“ქართველთა მარშის“ ორგანიზატორები თათია დოლიძეს ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებიან
ჯგუფური გაუპატიურების მუქარის შემცველი კომენტარების გამო, რომელიც „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორებმა ფეისბუკში გაეროში ქართველი ახალგაზრდების ყოფილი წარმომადგენლის – თათია დოლიძის მისამართით გააკეთეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ამ ფაქტმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. უკვე მეორე დღეა, ფეისბუკში მხოლოდ ამაზე წერენ, და ეს თემა პოპულარულ ტელეგადაცემებში განიხილება.
მარშის ორგანიზატორთა უკმაყოფილება გამოიწვია თათია დოლიძის მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულმა პოსტმა, რომელშიც ის „ქართველთა მარშის“ იდეას აკრიტიკებდა.
მარშის ორგანიზატორები მას უცენზურო გამონათქვამებით აგინებდნენ და ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.
რამდენიმე ხანში პოსტი, რომლის ქვეშაც ეს ყველაფერი ხდებოდა, გაქრა, ხოლო ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, რომ სინამდვილეში მათ ამგვარ განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ, და ვიღაცამ ფეიკ-აკაუნტები შექმნა.
ამასობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით საქმე აღძრა. სიცოცხლის ხელყოფის, ჯანმრთელობის დაზიანების, ან ქონების განადგურების მუქარისთვის ადამიანს, შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმის გადახდა, ან საზოგადოებრივად სასარგებლო და გამოსასწორებელი სამუშაოს შესრულება, ანდა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთაც კი მიესაჯოს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვერ შეძლეს, პასუხი გაეცათ კითხვაზე – თუ რამდენად ხშირად აღიძრება საქმეები სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით. უწყების 2016 წლის სტატისტიკაში ეს დანაშაული ასევე არ არის ასახული.
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ დროულად და ეფექტურად ჩაატარონ გამოძიება. მას მიაჩნია, რომ ქალების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება კიდევ უფრო მეტად ამძიმებს გენდერული თანასწორობის მხრივ ქვეყანაში არსებულს სიტუაციას.
საგანგებო განცხადება გაავრცელა „ქალთა მოძრაობამაც“. მოძრაობა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს სთავაზობს, ბოიკოტი გამოუცხადონ იმ ადამიანებს, რომლებიც ინციდენტში ფიგურირებდნენ, მათგან – ბოდიშის მოხდას, ოფიციალური პირებისგან კი მომხდარზე რეაგირებას მოელის.
“სამარცხვინოა, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც წინა დღეს მარშზე გამოვიდნენ და ამბობდნენ, რომ ქართველი ქალების უცხოელებისგან დაცვა სურდათ, მეორე დღეს ასე ღიად და მოურიდებლად იმუქრებოდნენ გაუპატიურებით“, – ამბობს მოძრაობის წარმომადგენელი ბაია პატარაია.
საქართველოში “ქართველთა მარში“ 14 ივლისს ჩატარდა. მარშის ნაციონალისტურად განწყობილი ორგანიზატორები საქრთველოში უცხოელების ყოფნის წესის გამკაცრებას ითხოვდნენ. ფეისბუკის პირად გვერდებზე „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორები მარშის მოწინააღმდეგეთა მისამართით ხშირად იყენებენ ჰომოფობიურ და რასისტულ გამონათქვამებს“.