ქართველი მეცნიერი, ზოოლოგი პარლამენტზე შტურმის საქმეზე დააკავეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ქართველ მეცნიერს, ზოოლოგს, ბეჟან ლორთქიფანიძეს.
ის 25 ივლისს, პარლამენტის წინ 20-21 ივნისს მოწყობილი არეულობის საქმეზე დააკავეს, რასაც გენერალურმა პროკურატურამ ხელისუფლების დამხობის მცდელობის კვალიფიკაცია მისცა.
ბეჟან ლორთქიფანიძე – სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ პროგრამების ხელმძღვანელია.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნის დროს, პროკურატურის მოტივაცია იყო ის, რომ ლორთქიფანიძე ხშირად მოგზაურობს საზღვარგარეთ და „იქ მას აშკარად ექნება კავშირები“, რაც მიმალვაში დაეხმარება.
20-21 ივნისის მოვლენები
თბილისში, 20 ივნისს, მრავალათასიანი მიტინგი შეიკრიბა მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატი, კომუნისტი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და სპიკერის სავარძელში ჩაჯდა. გავრილოვი მონაწილეობას იღებდა მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში, რომელიც საქართველოს პარლამენტის დარბაზში იმართებოდა.
ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი მასშტაბურ მიტინგზე შეიკრიბა და საქართველოს ხელისუფლებისგან განმარტება მოითხოვა იმის შესახებ, თუ რატომ გამოვიდა ქვეყნის ასეთი მაღალი დონის ტრიბუნიდან რუსი დეპუტატი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს.
რამდენიმე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მომიტინგეებს პარლამენტის შენობაში შესვლისკენ მოუწოდა. მოხდა პოლიციასთან შეტაკება, რის შემდეგაც, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა მომიტინგეების დასაშლელად.
20-21 ივნისს „ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობის ბრალდებით“, სამართალდამცველებმა 6-დან 25 ივლისამდე უკვე დააპატიმრეს საპროტესტო აქციის 19 მონაწილე.
დაკავებულთა შორის არის – ოპოზიციური პარტიის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. 27 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.
აქამდე, ასეთივე ბრალდება უკვე წარუდგინეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას.
პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, თუმცა, სასამართლომ მისი გირაოს ქვეშ გარეთ დატოვება გადაწყვიტა. ახლა დეპუტატი სპეციალურ ელექტროსამაჯურს ატარებს. მას აუკრძალეს სახლის დატოვება სამართალდამცავი ორგანოების გაფრთხილების გარეშე.
44 წლის ზოოლოგი, მკვლევარი ცნობილია იმით, რომ თბილისში, 2015 წლის 13 ივნისის დამანგრეველი წყალდიდობის დროს, მან უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ზოოპარკიდან გაქცეული ბეჰემოტის, „ბეგის“ გადარჩენაში, მისი დაძინებით.
როგორც საქართველოს შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ლორთქიფანიძე „გამოირჩეოდა პოლიციელების მიმართ აგრესიით, აყენებდა მათ სიტყვიერსა და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ძალადობის გზით, ცდილობდა კორდონის გარღვევას“.
ლორთქიფანიძის მხარდაჭერის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა, სადაც ათასობით მოქალაქემ საკუთარი ხელმოწერით მხარი დაუჭირა მკვლევარს და სასამართლოს სთხოვა, არ შეეფარდებინა მისთვის პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით.