შემოწმება თავსებადობაზე ქორწინების წინ - აზერბაიჯანელი ჩინოვნიკების ახალი იდეა
ოჯახების, ქალთა და ბავშვთა პრობლემების სახელმწიფო კომიტეტი აზერბაიჯანში გამოდის ინიციატივით, რომ ქორწინების წინ, წყვილები ფსიქოლოგიურ თავსებადობაზე შეამოწმონ.
სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის, ჰიჯრან ჰუსეინოვას განცხადებით, ეს განქორწინებების რიცხვის შემცირებაში დაეხმარებათ.
• განქორწინება აზერბაიჯანში: როგორ დავიცვათ ბავშვები?
• ადრეული სექსი – რას ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანში
• არჩევანის თავისუფლების გარეშე – როდესაც აზერბაიჯანში მამაკაცებს ძალით აქორწინებენ
„უნდა შევქმნათ ოჯახის ფსიქოლოგის ინსტიტუტი და ისე გავაკეთოთ, რომ მოქალაქეები ამ მომსახურებით სარგებლობდნენ“, – განაცხადა ჰუსეინოვამ სააგენტო Trend-თან ინტერვიუში.
ასეთი ინსტიტუტის შექმნა გათვალისწინებულია კომიტეტის მიერ მომზადებულ „საოჯახო სტრატეგიაში“.
როგორი ფსიქოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა სურს კომიტეტს?
აზერბაიჯანში ახალგაზრდები ძალიან იშვიათად ცხოვრობენ ერთად ქორწინებამდე. სულ უფრო და უფრო მეტი წყვილი ხვდება და ერთად ატარებს დროს, მაგრამ ოჯახურ თანაცხოვრებაზე საუბარი ჯერ ისევ არ არის: ქორწინებამდე სექსს ბევრი გარყვნილებად მიიჩნევს.
ამას აჩვენებს, მაგალითად, სააგენტო 1news-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა.
აქედან გამომდინარე, ხშირად, ერთმანეთის ცუდად მცნობი ორი ადამიანი ქორწინდება. არის შემთხვევები, როდესაც ნეფესა და პატარძალს ერთმანეთი მხოლოდ შორიდან ჰყავთ დანახული. ასეთ წყვილებს ყველაზე მეტად უჭირთ თანაცხოვრება და ოჯახები ენგრევათ.
2018 წლის პირველ ნახევარში, აზერბაიჯანში, 33 009 ქორწინება და 8 538 განქორწინება დარეგისტრირდა. ეს ნიშნავს, რომ განქორწინებით მთავრდება ფაქტობრივად ყოველი მეოთხე ქორწინება.
იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, განქორწინების მიზეზებში მეუღლეები მიუთითებენ, მაგალითად, ხასიათების შეუთავსებლობას, ეჭვიანობასა და ოჯახურ ძალადობას.
საჭიროა თუ არა შემოწმებები ქორწინებამდე?
აზერბაიჯანში უკვე რამდენიმე წელია არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც, ქორწინებამდე წყვილები ვალდებული არიან, გაიარონ სამედიცინო შემოწმება რიგ ვენერიულ და გენეტიკურ დაავადებებზე. ეს იმისათვის კეთდება, რომ წყვილები ინფორმირებული იყვნენ ერთმანეთის დაავადებებისა და იმის შესახებ, თუ რა დაავადებები შეიძლება გადასცენ შვილებს.
ასეთი კანონი 2015 წელს შემოიღეს და მას საზოგადოება გაგებით მოეკიდა. ძირითადი მიზეზი – ძალიან მაღალი პროცენტი თალასემიის დაავადების. ეს სისხლის იშვიათი გენეტიკური დაავადებაა. ვენერიულ დაავადებებზე შემოწმება კი მიიღეს, როგორც აუცილებელი ნაბიჯი, რათა მისი გავრცელება შეზღუდონ.