციონალური მაუწყებელია.
მას შემდეგ ამ არხმა რამდენჯერმე გამოიცვალა მფლობელი და, ხშირ შემთხვევაში, ეს ყიდვა-გაყიდვის პროცესები საკმაოდ ბუნდოვანი იყო. ქიბარ ხალვაშმა, რომელიც იმ პერიოდში სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი იყო, ტელეკომპანია 2005 წელს შეიძინა. თუმცა, მის კეთილსინდისიერ მფლობელობაშიც ბევრი კითხვის ნიშანია, რადგან არხის თავდაპირველი მფლობელები – ეროსი კიწმარიშვილი, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე აცხადებდნენ, რომ ხალვაშის სასარგებლოდ ტელევიზია მათ ძალით დაათმობინეს.
ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელები ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები – ძმები ყარამანიშვილები არიან.
მმართველი კოალიციის, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები თავიანთ განცხადებებში “რუსთავი2”-ს ხშირად უწოდებენ “ნაციონალური მოძრაობის რუპორს”.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დავას ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვეტს, არხის მხარდამჭერები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. ”რუსთავი 2″-ის შენობასთან უკვე დაიდგა რამდენიმე კარავი. მომიტინგეები აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება არხზე ძალით შეჭრას შეეცდება, ისინი “რუსთავი 2”-ს ფიზიკურად დაიცავენ.
ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს “რუსთავი 2”-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე გააფრთხილა “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერები, რომ კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედების შემთხვევაში, სამართალდამცავთა რეაქცია იქნება ძალიან მკაცრი.
საპირისპირო განცხადება გაავრცელა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში “სამოქალაქო სტაბილურობა საფრთხეშია” და სასამართლოს მოუწოდა “არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას.”
საინტერესოა, რომ ამ პროცესების პარალელურად, ხელისუფლება, სახელმწიფო მმართველობის ხელში ჩაგდების მიზნით, შეთქმულების საქმეს იძიებს, რაც ასევე უკავშირდება “რუსთავი 2”-ს. ერთ-ერთმა უკრაინულმა საიტმა გამოაქვეყნა, ვითომდა, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების ექს-მდივნის გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრამა, სადაც ისინი თითქოს ქვეყანაში არეულობას გეგმავენ და ამისთვის “რუსთავი 2”-ის გამოყენებას აპირებენ.
უსაფრთხოების სამსახურმა უკვე აღძრა საქმე სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მუხლით, ხოლო “რუსთავი 2”-ის შენობის მთელ პერიმეტზე სამართალდამცავები პატრულირებენ და ვიდეოსათვალთვალო კამერები დამონტაჟდა.
ფოტო: ნიკა ურუშაძე