ქართველ პარლამენტართა მესამედი ბიზნესსაქმიანობას ეწევა
საქართველოს პარლამენტის წევრები ფლობენ ბიზნეს აქტივებს, რომელიც არ აქვთ ასახული დეკლარაციაში და ეწევიან ბიზნეს საქმიანობას, რომელიც ეკრძალებათ კანონით, – ასეთ დასკვნამდე მივიდა არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორო გამჭვირვალობა საქართველო”, რომელმაც პარლამენტის წევრთა საქმიანობა შეისწავლა და ამ თემაზე სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშიდან ვიგებთ, რომ 150 წევრიანი პარლამენტის მესამედზე მეტს – 51 დეპუტატს აქვს კავშირი ბიზნესთან დ სამეწარმეო წილებს ფლობს.
ასევე, 16 დეპუტატს არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები აღმოაჩნდა. მათგან 14 – მმართველი გუნდის “ქართული ოცნების” წევრია, ორი კი ოპოზიციური “პატრიოტთა ალიანსის”.
მეტიც, აღმოჩნდა კომპანიები, რომლებიც დეპუტატების ინტერესებთან არიან კავშირში და სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობენ.
არასრული ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა სამ დეპუტატთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს – სამივე მათგანი მმართველი გუნდის წევრია.
მაგალითად, “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა მოგებული ტენდერების თანახმად, 16 მილიონ 585 ათასი ლარის ხელშეკრულება გააფორმა.
გარდა ამისა, პარლამენტარები აქტიურად ეწევიან მათ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას: მართავენ საწარმოებს, არიან სხვადასხვა ბიზნეს-კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და ა.შ.
მაგალითად, 9 დეპუტატი სხვადასხვა საწარმოში დირექტორადაა რეგისტრირებული. მათ შორის 7 “ქართული ოცნების” წევრია, ორი კი, ოპოზიციის – “პატრიოტთა ალიანსისა” და “ევროპული საქართველოს”.
ბიზნესთან აქტიური შეხება აქვთ დეპუტატების ოჯახის წევრებსაც. ასეთი 25 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 7 არადეკლარირებული. თითოეული მათგანი “ქართული ოცნების” წევრია.
16 დეპუტატს აქვს ქონება, რომელიც დეკლარაციაში არ ჩაწერა.
საქართველოს კანონმდებლობა პარლამენტის წევრებს ზემოხსენებულ საქმიანობას უკრძალავს.
• კანონის თანახმად, თანამდებობის პირი, რომელიც დეკლარაციას არასწორად შევავსებს, 1000 ლარით ჯარიმდება.
• ხოლო, თუ თანამდებობის პირი დეკლარაციაში არასრულ ან არასწორ მონაცემს განზრახ შეიტანს, მისი საქმე უკვე სათანადო სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა განიხილონ.
• სისხლის სამართლის კოდექსით, დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-200 სთ-მდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე. ამასთანავე, დეპუტატის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, პარლამენტი ვალდებულია განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.
• საქართველოს პარლამენტის რიგითი წევრის ხელფასი 3 ათას 790 ლარია.