ფემინისტური მარში ბაქოში: ლოზუნგები პოლიციელების წამოძახილების ფონზე
აზერბაიჯანულმა ფემინისტურმა მოძრაობამ გამართა მსვლელობა, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა და ის აზერბაიჯანში 8 მარტს აღინიშნება. ორგანიზატორებს სურდათ საზოგადოების ყურადღება ქალების მრავალიცხოვანი „საყოფაცხოვრებო“ მკვლელობის, ადრეული ქორწინებებისა და სხვა გენდერული პრობლემებისადმი მიეპყროთ. პოლიციამ მონაწილეების მიმართ ძალადობის გამოყენებითა და ზოგიერთი მათგანის დაკავებით აქციის დარბევა სცადა.
არასანქცირებული ტრადიცია
ფემინისტური მარშები აზერბაიჯანისთვის ახალი ტენდენციაა.
აზერბაიჯანელმა ფემინისტებმა ქალების უფლებების დასაცავად პირველი მარში 2019 წლის 8 მარტს ჩაატარეს; მეორე -2019 წლის ოქტომბერში. პირველ შემთხვევაში მსვლელობა დაარბიეს, მეორეჯერ – მონაწილეთა უმრავლესობა მარშრუტის ბოლომდე მაინც მივიდა.
ამავდროულად ორივეჯერ მსვლელობის ორგანიზატორებმა სცადეს, რომ ის ქალაქის ხელისუფლებასთან შეეთანხმებინათ, მაგრამ უარს იღებდნენ. ასე იყო ახლაც – ხელისუფლებამ არ მოიწონა მათი სურვილი, რომ აქცია ქალაქის ცენტრში მოეწყოთ, და მისი ქალაქგარეთ მდებარე დასახლება ლოკბატანში ჩატარება შესთავაზეს.
ამაზე ფემინისტებმა უპასუხეს, რომ მათ ხელისუფლებას ნებართვისთვის კი არ მიმართეს, უბრალოდ საქმის კურსში ჩააყენეს, რომ მსვლელობა ქალაქის ცენტრში ჩატარდებოდა.
სადღესასწაულო ძალადობა
აქციაზე დაახლოებით 50 ადამიანი მივიდა. ისინი ქალაქის ცენტრალურ სასეირნო ადგილას გავლას და მარშრუტის ბოლოს თავიანთი მოთხოვნების წაკითხვას აპირებდნენ.
როგორც ბაქოში ჩვეულებრივ არასანქცირებული აქციების დროს ხდება ხოლმე, დაწყებამდე ერთი საათით ადრე, აქციის ჩატარების ადგილის გარშემო პოლიციელები შეიკრიბნენ (მათ შორის – სამოქალაქო ტანისამოსში ჩაცმულებიც) და სახელმწიფო მანქანები და ავტობუსები ჩამწკრივდა.
აქციის დაწყებისთანავე მაშინვე მისი დაშლა დაიწყეს. მონაწილეები და ჟურნალისტებიც კი უხეშად გაჰყავდათ განზე, სცემდნენ, მეტროში ძალით ერეკებოდნენ, მამაკაცებს აკავებდნენ. წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 10 ადამიანია დაკავებული.
აქციის მონაწილეები რამდენიმე ჯგუფად დაიყვნენ და გზას აგრძელებდნენ – ცდილობდნენ, პოლიციელებს შორის გაეღწიათ. წინააღმდეგობა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მსვლელობის მონაწილეები შედეგით კმაყოფილები არიან და მიიჩნევენ, რომ თავიანთ მიზანს მიაღწიეს.
• როგორ გადააქცია ბაქოს პოლიციამ პატარა მარში ორსაათიან მიტინგად – ვიდეო
• რაღაცები, რასაც არ შეგიძლია შეეხო – ფოტოისტორია აზერბაიჯანიდან
• მარტოხელა დედები სომხეთში. ქალების ისტორია, რომლებმაც ეს გაბედეს




